ლურჯი ვერსია

6 ტიპის სტარტაპი სტივ ბლენკის მიხედვით

19 ნოემბერი 2021

ინოვაციური იდეა მოგაფიქრდა, რომელიც იცი, როგორ უნდა განახორციელო, მზად ხარ თავდაუზოგავი შრომისთის და საკუთარ სამიზნე აუდიტორიასაც კარგად იცნობ? ეს მაინც არ არის საკმარისი წარმატებისთვის.

სტარტაპი – თითქოსდა უკვე ნაცნობი ერთი სიტყვა, რომლის უკანაც სტივ ბლენკის თქმით, ექვსი ნაირსახეობა იმალება. იმისთვის, რომ დასახულ დიად მიზანს მიაღწიო, ზუსტად უნდა გესმოდეს, რომელი სტარტაპი გაქვს შენ.


ვინ არის სტივ ბლენკი?

სტივ ბლენკი ცნობილი ამერიკელი ანტრეპრენერი და 8 სტარტაპის დამფუძნებელია. 90-იან წლებში მან მომხმარებელთა განვითარების მეთოდი (Customer Development methodology) შეიმუშავა, რაც პროდუქტის დახვეწისას მომხმარებელთან ურთიერთგაგების მიღწევას ემყარება.

თუ lean მეთოდოლოგია გახსოვს, მაშინ იმასაც გეტყვი, რომ ამ მიდგომას საფუძვლად სწორედ ბლენკის მომხმარებელთა განვითარების მეთოდოლოგია უდევს.

მოკლედ, სტივ ბლენკს კარგად ესმის, რომ სტარტაპი მსხვილი კომპანიის მცირე ვერსიას არ წარმოადგენს და წარმატების მისაღწევად განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო.


რა სახის სტარტაპები არსებობს?

სტივ ბლენკი სტარტაპის 6 ტიპს გამოყოფს. მართალია, თითოეულის დამფუძნებელს ანტრეპრენერი ეწოდება, მაგრამ შიგნით მომუშავე ადამიანები, მიღებული დაფინანსება თუ სტრატეგიები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ განსხვავებათა არცოდნა კი შეიძლება შენი მარცხით დასრულდეს.

ამიტომაც განვიხილოთ თითოეული:


1. ცხოვრების წესი

აქციე ჰობი პროფესიად – აკეთე შენი საყვარელი საქმე, იყავი საკუთარი თავის უფროსი და განვითარდი. ეს ყველაფერი სიზმარს უფრო ჰგავს, მაგრამ, სინამდვილეში, სტარტაპის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

ალბათ, არაერთხელ გაგიგია, რომ ცეკვა არის არა პროფესია, არამედ ცხოვრების სტილი. ამიტომაც ცხოვრების წესად ქცეული სტარტაპის საუკეთესო მაგალითად სწორედ მოცეკვავეები გამოდგებიან. მსოფლიოში უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომლის საშუალებითაც ონლაინ ცეკვის გაკვეთილებს ატარებენ და მთელ დროს თავიანთ საოცნებო სამსახურს უთმობენ.


2. მცირე ზომის სტარტაპი

სასურსათო მაღაზიები, სილამაზის სალონები, საცხობები და ტურისტული სააგენტოები – ყველა, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ამ კატეგორიაში იყრის თავს. მსგავსი მცირე ზომის სტარტაპი თვითდაფინანსებულია, შედარებით ნელა ვითარდება და უმეტესად კარგი ვებგვერდიც აქვს, თუმცა არა – აპლიკაცია.

დამფუძნებლების მთავარი მიზანი ოჯახის მხარდაჭერაა. ამიტომაც, ხშირად, ოჯახის წევრებს ან ნათესავებს ასაქმებენ ხოლმე და ადგილობრივებისთვის სამუშაოს ქმნიან.

მცირე ბიზნესის ანტრეპრენერები ისევე დიდ შრომას დებენ საკუთარ სტარტაპში, როგორც სხვები. მაგრამ ვერც მილიონერებად გარდაიქმნებიან და მათ ჟურნალების გარეკანზეც ვერ გადააწყდებით.


