ლურჯი ვერსია

YC-ის უფასო კურსი დამწყებ სტარტაპერებს, სადაც 5 კრიტიკული მიმართულების ფუნდამენტს შეიქმნი

31 მაისი 2021

საჭირო სულაც არაა, გენიალური იდეა, მინიმალური პროდუქტი (MVP) და პროფესიონალების გუნდი გყავდეს, რათა ყველაზე პრესტიჟული აქსელერატორის, YCombinator-ის, მენტორებისგან მიიღო დარიგებები. ამისათვის მხოლოდ სტარტაპერული ცხოვრებით დაინტერესებაც კმარა.

“YC-ის ზოგადი მიზანი სტარტაპების ზრდის ბოლომდე ხელშეწყობაა. ისინი YC-იში სხვადასხვა სტადიებზე მოდიან. ზოგს ჯერ არც კი დაუწყია მუშაობა, სხვებს კი უკვე წელიწადზე მეტია, რაც პროდუქტი გაშვებული აქვთ. მაგრამ, რა ეტაპზეც არ უნდა იყოს ჩვენთან მოსული სტარტაპი, ჩვენი მიზანია ისინი რაც შეიძლება ბევრად უკეთეს ფორმაში მოვიყვანოთ, ვიდრე 3 თვის წინ იყვნენ.”

ასე ვკითხულობთ YCombinator-ის ვებ-გვერდზე. 2017 წლიდან, ისინი მათთან ფიზიკურად მისულ სტარტაპერებსაც კი აღარ სჯერდებიან. აქსელერატორმა გახსნა ონლაინ სტარტაპსკოლა, რომელიც უფასოა და რომელზე დარეგისტრირებაც ყველას შეუძლია. რამდენიმე თვის წინ, ეს კურსი თავადაც გავიარე და შთაბეჭდილებებით აღსავსემ გადავწყვიტე, გამოცდილება შენთვისაც გამეზიარებინა.


კურსის აღწერა

YC-ის კურსებზე დარეგისტრირება მათი ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი. აქსელერატორი მსურველებს ორ მიმართულებას სთავაზობს:

1. “სტარტაპსკოლას”, რომელიც უკვე ფუნქციური სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი და სადაც ძირითადი აქცენტი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასა და არსებული პროდუქტის დახვეწაზეა;

2. “მომავლის დამფუძნებლების” კურსს, სადაც სხვა ბევრ საკითხთან ერთად, იპოვი პასუხს კითხვაზე, ხარ თუ არა მზად სტარტაპმოგზაურობისთვის.

ამ სტატიაში სწორედ ამ უკანასკნელზე მოგიყვები.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც სტარტაპებზე ვწერ, კურსის ფარგლებში ისეთი საკითხები აღმოვაჩინე, რომელთა განხილვაც მანამდე საერთოდ არ მომსვლია აზრად. თუ გაინტერესებს, როგორია სტარტაპის მართვის პირველი ნაბიჯები, ეს კურსი ყველაზე ინტენსიურ გამოცდილებას მოგცემს, როგორიც კი რეალური პრაქტიკის გარეშე შესაძლებელია.


თემები

ლექციები ეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა:

მოკლედ, აქ გაიგებ ყველაფერს ყველაფერზე, რაც სტარტაპერობით მონუსხულ, მაგრამ გამოუცდელ, ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს (და კი, უმეტესობა მათგანზე უკვე შემოგთავაზეთ სტატიები).


სტრუქტურა

ვიდეოჩანაწერები და საკითხავი მასალები ექვს კვირაზეა გადანაწილებული. თითოეული კვირის ბოლოს უნდა დაწერო მცირე ზომის ესსე, სადაც კონკრეტულ და აუცილებელ კითხვებზე მოგიწევს პასუხის გაცემა. შესაბამისად – დაფიქრება, მოსაზრებების აწონ-დაწონვა და მოქმედებაზე გადასვლა.

ამას გარდა, ყოველ კვირას იმართება ონლაინ შეხვედრები, სადაც უამრავ საინტერესო, შენსავით დამწყებ, სტარტაპერს გაიცნობ. მეტიც, კურსის მონაწილეებს გექნებათ საერთო ფორუმი, სადაც დაპოსტილ კითხვებზე თავად YC-ის პარტნიორები გაგცემენ პასუხს და სადაც დამოუკიდებელი შეხვედრების, შენს იდეასა თუ MVP-იზე აზრის მოსმენის და გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობა გექნება.


რას მიიღებ კურსისგან

თუ კურსის აღწერა საკმარისი არ იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ YC-ის პლატფორმას ახლავე მიმართო, აქვე გაგიზიარებ იმ 5 სარგებელს, რომლებიც შენი მომავალი სტარტაპის ფუნდამენტად იქცევა.


