ლურჯი ვერსია

8 გაკვეთილი, რომელიც 2 სტარტაპის გაყიდვით ვისწავლე

25 მარტი 2024

სტატიის ავტორი: ჯო პროკოპიო


მეწარმეების უმეტესობა ერთსა და იმავე ქცევას მიჰყავს წარმატებისკენ: შეცდომებს აღმოაჩენენ და მათი გააზრების საფუძველზე ახალ, უფრო გონივრულ გეგმას ისახავენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო საქმეა. თუმცა, ბევრი ვერ ხვდება, რომ წარმატებაც ისეთივე სასარგებლო გაკვეთილად შეიძლება იქცეს, როგორც შეცდომა. კარგა ხნის წინ, მოულოდნელი შემთხვევების დიდი ქარიშხალი დამატყდა თავს და ზედიზედ ორი კომპანია გავყიდე - ერთი მათგანის მეწილე ვიყავი, მეორე კი მთლიანად მე მეკუთვნოდა.


ამ სტატიაში ჩემს ამბავს გიამბობთ და მოკლედ გაგიზიარებთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც მივიღე.



რითი დაიწყო ეს ყველაფერი


თოთხმეტი წლის წინ, ჩემი მეგობრის, რობის, ახალ ოფისში საშინელ ხასიათზე მივედი. იმ დროისთვის, კონსულტაციას ვუწევდი მის ახალ სტარტაპს, რომელიც სპორტულ მონაცემებს ამუშავებდა და იმ დღეს უნდა გვემსჯელა, გვქონდა თუ არა საკმარისი მონაცემები ავტომატიზაციის დასაწყებად.
მიყვარდა ეს შეხვედრები. განვიხილავდით ავტომატიზაციას, ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და სპორტს - ყველაფერს, რაზეც ჩემი კარიერა იყო დაფუძნებული და რასაც ვუთმობდი ჩემს თავისუფალ დროს.


მაგრამ იმ დღეს დიდი მონდომება არ გამომიჩენია. ახალი დაბრუნებული ვიყავი შეხვედრიდან, რომელზეც ჩემი პირადი პროექტის დაფინანსება უნდა გადაწყვეტილიყო. თითქმის ერთი წელი შევალიე იმ საქმეს, ინვესტორისგან კი უცნაური, სრულიად აუხსნელი უარი მივიღე. თვეების შრომა, იმედები, გეგმები და მოლაპარაკებები წყალში ჩამეყარა.


რა თქმა უნდა, სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი.



ერთი კარი რომ იხურება, მეორე იღება


რობიმ მოთმინებით მოისმინა ჩემი გასაჭირი და მითხრა, რომ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა ჩემს მიერ შეთავაზებულ მონაცემთა ავტომატიზაციის მოდელზე. მისი აზრით, ამ საქმეზე მუშაობა სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო.


მაშინვე გამომეცვალა ხასიათი და მოდელის დასახვეწად ორიოდე დღე ვითხოვე.


მომდევნო ორშაბათს, მსოფლიოში პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, Automated Insights, შექმნის პროცესში ვიყავით.


თუმცა, ხელშეკრულებაში ჩემს წარუმატებელ პროექტზე მუშაობის უფლებაც დავიტოვე, რადგან ჯერ კიდევ მჯეროდა მისი.


საქმე სწრაფად დაიძრა. მალე პირველი ინვესტიცია მივიღეთ, 2012 წელს კი Yahoo Fantasy Football-თან, NFL-თან და Associated Press-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. დაფინანსების მეორე რაუნდი ორ წელში დავხურეთ, იმავე წელს უკვე ათობით მსხვილ კლიენტს ვემსახურებოდით.


ამასობაში არც საკუთარი პროექტი დამვიწყებია.



ოცნების პროექტი ვითარდება


ExitEvent, სტარტაპული ეკოსისტემის მონაცემთა ქსელი და საინფორმაციო რესურსების ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ სამ-ხუთ საათს ვუთმობდი კვირაში, 2011 წლის მიწურულს ჩემს სრულფასოვან მეორე სტარტაპად იქცა. მაგრამ, Automated Insights-ის საქმე ისე მიდიოდა, რომ ვგრძნობდი, მალე ეს მცირე თავისუფალი დროც აღარ დამრჩებოდა.


ExitEvent-ი მეტ ყურადღებას მოითხოვდა ჩემგან, ეს კი შეუძლებელი იყო. ცხადი იყო, რომ საკუთარ პროექტს ვაზარალებდი. მიმძიმდა ამის აღიარება, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ExitEvent-ი სხვისთვის უნდა გადამებარებინა.


ბოლოს ჩემი მესაკუთრე ბუნება დავთრგუნე და ExitEvent-ი ადგილობრივ სტარტაპ ინკუბატორს მივყიდე. აქედან 1 წელში Automated Insights-იც სარფიანად გავყიდეთ.


ისე მოვყევი, თითქოს ყველაფერი მარტივად და უპრობლემოდ მოხდა. სინამდვილეში ეს ამბის მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ ჩემი მიზანი ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა არ არის, მთავარზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და მიღებული გაკვეთილები გაგიზიაროთ.



გაკვეთილი 1: ნუ მიჰყვებით წესებს


ეს არის ჩემი უმთავრესი სათქმელი. ცუდი არ არის, თუ თქვენი სტარტაპი სხვებს არაფრით ჰგავს. გთხოვთ, ნუ შექმნით ახალ TikTok-ს, Canva-ს ან OpenAI-ს.


და გთხოვთ, თუ ღმერთი გწამთ, ნუ ააწყობთ თქვენს სტარტაპს სხვა, წარმატებული კომპანიის მოდელზე, იმის იმედად, რომ მათსავით იმუშავებთ. არ არსებობს ქვეყნად სტარტაპი, რომელმაც წარმატებას სხვისი მენეჯმენტის, გაყიდვების სტილის, დეველოპერული მეთოდების და ფინანსური გეგმის ბრმა კოპირებით მიაღწია.



გაკვეთილი 2: ნუ დაიქირავებთ სანამ არ დაგჭირდებათ


ავტომატიზაციის დიდი პრაქტიკა მაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც გაოცებული ვრჩები - რამდენი რამის გაკეთება შეიძლება მწირი რესურსებით. ავტომატიზაციის გარდა, შრომით ბაზარზე ბევრი ფრილანსერი და მოკლე განაკვეთზე მუშაობის მსურველი ადამიანია, რომელთა დაქირავებაც მცირე პრობლემების მოსაგვარებლად შეგიძლიათ. გუნდში მხოლოდ სამი ტიპის პროფესიონალია აუცილებელი: ვინც ქმნის, ვინც მართავს და ვინც ყიდის; დანარჩენის _ სამართლებრივი, ფინანსური, ადამიანური რესურსების თუ სახელფასო პროცესების _ სამართავად ამ საქმის მცოდნეების დროებით დაქირავებაც საკმარისია.


ExitEvent-ი დიდწილად მე ვიყავი. მას მე ვუძღვებოდი, კოდსაც მე ვწერდი, მარკეტერიც მე გახლდით, გაყიდვების აგენტიც და ღონისძიებებზე ლუდის დამტარებელიც.


ამ ყველაფრისთვის დროის გამონახვა ყველას არ შეუძლია. რაღაც ეტაპზე თანამშრომლების აყვანა აუცილებლად მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანური ურთიერთობები ხელშეკრულებაზე და პრემიებზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ სწორ ხალხს იპოვით, ისეთს, საერთო მიზნები რომ გამოძრავებთ და მათ თვალის ჩინივით გაუფრთხილდებით, ისინიც საკადრისად მოგექცევიან. სათქმელად მარტივია, მაგრამ საამისოდ თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. თუ უახლოეს ადამიანებთან კარგ ურთიერთობებს არ შეინარჩუნებთ, ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.



