ლურჯი ვერსია

CES 2024-ის ტექნოლოგიური ტრენდები

28 მარტი 2024

ცოტა ხნის წინ, ლას-ვეგასთან ახლოს მდებარე ქალაქ ვინჩესტერში, მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური გამოფენა _ Consumer Electronics Show (CES ) _ გაიმართა, რომელსაც არც თვალწარმტაცი პრეზენტაციები აკლდა და არც თამამი ფუტურისტული განცხადებები.

როგორც ყოველთვის, გამოფენის მთავარ თვალსაჩინოებას უჩვეულო და შთამბეჭდავი მოწყობილობები წარმოადგენდა. თუმცა, დაუჯერებელი გაჯეტების გარდა, CES-მა სააშკარაოზე გამოიტანა ის მიმართულებები, რომლებიც სავარაუდოდ მომავლის ტექნოლოგიურ ლანდშაფტს შექმნის და მალე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. გამოფენაზე გამოიკვეთა ექვსი სახის ტენდენცია, რომელიც, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში.



AI, AI და ისევ AI


გასულ წელს ხელოვნური ინტელექტი გოლიათის ნაბიჯებით მიიწევდა წინ და CES 2024-ზე ცხადი გახდა, რომ არავის სურს მოვლენებს ჩამორჩეს. მრავალი ექსპერტი თუ ჩვეულებრივი ადამიანი AI-ს სიფრთხილით და შიშითაც კი უყურებს, თუმცა კომპანიები შეჩერებას არ აპირებენ და აქტიურად ცდილობენ მის ინტეგრირებას სხვადასხვა აპლიკაციებში.


ზოგიერთი მათგანი რომ ვახსენოთ, ეს არის: აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ჩვილი ბავშვების ტირილის მიზეზი; რობოტი რომელიც სახლში მარტო დარჩენილ ძაღლს ართობს; ბალიში რომელიც ხვრინვას აფერხებს და ტანსაცმლის დიზაინერი ხელოვნური ინტელექტი. AI ისეთმა კომპანიებმაც გამოიყენეს, როგორიცაა Walmart-ი და L'Oréal-ი, რომ შოპინგის გამოცდილება უფრო სასიამოვნო და მოხერხებული ყოფილიყო.


აშკარაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში შეუძლია ადაპტირდეს. კომპანიები ცდილობენ, რომ AI-ს გამოყენების რაც შეიძლება ახალი და ორიგინალური გზები იპოვონ.


მეტავერსის ინდუსტრიული რევოლუცია


მეტავერსმა შექმნილი მოლოდინი ვერ გაამართლა. ქუხილი წვიმაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ცხოვრების ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლების იდეამ, ყოველ შემთხვევაში არსებული ფორმით, ბევრი ვერ მოხიბლა. გარდა ამისა, ვირტუალური რეალობის სისტემის ადაპტირება საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს, თუმცა, წლევანდელმა CES-მა წამოაყენა რამდენიმე ახალი იდეა, რამაც შესაძლოა მეტავერსის მომავალი შეცვალოს.


Siemens-ის ხელმძღვანელმა, როლანდ ბუშმა, ისაუბრა "ინდუსტრიული მეტავერსზე". ეს არის ვირტუალური სამყარო, სადაც ინჟინრებს და სხვა პროფესიონალებს შეუძლიათ ააშენონ და გამოცადონ ახალი ტექნოლოგიური მოდელები (ე.წ ციფრული ორეულები - digital twins), რაც ამ ტიპის კომპანიებს დიდ რესურსებს დააზოგვინებს.


ზოგიერთი კომპანია, მაგალითად HaptX უფრო დახვეწილი და რეალისტური ვირტუალური გამოცდილების შექმნაზე მუშაობს. გამოფენაზე კომპანიამ წარმოადგინა სპეციალური ხელთათმანები, რომელიც საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ როგორ ეხებით მეტავერსის ვირტუალურ საგნებს. ამასთანავე, კომპანია Sony-მ წარმოადგინა ახალი, შერეული რეალობის სათვალეები, რომელიც სპეციალურად ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის არის გათვლილი.


ტრანსპორტირება


CES-ს განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო თვითმართვადი ავტომანქანები. LG-მ აჩვენა თავისი ავტომობილის კონცეპტი, რომელიც არამხოლოდ თვითმართვადია, არამედ ქვეითად მოსიარულეებისთვის გზაზე გადასვლას ამარტივებს. სრულად თვითმართვადი მანქანები ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ, თუმცა კომპანიებს სწორედ ამ მიმართულებით აქვთ გეზი აღებული.


BMW-მ გამოფენაზე წარმოადგინა დისტანციური მართვის სისტემა, რომელიც ყოველგვარი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე უთავსდება BMW-ს უკვე არსებულ მანქანებს. იმავდროულად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ელექტრომობილებიც, როგორიცაა VinFast-ის ელექტრო პიკაპი, რომელიც AI-ს ინტეგრაციით მძღოლებს საშუალებას აძლევს მანქანა ხმოვანი ბრძანებებით მართონ.


კომპანია Hyundai-იმ მფრინავი ტაქსის კონცეფცია წარადგინა. ეს თვითმფრინავი მანქანები “ცის მაგისტრალებისთვის” იქნება განკუთვნილი, თუმცა სანამ ტაქსები პირდაპირ აივანთან მოგვადგებიან, მრავალი რეგულაციის გატარება იქნება საჭირო.




ჯანდაცვის ტექნოლოგიები


CES-ის კიდევ ერთი ფოკუსი ჯანდაცვის სფეროა. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ორგანიზმის შესახებ უფრო ფართო და დეტალური სურათი შევიქმნათ, რაც საკუთარი ჯანმრთელობის უკეთ დაცვაში დაგვეხმარება.


Withing-ის ჯანმრთელობის ახალ მონიტორს BeamO-ს შეუძლია ჩაიწეროს გულის კარდიოგრამა; გაზომოს სხეულის ტემპერატურა, ჟანგბადის შემცველობის დონე სისხლში; მოუსმინოს ფილტვებს და გულს და მონაცემები ჩვენს პირად ექიმს გადაუგზავნოს. ასეთი მონაცემებით, ექიმებს შეუძლიათ დისტანციურად ამოიცნონ სავარაუდო სიმპტომები, რაც ციფრული კამერის ან ჩატ ის მეშვეობით შეუძლებელია.


ჯანმრთელობის ახალი გაჯეტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს გარემოსთან სრულფასოვანი კავშირის შესაძლებლობას აძლევს. TranscribeGlass-ი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შექმნილი სათვალეა, რომელიც საუბარს ტექსტად აქცევს და სათვალის შუშაზე ასახავს. Gyrogear-ის ახალი სტაბილიზაციის ხელთათმანი დაეხმარება ტრემორული დაავადების მქონე ადამიანებს ხელის მოძრაობაზე კონტროლის აღდგენაში. Tandem-მა მსოფლიოში ყველაზე პატარა ინსულინის მიწოდების ავტომატური სისტემა წარმოადგინა.


ტექნიკა ბუნების დასაცავად


წლევანდელ CES-ზე მრავალი ისეთი ტექნოლოგია აჩვენეს, ბუნების დაცვაში რომ დაგვეხმარება. Agapyo-მ წარმოადგინა ბიოდეგრადირებადი პლასტმასა, ხოლო Neoplants-მა შექმნა მცენარე, რომელსაც მავნე ნივთიერებების შთანთქმა და ჰაერის გაწმენდა სხვა მცენარეებზე 30-ჯერ უფრო ეფექტურად შეუძლია.


გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ უნიკალური გზებით დავუკავშირდეთ ბუნებას. Swarovski Optik-ის Axe Visio ახალი თაობის ბინოკლია, რომელსაც შეუძლია შორიდან ამოიცნოს ცხოველი ან ფრინველი, გადაუღოს სურათი და ვიდეო ჩანაწერში ასახოს ობიექტის აღმოჩენის პროცესი. Haikubox-მა წარმოადგინა სახლის მოწყობილობა, რომელიც ჩიტების ჭიკჭიკის მიხედვით ამოიცნობს მათ სახეობას. ორივე მოწყობილობა უნიკალური საშუალებაა ბუნებასთან ურთიერთობისა და ახალი ცოდნით გამდიდრებისთვის.



ჭკვიანი სამუშაო პროცესი


შოურუმებში წარმოდგენილი მრავალი ტექნიკური სიახლე ჩვენი სამუშაო პროცესის გამარტივებას და მისი ეფექტურობის ზრდას ისახავს მიზნად.


AdHawk Microsystems-ის სათვალე ჩვენი თვალის მოძრაობის საშუალებით ადგენს ჩვენი ენერგიის მარაგს და მუშაობის უფრო ეფექტური გრაფიკის შედგენაში გვეხმარება: გვკარნახობს როდის გავაკეთოთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ან როდის დავისვენოთ.


Apple Vision Pro, რომლის პრეზენტაციაც შარშან Apple-ის დეველოპერთა კონფერენციაზე შედგა, იყენებს სივრცით გამოთვლებს და შერეული რეალობის საშუალებით უფრო კომფორტულ სამუშაო სივრცეს გვიქმნის. ეს და სხვა უახლესი ტექნოლოგიები უფრო სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოითხოვს, Wi-Fi Alliance-მა CES-ზე დაიწყო Wi-Fi7 მოწყობილობების სერტიფიცირება.


CES-ი ერთ-ერთი ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი ტექნოლოგიური გამოფენაა, რომელიც უამრავი ვიზიტორით ავსებს პატარა ამერიკულ ქალაქ ვინჩესტერს. რთულია იწინასწარმეტყველო, თუ რას შემოგვთავაზებს მომავალი გამოფენები, ან რომელი კონცეპტი იქცევა რეალობად, მაგრამ ერთი რამ ცხადია: წინ გასაოცარი ამბები გველის.

სოფია მერებაშვილი