ლურჯი ვერსია

10 ყველაზე გავლენიანი ქალი ტექნოლოგიურ სფეროში

06 ივლისი 2022

ტექნოლოგიების სფერო დღემდე „კაცების სამყაროდ“ ითვლება. 2018 წლის კვლევის მიხედვით, სფეროში მომუშავეთა მხოლოდ 25 პროცენტია ქალი. თუმცა ეს პატარა ტომი, დიდი შემართებით რომ შეგვახსენებს Girl Power-ს, ტექნოლოგიურ წინსვლაში დიდ როლს ასრულებს, თანაც მათ კარგად აქვთ გააზრებული გენდერული დისბალანსი, ამიტომ მთელი შემართებით იბრძვიან თავიან წრეში ქალების ჩართვისკენ. ქვემოთ მოყვანილი სიაც სწორედ ამის დასტურია. მათი ინსპირაციული ისტორიები თუ ფრაზები შეგვახსენებს, რომ პროფესიას არ აქვს არც სქესი და არც რასა:


1.რეშმა საუჯანი (Reshma Saujani), ორგანიზაცია Girls Who Code-ის დამფუძნებელი


რეშმა საუჯანი New York Times-ის ბესტსელერი ავტორია. ცნობილია TED Talk-ზე მისი გამოსვლა, სახელწოდებით: „ასწავლე გოგოებს სიმამაცე და არა სრულყოფილება“.

ლტოლვილთა ქალიშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტი და იელის სამართლის სკოლა დაამთავრა. 2010 წელს გახდა პირველი ინდოელი ამერიკელი ქალი, რომელიც კონგრესში იყარა კენჭი.

Adweek-თან ინტერვიუში ის სიამაყით საუბრობს საკუთარ მარცხზე და აღნიშნავს:

„როდესაც დავმარცხდი, მინდოდა რაღაც შემეცვალა. მივხვდი, რომ ამის საუკეთესო გზა გოგოებისთვის შესაძლებლობების შექმნაა.”

ორი წლის შემდეგ მან არაკომერციული ორგანიზაცია Girls Who Code შექმნა რომლის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ქალთა რაოდენობის ზრდა. საუჯანის ინსპირაციული და ინფორმაციული ტვიტები მიმართულია ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა გაძლიერებისკენ.




2. სუზან ვოიჩიცკი (Susan Wojcicki), იუთუბის აღმასრულებელი დირექტორი


ქალი აღმასრულებელი დირექტორების თითქმის ყველა სია მისი სახელით იწყება. Google-ის მე-16 თანამშრომელმა და მარკეტინგის პირველმა მენეჯერმა, ვოიჩიცკიმ Google Images-ისა და AdSense-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხუთი შვილის დედამ 2014 წელს YouTube-ის შეძენა განიზრახა და მისი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. დღეს ონლაინ ვიდეოს გაზიარების ეს სოციალური ქსელი გუგლის საკუთრებაშია და ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოდესმე.

„ტექნოლოგია წარმოუდგენელი ძალაა და ის წარმოუდგენლად შეცვლის ჩვენს სამყაროს. თუ ამ ძალის მხოლოდ 20-30% შეადგენენ ქალები, ეს პრობლემაა“, - ამბობს ვოიჩიცკი.

მისი პოზიცია გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ მის სტატიებშიც ღიად ჩანს. აუცილებლად უნდა წაიკითხო სუზანის ბლოგი: „როგორ დავშალოთ სილიკონის ველის ბიჭების კლუბი“.




3. ელენ კეი პაო (Ellen K. Pao), Project Include-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი


შეუძლებელია ისაუბრო ქალებზე ტექნოლოგიური სფეროდან ელენ კეი პაოს გარეშე. ის იყო Reddit-ის აღმასრულებელი დირექტორი, დღეს კი Project Include-ის თანადამფუძნებელია. ესაა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ტექნიკური ინდუსტრიის გამრავალფეროვნების და მეტი ინკლუზიურობისკენ. ხშირად საჯაროდ საუბრობს სილიკონის ველზე სექსიზმის შესახებ.