1. სტარტაპერობის გადაწყვეტილების მიღება

სტარტაპერობა ყველასთვის არაა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრი შუა გზაში ანებებს ამბიციებს თავს და სტანდარტულ ცხოვრებას უბრუნდება. თუ არ ხარ დარწმუნებული, რამდენად გინდა ან მზად ხარ ყველაზე სტრესული რამდენიმე წლისთვის, YC ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

საიდუმლოს გაგიმხელ და მე სწორედ კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ სტარტაპერული ცხოვრებისთვის შესაფერის ადგილას არ ვარ. მინდა, საკმარისი გამოცდილება დავაგროვო, ცოტა გავერთო და ვიმოგზაურო, შემდეგ კი – მომზადებული შევეჭიდო სტარტაპერობის რთულ გამოწვევებს და სულაც არ ვიდარდო იმაზე, რომ ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობ ჩემი იდეის განხორციელებას.


2. გაუმჯობესებული ან საერთოდ ახალი სტარტაპიდეა

სტარტაპის წამოწყებისას ყველაზე საორჭოფო ერთ იდეაზე შეჯერებაა. როგორც პოლ გრემი წერს, ხშირად ცუდი იდეები კარგად ჟღერს, ხოლო ცუდები კარგებად გვეჩვენება. ეს ფენომენი იმდენად გავრცელებულია, რომ წარუმატებელი სტარტაპების უმეტესობა (42%) სწორედ ბაზარზე მათი საჭიროების არარსებობის გამო იხურება.

“მომავლის დამფუძნებლებში” თავმოყრილი პრაქტიკული რჩევები, პირველ რიგში, დაგეხმარება შენზე ზედგამოჭრილი სტარტაპიდეია იპოვო და მისი გამოცდის აუცილებლობაში დარწმუნდე. პოლ გრემისა და ჯარედ ფრიდმანის ინსტრუქციების შემდეგ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში მობზუილე იდეებიდან რომელზე მიღირს მუშაობა და რომლებზე – არა.


3. კითხვები, რომლებზე პასუხებიც შენს წარმატებას გადაწყვეტს

იდეის შეფასებისა და სტარტაპის წამოწყებისთვის სწორი დროის შერჩევის გარდა, უამრავი კითხვა ყოფილა, რომლებზე პასუხის გაცემაც რაც შეიძლება მალევეა საჭირო.

რაზე უნდა შეუთანხმდე თანადამფუძნებელს, რათა მომავალში უაზრო კონფლიქტებს აარიდო თავი? როგორ უნდა შეარჩიო და რა კითხვები უნდა დაუსვა პოტენციურ მომხმარებლებს, რათა მათ შეცდომაში არ შეგიყვანონ? როგორ უნდა გადაინაწილო მოვალეობები გუნდის წევრებთან? რა საფეხურებისგან შედგება სტარტაპის სწორი გაშვება (ხო, თურმე ერთზე მეტი გაშვება ყოფილა)? საიდან უნდა მოიყვანო მომხმარებლები, როცა შენი პროდუქტის შესახებ ხმას ვერავის აწვდენ?

ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხებსაც კურსის განმავლობაში იპოვი. დარწმუნებული ვარ, შენც ჩემსავით აღმოაჩენ ბევრ ისეთ საკითხს, რომლებზეც საერთოდ არ გიფიქრია და მერე გიკვირს, როგორ შეიძლება მათზე პასუხის გარეშე რაიმეს მიღწევა.


4. გრძელვადიანი ურთიერთობები

ონლაინ შეხვედრებისა და საერთო ფორუმის შესახებ მოკლედ უკვე მოგიყევი. ყველაზე საოცარი და სასიამოვნო ისაა, რომ YC-ის კურსის განმავლობაში გაცნობილ ხალხთან კონტაქტი დღემდე არ დამიკარგავს. სილიკონ ველიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული ადამიანები მზად არიან დაგეხმარონ ყველაფერში, რაშიც შეუძლიათ. ამდენ ერთგულ, საინტერესო და ცნობისმოყვარე ხალხს იშვიათად თუ შეხვდები სადმე ერთად თავმოყრილს.

YCombinator-ი ყოველთვის უსვამს ხაზს მის აქსელერატორში დამყარებული კავშირების უპირატესობას. დღეს ამ სარგებლის მიღება უკვე საკუთარი სახლიდან შეგიძლია.


5. დეტალური სამოქმედო გეგმა

დაბოლოს, ყველაფერი სწორ კითხვებზე სწორი პასუხებითა და ახალი მეგობრებით არ მთავრდება. “მომავლის დამფუძნებლების” ბოლო კვირა იმ პრაქტიკულ რჩევებს ეთმობა, რომლებიც მკაფიო, რამდენიმეთვიანი სამოქმედო გეგმის გაწერაში დაგეხმარება.

მიჰყვები თუ არა ამ გეგმას და ისარგებლებ თუ არა YC-ისგან მიღებული ცოდნით, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. და თუ გადაწყვიტე დასახული მიზნის განხორციელება და წარმატებით მიხვედი MVP-მდე, მაშინ აუცილებლად მოგვმართე და შენი მაგარი პროექტი გაგვიზიარე!

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა