ლურჯი ვერსია

Threads: ორი მაგნატის ბრძოლის ხაზი

25 ივლისი 2023

ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის მეტოქეობა აქამდე მხოლოდ ინტერნეტ-სივრცით შემოიფარგლებოდა, თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გახმაურდა, ტექნოლოგიური მაგნატები მზად არიან შერეული საბრძოლო ხელოვნების ოქტაგონზე შეერკინონ ერთმანეთს. ორი მულტიმილიარდერის ჯიბრი კიდევ უფრო გაამწვავა Threads-მა, Meta-ს ახალმა აპლიკაციამ. ცუკერბერგის პროდუქტი, რომელიც ტვიტერის პირდაპირი კონკურენტია, 5 დღეში 100 მილიონმა მომხმარებელმა გადმოიწერა. ამ არნახული ბუმის საპასუხოდ ილონ მასკმა განაცხადა, რომ კონკურენცია კარგია, მაგრამ თაღლითობა - არა. მასკი დაემუქრა Meta-ს, რომ სავაჭრო საიდუმლოებებისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლებდა.


2018 წელს Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, როცა გამჟღავნდა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კომპანიამ ბოროტად გამოიყენა ფეისბუკ-მომხმარებელთა მონაცემები, ილონ მასკმა წაშალა Tesla-ს და SpaceX-ის ფეისბუქ-გვერდები. მილიარდერებს მეგობრული ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, თუმცა ერთმანეთის უშუალო კონკურენტები მხოლოდ გასულ წელს გახდნენ, როცა მასკმა ტვიტერი იყიდა. მმართველობის ცვლილებას ტვიტერში არაერთი უსიამოვნება მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ აპლიკაცია გაუარესდა და სიძულვილის ენის გამავრცელებელ საყვირად იქცა. Meta-მ დრო იხელთა და მომხმარებელს Threads-ი, ცუკერბერგის თქმით “ტვიტერის მეგობრული ალტერნატივა”, შესთავაზა. Meta-მ ამ პროექტის შესახებ 2023 წლის მარტში ამცნო საზოგადოებას, რის შედეგადაც მასკისა და ცუკერბერგის მეტოქეობა ახალ ფაზაში გადავიდა.


სწორედ Meta-ს მიერ ტვიტერის ანალოგის შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მასკი და ოპონენტი ოქტაგონზე გამოიწვია, ცუკერბერგმა გამოწვევა მიიღო. რთული სათქმელია, მართლაც დაეჭიდება თუ არა ტექნოლოგიური სამყაროს ორი გიგანტი ერთმანეთს, თუმცა ცალსახაა: ოქტაგონს მიღმა ტვიტერისა და Threads-ის ბრძოლა უკვე გაჩაღდა.


Threads-ი ტექსტზე დაფუძნებული შეტყობინებებისთვისაა განკუთვნილი. სოციალური ქსელი არა უმეტეს 500 სიმბოლოს მოცულობის პოსტების დაწერისა და 5 წუთამდე ვიდეოების განთავსების საშუალებას აძლევს მომხმარებლებს. აპლიკაციით შესაძლებელია ბმულებისა და ფოტოების გაზიარებაც. Threads-ის მთავარ გვერდზე იხილავთ, როგორც იმ ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ კონტენტს, რომლის გამომწერიც ხართ, ასევე მათ პოსტებს, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. უცნაურია, რომ აპლიკაციას არ აქვს პირადი შეტყობინებების ფუნქცია. ამასთან, სოციალური ქსელის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა დესკტოპ ვერსიის არარსებობა.


Threads-ი აღჭურვილია ინსტაგრამის ზოგიერთი ფუნქციით, მაგალითად მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ სიტყვები და მათი მეშვეობით გაფილტრონ კომენტარები თავიანთ პოსტებზე. ინსტაგრამზე დაბლოკილი მომხმარებელი ავტომატურად დაიბლოკება Threads-ზეც. რეალურად, Meta-ს ახალი სოციალური ქსელი არის ინსტაგრამის, როგორც ფოტო და ვიდეო პლატფორმის ტექსტური დამატება.


ტვიტერისგან განსხვავებით, Threads-ს არ გააჩნია საკვანძო სიტყვებით ძიების ფუნქცია და ჰეშტეგები, რაც მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის დევნების შესაძლებლობას ზღუდავს. ამ მხრივ,ტვიტერი უკეთესია. ჰეშტეგებისა და საკვანძო სიტყვების არქონამ რეკლამის დამკვეთი კომპანიებიც შეიძლება დააფრთხოს. ამჟამად Threads-ზე რეკლამები საერთოდ არ გვხვდება. ცუკერბერგის თქმით, კომპანია ამ საკითხზე მხოლოდ მაშინ იფიქრებს, როცა აპლიკაციას მილიარდი მომხმარებლი ეყოლება.


Meta-ს მიზანი, როგორც თავად კომპანია აღნიშნავს, ადამიანებისთვის პოზიტიური და კრეატიული სივრცის შექმნაა, სადაც იდეების გამოხატვა და მათი გაზიარება იქნება შესაძლებელი. ტვიტერის ფორმატის სოციალური ქსელის გარეშე კი მსგავსი სივრცის წარმოდგენა შეუძლებელია. ცუკერბერგი დიდი ხნის წინ მოიხიბლა ტვიტერით და მისი შეძენის სურვილიც არაერთხელ გამოთქვა, თუმცა ახლა, ტვიტერისთვის მძიმე პერიოდში, მის კონკურენტ ქსელს ფლობს.


ახალმა სოციალურმა ქსელმა ხუთ დღეში 100 მილიონ მომხმარებელს მიაღწია და ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად იქცა. წინა რეკორდი ეკუთვნის ChatGPT-ის,
რომელსაც მსგავსი ნიშნულის მისაღწევად ორი თვე დასჭირდა.Threads-ის მომხმარებლების სწრაფ ზრდას ის გარემოებაც უზრუნველყოფს, რომ აპლიკაცია მიბმულია ინსტაგრამზე, მის გამოსაყენებლად ინსტაგრამ პროფილით ვერფიკაციაა საჭირო, შესაბამისად მომხმარებლები მარტივად გადადიან ახალ სოციალურ ქსელზე.


საგულისხმოა, რომ Threads-ი გაშვების თავდაპირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის ევროკავშირში, ამიტომ დარეგისტრირებულთა რეკორდული რაოდენობა არ მოიცავს ევროკავშირის პოტენციურ მომხმარებლებს. მიზეზი გაურკვეველია, ის შესაძლოა უკავშირდებოდეს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ საკითხებს. ნებისმიერ შემთხვევაში, Threads-ს წარმატებული სტარტი გამოუვიდა და ტვიტერის სხვა ანალოგებთან შედარებით დიდი პოტენციალი აქვს.

ტვიტერს დაახლოებით 450 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რითაც, რა თქმა უნდა, ჩამორჩება ფეისბუკსა და ინსტაგრამს, თუმცა ფიქრობენ, რომ ახალი ამბების გავრცელებისა და გლობალურ დღის წესრიგზე გავლენის თვალსაზრისით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელებს. ცხადია, ტვიტერის ფორმატის სოციალური ქსელების არსებობა მნიშვნელოვანია გლობალურ საინფორმაციო სივრცეზე მათი გავლენიდან გამომდინარე. მსგავს პლატფორმებზე მოთხოვნის არსებობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ტვიტერის არასტაბილურობის პარალელურად შეიქმნა მისი რამდენიმე ალტერნატივა.

Threads-თან შედარებით, სხვა კონკურენტებს დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. მაგალითად, Mastodon-ს, ტვიტერის მსგავს კიდევ ერთ აპლიკაციას, ჰყავს ყოველთვიურად მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, ხოლო ტვიტერის თანადამფუძნებელის ჯეკ დორსის მიერ მხარდაჭერილ Bluesky-ს, დაახლოებით 265,000 ადამიანი იყენებს. რაც შეეხება, Truth Social-ს, რომელიც დაარსა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა თითქმის ორ მილიონს უტოლდება.


ნათელია, Threads-მა შთამბეჭდავად დაიწყო, თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად შეძლებს გადაასწროს მთავარ კონკურენტს მომხმარებლების რაოდენობით და ამავდროულად ისეთივე გავლენა ჰქონდეს გლობალურ დღის წესრიგზე, როგორც ტვიტერს.




არსენ სებისკვერაძე