ლურჯი ვერსია

10 სერიალი ახალი ინსპირაციისთვის

11 იანვარი 2023

ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანი სტარტაპერისთვის შთაგონების წყაროდ, ახალ მიგნებად ან პრობლემის მოულოდნელ და ეფექტიან გადაჭრად შეიძლება იქცეს. სამყარო სავსეა ინსპირაციებით, საკუთარ აღმომჩენებს რომ ელიან, მაგრამ სად უნდა ვეძებოთ ინსპირაცია შუა იანვარში, როცა საახალწლო განწყობის ნარჩენები და უამინდობა სახლში ყოფნისკენ მოგვიწოდებს? მაგალითად: ნეტფლიქსის სერიალებში.

„კარგი სერიალები არა მხოლოდ რეალობისგან მოწყვეტის საშუალება, არამედ შთაგონების მშვენიერი წყაროცაა, რომელიც პრობლემების განსხვავებული კუთხით დანახვაში გეხმარება.” __ ამბობს Penguin CBD-ის დამფუძნებელი, ანტრეპრენერი დიპ პატელი და თავის სიას გვიზიარებს.

ამ ათ სერიალში სტარტაპული ინსპირაციის წყაროს შენც იპოვი:


1. Dirty Money


ეს ბრწყინვალე და შემზარავი დოკუმენტური სერიალი გაგაბრაზებს, გაგაღიზიანებს, მაგრამ ყურებას ვერ შეწყვეტ.
შოუში კორპორაციული თაღლითობისა და სიხარბის რამდენიმე სკანდალური ისტორიაა განხილული.


რატომ უნდა უყურო?


უზარმაზარი სესხებიდან დაწყებული ფულის გათეთრებამდე სერიალში სიხარბისა და კორუფციის სხვადასხვა ასპექტებია განხილული, რომელიც დაგანახებს, თუ სად იწყება ბიზნესის დაღმასვლა.


2. Suits


მოქმედება ხდება ნიუ-იორკში, იურიდიულ ფირმაში. მთავარი გმირი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც იურიდიულ სკოლაში არასდროს უსწავლია. შოუს ორი მთავარი გმირი, ჰარვი და მაიკი, თავდაჯერებულობის კარგ მაგალითს გვაძლევენ და გვაჩვენებენ, რამდენად შორს შეიძლება წახვიდე, თუ საკუთარი თავის გჯერა.


რატომ უნდა უყურო?


გარდა მორალური გაძლიერებისა, ეს სერიალი მოლაპარაკების ხელოვნების კარგი სახელმძღვანელოა.


3. Workin' Moms


ბალანსის დაცვა სამსახურსა და ოჯახს შორის თანამედროვე ადამიანის მთავარი გამოწვევაა. სერიალში ეს ყველაფერი იუმორისტულადაა გადმოცემული. Workin' Moms-ი გვიყვება მეგობრების შესახებ, რომლებიც უმკლავდებიან დაძაბულ დღეებს სამსახურში და შვილებს – სახლში. შოუში შეუფარავადაა გაცოცხლებული რეალური ოჯახური კადრები.


რატომ უნდა უყურო?


იუმორით გაჯერებული სიტკომში იპოვი იმ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება დააბალანსო პირადი ცხოვრება და კარიერა – იყო მზრუნვველი სახლში და მკაცრი ანტრეპრენერი სამსახურში.


4. The Mind, Explained


The Mind, Explained არის Netflix-ის დოკუმენტური სერიალი, რომელიც ჩვენი ტვინის ხუთი ყველაზე საინტერესო ნაწილის მუშაობაზე გვიყვება: მეხსიერება, სიზმრები, შფოთვა, გამჭრიახობა და ჰალუცინაციები.


რატომ უნდა უყურო?

როგორც ანტრეპრენერს, გჭირდება გონების საიდუმლოებების ამოხსნა და იმის გაგება, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები, რა აძლევთ მოტივაციას. რაც უფრო მეტი გეცოდინება, მით უკეთ შეძლებ ამ ცოდნის გამოყენებას საკუთარ მარკეტინგულ თუ ბიზნეს სტრატეგიებში.


5. The Office


ეს იმიტირებული სიტკომია - ბრწყინვალე კომედიური სიუჟეტებითა და პერსონაჟებით, რომლებიც უთუოდ შეგიყვარდება.


რატომ უნდა უყურო?