გაკვეთილი 3: ნუ დახარჯავთ ფულს თუ ეს აუცილებელი არ არის


რომ იცოდეთ, რა თანხას ვხარჯავდით Automated Insights-ში, განცვიფრებული დარჩებით. იქ ყველანი სასაცილო ხელფასზე ვმუშაობდით. ოფისის მაგივრად ნამდვილი სორო გვქონდა დაქირავებული, ქალაქის ერთ მივარდნილ, საეჭვო უბანში, ძალიან ძველი ავეჯითა და ტენისის გატეხილი მაგიდით, რომელიც მისაღებში გვედგა. ფულს თუ ვხარჯავდით, გონივრულად ვხარჯავდით. ნიჭიერი თანამშრომლები, ხელსაწყოები, კვლევა-განვითარება, გაყიდვები და მარკეტინგი _ პრიორიტეტებს ამ თანმიმდევრობით ვანაწილებდით.
კომპანიის თითქმის მთელი ფინანსები სესხად აღებული ფული იყო, ოღონდ ამის შესახებ დედაჩემთან არაფერი წამოგცდეთ.



გაკვეთილი 4: წერეთ კოდი


Automated Insights-ს, ExitEvent-სა და ყველა სხვა სტარტაპს შორის, რომლის ნაწილიც ვყოფილვარ, კიდევ ერთი საერთოა - მათთვის კოდს მე თვითონ ვწერდი. გულწრფელად გეტყვით, კოდს გააფთრებით, ყოველგვარი დისციპლინის გარეშე ვწერ მანამ, სანამ რაღაცას არ გავაფუჭებ. ერთი საშუალო დეველოპერი ვარ, მაგრამ თუ გულმოდგინედ მუშაობთ, ეს სრულიად საკმარისია.


ისწავლეთ კოდის წერა, აუცილებლად ისწავლეთ. მაგრამ მხოლოდ სწავლით ნუ შემოიფარგლებით. წერეთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ კოდის წერას მანამ, სანამ რამეს არ შექმნით. თუ რაღაც იდეით ხარ შეპყრობილი, მისი წარმოჩენა Powerpoint-ის გარდა სხვაგანაც უნდა შეგეძლოთ. თუ ტექნოლოგიურ სტარტაპზე არ მუშაობთ, თუ კოდის წერა არ გჭირდებათ, მაშინ ადექით და იმ საქმის ტექნიკური მხარე ისწავლეთ, რის გაკეთებასაც აპირებთ.


არ არსებობს სტარტაპი ინოვაციების გარეშე. ეს ინოვაციები თქვენს საიდუმლო იარაღად უნდა აქციოთ.


უკვე 2024 წელია. თუ კოდის წერა გიჭირთ, მაშინ no-code აპლიკაციები გამოიყენეთ. საქმეში გამოცადეთ თქვენი ჩანაფიქრი. დამიჯერეთ, მერე მადლობას გადამიხდით.



გაკვეთილი 5: ნუ მოიძიებთ ფინანსებს თუ მისგან დიდ მოგებას არ ელით


„დიდ მოგებაში“ არ ვგულისხმობ სწრაფ ზრდას, სრულად ლიკვიდურ კაპიტალს (Total Addressable Market) ან განმეორებით წლიურ შემოსავალს (Annual Recurring Revenue). დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ახალ ფინანსურ რესურსს საზრიანად გამოიყენებთ.


ხშირად მეწარმეები სარისკო კაპიტალს (venture capital) იმის მიუხედავად ეძებენ, არის თუ არა მათი სტარტაპი სარისკო კაპიტალისთვის შესაფერისი.


მაგალითად ExitEvent-ი ჩემი ფინანსებით უნდა შემექმნა _ მასში არავინ ჩადებდა ფულს, მათ შორის არც სარისკო კაპიტალს. ის არნახულ მოგებას ვერ დაწერდა და შესაბამისად, ვერც ინვესტორებისთვის იქნებოდა მომხიბლავი. საბოლოოდ მისი 100%-ის ფლობა სწორი არჩევანი აღმოჩნდა. Automated Insights-ში კი ინვესტიციებს მხოლოდ ახალ ეტაპზე გადასასვლელად ვიზიდავდით. იმ დროისთვის მომხმარებელიც საკმარისი გვყავდა და მოგებასაც ვწერდით, რომ ინვესტორებს ეჭვი არ შეჰპარვოდათ ჩვენში.


ინვესტიცია უფასო ფული არ არის. მისი მოძიება შრომატევადი და რთული საქმეა, მას ფულთან ერთად ახალი პირობები და შეზღუდვები მოაქვს. დაიმახსოვრეთ ეს ყოველთვის ასეა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ სცდით ბედს.



გაკვეთილი 6: იპოვეთ ოქროს შუალედი


ExitEvent-ში ჩემი მანტრა იყო, ვყოფილიყავი განსხვავებული და მათზე უკეთესი ვინც ჩემამდე ყოფილა. წერტილი. ამ მანტრას მიხედვით მოქმედება მარტივი იყო, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული.


მეორე მხრივ, Automated Insights-ში ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, თუ განვითარების რა გზა უნდა აგვერჩია. პროდუქტისა და კომპანიის პოზიციონირებას უამრავი შეხვედრა დაეთმო. კომპანიის მისიაზე, კულტურაზე და თანამშრომლების კმაყოფილებაზე ფიქრს უამრავ დროს ვახარჯავდით.


საუკეთესო ვერსია სადღაც შუაშია ამ ორს შორის.



გაკვეთილი 7: შეანელეთ საცდელი პერიოდი


სტარტაპის საწყის ეტაპზე ყველაფერი ექსპერიმენტია. თქვენი ნაშრომის გამუდმებულ გადაფასებაში უნდა იყოთ. როცა სტარტაპი მწიფდება, ექსპერიმენტირების პროცესი არ უნდა დააჩქაროთ, რადგან კარგი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა მის თითოეულ წვრილმანს დიდი დრო და ენერგია დაეთმოს.


სტარტაპების უმეტესობა სწრაფად, სტიქიურად, ცდილობს ზრდის ეტაპზე გადასვლას. ისინი იღლებიან მოლოდინით და თან ხვდებიან, რომ ახალი ცვლილებები ახალ-ახალ პრობლემებს იწვევს. სანამ ფეხს გაზზე დააჭერთ, მიმართულება უნდა აირჩიოთ.


ორივე კომპანიაში იყო ბევრი რამ, დიდი და პატარაც, რისი გაკეთებაც მინდოდა და რაშიც 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ არასდროს გამიკეთებია. ვფიქრობდი მოგვიანებით გავაკეთებდი, მაგრამ ეს მომენტი არასდროს დამდგარა. ახლა ვხვდები, მრავალსტარტაპიანი ანტრეპრენერები იშვიათად თუ ქმნიან ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპანიებს. მათ უბრალოდ არ აქვთ დრო დაწყებულის დასამთავრებლად.



გაკვეთილი 8: იღბალი არ არსებობს


როცა ExitEvent-ის დაფინანსების პირველი მცდელობა ჩაიშალა, ეს კარიერაში ყველაზე დიდ წარუმატებლობად მივიღე. თუმცა ამ ფაქტმა Automated Insights-ის წევრობისკენ მიბიძგა. ორივეგან მნიშვნელოვანი აღმასვლები და დაღმასვლები მქონია, ორივესთან მაკავშირებს საოცარი მოგონებები და სინანული. ადრე ალბათ გეტყოდით, რომ ორივეგან საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ყველაფერი მომგებიანად დასრულდა.


მაგრამ ამ საქმეში უკვე იმდენი ხანია ვარ, რომ ვიცი - იღბალი აქ არაფერ შუაშია. სიბეჯითე, რისკი, მსხვერპლის გაღება, მოგება, წაგება, ფეხზე წამოდგომა, მიზანი და სურვილი. სულ ესაა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. თუ თქვენთვის ეს საკმარისი არ არის, იქნებ სათქვენო საქმეს არ აკეთებთ. მაგრამ თუ ამას შეეგუებით, საბოლოოდ წარმატებას მიაღწევთ და მისგან საჭირო გაკვეთილებსაც მიიღებთ.


თარგმნა: ილია ძირკვაძემ