პაო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როდესაც ყოფილი დამსაქმებლის, სარისკო კაპიტალის ფირმის წინააღმდეგ, გენდერული დისკრიმინაციის გამო, 16 მილიონ-დოლარიანი სარჩელი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე წააგო, პაომ ღიად დაიწყო საუბარი თავის გამოცდილებაზე და დაწერა მემუარები: “Reset: My Fight for Inclusion and Lasting Change.”




4. დანა ბოიდი (Danah Boyd), Data & Society-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი


მეცნიერმა დანა ბოიდმა საკუთარი კვლევითი ინსტიტუტი დააარსა, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით ეთიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ამჟამად ის აგრეთვე, Microsoft-ის მკვლევრად მუშაობს.

ბოიდი სწავლობდა ბრაუნში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ბერკლიში. მისი თქმით, ტექნიკური სფერო ქალთმოძულე თანაკლასელის ჯინაზე აირჩია, რომელმაც ერთხელ უთხრა, რომ გოგონებს არ შეეძლოთ მეცნიერებაში წარმატების მიღწევა.




5. კიმბერლი ბრაიანტი (Kimberly Bryant), Black Girls Code-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი


ბავშვობიდან მეცნიერებისა და მათემატიკის ნიჭით გამორჩეულმა კიმბერლ ბრაიანტმა ვანდერბილტის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ელექტრო ინჟინერიაში, მაინორად კი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ჰქონდა არჩეული.

როცა მისმა ქალიშვილმა გამოხატა ინტერესი კომპიუტერული მეცნიერების მიმართ, ბრაიანტმა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ არსებობდა სტიგმა შავკანიანი ქალების მიმართ და შესამჩნევი იყო მათი ნაკლებობა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგში.

ბრაიანტმა დააარსა Black Girls Code, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 7-დან 17 წლამდე ფერადკანიან გოგონებს STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) საგნებს ასწავლის. აქ გოგონებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ოცნების პროფესიისთვის საჭირო უნარები. ორგანიზაცია მიზნად ისახავს 2040 წლისთვის 1 მილიონ შავკანიან გოგონას ასწავლოს პროგრამირება. დღეს, ორგანიზაციას აქვს 16 ოფისი აშშ-ში და ერთი – იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში.




6. კეიტ კროუფორდი (Kate Crawford), AI Now Institute-ის თანადამფუძნებელი


კეიტ კროუფორდი არის ავსტრალიელი ავტორი, რომელიც სწავლობს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სოციალურ ზემოქმედებას ადამიანებზე.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის არგუმენტს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, კროუფორდმა The Wall Street Journal-ს უთხრა:

„დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი არის არაჩვეულებრივად ძლიერი ინსტრუმენტი, თუ საქმე ეხება შაბლონების ამოცნობას ეხება, მაგრამ მოკლებულია სოციალურ და კონტექსტურ ცნობიერებას. ეს უმნიშვნელოა, ინსტაგრამის მიზანმიმართულ რეკლამაზე საუბრისას, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული საკითხი გახდება, თუ ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს ვინ იშოვის სამსახურს, რომელ პოლიტიკურ ამბებს წაიკითხავთ, ან ვინ გამოვა ციხიდან.“

სხვათა შორის, ამ სერიოზული იმიჯის მიღმა ელექტრონული მუსიკის მოყვარული ქალიც იმალება, რომელმაც წლების წინ სამი ალბომი ჩაწერა და ხმის ჩამწერი ლეიბლი დააფუძნა.




7. საფრა კატზი (Safra Catz), Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი


საფრა კატზი 6 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ისრაელიდან აშშ-ში წავიდა. მიიღო ბაკალავრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში.

კატზი Donaldson, Lufkin & Jenrette-ის რიგითი ბანკირის პოზიციიდან კომპანიის მმართველი დირექტორი გახდა, შემდეგ კი უფროსი ვიცე პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა. 1999 წელს ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით კატზი კომპანია Oracle-ს შეუერთდა. 2001 წელს კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, 3 წლის შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა.

კატზის ხელმძღვანელობით, Oracle-მ 130-ზე მეტი კომპანია შეისყიდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო პირდაპირი კონკურენტი _ PeopleSoft, რომელიც Oracle-მ 2004 წელს 10,3 მილიარდ დოლარად შეისყიდა.


