ლურჯი ვერსია

Apple Vision Pro: შევაბიჯოთ ტექნოლოგიების ახალ ერაში

04 მარტი 2024

ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად წააწყდებით ასეთ უცნაურ სანახაობას: ადამიანებს სათხილამურო სათვალეების მსგავსი, გიგანტური მოწყობილობა სახეზე აუფარებიათ და ცარიელი სივრცისკენ მიმართული ჟესტებით ჩვენთვის უხილავ საგნებს მართავენ. საი-ფაი ფილმის პერსონაჟებივით იქცევიან. თუმცა ეს "შავი სარკის" ან სხვა დისტოპიური სერიალის სცენები არ არის. ეს კადრები გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ Apple-ს ახალი, მაღალტექნოლოგიური სათვალე Vision Pro ყოფით სიტუაციებში.

წელს Apple-მა თავისი ინოვაციური პროდუქტი ოფიციალურად ჩაუშვა გაყიდვაში. Vision Pro მართლაც რევოლუციური სიახლეა ტექნოლოგიების სამყაროში. ეს უცნაური სათვალეები, სავარაუდოდ, მალე შეცვლის ჩვენი მუშაობის, სწავლის და ერთმანეთთან ურთიერთობის ყაიდას. კოლექტიური წარმოსახვის კიდევ ერთი ნაყოფი იქცა რეალობად, რაც ზოგს ახარებს, ზოგს კი შიშს ჰგვრის. როგორც არ უნდა იყოს, სინამდვილეს ვერსად გავექცევით. ისღა დაგვრჩენია, ახალ ერაში შევაბიჯოთ და უკეთ გავიცნოთ Vision Pro ტექნოლოგია, რომელიც, სმარტფონების და პლანშეტების მსგავსად, დიდი ალბათობით, ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად იქცევა.


რა შესაძლებლობები აქვს Apple Vision Pro-ს?


Apple Vision Pro რეალურად სახეზე მისამაგრებელი კომპიუტერია. ამ სათვალის მინები მაღალი გარჩევადობის ეკრანია, რომელიც თვალების და ხელების მოძრაობით და ხმით იმართება. შესაბამისად კლავიატურა, მაუსი ან თუნდაც სენსორული ეკრანი აღარ არის საჭირო. თქვენი მოქმედებების, ბრძანებების და გარშემო არსებული რეალობის აღქმას Vision Pro-ში ჩამონტაჟებული თორმეტი კამერა, ხუთი სენსორი და ექვსი მიკროფონი უზრუნველყოფს.

Apple-მა ახალ მოწყობილობას სივრცითი კომპიუტერი უწოდა. ზედგამოჭრილი სახელია, რადგან მოწყობილობა ციფრულ პროექციებს თქვენ გარშემო არსებულ ფიზიკურ სივრცეზე გამოსახავს. არ არის საჭირო სპეციალური მაგიდა ან დაფა, არც შეზღუდვები არსებობს გამოსახულების ზომაზე. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იჯდეთ პატარა სივრცეში, მაგალითად თვითმფრინავის სავარძელში, და უყურო ფილმს კინოთეატრის ეკრანის მასშტაბით.

Apple Vision Pro ნამდვილად გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. Apple-ის შერეული რეალობის სათვალის ყველაზე მომხიბლავი მახასიათებელი მრავალ ვირტუალურ ეკრანზე წვდომაა. წარმოიდგინეთ, კომპიუტერში გახსნილი გაქვთ უამრავი ფანჯარა, Vision Pro-ს გამოყენებით თითოეული მათგანის პირობითად მთელს ოთახში გაშლაა შესაძლებელი. ეს ალბათ სათვალის ყველაზე პრაქტიკული მახასიათებელია. ასევე, სათვალეს აქვს ვიდეო ზარის ფუნქცია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ Vision Pro თქვენი სახის 3D მოდელს შექმნის სკანირების, სახის მოძრაობის რეალურ დროში ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით და მის ტრანსლირებას შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ Vision Pro-ს საკუთარი აპლიკაციები აქვს, მასზე IOS-ის აპლიკაციებიც მუშაობს. სათვალე დაკავშირებულია iCloud-თან, ისევე როგორც Apple-ს სხვა სერვისებთან: iTunes, Apple TV Plus და Arcade.

ნებისმიერ გარდამტეხ ინოვაციას თავისი წინამორბედები ჰყავს. Apple Vision Pro-ს შემთხვევაში ესენია: Google Glass, Meta's Quest Pro, Leap Motion, Myo Armband, მაგრამ ვერცერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა ვერ მიაღწია ისეთ ცნობადობას და გაყიდვებს, როგორც Apple-ის პროდუქტმა. მართალია, მარკ ცუკერბერგმა Vision Pro-ს თავისი კომპანიის ვირტუალურ სათვალესთან შედარებისას თქვა, რომ, საერთო ჯამში, Meta Quest 3 უკეთესია, თუმცა მანაც ვერ დამალა, რომ Apple-ის სათვალის ეკრანს უფრო მაღალი გარჩევადობა აქვს. როგორც არ უნდა იყოს, გაყიდვების რაოდენობით და პოპულარობით Vision Pro ყველა კონკურენტს უსწრებს.

გადაიხდიან ადამიანები Apple Vision Pro-ში 3500 დოლარს? 2024 წლის იანვრის მონაცემებით, 200,000 ერთეული Vision Pro გაიყიდა, ასე რომ, დიახ - გადაიხდიან.


როგორ უნდა აუწყონ ფეხი სტარტაპერებმა Vision Pro ტექნოლოგიას?


წარმოიდგინეთ დედამიწა, სადაც შერეული რეალობის სათვალე ისეთივე გავრცელებულია, როგორც სმარტფონები. სწორედ ამ მიმართულებით აქვს აღებული გეზი Apple-ს. ეს გარდამტეხი მომენტია, რომელიც სტარტაპებს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს აძლევს ინოვაციების დანერგვისთვის.

ახალ ბაზარს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. Vision Pro ხსნის შესაძლებლობების ფართო სპექტრს აპლიკაციებისთვის სხვადასხვა ინდუსტრიაში: განათლებაში, ჯანდაცვაში, გართობაში და სხვა სფეროებში. სტარტაპერებმა საკუთარი წარმოსახვა ახალი, გარდამტეხი ტექნოლოგიებისკენ უნდა მიმართონ.

გამოცდილი სერფერი წინასწარ განჭვრეტს გიგანტური ტალღის მოახლოების ნიშნებს და მის დასაპყრობად ემზადება. Vision Pro-ს გამოჩენა, სწორედ ასეთი ახალი ტალღაა, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, აბობოქრებული ზვირთები მრავალს მოიყოლებს ქვეშ. საჭიროა სწავლა, მომზადება და მახვილი ინტუიცია. სტარტაპ-სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Apple-ის ახალ ტექნოლოგიისთვის ფეხის ასაწყობად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

განსაზღვრეთ თქვენი უნარები. გყავთ გუნდში დეველოპერები, რომლებიც კარგად იცნობენ Apple-ის ეკოსისტემას? გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ დეველოპერებს, რომლებიც ფლობენ პროგრამირების ენა Swift-ს. გარდა ამისა, დაგჭირდებათ 3D პროგრამირების სპეციალისტები, ასევე, ისეთი ადამიანები, რომელთაც ესმით მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინის პრინციპები და სივრცითი გამოთვლის კონცეფციები.

უსმინეთ ახალ ამბებს. თვალყური ადევნეთ Apple-ის განახლებებს, განცხადებებს და ნებისმიერ ინფორმაციას Vision Pro ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. დაამყარეთ კონტაქტები Apple-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან, გაწევრიანდით შესაბამის ფორუმებსა და ჯგუფებში, რათა მუდმივად გესმოდეთ უახლესი მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილებების შესახებ. ეს იმისთვისაა საჭიროა, რომ სრულად გამოიყენოთ ამ ტექნოლოგიის პოტენციალი, გაერკვეთ ინდუსტრიის სპეციფიკურ მახასიათებლებში და მოარგოთ თქვენი სტარტაპი ტრენდებს, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას მისცემს თქვენს სტარტაპს არ დაშორდეს Apple-ის ხედვას.

განიხილეთ სხვადასხვა ბიზნესმოდელები და მონეტიზაციის სტრატეგიები, რომლებიც შეესაბამება Apple Vision Pro-ს ეკოსისტემას. გაანალიზეთ ბაზრის ლანდშაფტი და დაადგინეთ ყველაზე შესაფერისი მიდგომა თანხების გამომუშავებისა და სტარტაპის გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანობისთვის. გახსოვდეთ, შეიძლება გქონდეთ ბრწყინვალე იდეა, თუმცა მდგრადი ბიზნესმოდელის გარეშე ყოველგვარი გარჯა ფუჭი იქნება.

საერთო ჯამში, Apple Vision Pro-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას ინდუსტრიები. ვირტუალური სათვალეების შესაძლებლობების გამოყენებით, სტარტაპებს შეუძლიათ განავითარონ პროექტები, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას, სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ქმნის მუშაობის, გართობის და კომუნიკაციის ახალ ფორმებს.

მომავლის ტალღა უკვე აზვირთდა, ახლა თქვენი სიმარჯვის დროა.

არსენ სებისკვერაძე