ლურჯი ვერსია

4 სტარტაპი, რომლებიც ყალბი ამბების აღმოჩენაზე მუშაობენ

15 ივნისი 2021

ყალბი ამბები ტვიტერზე ექსვჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე – ნამდვილი.

ეს მონაცემი არც სხვა პლატფორმებზე უნდა გამოიყურებოდეს უკეთესად. ფაქტობრივი უზუსტობებით შემკული სიახლეები კი, არაერთხელ გამხდარა სოციო-პოლიტიკური განხეთქილებების გამომწვევი მიზეზი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხელი შეუწყო ყალბი სიახლეების ფართო გავრცელებას. ეს ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ყალბი ამბები ყოველთვის გამოიყენებოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და ხალხის სამართავად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგიები უბრალო ხელსაწყოებია და ისინი იმ მიზეზს ემსახურიებიან, რომელსაც მათი შემქმნელი – ანუ, ჩვენ, განვსაზღვრავთ. ასპარეზზე გამოჩნდა უამრავი სტარტაპი, რომლებიც ყალბი ამბების აღმოჩენისკენ არიან მიმართული.

კვლევითმა კომპანია StartUs Insights Discovery-მ 331 რელევანტური სტარტაპი გააანალიზა და მათგან ოთხი ყველაზე საინტერესო გამოარჩია, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდებით უპირისპირდებიან ცრუ ამბებს.


NewsCheck

ადამიანისა და ტექნოლოგიის კოლაბორაციის შედეგად, ამერიკაში დაფუძნებული სტარტაპი NewsCheck-ი მუშაობს ისეთი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მოიცავს ჟურნალისტური სტანდარტების ერთიან სიას და ამოწმებს ამბებს ამ სიის შესაბამისად. ასობით ეთიკური ნორმების გათვალისწინებით შექმნილი სისტემა საგრძნობლად აჩქარებს სიახლეებისა და სხვა მასალების გადამოწმებას.


Cyabra

ისრაელში დაარსებული სტარტაპი Cyabra მიმართულია ბრენდების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციების აღმოჩენისკენ. ყალბი ამბები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ ვრცელდება. ბევრი პირდაპირ უმიზნებს საჯარო სექტორის ცნობილ წარმომადგენლებს და მათი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. Cyabra სწორედ ასეთ ცრუ ამბებს ხდის ფარდას.

ხელოვნური ინტელექტის განშტოებების, ღრმა სწავლებისა და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) სისტემების მეშვეობით, სტარტაპი პოულობს დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ინტერნეტსივრცეში და კლიენტებს მათი შეჩერებისთვის საჭირო ხელსაწყოებსაც სთავაზობს.


Defudger

დღეს ტექნოლოგია იმდენადაა განვითარებული, რომ მარტივადაა შესაძლებელი ისეთი ყალბი ვიდეოების შექმნა, რომელთა ნამდვილისგან განსხვავებაც თითქმის შეუძლებელია. ასეთი ვიდეოები deepfake-ების სახელითაა ცნობილი და ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალი ამბების ეკოსისტემას, ფინანსურ დაწესებულებებსა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს.

დანიური სტარტაპი Defudger-ი ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ ხედვას იყენებს ხელოვნურად შექმნილი ვიდეომასალების აღმოჩენისთვის. ბლოკჩეინზე განთავსებულ მონაცემთა ბაზას კი, იმის დასადგენად იყენებს, რამდენად ავთენტურია მასალა და აქვე ინახავს აღმოჩენილ deepfake-ებს.


Primas

ბლოკჩეინის მთავარ უპირატესობად მისი გამჭვირვალობა და დეცენტრალიზებული ხასიათი მიიჩნევა. ეს სწორედ ის მახასიათებლებია, რაც ყალბი სიახლეების აღმოჩენაში საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება.

ერთ-ერთი წამოწყება, რომელიც ბლოკჩეინს სწორედ ამ მიზნით იყენებს, Safe.press-ია. ის IBM-ის ჰიპერდავთრის ფაბრიკაზეა დაშენებული და ყველა ტიპის, ნებისმიერ საინფორმაციო დაწესებულებას უწევს მომსახურებას. სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც ინფორმაცია გამოქვეყნდება, მედია საზოგადოების კონსორტიუმი წყაროს სანდოობას ამოწმებს და მას Safe-press-ის ციფრული შტამპი ედება. თუმცა, ეს ყვეალფერი არ არის. აღნიშნული წყაროს ნებისმიერი გამოყენება მონიტორინგის ქვეშ რჩება, რათა არ მოხდეს მისი არასწორი ინტერპრეტაცია.

როგორც ბენჯამინ გიევიესი, Block Expert-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს:

“ვგრძნობ, რომ ბლოკჩეინი ინტერნეტის ახალი თაობაა. ჩვენ გვქონდა ქსელი, შემდეგ ელექტრონული კომერცია, შემდეგ – სოციალური მედია. ბლოკჩეინის მეშვეობით ჩვენ ვქმნით ქსელის ახალ ტიპს და კომუნიკაციის ახალ გზას, რომელიც თავიდანვე აღჭურვილია გამჭვირვალობითა და დაცულობით.”

საბოლოო ჯამში, ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე პროგრესული სისტემები ერთიანი ძალებით იბრძვიან ვირტუალური სივრცის დაცვისა და დეზინფორმაციისაგან. რა შედეგბს მივაღწევთ, ამას დროთა განმავლობაში ვიხილავთ.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.