ლურჯი ვერსია

5 ნიშანი რომ სტარტაპი უნდა დაიწყო

12 აპრილი 2024

დამღლელი დღის შემდეგ, სამსახურიდან დაბრუნებულს, კიდევ გაქვს ენერგია ახალ იდეაზე სამუშაოდ? და არც შაბათ-კვირა გენანება, რომ იპოვო ამ იდეის განხორციელების გზა? ყველაფერი აქედან იწყება. შესაძლოა, სწორედ ის დროა, როდესაც არა მხოლოდ საღამოს საათები და უქმე დღეები, არამედ მთელი შენი რესურსი ამ ჩანაფიქრის განხორციელებას უნდა დაუთმო. თუ ზემოთ თქმულში საკუთარი თავი ამოიცანი, მაგრამ ეჭვებს მაინც ვერ ერევი: მაქვს თუ არა შესაბამისი უნარები და არის თუ არა შესაფერისი დრო? - ამ სტატიის ბოლოს პასუხები გეცოდინება, რადგან იმ ხუთ ნიშანზე მოგიყვები, რომლებიც დაგარწმუნებს, რომ ახლა სწორედ შესაფერისი დროა, ან პირიქით, კიდევ უნდა მოიცადო. მოკლედ, დავიწყოთ.




გსიამოვნებს იდეის რეალობად გადაქცევის პროცესი


როგორც უკვე ვთქვით, ყველაფერი იდეიდან იწყება. იდეით გატაცება კი ალბათ ყველაზე არსებითი რამაა, რაც სტარტაპის კეთებისთვის გჭირდება. სწორედ ეს ჟინი და სწრაფვა მოგცემს უნარს, რომ გაუმკლავდე წინააღმდეგობებს, იპოვო გამოსავალი რთულ სიტუაციებში და მუდმივად წინ იარო.

როგორც ამბობენ: „მიზანი არ შეიძლება იყოს მწვერვალზე დგომა, მიზანი მწვერვალამდე ასასვლელი გზის გავლაა“. სტარტაპის დაწყების მოტივაციას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაძლოა, გატაცებული იყო იმ პროდუქტით, რომლის შექმნასაც აპირებ, შესაძლოა ბიზნესის მართვის სურვილი გქონდეს და საკუთარ თავს ლიდერად ხედავდე, ან უბრალოდ, ფინანსური დამოუკიდებლობა გინდოდეს. მოტივაცია დროთა განმავლობაში შეიცვლება, თუმცა იდეის განხორციელებისკენ სწრაფვა, აუცილებლად დარჩება.


არ გეშინია გარისკვის


სტარტაპის დაწყება ყოველთვის სარისკო საქმეა. წარმატების გარანტია არ არსებობს და წარუმატებლობაც მუდამ ახლოსაა. მიუხედავად ამისა, თუ რისკების აღება და გაურკვევლობაში შებიჯება ინტერესს უფრო გიჩენს, ვიდრე გაშინებს, შესაძლოა, მეწარმეობა სწორედ შენი საქმეა. არასტაბილურობა, რისკები და წინააღმდეგობები ბიზნესის სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ეს შენთვის, გარკვეულწილად, კომფორტული მდგომარეობა უნდა იყოს; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალდახუჭული უნდა გადაეშვა გაურკვევლობაში, პირიქით, რისკები აუცილებლად წინასწარ უნდა შეაფასო და შემოვლითი გზები დაიტოვო გაუთვალისწინებელი და არასასურველი შედეგებისთვის.


კომფორტის ზონა არ არის შენი კომფორტის ზონა


შეიძლება ითქვას, რომ სტარტაპერობა რისკისა და გაურკვევლობის სინონიმია, თუმცა წარმატებულ მეწარმეებს ესმით, რომ ზრდა და განვითარება იმ მდგომარეობის მიღმაა, ადამიანთა უმეტესობა კომფორტის ზონას რომ უწოდებს. თუ დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე მუშაობა შენი კომფორტის ზონაა და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ საქმეზე ფიქრი დისკომფორტს გიქმნის, სტარტაპერობა შესაძლოა ზედმეტად სტრესული საქმე აღმოჩნდეს შენთვის, რადგან აუცილებლად მოგიწევს არასამუშაო საათებსა და დღეებში მუშაობა და ხშირად, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაც. თუ მეწარმეობა გსურს, არ უნდა ეძებდე კომფორტის ზონას და გამოწვევები და სიახლეების ძიების სურვილი შენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.


გყავს სანდო პარტნიორი ან თანამოაზრე


შესაძლოა გინდოდეს, რომ სტარტაპერობის გზას მარტო შეუდგე, თუმცა გეტყვი, რომ პარტნიორის ყოლა ბევრად გაგიმარტივებს საქმეს. პასუხისმგებლობების გადანაწილება, ახალი იდეების გენერირება და პრობლემებისა და შესაძლებლობების დანახვის განსხვავებული პერსპექტივები, მცირე ჩამონათვალია იმისა, რაშიც პარტნიორი დაგეხმარება. გარდა ამისა, თუ გყავს თანამოაზრე, რომელსაც შენგან განსხვავებული უნარები და გამოცდილება აქვს, საქმეს ბევრად გაიმარტივებთ, დაზოგავთ ფინანსურ რესურსს და წარმატების შანსებიც უფრო მაღალი იქნება.

ასე, რომ თუ კიდევ ორჭოფობ სტარტაპის დაწყებაზე, თუმცა იცი, რომ გვერდით გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც იზიარებს შენს იდეებს და გჯერა, რომ ბოლომდე ამ იდეების ერთგული დარჩება, ჩათვალე, რომ ეს მოქმედების დაწყების ნიშანია.


მზად ხარ ყველაზე უარესი სცენარისთვის


როგორც ზემოთ ვახსენეთ, წარმატებული სტარტაპერობის ერთ-ერთი ინდიკატორი გარისკვის უნარია, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს, რომ რისკზე წასვლისას წარმოდგენილი უნდა გქონდეს განვითარების ყველაზე უარესი სცენარიც. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ახლახან დაამთავრე სწავლა და სტარტაპის დაწყება გინდა, ჯობია მიჰყვე შენს სურვილს, რადგან თუ პირველივე იდეამ არ გაამართლა, საქმის კეთების ისეთ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენ, რომელსაც ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ გასწავლიან; თუმცა თუ დასაქმებული ხარ, დაწინაურებას გთავაზობენ და იცი, რომ მსგავსი შესაძლებლობა დიდხანს აღარ მოგეცემა, ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უფრო რთულია. ყველას განსხვავებული გარემოება გვაქვს, გადაწყვეტილებაც ჩვენ-ჩვენი გადმოსახედიდან უნდა მივიღოთ. და მაინც, თუ გიჭირს გამოსავლის პოვნა, საკუთარ თავს ჰკითხე: რა მაქვს დასაკარგი? ეს არა რიტორიკული, არამედ პრაქტიკული კითხვაა, რომელზეც აუცილებლად უნდა გქონდეს პასუხი და მოქმედების გეგმაც შესაბამისად უნდა დასახო.


დაბოლოს


სტარტაპერობა საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობაა. ეს არ არის მხოლოდ წარმატებული ბიზნესის კეთება; ეს გამოწვევებთან ჭიდილი, დაბრკოლებების გადალახვა, ახალი ადამიანების გაცნობა და საკუთარი თავის ახალ სიტუაციებში გამოცდაა. არის შანსი, რომ სამყაროზე მნიშვნელოვან თუ არა მცირე გავლენას მაინც მოახდენ. სამწუხაროდ, არასდროს არის იდეალური დრო ბიზნესის დასაწყებად. ამიტომ ხელსაყრელი დროის ლოდინს აზრი არა აქვს. შენ არასოდეს იქნები საკმარისად გამოცდილი, არასოდეს გექნება საკმარისი კაპიტალი და არასოდეს გექნება ნულოვანი რისკები. ყოველთვის არის იმის შანსი, რომ შენი ბიზნესი ჩავარდება, მაგრამ იმის შანსიც დიდია, რომ წარმატებას მიაღწევ.

ასე რომ, თუ მზად ხარ მიიღო მეწარმეობის გამოწვევები და ჯილდოები, ნუ მისცემ შიშს უფლებას შეგაჩეროს. ენდე საკუთარ შესაძლებლობებს, დარწმუნდი, რომ ისეთი ადამიანები გყავს გვერდით, რომლებიც ბოლომდე გამოგყვებიან და გამოიყენე შესაძლებლობა, რომ შენი ოცნებები რეალობად აქციო. ერთადერთი გზა იმის გასაგებად, მიაღწევ თუ არა წარმატებას, პირველი ნაბიჯის გადადგმაა.

სოფო არდაზიშვილი