ლურჯი ვერსია

UI/UX დიზაინი: რეზი კაკაბაძის და ელენე გელიაშვილის ტრენინგი მედიალაბში

11 მაისი 2023


სტარტაპებს ხშირად შეზღუდული ბიუჯეტით უწევთ უამრავ გამოწვევასთან ჭიდილი. ფინანსების დასაზოგად მრავალი ანტრეპრენერი ცდილობს სტარტაპულ სირთულეებს UX დიზაინის გარეშე გაუმკლავდეს. თუმცა დღეს UX დიზაინი ფუფუნების საგანი აღარ არის, ის ხარისხიანი პროდუქტის შექმნისთვის საყოველთაოდ აუცილებელი დისციპლინაა.

ის სტარტაპები, რომლებიც კონკურენტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ დიზაინს 32%-ით მეტ მოგებას იღებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნებისმიერ კომპანიას ეყოლება გუნდში UX პროფესიონალი, რომელიც პროდუქტის და სერვისის დახვეწაში გადამწყვეტ მონაწილეობას მიიღებს და მომხმარებლის გამოცდილებას სრულყოფს.

UX დიზაინი (მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი) მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით ხვეწს იმ პროდუქტებს და სერვისებს, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. სწორედ UX დიზაინის დამსახურებაა, რომ ზოგიერთი პროდუქტით სარგებლობა სხვებზე უფრო მარტივი, გასაგები და სასიამოვნოა.

UX არსებითად მომხმარებლის ურთიერთობაა პროდუქტთან. ამ ურთიერთობის ნებისმიერი შემადგენელი ელემენტი UX დიზაინის საგანია: როგორ გრძნობს თავს მომხმარებელი პროდუქტის გამოყენებისას? რამდენად იოლად შეუძლია მას პროდუქტის ამა თუ იმ ფუნქციის გამოყენება? რამდენად სასიამოვნოდ აფასებს ის პროდუქტით სარგებლობის გამოცდილებას?

UX დიზაინი ეხება როგორც ფიზიკურ პროდუქტებს, ასევე მობილურ აპლიკაციებს, ვებ-საიტებს, ვებ-აპლიკაციებს და თითქმის ნებისმიერ პროდუქტსა, თუ სერვისს. თუმცა მიზანი მუდამ ერთი და იგივეა: მარტივი, ეფექტური, რელევანტური და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის.

სანამ შენი სტარტაპისთვის UX დიზაინერს დაიქირავებ, კარგად უნდა გაიაზრო, რა ფუნქცია ექნება მას შენს კომპანიაში. ეს ის ადამიანია, რომელიც მომხმარებლის მხრიდან შეხედავს შენს პროდუქტს, გამოავლენს მის სუსტ მხარეებს, დასახავს მათი გამოსწორების ეფექტურ გზებს და მომხმარებელს პროდუქტით სარგებლობის უფრო სასიამოვნო გამოცდილებას შეუქმნის.

ხარისხიანი UX დიზაინი თანაბრად სჭირდებათ, როგორც მომხმარებლებს, ასევე კომპანიებს. მომხმარებლებს სურთ, რომ რაც შეიძლება მარტივად და უპრობლემოდ მიიღონ სასურველი მომსახურება: მუსიკის სტრიმინგი იქნება ეს, თუ სოციალური ქსელით სარგებლობა. კომპანიების მიზანი კი მომხმარებელში პოზიტიური გამოცდილების შექმნაა. მომხმარებლის კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია ბრენდისადმი მის ლოიალურობასთან.

Investopedia-ს კვლევის მიხედვით სტარტაპების 90% წარუმატებელია, მათ შორის 21.5% პირველივე წელს წყვეტს არსებობას. წარუმატებლობის ყველაზე ხშირი მიზეზებია: ფინანსების ნაკლებობა, კვლევის უგულებელყოფა, ცუდი პარტნიორები, ინდუსტრიის შესახებ საჭირო ცოდნის ნაკლებობა და არაეფექტური მარკეტინგი.


ერთ-ერთი მთავარი, რასაც ინვესტოპედია მარცხის თავიდან ასარიდებლად გვთავაზობს კვლევაა: სამიზნე აუდიტორიის კვლევა და პროდუქტის მისი საჭიროებების მიხედვით განვითარება. ჩვენი პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლისთვის საჭირო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილება უნდა იყოს.

თუ კი მთელი ჩვენი წარმატება მომხმარებლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული UX დიზაინერში ფულის დაზოგვა ალბათ არც ისე ჭკვიანური საქმეა. მომხმარებლის გამოცდილების კვლევა და მისი დახვეწა რთული და მრავალშრიანი დისციპლინაა და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალი ჩვენი კომპანიის შეუცვლელი მოთამაშე შეიძლება გახდეს.

სწორედ UX დიზაინს და მის გარშემო დაკავშირებულ საკითხებს ეხება მედიალაბის მომავალი ტრენინგი, რომელიც პარასკევს, 12 მაისს გაიმართება და რომელსაც რეზი კაკაბაძე და ელენე გელიაშვილი გაუძღვებიან.

ტრენინგი განკუთვნილია სტარტაპერებისა და სტარტაპ CEO-ებისთვის, ვისაც ციფრული პროდუქტის შექმნისას უშუალოდ უწევს UI/UX დიზაინერებთან ურთიერთობა.

ტრენერები ისეთ კითხვებზე გაგვცემენ პასუხს როგორიცაა:

როგორ უნდა შევუქმნათ მომხმარებელს სასურველი გამოცდილება და მასზე მორგებული ინტერფეისი?
როგორ გადავცეთ სათქმელი სწორად UI/UX დიზაინერებს?
როგორ უნდა შევაფასოთ კარგი და ცუდი UI/UX დიზაინი?
რა არის სწორი ჰენდოფი?
რა მნიშვნელობა აქვს wireframes წინასწარ სწორად აწყობას და პროტოტიპირებას?

ტრენინგის შემდეგ გაიმართება ვორქშოფი, რომელიც მოიცავს ე.წ wareframes შექმნას და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მის გარდაქმნას მომხმარებლის ინტერფეისად. ვორქშოპზე დასწრება ნებაყოფლობითია, თუმცა მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ ლეპტოპი.

ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე უნდა გაიაროთ.