2014 წელს კატზი, მარკ ჰერდთან ერთად, Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 2019 წლიდან, ჰერდის გარდაცვალების შემდეგ, კი ამ პოზიციას მარტო უძღვება. ის ასევე ასწავლის ბუღალტერიას სტენფორდის ბიზნესის სკოლაში და 2017 წლიდან Walt Disney Co.-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.





8. ელიზაბეტ ჩერჩილი ( Elizabeth Churchill), UX დირექტორი Google-ში


ელიზაბეტ ჩერჩილმა სასექსის უნივერსიტეტში მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი კვლევით და ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, დოქტორის ხარისხი კი – კემბრიჯის უნივერსიტეტში დაიცვა.

კალიფორნიაში ის იყო FX Palo Alto ლაბორატორიასა და Palo Alto-ს კვლევითი ცენტრის გუნდის წევრი. შემდეგ მუშაობდა ყველასთვის ცნობილი პლატფორმების დახვეწაზე: Yahoo, eBay და Google. ამჟამად არის Google-ის მომხმარებლის გამოცდილების ცენტრის დირექტორი. ჩერჩილი იკვლევს კომპიუტერულ მეცნიერებას, ფსიქოლოგიას, დიზაინს, ანალიტიკასა და ანთროპოლოგიას. კვლევების შედეგების მიხედვით, UX/UI დიზაინერებთან ერთად, მუშაობს ვებგვერდების გამარტივებაზე, რათა გუგლი მაქსიმალურად მოარგონ მომხმარებლის გამოცდილებას

ჩერჩილი ასევე არის გამოთვლითი მანქანების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.




9. ფეი-ფეი ლი (Fei-Fei Li), სტენფორდის ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის თანადირექტორი


ფეი-ფეი ლი პეკინში დაიბადა და 16 წლის ასაკში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. აქვს პრინსტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში. კითხულობდა საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების კურსებს ილინოისისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში. 2009 წელს, შეუერთდა სტენფორდის პერსონალს, სადაც ის დღემდე ასწავლის როგორც სრულუფლებიანი პროფესორი. ლი მუშაობდა სტენფორდის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის დირექტორად 2014 წლიდან 2018 წლამდე. ამჟამად, მას სტენფორდის ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის თანადირექტორის თანამდებობა უკავია. 2017-2018 წელს იყო Google-ის ვიცე-პრეზიდენტი და ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მთავარი მეცნიერი Google Cloud-ში.

ის იკვლევს კოგნიტიურ-გამოთვლით ნეირომეცნიერებაზე და მანქანურ სწავლაზე ხელოვნური ინტელექტის ფოტო-ამოცნობის უნარის დახვეწის გავლენას.

ლიმ დააარსა AI4ALL _ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მეტ თანასწორობას და მრავალფეროვნებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

AI4ALL ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს როგორებიცაა: სტენფორდი, კარნეგი მელონი, Black Girls Code და სხვა.




10. გვინ შოთველი (Gwynne Shotwell), SpaceX-ის პრეზიდენტი


გვინ შოთველს აქვს მეცნიერების ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიასა და გამოყენებით მათემატიკაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან კარიერა საავტომობილო ინდუსტრიაში დაიწყო, მაგრამ მალევე შეცვალა მიმართულება და სამხედრო კოსმოსური კვლევის გუნდს – Aerospace Corp.-ს შეუერთდა. გახდა MLV კლასის სატელიტური პროგრამის მთავარი ინჟინერი, სადაც , ფედერალური ბიუროსთვის, საავიაციო ადმინისტრაციისა და NASA-სთვის კომერციული კოსმოსური კვლევის პოლიტიკას ამუშავებდა.

მისმა ინტერესმა კოსმოსის მიმართ SpaceX-ის თანამშრომლის საუკეთესო კანდიდატად აქცია. SpaceX-მა იგი თავის მე-11 თანამშრომლად და ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტად აიყვანა. ამის შემდეგ, შოთველი კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი საოპერაციო მენეჯერი გახდა. ის პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე და განვითარებაზე.

SpaceX იყო პირველი კერძო კომპანია, რომელმაც ორბიტაზე კომერციული თანამგზავრი გაუშვა და პირველი კერძო კომპანია, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა.

შოთველი Women in Technology International Fame Hall-ში შეიყვანეს და 2020 წელს დასახელდა ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.

მარიამ ელიაშვილი