3. მასშტაბური სტარტაპი

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ სტარტაპერებს მიზანში რაღაც ერთი შეხედვით მიუღწევადი აქვთ ამოღებული. დაწყების დღიდანვე ღრმად სწამთ, რომ მათი ხედვა სამყაროს შეცვლის და ყოველდღიური გასამრჯელო ნაკლებად აინტერესებთ.

იზიდავენ ინვესტორებს, ასაქმებენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს და ემზადებიან მულტინაციონალურ კომპანიად გარდაქმნისთვის. ამ ჯგუფში ყველაზე ხშირად ტექნოლოგიური სტარტაპები გვევლინებიან, რადგანაც დიდი პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვებაში ხელს უწყობთ.

მაგრამ, გახსოვდეს, მასშტაბების ზრდა რისკის გარეშე შეუძლებელია. გუგლი, ფეისბუკი, ტვიტერი თუ სკაიპი – მათ გარისკეს და ახლა არამარტო შამპანურს სვამენ.


4. შესყიდვადი სტარტაპი

თუკი ზოგი თავის სტარტაპს შვილივით უფრთხილდება და ოცნებების ასრულებას უკავშირებს, ზოგს თავიდანვე გადაწყვეტილი აქვს საკუთარ ქმნილებასთან განშორება.

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში განსაკუთრებით ხშირად ხდება დიდი კომპანიების მიერ ახალბედა სტარტაპების შესყიდვა. ისეთი გიგანტები, როგორიცაა ამაზონი ან Uber ყიდულობენ მცირე ზომის სტარტაპებს, ავითარებენ მათ და მოგვიანებით მოგებასაც იღებენ.

დამფუძნებლებსა და ინვესტორებს კი, შესაძლოა ხელში რამდენიმე მილიონი დარჩეთ, მაგრამ არა – მილიარდი.


5. სოციალური სტარტაპი

თუ გგონია, რომ ყველა სტარტაპის მიზანი მოგების მიღებაა, დროა სოციალური სტარტაპები გაგაცნო. მათ არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციები მიეკუთვნება, რომლებსაც, უბრალოდ, სიკეთის კეთება სურთ.

სოციალური ანტრეპრენერები არანაკლებ ამბიციურები თუ მოტივირებულები არიან, თუმცა სხვებისგან განსხვავებით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი.

ასეთია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერულ მეცნიერებათა შესწავლაში უწყობს ხელს.


6. დიდი კომპანიის სტარტაპი

ტექნოლოგიები ვითარდება, გამუდმებით იცვლებიან კონკურენტები და ასევე მომხმარებლების გემოვნება, რაც დიდი კომპანიების სასიცოცხლო ციკლს ამცირებს. მხოლოდ არსებულის გაუმჯობესება აღარაა საკმარისი. საჭიროა ახალი ბიზნეს მოდელის შექმნა, სახეცვლილი ორგანიზაციული სტრუქტურითა და უნარ-ჩვევებით.

სტარტაპის წამოწყება ეხმარება დიდ კომპანიას ახალი აუდიტორიისათვის ახალ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებაში. მეორე მხრივ, უკვე წარმატებული კორპორაციის რესურსები სტარტაპს ადგილის დამკვიდრებაში ხელს უწყობს. შედეგად კი დიდი კომპანიის “შვილობილი” სტარტაპი მიიღება.


დასკვნა

ექვსივე ტიპის სტარტაპს დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნები გააჩნია. თითოეული განსხვავებულ გუნდის შემადგენლობასა თუ ფინანსურ სტრატეგიას საჭიროებს, განსხვავებულ მიზნებს ემსახურება და შესაბამისად სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს.

ამიტომაც ნაბიჯების გადადგმამდე ჰკითხე საკუთარ თავს – ვინ ხარ შენ და რომელია შენი სტარტაპი?

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა