ლურჯი ვერსია

Startup Failed Successfully: წამის დაჭერის ხელოვნება

01 თებერვალი 2023

სტარტაპერის ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანისათვის წარმოუდგენელი ისეთი ყოველდღიური გამოწვევებით არის სავსე, რომ მარტივ კითხვაზე “როგორ ხარ?”, გირჩევნია პასუხი მოიგონო, ვიდრე იმის მოყოლა დაიწყო, თუ მართლა რა სიახლეა შენს თავს.

და ეს სიახლე შეიძლება შენი Fail (თუ ქართულს არ “ვუღალატებთ” - წარუმატებლობა) იყოს, რაზეც საუბარს ანტრეპრენერები ხშირად გაურბიან. რატომ? პასუხი მარტივია: ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანია, რომელსაც აქვს იმის მენტალური ძალა, რომ საკუთარ წარუმატებლობაზე გულღიად ისაუბროს. და ეს ნორმალურია.

როდესაც “Startup Failed Successfully”-ის სვეტზე ფიქრი დავიწყე, ჩემი მიზანი იყო გამექარწყლებინა ერთი ფრაზა, რომელმაც პირადად მე, რაღაც მომენტში, თავგზა ამირია. თუ “აპოლო 13” ნანახი გაქვს, ან ჯინ კრენზის შესახებ გაგიგია, მიხვდები, რას ვგულისხმობ:

“წარუმატებლობა არ არის ვარიანტი!”


ალბათ გაგიკვირდა, სტარტაპ ბლოგში მსგავს რამეს რომ კითხულობ. შეიძლება ცოტა უცნაური შეგრძნებაც დაგრჩა. ეს ფრაზა, როგორც ცხოვრებაში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემაში, პირადად ჩემთვის მიუღებელია, რადგან მკაცრ, საკუთარ თავზე შეყვარებულ მშობელს მაგონებს, შვილს დაჟინებით რომ უმეორებს - შენ ყველგან, ყოველთვის საუკეთესო უნდა იყოო. აი, ისეთ მშობელს ვგულისხმობ, ძირითადად ჰოლივუდურ ფილმებში, უარყოფით როლში, რომ გვევლინებიან.

კომიკური ფაქტია (თან არც ისე კომიკურიც), რომ მსგავსმა აზროვნებამ Apollo 13-ს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. თავად ამ სიტყვების ავტორმა, ჯინ კრენზიმ უკვე აფრენამდე იცოდა კოსმოსური ხომალდის სისტემური გაუმართაობის შესახებ, თუმცა, ამის შესახებ წარუმატებლობის შიშით არავის არაფერი უთხრა.

წარუმატებლობა არ არის ვარიანტი, ეს წარმატებული გზის შემადგენელი ნაწილია - ინტერპრეტაციები შეგვიძლია ვცვალოთ. სულ რამდენიმე სიტყვის დამატებამ კი პათოსი სრულიად შეცვალა და ის აზრი მიიღო რომლისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს.


ამაზე Twitter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევან უილიამსი გამახსენდა, რომლის ისტორიაც ალბათ ყველაზე მეტად შეეფერება ამ სვეტის მთავარ სათქმელს.


მისი დაარსებულია ისეთი წამყვანი კონტენტის შესაქმნელი პლატფორმები, როგორებიცაა Blogger-ი (1999) და Medium-ი (2012).


სანამ ჯეკ დორსისთან ერთად სოციალურ ქსელ Twitter-ზე მუშაობას დაიწყებდა, ევანმა პოდკასტების პლატფორმა Odeo დააარსა, რომელიც ახლად გამოშვებულ iTunes-სთან კონკურენციაში დამარცხდა. კიდევ უფრო ადრე იყო Pyra Labs-ი, რომელიც გაშვებიდან რამდენიმე თვეში გაკოტრდა და დაიხურა.


რატომ არის ეს ისტორია საინტერესო? 3 წარმატებულიდან 2 სწორედ წარუმატებელი კომპანიების გვერდითი პროექტები იყო. Twitter-ი Odeo-ს, Blogger-ი კი Pyra Labs-ის.


და, რა ხდება თუ ის ამ ორიდან რომელიმეს სწრაფი მარცხისთვის არ გაიმეტებს? როგორც მინიმუმ ის, რომ ევანი დიდ დროს და ენერგიას დახარჯავს იმ გზების ძიებაში, რომელსაც მისი გონება მცდარი აზრების შეჯერების საფუძველზე გადახარშავს.

ეს არის მიზეზი, რის გამოც ამ მიმს ძალიან ვაფასებ:

სტარტაპში, ისე როგორც ცხოვრებაში, ყველაზე დიდ როლს სწორი გადაწყვეტილებების მიღება თამაშობს.


და სწორედ ამას ვგულისხმობ "წამის დაჭერის" მნიშვნელობაში - როცა გრძნობ, რომ რაღაც შესაცვლელია, ის აუცილებლად უნდა შეცვალო.


ამ სტატიის წერის დაწყებამდე ChatGPT-ისაც (ChatGPT არის ენის მოდელი, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ, რომელიც იყენებს ღრმა სწავლის ტექნიკას ადამიანის მსგავსი პასუხების გასაცემად. ამუშავებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, მათ შორის წიგნებიდან, ვებ-გვერდებიდან, ყველა შესაძლო წყაროდან რამდენიმე წამში) გავესაუბრე და ვკითხე, როდის დგება მომენტი, როდესაც სტარტაპ დამფუძნებელმა უნდა თქვას “არა”. თუმცა, იმდენად შაბლონური პასუხი მივიღე, რომ მივხვდი, თვით მანქანური სწავლების უმაღლესი მწვერვალიც კი ვერ განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცე ყველაზე კრიტიკული სიტუაციების დროს.



საბოლოოდ, კი როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, მივდივარ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ეგოისტები.


ისე კი, დამფუძნებლის ეგოიზმს შესაძლებლობების ზენიტში მყოფი სტარტაპიც კი შეუძლია უდიდესი ფინანსური თუ სააღმსრულებლო რისკის ქვეშ დააყენოს. ამის კარგი მაგალითია Airbnb-ი, რომლის ცალკეული აქციის ფასმა გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში თითქმის $100-ით დაიკლო და ისტორიულ მინიმუმამდე, $89-მდე დაეცა.

ასეთი ვარდნის მიზეზი სხვადასხვა წამყვან გამომცემლობაში გავრცელებული კომპანიის შიდა საიდუმლოებები გახდა, რამაც კომპანიის აქციონერებს რამოდენიმე დღეში მილიარდობით დოლარი დააკარგვინა.

და რა უცნაურია, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ის დამფუძნებელი დგას, რომელმაც 14 წელი ამ პროდუქტის განვითარებას შეალია.

ეს მაგალითი, კი ვფიქრობ, თქვენთვის ორმაგად საინტერესო უნდა იყოს - თავისი დასაწყისით და დასასრულით.

Airbnb-მდე იყო Airbed & Breakfast, რომელიც ბრაიან ჩესკიმ, ნათან ბლექარჩიკმა და ჯო გებიამ გასაბერი ლეიბების გასაქირავებლად შექმნეს. თუმცა, მალევე მიხვდნენ რომ გაცილებით დიდ მიზანს უნდა შესჭიდებოდნენ, არსებული სტარტაპი დახურეს და პრიორიტეტად ბინების დღიურად გაქირავების სერვისის გაუმჯობესება დაისახეს (და რა კარგია რომ ეს გააკეთეს).

(ფოტოზე Airbed & Breakfast-ის, უკვე შემდეგ Airbnb-ის დამფუძნებლები. წყარო: Ceotudent)

14 წლის შემდეგ სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, ჯო გებია, კომპანიის ზურგს უკან მოქმედებას და მისთვის ძირის გამოთხრას იწყებს. ამის ძირითადი მიზეზი ბრაიან ჩესკისადმი გაჩენილი უარყოფითი დამოკიდებულებაა, რომელიც კომპანიის წამყვანი სახეა და მედიაშიც გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რთული ასახსნელია რა მიზანი ამოძრავებდა ჯო გებიას იმ დროს, როდესაც მიზნად კომპანიის შიდა პრობლემების მედიისთვის ფარულად მიწოდება დაისახა. კომპანიის მთლიანად ხელში ჩაგდება? ჩესკის იძულება, რომ პროცესებიდან იზოლირებულიყო?

ციფრულ ინდუსტრიაში გაუმჟღავნებელი არაფერი რჩება. შესაბამისად, 2022 წლის ივლისში ჯო გებიას, ციფრული პროდუქტის აღმასრულებლის თანამდებობიდან გადადგომა და მენეჯმენტიდან გასვლა მოუწია.

Airbnb-ის ერთ-ერთმა მამოძრავებელმა ძალამ დაარსებიდან 14 წლის შემდეგ კომპანია უკანა კარიდან დატოვა.


ამ ისტორიის არსი იმაშია, რომ არის მომენტი, როცა ჩვენმა შინაგანმა მდგომარეობამ შეიძლება გვიკარნახოს რომ ახალი გამოწვევების დროა. და თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, თავს უკეთესად ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ.

ჩემი სუბიექტური აზრით, ბოლოს ნახსენები შემთხვევაც, სწორედ წლების განმავლობაში უკუგდებული შინაგანი იმპულსით მიღებული ეგოიზმის შედეგია.


არსებობს მოსაზრება რომ წარმატებულ სტარტაპებს წარმატებული ადამიანები ქმნიან. ჩემი აზრით კი მწვერვალებს ის იპყრობს, ვისაც წაფორხილების არ ეშინია

როგორც ზემოთ აღვნიშნე, წარმატება, ეს პროცესია და არა დანიშნულების ადგილი. წარუმატებლობა კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია

ეს შენი სამყაროა, ამიტომ უსმინე საკუთარ გულსა და გონებას და მიიღე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ისე რომ ერთ დღესაც თქვა:

“მე დავიჭირე ჩემი წამი”


ლუკა ხათრიძე