ლურჯი ვერსია

აუცილებლად სანახავი „TED talk“-ები: მეორე ნაწილი

15 აპრილი 2024

ორშაბათი

ბილ გროსი: სტარტაპების წარმატების ერთადერთი და უმთავრესი მიზეზი

ბილ გროსი წარმატებული მეწარმე და ინვესტორია; მან ასობით სტარტაპს ჩაუყარა საფუძველი და მრავალი წარმატება თუ წარუმატებლობა განიცადა. დიდი გამოცდილების დაგროვების და მრავალპროფილური მუშაობის შემდეგ, მას აინტერესებდა გაეგო, თუ რა ფაქტორები განაპირობებს კომპანიის წარმატებას და წარუმატებლობას.

მან თავის კვლევაში აღმოაჩინა ის ხუთი ძირითადი ფაქტორი, რომლებმაც კომპანიის წარმატებას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი. თითოეული ფაქტორის ანალიზის და რეიტინგული სიის შედგენის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ერთი ფაქტორი დანარჩენისგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა.

ამ TED talk-ში ბილ გროსი ხაზს უსვამს უმთავრეს ფაქტორს, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სანამ საკუთარ ბიზნესს დავიწყებთ ან არსებული ბიზნესის მიმართულებას შევიცვლით.

საუკეთესო ციტატა ბილ გროსის TED talk-დან: „იდეის აღსრულებას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, თავად იდეას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო. საუკეთესო გზა იმისთვის, რომ რეალურად შეაფასოთ დრო, არის იმის დანახვა, არიან თუ არა მომხმარებლები ნამდვილად მზად იმისთვის, რაც თქვენ მათ უნდა შესთავაზოთ“.


სამშაბათი

ანჯელა დაკვორთი: შეუპოვრობა _ გზნებისა და გამძლეობის ძალა

რა განაპირობებს წარმატებას? IQ? ნიჭი? ინტელექტი?

ფსიქოლოგი ანჯელა დაკვორთის აზრით, წარმატებას ყველაზე მეტად შეუპოვრობა განაპირობებს. შეუპოვრობა არის გზნებისა და გამძლეობის ერთობლიობა და სწორედ ამიტომ, ის არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომლითაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

ამ TED-ის talk-ში დაკვორთი წარმოადგენს თავის თეორიას „შეუპოვრობის“ შესახებ და განმარტავს თუ რატომაა მაინც და მაინც შეუპოვრობა წარმატების განმსაზღვრელი.

აღსანიშნავია, რომ ამ თეორიას დაკვორთი უფრო ფართოდ მიმოიხილავს და აანალიზებს თავის ბრწყინვალე წიგნში „Grit“. თუ მისი ეს გამოსვლა მოგეწონებათ, გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ ხსენებული წიგნი.

საუკეთესო ციტატა ანჯელა დაკვორთის TED talk-დან: „შეუპოვრობა არის უნარი გქონდეს დაუცხრომელი სურვილი და გამბედაობა მიაღწიო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში. შეუპოვრობა გამძლეობის უნარის ქონაა. შეუპოვრობა ნიშნავს მომავალთან შერკინებას თითოეულ ნაბიჯზე, მაგრამ არა მხოლოდ კვირების და თვეების, არამედ წლების განმავლობაში. შეუპოვრობა ნიშნავს გულმოდგინეობას მომავლის რეალობად ქცევის საქმეში. შეუპოვრობა არის ცხოვრება, რომელიც მარათონია და არა - სპრინტი“.


ოთხშაბათი

მაიორა კარტერი: ადგილობრივი ეკო-მეწარმეობის სამი ისტორია

მაიორა კარტერი ეკო-მეწარმეა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს მოუწოდებს, დანერგონ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა.

TED-ის talk-ში კარტერი ყურადღებას ამახვილებს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეების ტიპზე, რომელიც ორიენტირებულია გარემოს და საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამ ნარატივს ადგილობრივი ეკო-მეწარმეების შთამაგონებელი ისტორიების მაგალითზე აძლიერებს, რითაც კონტექსტი უფრო დამაჯერებელი და საინტერესო ხდება.

სხვათა შორის, კარტერის TED talk-ის ყურების შემდეგ, ამერიკელმა მარკეტინგის სპეციალისტმა, მწერალმა და ამ საქმის ერთ-ერთმა ფლაგმანმა გაი კავასაკიმ მისი პრეზენტაბელურობის უნარები სტივ ჯობსისას შეადარა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს არის საუკეთესო უკუკავშირი, რომელიც შეიძლება გამომსვლელმა თავისი TED talk_ის შემდეგ მიიღოს.

