ლურჯი ვერსია

5 გაკვეთილი უბერის დამფუძნებლისგან

26 ოქტომბერი 2022

დღეს, როცა დრო ელვის სისწრაფით მიქრის და საათის ყოველი დაწიკწიკება მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის ლოდინში უქმად დაკარგული წუთები განწყობასაც გვიფუჭებს და საქმესაც. ეს პრობლემა მხოლოდ ქართველების თავსატეხი როდია, ის დიად ამერიკაშიც აწუხებთ, თუმცა 2010 წელს ერთი კომპანიის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ამ კომპანიას ახლა უბერის სახელით ვიცნობთ.


რა არის უბერი?


UberCab მსოფლიოს სატრანსპორტო მექაში, სან-ფრანცისკოში, 2010 წელს დაიბადა და მგზავრობის საკითხში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

უბერის ისტორია 2008 წელს, პარიზში დაიწყო, როცა ორი მეგობარი – ტრევის კალანიკი და გარეტ კემპი, კონფერენციაზე მიიჩქაროდა, მაგრამ თავისუფალი ტაქსი არსად ჩანდა. კალანიკს და კემპს სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა შეექმნათ აპლიკაცია, რომელიც ტაქსის გამოძახებას გაამარტივებდა.

2010 წელს, სან-ფრანცისკოში შეიქმნა UBERCAB.COM __ მსოფლიოში პირველი აპლიკაცია რომელმაც მძღოლები და მგზავრები ერთმანეთთან დააკავშირა.

კომპანიის დამფუძნებლებს სან-ფრანცისკოს მუნიციპალური სატრანსპორტო სააგენტოს მოთხოვნით სახელწოდებიდან „cab“-ის ამოღება მოუწიათ, რის შემდეგაც uber.com დარჩა.

2022 წლის მონაცემებით კომპანია 85 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველთვიურად 93 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მისი ღირებულება კი 61 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

უბერის წარმატების საბუთად ზემოთ მოყვანილი ციფრებიც კმარა. ამ წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ უბერის კვალდაკვალ მრავალი მსგავსი აპლიკაცია გაჩნდა.


რა გვასწავლა უბერის წარმატებამ?

უბერის გზა მარტივი სულაც არ ყოფილა, კომპანია მისი არსებობის მანძილზე მრავალ უსიამოვნებაში გაეხვა: მაგალითად, ინდოეთში, სადაც ერთ-ერთ მძღოლს მგზავრის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. და ეს კომპანიის ერთადერთი სკანდალი არ ყოფილა.


უბერის იუბილეზე, მისმა დამფუძნებელმა ტრევის კალანიკმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა, რომელშიც კომპანიის გავლილ გზაზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მისი სიტყვით გამოსვლიდან 5 ასპექტზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება:


1. დიდი კომპანიებიც პატარა ნაბიჯებით იწყებენ

„ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამას შევძლებდით, მაგრამ აქ ვართ.თავიდან, მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძოდით.“


დღეს გლობალური კომპანია 12 წლის წინ, შედგებოდა მხოლოდ 4-კაციანი გუნდისგან, რომელსაც სან-ფრანცისკოში პატარა ოფისი ჰქონდა.

კომპანიის დაარსება ყოველთვის რთულია. მაგრამ სირთულე არ ნიშნავს გზის დასასრულს.


2. დიდ პრობლემებს დიდი ბიზნესი წყვეტს


„Uber-ის თანადამფუძნებელს, გარეტ კემპს, რომელიც ახლა კომპანიის თავმჯდომარეა, სურდა „ერთი დაწკაპუნებით მგზავრობა“. უბერის ისტორია გრანდიოზული ამბიციებით არ დაწყებულა. ის ამ მარტივ კითხვაზე პასუხის ძიებისას შეიქმნა."


თუ თქვენ ოცნებობთ იყოთ შემდეგი Uber-ის დამფუძნებელი, დაიწყეთ იმ კონკრეტული პრობლემის შესწავლით, რომელიც გაწუხებთ და მოაგვარეთ ეს პრობლემა.


3. მიეცით ხალხს უფრო იაფი და უკეთესი ალტერნატივა


„უბერი არის ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ქალაქების დიდ ნაწილში, UberX-ის მომსახურების ღირებულება ტაქსის ღირებულების ნახევარია და თუ გაითვალისწინებ პარკირების, დაზღვევისა და ტექნიკურ მომსახურების საფასურს, მიხვდები, რომ UberX-ით მგზავრობა უფრო იაფია, ვიდრე მანქანის ყოლა. მეორე მხრივ, კომპანიის მძღოლები გვეუბნებიან, რომ უყვართ მანქანის ტარება და ამიტომაც არიან აქ“


ბიზნესის შექმნის ან განვითარების მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად ეფექტური და მოსახერხებელი გზით მოაგვაროთ თქვენი მომხმარებლების პრობლემები.



4. აღიარე შეცდომები


„მე შემიძლია ვიყო უბერის ადვოკატი, მაგრამ მე ვაღიარებ რომ არც მე ვარ სრულყოფილი და არც ეს კომპანია. როგორც ყველა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს“.


ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერებიც ადამიანები არიან. აღიარე შენი შეცდომები, შეეცადე გამოასწორო ისინი, ისწავლე და გააგრძელე.

და არ იფიქრო, რომ ამას მომხმარებელი ვერ შეამჩნევს.


5. „საგზაო საცობებმა“ შეიძლება შეგანელოს, მაგრამ არ მისცე უფლება შეგაჩეროს


Uber-ს მოუწია კანონების შეცვლა (ან უბრალოდ მათი უგულებელყოფა), რათა გაფართოება შესძლებოდა.


„წინააღმდეგობას ვაწყდებით ყოველ ნაბიჯზე. თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობდით მაღაზიის გახსნას ახალ ქალაქში, სადაც იყო ძლიერი ინდუსტრია, ძლიერი მოკავშირეებით, ცდილობდნენ შეეჩერებინათ ჩვენი პროგრესი.“

ყველა კომპანია შტატის კანონების შეცვლას ვერ დაიწყებს, რათა შეძლოს მუშაობა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა ბიზნესში ხარ და რას აკეთებ. ელოდე დაბრკოლებებს.


თუ აპირებ წარმატებული ბიზნესის შექმნას, შენს შემართებასა და ძალისხმევას წინაღობები ვერ შეაჩერებს.

მარიამ ელიაშვილი