შოუ მოგვითხრობს თანამედროვე სამუშაო გარემოს კულტურაზე და გაუგებრობებზე, რომლებშიც ადამიანები ხშირად ეხვევიან.
და მაინც, უამრავ სასაცილო სიტუაციასთან ერთად, პერსონაჟები სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებენ და ჭკვიანურ ნაბიჯებსაც დგამენ, რომელიც ცხოვრებაში შესაძლოა, შენც დაგეხმაროს.


6. Broken


დოკუმენტური სერიალი ცალკეული საგამოძიებო ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მაკიაჟის, ელექტრონული სიგარეტების, ავეჯის და სხვა ინდუსტრიებს ეხება და მათ არც თუ ისე სუფთა შიდა სამზარეულოს ააშკარავებს.


რატომ უნდა უყურო?

როგორც ბიზნესის მფლობელსა და მომხმარებელს, სერიალში განხილული საკითხები, ბევრად უფრო დაკვირვებულს გაგხდის მარკეტინგული თუ სხვა სახის საკითხებთან მიმართებაში. სერიალი ნათლად დაგანახებს, რომ ტყუილზე დაფუძნებული მარკეტინგი ბიზნესისთვის დამანგრეველია.


7. Better Call Saul


ყოფილი თაღლითი ჯიმი მაკგილი ადვოკატი გახდება და ამ გარდასახვას თან უამარავი განსაცდელი ახლავს.
თუ Breaking Bad-ის ფანი ხარ, მაშინ ამ პრიკველს ერთი ამოსუნთქვით უყურებ (და თუ არ გაქვს ნანახი Breaking Bad, დროა ამ ბნელი, იუმორისტული დრამით დაიწყო და შეუერთდე კლანს!)


რატომ უნდა უყურო?


საულს ბევრი მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს მეწარმეებისთვის. მაგალითად, გასწავლის, თუ როდის უნდა გარისკო ბაზრის გაფართოება.
მის წარმატებებს ჩრდილავს მისი მიღწევების ამორალური გზები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მისი არაკეთილსინდისიერი საქციელიდანაც.


8. Inside Bill's Brain: Decoding Bill Gates


ეს Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დოკუმენტური სერიალია. ბილ გეითსი, პროგრამული უზრუნველყოფის მაგნატი, დიდწილად საიდუმლო იყო მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს სერიალი მაყურებელს აჩვენებს, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. Netflix-ის ეს სამნაწილიანი დოკუმენტური სერიალი Microsoft-ის თანადამფუძნებლის ადამიანურ, დაუცველ მხარეს გაჩვენებს.


რატომ უნდა უყურო?


ეს სერიალი გაჩვენებს, რა განასხვავებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის გონებას და პიროვნულ თვისებებს. ისტორიებს მოგითხრობენ გეიტსის უახლოესი ადამიანები: მისი ორი და, მისი ყოფილი მეუღლე, ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები, მეგობრები და Microsoft-ის აწგარდაცვლილი თანადამფუძნებელი, პოლ ალენი.


9. Mad Men


92-ეპიზოდიანი სერიალი ასახავს 1960-იანი წლების სარეკლამო სააგენტოს ცხოვრებას იმ ეპოქაში, სადაც ერთი სწორი სლოგანით ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა.


რატომ უნდა უყურო?


როგორ მუშაობს სარეკლამო სააგენტო, როგორ ფიქრობენ იდეებზე, როგორ ურთიერთობენ კლიენტებთან, რას თმობენ და რა დათმობაზე წასვლას სთხოვენ კლიენტებს – ამ შეკითხვებზე პასუხებს სერიალში იპოვით.


10. Girlboss


სერიალი დაფუძნებულია ანტრეპრენერ სოფია ამორუსოს, Nasty Girl-ის აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, ავტობიოგრაფიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუ მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა, მან მშვენივრად აჩვენა, თუ რა არის საჭირო ბიზნესში მიზნის მისაღწევად.

რატომ უნდა უყურო?

დიდი ბიზნესი პატარა ავტოფარეხიდან – ეს სილიკონ ველის კლასიკური ზღაპარია. დაახლოებით, ასე დაიწყო ამორუსოს ამბავიც, რომელმაც ბიზნესი 22 წლის ასაკში, საკუთარ საძინებელში წამოიწყო. მისი ისტორიები – მარცხი თუ წარმატება დიდი მოტივაციაა ნებისმიერი დამწყები ანტრეპრენერისთვის.


მარიამ ელიაშვილი