ლურჯი ვერსია

პოლ გრემის 5 მიზეზი, რატომაა შენი 20-იანები სტარტაპერობისთვის არგამოსატოვებელი ასაკი

04 ივნისი 2021

რატომ მიიჩნევენ კონკრეტულ ასაკს სტარტაპის წამოწყების უკეთეს პერიოდად?

მარტივად რომ ვთქვათ, შენი ყველაზე უზრუნველი წლების ტრადიციულ სამსახურში ‘გაფლანგვით’ ხელიდან უშვებ იმ უპირატესობებს, რაც ამ პერიოდს ავტომატურად ახლავს თან.

მაინც რა უპირატესობებზეა საუბარი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო და უფრო ნაკლებად შეინიშნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, YCombinator-ის თანადამფუძნებლის, პოლ გრემის, ესსეს დავესესხები და ხუთ საინტერესო ფაქტორს შევეხები, რომელთაგან ზოგი უფრო მეტადაა აშკარა, ზოგი – ნაკლებად.


1. ამტანობა

“ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წარმატებულ სტარტაპს, რომლის დამფუძნებლებიც 9-დან 5 საათამდე მუშაობდნენ.”

ასე პირდაპირ ანადგურებს პოლი იმის ილუზიას, რომ საკუთარ პროექტზე მუშაობა ტრადიციული სამსახურის ფორმატში შეიძლება მოექცეს. თუ ამ ფაქტმა სტარტაპერობაზე ხელის აღებაზე დაგაფიქრა, იქნებ სულაც არ ყოფილა ეს საქმე შენთვის შესაფერისი.

ახალგაზრდებს გააჩნიათ საკმარისი ამტანობა და შემართება იმისათვის, რომ ღამეები ათენონ სასურველ პროექტებზე მუშაობაში. საკმარისი დროც გააჩნიათ ამისთვის, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.


2. იაფიანი ცხოვრების სტილი

სტუდენტები, რომელთა პირადი შემოსავალიც საკმაოდ დაბალია ან, საერთოდ, ნულის ტოლია, იაფიან ცხოვრებას არიან მიჩვეულები. ამ ფაქტს ორი უპირატესობა აქვს:

  • ისინი მიჩვეულები არიან ფულის დაზოგვას;

  • ისინი მიჩვეულები არიან იაფიანი გამოსავლების პოვნას.

სტივ ვოზნიაკი 25 წლის იყო, როცა ეფლზე მუშაობა დაიწყო. დღეს ეს სიმართლეს აღარ შეესაბამება, მაგრამ მაშინ ეფლის კომპიუტერების მთავარი ხიბლი მათი ხელმისაწვდომობა იყო.

ვოზნიაკმა მეორე თაობის ეფლისათვის ტელევიზორი ეკრანად, ხოლო კასეტების ჩამწერი – მახსოვრობის ბარათად გამოიყენა. იაფიან დამზადებას დაბალი ფასი მოჰყვა, რამაც იმ დროისთვის ეფლს სხვა, მასზე მსხვილ, კომპანიებზე სერიოზული უპირატესობა მიანიჭა. დღეს სწორედ ეფლია კომპიუტერების ყველაზე გავლენიანი მწარმოებელი. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ფასებზე ნერვიულობა აღარ სჭირდებათ.

იაფად ფიქრს ემატება ხარჯების დაზოგვის იშვიათი უნარიც. კარგად ვიცით, რომ წარუმატებელ სტარტაპებს წინ ფულის გათავება უძღვით – სხვა შემთხვევაში, დამფუძნებლები აუცილებლად განაგრძნობდნენ თავიანთ იდეებზე მუშაობას. ახალგაზრდებს შეუძლიათ, იაფად იცხოვრონ და მთავარ აქტივად ადამიანური რესურსი გამოიყენონ. არასწორი შეხედულებაა, რომ სტარტაპს წარმატებისათვის ბევრი ფული სჭირდება. სინამდვილეში, პირიქით უფროა ყველაფერი – ბევრი ფული ბევრის ხარჯვისკენ გიბიძგებს. ერთ დღესაც კი, აღმოაჩენ, რომ ისეთი პროდუქტის მარკეტინგზე გაფლანგე ყველაფერი, რომელიც არავის უნდა.


3. თავისუფლება

გადასახადები, სერიოზული ურთიერთობები, ბავშვი და ასაკთან ერთად მომატებული სხვა პასუხისმგებლობები სტარტაპერული ცხოვრების სერიოზული მტერია.

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ლოგინში სამს გვძინავს – მე, ჩემს ქმას და მის სტარტაპსო, ამოვიკითხე ერთ-ერთ სტატიაში და ამაზე კარგად ალბათ ვერასდროს შევაჯამებდი, რამდენად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ინოვაციურ წამოწყებაზე მუშაობა.

ისარგებლე ახალგაზრდული თავისუფლებით, ანუ იმ დროით, როცა შეგიძლია თავიდან ბოლომდე გადაეშვა შენი საოცნებო პროდუქტის განხორციელებაში. სხვა თუ არაფერი, ფასდაუდებელი გამოცდილება და განუმეორებელი მოგონებები მაინც შეგრჩება.

თუ სტარტაპიდეის არქონას უჩივი, გაეცანი მისი გენერირების კარგად დაცდილ ტექნიკებს ამ სტატიაში.


4. კოლეგები

თანადამფუძნებლის ყოლის აუცილებლობაში ამ სტატიით უკვე დაგარწმუნე. პოლ გრემი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძალიან მკაფიო მაგალითით:

“წარმატებული სტარტაპები თითქმის არასდროს არ იქმნება ერთი ადამიანის მიერ. ძირითადად, ისინი იწყება დიალოგით, სადაც ერთი აღნიშნავს, რომ რაღაც კარგი იდეა იქნებოდა კომპანიისთვის, მისი მეგობარი კი ამბობს: “ხო, კარგი იდეაა, მოდი ვცადოთ.” თუ გაკლია ის მეორე ადამიანი, რომელიც ამბობს, მოდი ვცადოთო, მაშინ სტარტაპი არ იწყება.”

სტუდენტებს ან ახალი კურსდამთავრებულებისთვის ეს კიდევ ერთი უპირატესობაა: ისინი გარშემოცული არიან ადამიანებით, ვისაც სტარტაპის წამოწყების დრო, სურვილი და შემართება გააჩნიათ.

სწორი თანადამფუძნებლის პოვნა ადვილი არ არის. არასწორს კი, სჯობს ისევ არ გყავდეს.

მოძებნე ისეთი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით მუშაობს დამოუკიდებელ პროექტებზე, შენს ხედვებსაც იზიარებს და კარგი უნარ-ჩვევებიც გააჩნია. შემდეგ კი, დაელოდე და თავად ნახე, სად წაგიყვანს მასთან საუბარი.


5. უცოდინრობა/გულუბრყვილობა

პოლ გრემის ცოლისა და YCombinator-ის თანადამფუძნებლის, ჯესიკა ლივინგსტონის, ინტერვიუების კრებულში, თითქმის ყველა სტარტაპერი ერთი და იგივეს იმეორებს: რომ გვცოდნობა, რამდენად რთული იქნებოდა სტარტაპის წამოწყება, ძალიან გაგვიჭირდებოდაო ამ ნაბიჯის გადადგმაო.

ახალგაზრდებმა ეს ჯერ არ იციან. მათ ისიც კი არ იციან ჯერ, რამდენად განსხვავდება მუშაობა სწავლისგან. რამდენად შეიძლება ეს უპირატესობად ჩაითვალოს, შენს ხასიათზე დამოკიდებული. ერთი კი აშკარაა: სტარტაპის წამოწყებისას არცოდნა ნამდვილად არ მიიჩნევა ცოდვად.

სტივ ვოზნიაკი პირად გამოცდილებას ასე აჯამებს:

“ეფლში რაც კი საუკეთესო შემიქმნია, იმის დამსახურება იყო, რომ 1. ფული არ მქონდა და 2. არასდროს გამიკეთებია იმ მომენტამდე. ყველაფერი, რაც იდეალურად გამოგვივიდა, მანამდე ცხოვრებაში ერთხელაც კი არ მიქნია.”

იმის გარდა, რომ გულუბრყვილობის წყალობით სტარტაპის წამოწყებისა არ გეშინია, რაღაცის არცოდნას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ამ რაღაცის თავიდან გამოგონება გიწევს. რასაც არ უნდა ამბობდნენ ველოსიპედის თავიდან გამოგონების უაზრობაზე, როცა რაღას შენით ქმნი და საკმარისად ჭკვიანიც ხარ, შეიძლება არსებულზე უფრო მოხერხებულ გზასაც მიაგნო. სტარტაპიც ხომ სწორედ აქედან იძენს უნიკალურ ღირებულებას კონკურენტებზე გასამარჯვებლად.


უფრთხილდი სასწავლებლიდან გამოყოლილ არასწორ მიდგომას

20-იან წლებში სტარტაპის წამოწყების უპირატესობები გავიგეთ, მაგრამ უფროსებს ყველაფრითაც ვერ ვჯობნით. არ დაგავიწყდეს, წარმატებულ სტარტაპებს უფრო ხშირად მაინც კარგად გამოცდილი დამფუძნებლები აარსებენ. ერთ-ერთი ყველაზე საშიში საფრთხე, რომელსაც ახალგაზრდები უპირისპირდებიან, პროექტებზე მუშაობის არასწორი მიდგომაა.

უნივერსიტეტში თუ სკოლაში არავის აქვს იმის დრო, რომ ერთ ჭეშმარიტებას მიგაჩვიოს: იმ პროდუქტის უკან, რომელიც რეალურ პრობლემას აგვარებს, იმალება პროდუქტები, რომლებიც არასწორ ვარაუდებზე შეიქმნა.

იმისათვის, რომ მიხვდე, რა იმუშავებს და რა არა, ჯერ ეს რაღაც უნდა შექმნა. სასწავლებელში შენი უნარები იმის მიხედვით იზომება, რამდენად დიდი გზა გაიარე იდეიდან პროექტის საბოლოო სახემდე. ბიზნესსამყაროში კი, მომხმარებლები შენს პროექტს იმით აფასებენ, თუ რამდენად ახლოს ხარ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე. არავის აინტერესებს, რამდენი დრო დახარჯე ამაში.

პირვანდელი იდეა, ხშირად, მცდარია ხოლმე. კარგი წერის ერთადერთი გზა გადაწერააო, ამბობდა ჰემინგუეი და იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ყველაფერ კარგზე. ამიტომ, ნუ მიჰყვები ბრმად შენი სტარტაპიდეის პირვანდელ ვერსიას. აწარმოე იმდენი ექსპერიმენტი, რამდენიც საჭირო იქნება. სტარტაპსამყაროში ფინალურ ქულას მომხმარებლები გიწერენ. მათი სურვილების გათვალისწინებით პროდუქტის შესაქმნელად კი, გაეცანი ჩვენს სტატიებს მომხმარებლებთან ინტერვიუებსა და სტარტაპიდეის ვალიდაციაზე.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა