ლურჯი ვერსია

Axel-ის 2023 წლის მეორე საინვესტიციო შეხვედრა

07 მარტი 2023

აქსელმა - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა, 2023 წლის რიგით მეორე საინვესტიციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას წინასწარ შერჩეული სტარტაპები, ქსელის წევრი ინვესტორები, პოტენციური წევრები და ღონისძიების პარტნიორები დაესწრნენ.
ქსელი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ყოველთვიურად მართავს, რომლებზეც შერჩეული სტარტაპების დამფუძნებლებს იწვევს და მათ საშუალებას აძლევს, გააცნონ თავიანთი იდეები ქსელის წევრებს სამომავლო ინვესტიის განხორციელების მიზნით.

აქსელი 2021 წელს დაარსდა და იგი უკვე აერთიანებს 80-მდე ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს, რომლებმაც დღემდე 8 სინდიცირებული ინვესტიცია განახორციელეს. აქსელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას „ ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციის გზით.

თებერვლის საინვესტიციო შეხვედრის პარტნიორებს წარმოადგენდნენ: საქართველოს ბანკი ბიზნესი, გალტ & თაგარტი, გრანთ თორნთონი და მედიალაბი.

შეხვედრის მიმდინარეობა რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი: მიღება და ნეთვორქინგი, სტარტაპების ფიჩინგი, პარტნიორების პრეზენტაციის ნაწილი და შემაჯამებელი ნეთვორქინგი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აქსელის საინვესტიციო საბჭოს მიერ შერჩეული 4 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებმაც წარადგინეს ინოვაციური პროდუქტები საინფორმაციო და ფინანსური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და მოდის მიმართულებებით. თითოელი სტარტაპის დამფუძნებელს გამოყოფილი ჰქონდა გარკვეული დრო პრეზენტაციისა და მათი იდეის არსის გასაცნობად. ყოველი პრეზენტაციის დასრულებისას, ქსელის წევრ ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები სტარტაპების დამფუძნებლებისათვის.

სტარტაპების ფიჩების შემდეგ, პრეზენტაცია გააკეთა „გალტ & თაგარტის“ საბროკერო მიმართულების მთავარმა ანალიტიკოსმა - ნიკოლოზ მაზანაშვილმა და ქსელის წევრებს ბირჟაზე ვაჭრობის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

სტარტაპებისა და პარტნიორების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლისა და ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა და ნეთვორქინგის სახე მიეცა.

ნეთვორქინგის პროცესში ქსელის წევრ ინვესტორებსა და სტარტაპებს მეტი დრო ჰქონდათ, რომ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და უფრო სიღრმისეულად ესაუბრათ სამომავლო ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე.

თუ გსურთ, გახდეთ Axel-ის წევრი ანგელოზი ინვესტორი, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, შეავსეთ ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით.
თუ გაქვთ სტარტაპი და გსურთ ინვესტორების წინაშე წარდგეთ, მიჰყევით ბმულს.