ლურჯი ვერსია

Dall-E mini: ხელოვნური ინტელექტის სურეალისტური მიმები

19 ივლისი 2022

ადამიანები ხშირად წარმოვიდგენთ არარსებულ სცენებსა და სიტუაციებს. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ ჩვენს გონებაში რჩებოდა, თუმცა, დღეს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა წარმოსახვითი სიტუაციის ფოტო, ან ილუსტრირებულ ვერსიად გარდაქმნა.

DALL-E Mini (იგივე craiyon) დღეს ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია, რომლის უნიკალური და აბსურდულად სასაცილო სურათები უკვე მთელ მსოფლიოს მოედო.

Dall-E Mini ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც სიტყვებს ილუსტრაციებად აცოცხლებს. ჩათვალეთ, რომ პირადი მხატვარი გყავთ, რომელიც თქვენს ნებისმიერ შეკვეთას წამებში ციფრულ სურათებად აქცევს. მაგალითად, თუ ტექსტის ველში ჩავწერთ: “elephant in space” (სპილო კოსმოსში), პროგრამა დაამუშავებს ინტერნეტში არსებულ სპილოსა და კოსმოსის უამრავ სურათს და რამდენიმე წამის შემდეგ, შორეულ გალაქტიკებში მფრინავი სპილოს 9 უნიკალურ ილუსტრაციას შემოგვთავაზებს.

უკვე კონკრეტული ტრენდებიც გამოიკვეთა, მოთხოვნებში ხშირად ფიგურირებს: ბირთვული აფეთქებები, ცეცხლწაკიდებული ნაგვის ყუთები, უნიტაზები და გიგანტური თვალის კაკლები. Reddit-ის სპეციალურ თემაში მომხმარებლები DALL-E Mini-ს მიერ შექმნილ სხვადასხვა ილუსტრაციებს აზიარებენ. ეს სურათები ხშირად სახალისოა (კიმ ჩენ ინის ლეგოს ფიგურა), ხშირად სურეალისტური (სალვადორ დალის საიდუმლო სერობა), ზოგჯერ კოშმარული (ტელეღიპუცები მოხუცებულთა თავშესაფარში), ხანდახან კი ღრმად შემაშფოთებელი (სტივ ჯობსი წარმოგიდგენთ გილიოტინას).

DALL-E Mini სურათების გენერირებისთვის მილიონობით გამოსახულების ანალიზს აკეთებს, მონაცემებს წინადადების შინაარსთან აკავშირებს და შედეგი პიქსელებად გამოაქვს.

ტეხასელმა დეველოპერმა ბორის დეიმამ DALL-E mini თავდაპირველად კოდირების კონკურსის ფარგლებში შექმნა. ამ აპლიკაციის შთაგონების წყარო კომპანია, OpenAI-ს წარმოუდგენლად ძლიერი პროგრამა DALL-E-ა. მას შემდეგ, რაც დეიმას ქმნილებამ არნახული პოპულარობა მოიპოვა, OpenAI-ს მოთხოვნით მას მალევე გადაერქვა სახელი და ახლა craiyon ჰქვია.

OpenAI ხელოვნური ინტელექტის დარგში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ლაბორატორიაა. კომპანიის ქმნილება DALL-E, რომლის სახელი სალვადორ დალისა და პიქსარის ცნობილი ანიმაციური პერსონაჟის, რობოტი WALL-E-ს სინთეზია, მის ვებ-ანალოგზე ბევრად უფრო ძლიერი ალგორითმია. DALL-E-ს მიერ შექმნილი სურათები შთამბეჭდავი ფოტორეალისტურობით გამოირჩევა, რის გამოც რთულია მისი რეალური სურათებისგან გარჩევა. DALL-E mini-სგან განსხვავებით, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი, DALL-E-ზე წვდომა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის ხელოვანსა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტს აქვს.

იმის მიუხედავად, რომ OpenAI მკაცრად ასაიდუმლოებს პროგრამის კოდს, ბაზარზე ყოველდღე ჩნდება ანალოგიური შინაარსის ხელოვნური ინტელექტი. ერთ-ერთი სახელად Imagen Google-ის ქმნილებაა, რომელსაც DALL-E-ს მსგავსი ხარისხის სურათების დაგენერირება შუძლია. ამის შემდეგ დაანონსდა AI პროგრამა სახელად Parti, რომელიც განსხვავებულ ტექნიკურ მიდგომას იყენებს.

ხელოვნური ინტელექტის ეთიკის მკვლევარი, საშა ლუკიონი, Hugging Face-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ DALL-E Mini-ის მიმების შემოდინებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას: უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდა იმაზე, რომ საჭიროა გარკვეული ინსტრუმენტების შემუშავება, რომელსაც შეეძლება ხელოვნური ინტელექტის მიკერძოება გამოავლინოს და გაზომოს. მაგალითად, როდესაც პროგრამა იღებს მოთხოვნას “ექიმი”, მას შედეგად კაცი გამოაქვს, ხოლო “ექთნის” შემთხვევაში - ქალი.

ბორის დაიმას თქმით, DALL-E Mini-ის განვითარება ისეთ დონეზე, რომ მისი გამოსახულების რეალურისგან გარჩევა ურთულესი გახდეს, არ არის გამორიცხული და პერსპექტივას მოკლებული. დღეს გასართობად გამოყენებადი პროგრამა ერთგვარ გაფრთხილებადაც შეიძლება მივიჩნიოთ ხელოვნური ინტელექტის საფრთხილო მომავლის შესახებ.

“როდესაც ადამიანი ხედავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნამდვილი” - ამბობს ბორის დაიმა.

გიგი მეფარიშვილი