ლურჯი ვერსია

Airbnb-ი: წარმატების ისტორია

08 მაისი 2024

ეს ამბავი არის სტარტაპზე, რომელიც სამმა თანამოაზრემ, ბრაიან ჩესკიმ, ჯო გებიამ და ნათან ბლეჩარჩიკმა 2008 წელს დააფუძნა, თუმცა წარმატებამდე მისასვლელი გზა, არც ისე იოლი აღმოჩნდა.
მომხმარებლისთვის თავის მოსაწონებლად გარკვეული პერიოდი მოგებისა და ზრდის გარეშე მუშაობა მოუხდათ, თუმცა ხელი არ ჩაუქნევიათ. სწორედ, ამას თვლის მათი ტრიუმფის მთავარ მიზეზად "Y კომბინატორის" დამფუძნებელი, მეწარმე და ინვესტორი პოლ გრაჰამი, რომელმაც ერთ-ერთ სტატიაში Airbnb-ის წარმატებასა და განვლილ სირთულეებზე ისაუბრა.


Airbnb-ის აქციების პირველადი განთავსების (IPO-ის) აღსანიშნავად და მომავალი დამფუძნებლების წასახალისებლად, ვიფიქრე კარგი იქნებოდა, იმის მოყოლა, თუ რა იყო Airbnb -ში გამორჩეული.
Airbnb-ი გულწრფელობამ აქცია განსაკუთრებულად. მათ არაფერი გაუკეთებიათ სანახევროდ და ეს მათთან პირველივე გასაუბრების დროსაც იგრძნობოდა. ზოგჯერ, სტარტაპთან გასაუბრების შემდეგ, გაურკვეველია რა უნდა გავაკეთოთ ინვესტორებმა და საუბარიც მთავრდება. სხვა შემთხვევებში, უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს და ვიღიმით. Airbnb-ისთან გასაუბრებაც ასეთი იყო. მათი იდეით დიდად ვერ მოვიხიბლეთ. იმ ეტაპზე, ეს იდეა არც მომხმარებელს მოსწონდა. მათ არ ჰქონდათ ზრდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამფუძნებლები ისეთი შთაგონებულები და მოტივირებულები ჩანდნენ, რომ შეუძლებელი იყო ეს ენთუზიაზმი არ გადმოგვდებოდა.


პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად არ იყო მცდარი. ბრაიან ჩესკის მეტსახელად ტასმანიური ეშმაკი შევარქვით, რადგან Looney Tunes-ის მულტფილმის პერსონაჟის მსგავსად, ისიც ქარიშხლის ენერგიით იყო დამუხტული. სამივე დამფუძნებელი ასეთი იყო. YC-ის ისტორიაში არავინ დახარჯულა ისე, როგორც Airbnb-ი.


როცა Airbnbs-ს ვესაუბრებოდით, ისინი ჩვენს თითოეულ შენიშვნას იწერდნენ. როცა მათ იდეას ვთავაზობდით, ერთი კვირის თავზე არა მხოლოდ ეს იდეა მოჰქონდათ განხორციელებული სახით, არამედ კიდევ ორი სხვა, რომელიც ჩვენს იდეაზე მუშაობის პროცესში გაუჩნდათ. "ყველა იმ სტარტაპებს შორის, რაც კი ოდესმე დაგვიფინანსებია, ამ ბიჭებს საქმისადმი საუკეთესო დამოკიდებულება აქვთ", - მივწერე მაიკ არიგტონს ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ. ისინი ახლაც ასეთები არიან.


მე და ჯესიკამ 2018 წლის ზაფხულში ბრაიანთან ერთად ვივახშმეთ, მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით. იმ პერიოდისთვის კომპანია უკვე 10 წლის იყო. ვახშმობისას ბრაიანმა ბლოკნოტის მთელი გვერდი გაავსო ახალი იდეებით Airbnbs-ისთვის.


როდესაც ბრაიანს, ჯოს და ნეიტს პირველად შევხვდით, არ ვიცოდით, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგნენ. ერთწლიანი მუშაობის თავზე კომპანიას ზრდა არ ჰქონდა. გადაწყვიტეს, რომ ბოლო შანსი გამოეყენებინათ და ბედი Y Combinator-ში ეცადათ. თუკი არც ეს გაამართლებდა, მაშინ ნამდვილად ჩაიქნევდნენ ხელს.


ნებისმიერი ნორმალური ადამიანი იქამდეც უარს იტყოდა ამ საქმეზე. ისინი კომპანიას საკრედიტო ბარათებით აფინანსებდნენ. საქაღალდე სავსე ჰქონდათ ბანკის ქვითრებით. მათი იდეა არც ერთ ინვესტორს არ მოსწონდა. ბრაიანის თქმით, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელსაც კაფეში შეხვდნენ, გასაუბრებიდან გაიპარა. ეგონათ, რომ საპირფარეშოში გავიდა, თუმცა აღარ დაბრუნებულა.
"სასმელიც კი არ დალია ბოლომდე", - გვითხრა ბრაიანმა.


2008 წელი იყო _ საშინელი ფინანსური კრიზისი. საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები თავისუფალი ვარდნის აჩქარებით ეცემოდა და წინ უარესი გველოდა.


ვიღაც იკითხავს, ერთწლიანი წარუმატებლობის შემდეგ, რატომღა აგრძელებდნენ ამ სტარტაპზე ფიქრსო? კარგი კითხვაა. პასუხი ის არის, რომ ისინი ამ საქმეს მხოლოდ ფულისთვის არ აკეთებდნენ. ზუსტად არ იცოდნენ ფული როგორ ეშოვათ, მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოსწონდათ, რასაც აკეთებდნენ.
როდესაც პირველად სცადეს ოთახების გაქირავება სტუმრებისთვის, რომლებიც მათ ქალაქში დიზაინერების კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ერთადერთი რისი იმედიც ჰქონდათ, ის იყო, რომ ოფისის კიდევ ერთი თვით დასაქირავებლად საჭირო თანხას იშოვიდნენ. მაგრამ საოცარი რამ მოხდა: ძალიან მოეწონათ სტუმრების დაბინავების, მათზე ზრუნვის პროცესი და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ. ცხადი გახდა, რომ რაღაც ახალს მიაგნეს: სახლის მეპატრონეებისთვის ფულის შოვნის ახალ გზას, სტუმრებისთვის კი მოგზაურობის ახლებურ ყაიდას, რომელიც სასტუმროებში დარჩენაზე უფრო იაფი და საინტერესო იყო.


სწორედ ამ მიგნებით გამოწვეული სიხარული იყო მიზეზი, რის გამოც Airbnb-ი არ დანებდა. სჯეროდათ, რომ მოგზაურობის მომავალი დაინახეს და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვიათ.
Airbnb-ის მიზანი იყო YC-თან თანამშრომლობის დროს მიეღწია იმისთვის, რასაც ჩვენ რამენის მომგებიანობას ვუწოდებთ, რაც ნიშნავს იმდენი ფულის გამომუშავებას, რომ კომპანიამ საკუთარი თავის შენახვა შეძლოს.


რამენის მომგებიანობა, ცხადია, არ არის ნებისმიერი სტარტაპის საბოლოო მიზანი, მაგრამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი წარმატების გზაზე. ეს ის წერტილია, სადაც აღარ გჭირდებათ ინვესტორების დახმარება არსებობის გასაგრძელებლად. Airbnbs-ისთვის რამენის მომგებიანობა იყო 4000$ თვეში: 3500$ ქირისთვის და 500 $ საკვებისთვის. მათ ეს მიზანი აბაზანის სარკეზე გააკრეს.


Airbnb-ის მსგავსი ზრდის დაწყებისთვის აუცილებელია ფოკუსირება ბაზრის ყველაზე აქტიურ სექტორზე. თუ შეძლებთ ამ სექტორში დაიწყოთ ზრდა, ეს ავტომატურად გაგრძელდება სხვა დანარჩენშიც.
როდესაც Airbnbs-ს ვკითხეთ, სად იყო ყველაზე მეტი მოთხოვნა, მათ კვლევის შედეგად უკვე იცოდნენ, რომ ეს ნიუ-იორკი იყო. ისინი პირადად წავიდნენ იქ, ადგილზე ვითარების გასაცნობად. პირადად ნახეს ყველა მასპინძლის ადგილი, რათა მათი მომსახურების სია უფრო ვრცელი და მიმზიდველი გაეხადათ. ამისთვის ჯონმა და ბრაინმა იქირავეს პროფესიონალი კამერა და თავად გადაიღეს ფოტოები.


როდესაც ნიუ-იორკიდან დაბრუნდნენ გაკვირვებას ვერ მალავდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ უამრავი მასპინძელი იმავე მდგომარეობაში იყო, რაშიც ისინი. ანუ, მათაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. Airbnb-ი მიხვდა, რომ ხალხს სჭირდებოდა მათი არსებობა.


2008 წლის ბოლოს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი რეცესია იყო. საფონდო ბირჟა თვალსა და ხელს შუა იშლებოდა. ეს პროცესი კი, პირველ რიგში ნიუ-იორკს შეეხო.
2009 წლის ბოლოს, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, Y Combinator-ის დახმარებით, მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. Airbnb-ის შემოსავალმა ზრდა დაიწყო. მაგრამ, ჯერ კიდევ ძნელი სათქმელი იყო, ეს შემთხვევითი რყევების შედეგი იყო, თუ მართლაც ზრდას იწყებდნენ. თუმცა თებერვალში უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ეს რეალური ზრდა იყო. პირველ კვირაში მათ 460 დოლარი გამოიმუშავეს, მეორე კვირას 897, ხოლო მესამე კვირას მათმა შემოსავალმა 1428 დოლარი შეადგინა.
ბრაიანმა 22 თებერვალს მეილი მომწერა, სადაც მაუწყა, რომ ისინი მოგებაში იყვნენ და ბოლო სამი კვირის რიცხვები გამომიგზავნა.


"დარწმუნებული ვარ, უკვე იცით, რა გელოდებათ მომავალ კვირას.", - მივწერე მე.


ბრაინის პასუხი იყო: "წინსვლა!"


თარგმნა: ხატია მუმლაძემ