ლურჯი ვერსია

Widgera-ს გზა წარმატებისკენ: იდეადრომამდე და შემდეგ

27 ივნისი 2024

ჩვენ არ გვაშინებს დიდი იდეები. Widgera დაუჯერებელი მიზნით დაიწყო: სუპერ-სოციალური ქსელი, რომელიც: ფეისბუქის, იქსის, ლინკდინის, ტიკ-ტოკის, იუთუბის და სხვა კონკურენტების ფუნქციებს ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს. ეს უნდა ყოფილიყო მომავლის სოციალური ქსელი _ ციფრული სამყარო, რომელიც თითოეული მომხმარებლის ინტერესების და საჭიროების მიხედვით შეიცვლიდა სახეს. დრო ფუჭად არ დაკარგულა, შეიქმნა UI/UX დიზაინ სისტემა და პირველი ვიზუალური პროტოტიპი, შემდეგ კი სანდრო ბოლქვაძემ და დემეტრე მილდიანმა მედიალაბს მოაკითხეს. მას შემდეგ სულ რაღაც ნახევარი წელი გავიდა და სანდრო ახლა მსუბუქი ღიმილით იხსენებს თავდაპირველ იდეას.

სანდრო:
იდეადრომში რომ მოვედით, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რა წარმოუდგენელ მიზანს შევეჭიდეთ. აქ მივხვდით, რომ ჩვენი ჩანაფიქრის სინამდვილედ ქცევა არნახულ რესურსებს მოითხოვდა და საქმე უფრო კონკრეტული, რეალისტური მიზნით უნდა დაგვეწყო.

მათ ადგილას ბევრი ხელს ჩაიქნევდა, ან ჯიუტად მიყვებოდა თავდაპირველ გეგმას, მაგრამ სანდრომ და დემეტრემ იდეის დახვეწაზე დაიწყეს ფიქრი.

დემეტრე:
თუ გინდა სტარტაპში წარმატებას მიაღწიო, მზად უნდა იყო, რომ ძალიან სწრაფად შეცვალო ყველაფერი, მათ შორის _ მთავარი იდეაც. სტარტაპერისთვის პიროვნული თვისებები უმნიშვნელოვანესი რამაა, შენ თუ ხარ ადამიანი, ვისაც შეუძლია მოისმინოს კრიტიკა, კრიტიკულად შეხედოს საკუთარ იდეას, ესე იგი გაქვს ის უნარი, რომელიც წარმატებას მიგაღწევინებს სტარტაპში.

სანდროსთან და დემეტრესთან საუბრისას იგრძნობოდა, რომ ორივე მათგანი ყველანაირი ცვლილებისთვის არის მზად და გაურკვევლობას არა _ საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად აღიქვამს. ალბათ, სწორედ ეს თვისებაა იდეადრომში მათი გამარჯვების მიზეზი.

სანდრო:
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვიჯერას დღევანდელი ფორმით არსებობას საფუძველი იდეადრომმა ჩაუყარა. ის მეგობრული ატმოსფერო,მედიალაბში რომ დაგხვდა, ძალიან დაგვეხმარა. ზოგადად ნებისმიერ სტარტაპ-აქსელერატორში მისვლა საინტერესოა, მაგრამ მედიალაბი, ჩემი აზრით, განსაკუთრებული ადგილია. აქ მენტორების და ექსპერტების როლში კი არ გხვდებიან, აქ გესაუბრებიან როგორც თანასწორს, როგორც მეგობარს და თანამოაზრეს და შენც ბოლომდე იხსნები და გულწრფელად იწყებ ყველა იმ პრობლემაზე საუბარს, რაც გაქვს. მერე ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ყველა ერთად ვმსჯელობთ.

ბევრი ფიქრის, საუბრის და კვლევის შემდეგ, Widgera-მ თანდათან სახე იცვალა და ახალი კონცეფცია შეიძინა. იდეადრომის დასრულებიდან ნახევარი წელიც არ გასულა და სანდრო და დემეტრე პროდუქტის საწყისი ვერსიის გასაშვებად ემზადებიან.

სანდრო:
ჩვენს სოციალურ ქსელში ისეთი მექანიზმის ძიება დავიწყეთ, რაც კონკრეტულ ფოკუსს გაგვაკეთებინებდა, კონკრეტულ პრობლემას გადაჭრიდა. აღმოვაჩინეთ, რომ სისტემა, რომლითაც ჩვენს სოციალურ ქსელში პროფილი უნდა გაგეკეთებინა, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა საკუთარი საიტის და აპლიკაციის შესაქმნელად.

Widgera ყველა სხვა ფუნქციისგან გაათავისუფლეს და ახალი ტიპის ვებ-ბილდერზე დაიწყეს მუშაობა. ახლა Widgera ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევს ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე შექმნა მრავალფუნქციური საიტი და აპლიკაცია.

დემეტრე:
დღეს მარტივია შენი საიტის სადესანტო გვერდის შექმნა, საამისოდ ბევრი კარგი პლატფორმა არსებობს, მაგრამ როგორც კი იწყებ იმაზე ფიქრს, რომ გინდა ჯავშნის სისტემა გქონდეს საიტზე ან გინდა ონლაინ მაღაზია გქონდეს, ან სხვა ფუნქციები დაუმატო შენს ვებ-გვერდს, იძულებული ხდები ან ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო, ან დაიქირაო დეველოპერი. ეს ყველაფერი დიდ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. Widgera გთავაზობს, რომ დაივიწყო ეს პრობლემა და ერთ დღეში ააწყო სასურველი საიტი.

Widgera გლობალურ ბაზარზე შესასვლელად ემზადება, თუმცა ეს ხელს არ უშლით ესაუბრონ მომავალ მომხმარებლებს: დადიან სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, ფორუმებზე, ესაუბრებიან სფეროს ენთუზიასტებს და აუდიტორიის გამოხმაურების მიხედვით ავითარებენ პროდუქტს. “აუცილებელია მოუსმინო იმ ადამიანებს, ვისთვისაც პროდუქტს აკეთებ.” _ ამბობს სანდრო.

სანდროს და დემეტრეს ტანდემში ყველაზე შესამჩნევი და გასაოცარი ორი თვისებაა: გამარჯვების წადილი, რომელიც აქ და ახლა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში გეხმარება და წარმოსახვა, რომელიც შორეული მიზნებისკენ მიგიძღვის. Widgera-ც სწორედ ამ ორი თვისების ნაზავია. და როცა ვხედავ, რამდენი რამ შეიცვალა ამ პლატფორმის გარშემო სულ რაღაც ნახევარ წელში, ბუნებრივი მიჩნდება კითხვა: რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ?

სანდრო:
ძალიან დიდი მიზნები გვაქვს და უზარმაზარ კომპანიებთან მოგვიწევს ჭიდილი. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ შენი ცხოვრების დროს ხარჯავ რაღაცაზე, ჯობია ღირებულ რაღაცაზე დახარჯო.