საუკეთესო ციტატა მაიორა კარტერის TED talk-დან: „დროა შევწყვიტოთ სავაჭრო ცენტრების, ციხეების, სტადიონების და სხვა მსგავსი ტიპის კოლექტიური წარუმატებლობების მშენებლობა. დროა დავიწყოთ ცოცხალი ძეგლების აშენება იმედისა და შესაძლებლობის ზრდისთვის“.


ხუთშაბათი

ჯონ დოერი: რატომ არის წარმატების საიდუმლო სწორი მიზნების დასახვა?

რატომ გვიცრუებენ იმედებს ლიდერები თუ ძალაუფლების სხვადასხვა ინსტიტუტები? ნუთუ ყველა ლიდერი მატყუარაა?

მთლად ასეც არ არის საქმე.

ცნობილი ვენჩურული კაპიტალისტი ჯონ დოერი ამტკიცებს, რომ ისინი თავისი დაპირებებით გვაწბილებენ არა იმიტომ, რომ ცუდები ან არაეთიკურები არიან, არამედ იმიტომ, რომ არასწორი მიზნებისკენ მიგვიძღვებიან.

ამ TED talk-ში ჯონ დოერი განმარტავს თუ როგორ შეუძლია სწორი მიზნების დასახვას წარმატების გარანტია გახდეს.

დოერი გვიხსნის თუ როგორ შეგვიძლია დავარეგულიროთ ჩვენი წარმატებისკენ მიმავალი გზა - “Objectives and Key Results-ის” (aka OKRs) საშუალებით - ეს არის ერთგვარი სისტემა, რომელიც მიზნების დასახვას უწყობს ხელს და რომელსაც ისეთი წამყვანი კომპანიები იყენებენ, როგორიცაა Google, Intel და U2's Bono.

საუკეთესო ციტატა ჯონ დოერის TED talk-დან: „თუ კარგად დავაკვირდებით მსოფლიო ბრენდების Intel-ის, Nuna-ს, Bono-ს, Google-ის მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი მსოფლიოს კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულები: ყველაფერზე წვდომა, ინფორმაციის საჯაროობა, მაღალი ხარისხი, გლობალური სიღარიბის დასასრული, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - ისინი გასაოცარია. საინტერესო ის არის, რომ ყველა ეს მიზანი დღეს OKR-ით არის უზრუნველყოფილი“.


პარასკევი

ტიმ ფერისი: რატომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მიზნებზე უკეთ, ჩვენს შიშებს?

თუ წაგიკითხავთ ტიმ ფერისის რომელიმე წიგნი ან მისი პოდკასტისთვის მოგისმენიათ, მაშინ გეცოდინებათ, რომ შიში ბუნებრივი მდგომარეობაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ.

შიშის მართვა ის იდეაა, რომელსაც ტიმ ფერისი თავისი პოდკასტის სტუმრებთან ერთად განიხილავს და იკვლევს. ამ ვიდეოში ფერისი გვიზიარებს შიშისთვის თვალის გასწორების ერთგვარ სავარჯიშოს, რომელიც სტრესულ პირობებში გამოგვადგება.

ფერისი მოგვიწოდებს ვიზუალურად წარმოვიდგინოთ ყველა ის შიში, რომელიც ხელს გვიშლის მოქმედებაში. ბიზნესის დაწყებას არაერთი შიში შეიძლება ახლდეს, რომელთა გადალახვაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. შიშისთვის თვალის გასწორება, ფერისის თანახმად, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაბრკოლებები და განვითარდეთ.

საუკეთესო ციტატა ტიმ ფერისის TED talk-დან: “საორჭოფო საკითხები: საქმეები რომლის კეთებისგან თავს ვიკავებთ; კითხვები რომელთა დასმასაც ვერ ვბედავთ; სათქმელი რომელსაც ვერ ვამბობთ _ ხშირად სწორედ ის საკითხებია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. ყველაზე დიდი გამოწვევები და პრობლემები ვერასოდეს მოგვარდება მათ შესახებ წუწუნით და გაუთავებელი საუბრით საკუთარ თავთან თუ სხვა ადამიანებთან, რაც კომფორტის ზონად გადაგვქცევია“.

ქეთევან სამხარაძე