ლურჯი ვერსია

7 სტრატეგია ბიზნესში ინოვაციური კულტურის დასანერგად

17 ოქტომბერი 2024


ინოვაციური პროდუქტისა და ინოვაციური ბიზნესის ქონას შორის დღევანდელ სტარტაპულ სამყაროში დიდი განსხვავებაა. თანამედროვე პროდუქტის წარმოების მიუხედავად, ზოგიერთი კომპანია ისევ ძველ და გამოცდილ ბიზნეს მოდელს იყენებს. ზოგიც არსებულ პროდუქტს შემოქმედებითი ბიზნეს მოდელის მეშვეობით ახალ სიცოცხლეს სძენს. ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანიები კი ერთდროულად აკეთებენ ორივეს.



ჩვენ მყისიერად ცვალებად, კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ვერც ერთი უპირატესობა ვერ გასტანს დიდხანს. ჯოშ ლინკნერის წიგნის Disciplined Dreaming-ის მიხედვით, ჩვენ შემოქმედების ახალ ერაში ვიმყოფებით, სადაც ნებისმიერი უპირატესობა სწრაფადვე იქნება ათვისებული სხვა ბიზნესების მიერ. ერთადერთი ნამდვილი უპირატესობა - შემოქმედებითობაა.



მისი მტკიცებით დიდსა თუ პატარა ბიზნესში შემოქმედებითობის დანერგვა მარტივი არ არის. ბიზნესი ამის კულტურას საჭიროებს. თუ შემოქმედებითი და ინოვაციური კულტურის დანერგვა და შენარჩუნება გსურთ, დარწმუნდით რომ მოცემული შვიდი მნიშვნელოვანი სტრატეგიით ხელმძღვანელობთ:



1. გააღვივეთ მისწრაფება


ყველა დიდი გამოგონება, კაცობრიობის ნებისმიერი მიღწევა მისწრაფებით დაიწყო: სიახლეების და ცვლილებების წყურვილით. თუ შენს გუნდს მისწრაფება ამოძრავებს, ესე იგი დიდებული ლიდერი ხარ. რა ქმნის ამ მისწრაფებას? შენს თითოეულ თანამშრომელს კარგად უნდა ესმოდეს კომპანიის მიზანი და დანიშნულება; ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ კომპანია ზრუნავს მათი უნარ-ჩვევების განსავითარებლად და რაც მთავარია, თითოეული მათგანი სიამოვნებას უნდა იღებდეს საკუთარი საქმისგან.



2. დააფასეთ შემოქმედებითი იდეების ავტორები


ბევრი კომპანია ინოვაციურ მიღწევას მხოლოდ სიტყვიერად აქებს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისევ ძველი, კარგად ნაცადი გზებით ურჩევნია სიარული.
ინოვაციურ კომპანიაში შემოქმედებით იდეებს მრავალფეროვნად აჯილდოებენ - ფული რა თქმა უნდა შეუცვლელი ჯილდოა, მაგრამ ამასთან ერთად წარმატებული ბიზნესები საჯაროდ აქებენ, აწინაურებენ და სხვადასხვა შეღავათებსაც სთავაზობენ შემოქმედებითი იდეების ავტორებს.



3. მიეცით დამოუკიდებლობა


ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას, რადგან თითოეული ნაბიჯისთვის დასტურის თხოვნა ზრდის სტრესს და აფერხებს შემოქმედებით პროცესს. თუ საკუთარ თანამშრომელს არ ენდობით, ან ცუდი ლიდერი ხართ, ან არასწორი კადრი შეარჩიეთ, რაც ნიშნავს, რომ ცუდი ლიდერი ხართ. მთავარია, ნათლად ჩამოაყალიბოთ ის რაც გჭირდებათ და შემდეგ გზა დაუთმოთ მათ, ვინც ამ საქმის საკეთებლად დაიქირავეთ.



4. წაახალისეთ გამბედაობა


Netflix-ი, რომელიც თავისი შემოქმედებითი კულტურითაა ცნობილი თანამშრომლებს ეუბნება: „თქვით ის, რასაც ფიქრობთ, თუნდაც კამათი გამოიწვიოს. რთული გადაწყვეტილებები ზედმეტი შიშის გარეშე მიიღეთ. ნუ მოერიდებით გონივრულ რისკზე წასვლას. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ ქმედებები, რომელებიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება.”



5. აქციეთ მარცხი წარმატებად


თუ რაღაც ახლა არ მუშაობს წარუმატებლობის ნაცვლად ექსპერიმენტი უწოდეთ. ეს ექსპერიმენტები იმ დაცემებად შეგვიძლია აღიქვათ, რომლებიც წინ გადადგმული ნაბიჯებია, რადგან ყოველი მათგანი სასურველი მიზნისკენ გვაახლოებს. შეცდომები გარდაუვალია, ამიტომ მთავარია სწრაფად დავუშვათ ისინი - ვცადოთ ბევრი იდეა და სწრაფად გავიგოთ, რომელი მუშაობს და რომელია უვარგისი.



6. იფიქრეთ მცირე მასშტაბით


დიდი იდეების განსახორციელებლად აუცილებელია გქონდეთ სისხარტე, მოქნილობა და ცვლილებების მიმართ მიმღებლობა. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება მცირე გუნდით, მცირე ბაზარზე უფრო მარტივია. ეს წინააღმდეგობების დაძლევაში და შედეგების ადრე დანახვაში დაგეხმარებათ.



7. ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს


აზრისა და პერსპექტივის მრავალფეროვნება შემოქმედებითობას ანვითარებს და მისი კულტურის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, იმისთვის რომ მომხმარებელს გაუგოთ, სამყარო მათი თვალით უნდა დაინახოთ და არა საკუთარით. მომხმარებელთან ურთიერთობის სფერო ერთ-ერთია, სადაც მრაფალფეროვან კულტურას დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.



შემოქმედებითობის ჩამოყალიბება ბიზნეს გეგმის არ ქონას, ან დისციპლინაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ბიზნესის წარმატება მაინც საქმის შესრულების უნარზეა დამოკიდებული, ამიტომ ნათელი მიზნები, პუნქტები და მაჩვენებლებიც აუცილებელია, რათა გზას არ გადაუხვიოთ.

შემოქმედებითობა ყველაზე ძლიერი უპირატესობაა. ცალკე აღებული ინოვაციისგან განსხვავებით, ინოვაციის კულტურა ტექნოლოგიების და ბიზნეს მოდელების სფეროში მუდმივ განვითარებას უზრუნველყოფს. ბიზნესში სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი, რადგან არც ერთ ინვესტორს არ უნდა ერთჯერად პროდუქტში ინვესტირება.

ილია ძირკვაძე