ლურჯი ვერსია

4 შიში, რომელიც ანტრეპრენერმა უნდა დაძლიოს

16 აგვისტო 2022

ანტრეპრენერობა უკიდურესად საშიშია… ინსპირაციული ბლოგის პირველ წინადადებად არცთუ ისე იმედისმომცემი დასაწყისია, თუმცა როცა ამას წარმატებული ანტრეპრენერი, ინვესტორი და კიდევ ბევრი რეგალიის მქონე კიმ პერელი წერს, ვიცით, რომ ქვემოთ საოცარი ისტორია გველოდება. ისტორია ქალისა, რომელმაც პირველი ბიზნესი საკუთარი სამზარეულოს მაგიდიდან დაიწყო და 100 მილიონ დოლარიანი მოგება მიიღო, ბოლო კომპანია აზიის ერთ-ერთ უდიდეს სატელეკომუნიკაციო კორპორაციას 235 მილიონ დოლარად მიჰყიდა, ინვესტიცია ჩადო 1000-ზე მეტ კომპანიაში... მიღწევები უდავოდ ინსპირაციულია, არა? და დიახ – კიმ პერელიც კი თვლის, რომ ანტრეპრენერობა გიჟურად საშიშია:


„მერწმუნე, ისეთივე მომაკვდინებელ შიშს განვიცდიდი, როგორსაც სხვა მეწარმეები. როცა ჩემი პირველი ბიზნესი დავიწყე, უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში… რა მოხდება, თუ წავაგებ? რა მოხდება, თუ ხალხი დამცინებს? რა მოხდება, თუ კლიენტებს ვერ მოვიზიდავ? რა ვქნა, თუ ჩემი არავის სჯერა? რა ვქნა, თუ თვითონაც არ მჯერა საკუთარი თავის?“ ამ შიშების გამო ხანდახან ვფიქრობდი, რომ ბიზნესის კეთება ჩემი საქმე არ იყო… მაგრამ აქ ერთი დეტალია: შიში ადამიანის ბუნებრივი ემოციაა. ყველა გრძნობს შიშს, განსაკუთრებით ანტრეპრენერები, რომლებიც უზარმაზარ რისკზე მიდიან, რათა დამოუკიდებლები გახდნენ.“


კიმ პერელი გვირჩევს, საერთოდ დავივიწყოთ შიშის არსებობა და დავაჯეროთ საკუთარი თავი, რომ არ გვეშინია. აქვე ის გვიყვება, სინამდვილეში, ქვეცნობიერად რისი გვეშინია. კიმი გვარწმუნებს, რომ თითოეულ შიშს მასზე მორგებული იარაღით უნდა ვებრძოლოთ:


1. მარცხის შიში


ამერიკელთა 33% აღიარებს, რომ წარუმატებლობის შიში ხელს უშლის ბიზნესის დაწყებაში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ეს მარცხი, ის წარმატების საპირისპირო არ არის. წარუმატებლობა წარმატების არსებითი ნაწილია.
ყველა რეალიზებულ ადამიანს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი წარუმატებლობა შეხვდა. დაისონმა შექმნა 5,126 წარუმატებელი პროტოტიპი, სანამ საბოლოოდ მტვერსასრუტს გამოიგონებდა. აბრაამ ლინკოლნმა 1858 წელს სენატის არჩევნები წააგო. მაიკლ ჯორდანი საშუალო სკოლის კალათბურთის გუნდში ვერ მოხვდა. წარუმატებლობა არ გაქცევს წარუმატებლად. წარუმატებლად გაქცევს უკანდახევა!

ამბობენ, რომ თითოეული წარუმატებლობა მეწარმეებს მომავალში წარმატების ორჯერ მეტ შანსს აძლევს. შენ არ მარცხდები, უბრალოდ წარმატების შანსს აორმაგებ.


ჰკითხე საკუთარ თავს:


თუ მე ამას გავაკეთებ, რა შეიძლება მოხდეს უარეს შემთხვევაში? შევძლებ ამის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას? წარუმატებლობას შეხედე, როგორც სწავლისა და ზრდის შანსს.


2. გაურკვევლობის შიში


ცვლილებების წინააღმდეგ სვლა ბუნებრივი იმპულსია. ჩვენ მიდრეკილნი ვართ კომფორტის ზონაში ყოფნისკენ. შენ კარგად იცი, როგორი იქნება შემდეგი თვე, თუ დარჩები შენს მოსაწყენ სამსახურში, თუ დარჩები შენს პატარა ბინაში ის მაინც გეცოდინება, რომ არ მოგიწევს აბარგება, თუ ცუდ ურთიერთობაში დარჩები, გეცოდინება, რომ მარტო არ ხარ.
იმისათვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო, რამით უნდა დაიწყო. სიახლის შიში ბუნებრივია, მაგრამ ის მანამ არის სიახლე, სანამ ახალია, მანამ არის უცნობი, სანამ შეიცნობ. გარისკე. გამოდი შენი პატარა ბინიდან. გჯეროდეს, რომ გზაში ყველაფერს გაარკვევ.
სინამდვილეში, ცხოვრებაში ყველაფერი ბუნდოვანია. ერთადერთი რაც გარკვეულია, თვითონ გაურკვევლობაა.


ჰკითხე საკუთარ თავს:


გაიხსენე ის მომენტი, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? რა უნარები გამოგიმუშავდა? როგორ მოერგე სიტუაციას?


3. უარყოფის შიში


ადამიანს უარყოფის შიში დაბადებიდან აქვს და ნორმალურია, რომ მსგავსი შიშები ანტრეპრენერებსაც აწუხებთ. სანამ ინვესტორს მიმართავ გეშინია, რომ ოთახიდან სიცილით გავა. სანამ ნაცნობს რჩევას ჰკითხავ, ფიქრობ სულელად არ ჩაგთვალოს, სანამ პროდუქტს გაყიდი, გეშინია რომ უარით გაგისტუმრებენ…
ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ უარია და სინამდვილეში, ეს კარგია. შენ არ გჭირდება ყოველთვის „დიახ“. შენ გჭირდება სწორი ხალხი, რომლებიც დაგთანხმდებიან, გამოგყვებიან, გენდობიან…
როცა ეძებ სრულყოფილ ბიზნეს პარტნიორს, ან იდეალურ ინვესტორს – სქელი ჯიბეებით, ან მენტორს, რომელსაც აქვს შენი აბსოლუტური რწმენა, გზად შეხვდები უამრავ ადამიანს, რომლებიც ამ პოზიციისთვის შესაფერისი არ არიან, მაგრამ იმისათვის, რომ გაარკვიო, არის თუ არა ის, ვისაც ეძებ, უბრალოდ უნდა ჰკითხო. ნუ მიიღებ პირად შეურაცხყოფად, როცა „არას“ გეტყვიან. ჩათვალე, რომ ეს მათი გამოცდა იყო. მადლიერი იყავი, რომ მათთან დრო არ დაკარგე.
დაიმახსოვრე - მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უარგყოფს, არ ნიშნავს, რომ არ გაქვს ის, რაც წარმატებისთვისაა საჭირო. როგორც ბიზნესვუმენი და მოდელი დიტა ვონ ტისი ამბობს, „შეიძლება იყო ყველაზე მწიფე, ყველაზე წვნიანი ატამი მსოფლიოში და მაინც იქნება ვინმე, ვისაც ატამი სძულს“.

რჩევა:


შიშის დასაძლევად თავი ისეთ სიტუაციებში ჩააყენე, სადაც ზუსტად იცი, რომ უარს გეტყვიან. მაგალითად, დაიწყე სატელეფონო გაყიდვები, ამის ხომ ყოველთვის გეშინოდა. რაც უფრო მეტ უარს მიიღებ, მით უფრო უკეთ გაიგებ, რომ ეს წვრილმანია და ბოლოს, ყველაფერი კარგად იქნება.


4. თვითმარქვიას სინდრომი


მაშინაც კი, როცა ანტრეპრენერი წარმატებას აღწევს, ფიქრობს, რომ ამას არ იმსახურებს.
„საკუთარ თავში ეჭვი დღემდე მეპარება ხოლმე. ძნელია იყო პოზიტიური და თავდაჯერებული გაურკვევლობის ფონზე და როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ თავად აყენებ, ნებისმიერი წარუმატებლობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს“, - ამბობს კიმ პერელი.


რჩევა:


1. ჩადე ინვესტიცია ურთიერთობებში. იპოვე მენტორები, თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებიც ნათლად ხედავენ შენს პოტენციალს და გულწრფელად სჯერათ, რომ იმსახურებ იყო იქ, სადაც ხარ ან სადაც გინდა. მათი რწმენა დაგეხმარება თავდაჯერებულობის გაზრდაში და მიზნების მიღწევაში.
2. მართე ემოციები. შიში და თავდაჯერებულობა ფაქტებად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ემოციებია, რომლებსაც ის ძალა ექნება, რასაც თავად მივანიჭებთ. აღიარე ეს გრძნობები და შეეცადე არ დაამახინჯებინო რეალობა.
3. შეწყვიტე საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება. გაიხსენე ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და ეცადე გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ყველას აქვს თავისი განსაკუთრებული ნიჭი – მთავარია, საკუთარი ნიჭი იპოვო და გამოიყენო.
არასაკმარისად კარგის შიში არის აზროვნების პრობლემა. არავითარი გარეგანი წარმატება არ გამოასწორებს მას - ის შიგნიდან უნდა მოგვარდეს. ამაში თვითრეფლექსია, ურთიერთობები და პოზიტიური თვითჩაღრმავება დაგეხმარება.

შეჯამება


ბიზნესის დაწყების მაჩვენებელი 1980-იანი წლებიდან 65%-ით შემცირდა. Weebly-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, Wakefield Research-მა დაადგინა, რომ ამერიკელების მესამედს ბიზნესის წამოწყების უფრო ეშინია, ვიდრე თვითმფრინავიდან გადახტომის.


შიში ახშობს იდეებს, ასუსტებს ეკონომიკას, ამცირებს სამუშაო ადგილებს...


და ბოლოს – მარცხი არ არის სიცოცხლისათვის საშიში
ამბობენ, ბიზნესში იმდენი ფული უნდა ჩადო, რამდენის დაკარგვისთვისაც მზად ხარო. ეს არ ნიშნავს, რომ დაკარგვისთვის განწირული ხარ, მაგრამ ხომ გახსოვს – უნდა წარმოიდგინო უარესი სცენარი და მოემზადო. ბიზნესის სწორად სტრუქტურირების შემთხვევაში შენ არ რისკავ ქონების დაკარგვას.


…და რამდენად მნიშვნელოვანია ფული? არა იმდენად, რამდენადაც გამოცდილება, ახალი გზების აღმოჩენა, კონტაქტების დამყარება. მარცხის შემთხვევაში, სწორედ ამაში იხდი ფულს. და ეს ამად ღირს. წარუმატებლობა უსიამოვნოა, მაგრამ ის სიცოცხლისთვის საშიში არაა, ის ცხოვრების გაუმჯობესების წინაპირობაა.
არ მისცე შიშებს შენი ცხოვრების მართვის უფლება.

მარიამ ელიაშვილი