ლურჯი ვერსია

ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამოაცხადეს

23 სექტემბერი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენის, ასევე ციფრული მედიის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამოაცხადა. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად გუნდებს რეგისტრაციის გავლა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.


მედიაწიგნიერების ჰაკათონის წლევანდელი თემებია: დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება. გუნდებმა სწორედ ამ თემების გარშემო არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით უნდა შეიმუშაონ და წარადგინონ იდეები. პრობლემის რელევანტურობის, გადაწყვეტის ეფექტურობისა და პროექტის მდგრადობის გათვალისწინებით, შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი, რომელიც პროფესიონალ მენტორებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში იდეის ბიზნესპროექტს, პროდუქტის MVP-ის ან პროტოტიპს შეიმუშავებს. ინტენსიური გადამზადების შემდეგ, გუნდები პროექტებს კომპეტენტურ ჟიურის წარუდგენენ, რის შემდეგაც სამი გამარჯვებული გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასულ გუნდს კომუნიკაციების კომისია 5000 ლარს, მეორე ადგილზე გასულს - 3000-ს, ხოლო მესამე ადგილოსანს 1000 ლარს გადასცემს.


მედიაწიგნიერების გლობალურ ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა და 18-35 წლის პირებს შეუძლიათ. თითოეულ გუნდს მინიმუმ 2, მაქსიმუმ კი 5 მონაწილე უნდა ჰყავდეს.


შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


მედიწიგნიერების გლობალურ ჰაკათონში მონაწილეობისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს.