ლურჯი ვერსია

აუცილებლად სანახავი „TED talk“-ები: მესამე ნაწილი

22 აპრილი 2024

ორშაბათი


რეგინა ჰარტლი: რატომ შეიძლება, რომ საუკეთესო თანამშრომელს არ ჰქონდეს უზადო რეზიუმე


დავუშვათ, რომ ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი: კანდიდატ A-ს შესანიშნავი რეზიუმე აქვს _ შესაშური რეკომენდაციებით, მაღალი კვალიფიკაციით და მრავალი სერტიფიკატით; კანდიდატი B-ს სამუშაო გამოცდილება შედარებით მოკრძალებულია: ვერც სერტიფიკატებით და რეკომენდაციებით იწონებს თავს, მაგრამ აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

რომელ კანდიდატს აირჩევთ თქვენი სტარტაპისთვის?

ცხადია, უმეტესობა კანდიდატ A-ზე გააკეთებს არჩევანს, ასე არაა? აი, გამოცდილი HR ექსპერტი რეჯინა ჰარტლი კი უპირატესობას კანდიდატ B-ს ანიჭებს. ჰარტლი კანდიდატ B-ს “სკრაპერებს” (The Scrapper) უწოდებს ხოლო კანდიდატს A-ს „ვერცხლის კოვზს” (the Silver Spoon); მისი აზრით, „სკრაპერები“ უფრო მიზანდასახულები არიან, ისინი თითქმის არასდროს ნებდებიან; ეს თვისება გაჭირვებისგან თავის დაღწევის მუდმივ მცდელობაში გამოიმუშავეს. „ვერცხლის კოვზები“ კი წარმატებით არიან განებივრებულები, ისინი თითქოს ტრიუმფატორებად დაიბადნენ და სავარაუდოდ, რთულ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდებათ.

ამ TED talk-ში ჰარტლი იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ გააკეთებდა არჩევანს „სკრაპერების” სასარგებლოდ და მოგვიწოდებს ჩვენც იგივე გავაკეთოთ.

საუკეთესო ციტატა რეჯინა ჰარტლის TED talk-დან: „გადახედეთ ამ რეზიუმეს - ის გააშვილეს, მას არ დაუმთავრებია კოლეჯი, მიატოვა სამსახური, ერთი წლის განმავლობაში ინდოეთში იმოგზაურა და დისლექსია აქვს - აიყვანდით ამ ადამიანს სამსახურში? მისი სახელია სტივ ჯობსი.“



სამშაბათი


დაო ნგუენი: როგორ იქმნება ვირუსული კონტენტი?


მნიშვნელობა არ აქვს, რა აზრის ხართ Buzzfeed-ზე, ფაქტია, რომ ის წლების განმავლობაში ვირუსული კონტენტის ფლაგმანი იყო.

ამ მახვილგონივრულ TED talk-ში, Buzzfeed-ის რედაქტორი დაო ნგუენი გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნის მისი გუნდი ვირუსულ ვიქტორინებს, ვიდეოებს და ზოგადად კონტენტს. ის ასევე წარმოგვიდგენს სისტემას, რომელიც Buzzfeed-მა კონტენტის თანმიმდევრულად წარმოებისთვის შეიმუშავა; სისტემა, რომელიც მათ სამიზნე აუდიტორიას ზუსტად ერგება.

თუ გაინტერესებთ, თუ როგორ უნდა აქციოთ თქვენი კონტენტი ვირუსულად, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა.

საუკეთესო ციტატა დაო ნგუენის TED talk-დან: „ბევრი მედია კომპანია და კონტენტის შემქმნელი საკუთარ თავს თავისი სამიზნე აუდიტორიის ადგილზე აყენებს; მაგრამ სოციალური მედიის ეპოქაში, ჩვენ ბევრად უფრო შორს წასვლა შეგვიძლია. ადამიანები ერთმანეთთან Facebook-ის, Twitter-ის და სხვა სოციალური ქსელებით არიან დაკავშირებულები. ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას საკუთარი აზრების გასაზიარებლად და ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ორ ადამიანს შორის უფრო ღრმა კავშირის დამყარების ნაწილი, მაშინ ამ ადამიანებისთვის ჩვენ ნამდვილად რაღაცას ვაკეთებთ.“



ოთხშაბათი


სეთ გოდინი: როგორ გავავრცელოთ ჩვენი იდეები


სეთ გოდინი მარკეტიგის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპეციალისტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამასთან 18-ზე მეტი ბესტსელერი აქვს დაწერილი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია „იისფერი ძროხა“, სადაც ის მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება გამოირჩეოდნენ მოსაწყენი პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესები თავიანთი კონკურენტებისგან და ამასთან როგორ შეუძლიათ შექმნან სამყაროსთვის რაიმე ღირებული.

ამ TED talk-ში სეთ გოდინი აუდიტორიას „იისფერი ძროხის“ კონცეფციის შესახებ ესაუბრება; მოხსენებაში აქცენტს იმაზე აკეთებს თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებს და ბიზნესებს საკუთარი იდეების გავრცელება.

საუკეთესო ციტატა სეტ გოდინის TED talk-დამ: „ძროხების ერთმანეთისგან გამორჩევა რთულია. ძროხები მოსაწყენები არიან. როგორ გგონიათ, ვინმე გაჩერდება და გაოცებული იტყვის - „ოჰ, შეხედე _ ძროხა!” არავინ. მაგრამ თუ ერთ-ერთი ძროხა იისფერი იქნება, მაშინ სულ სხვა საქმეა. იისფერი ძროხა ხომ განსაკუთრებული ამბავია. თუ ძროხა იისფერი იქნება, მას აუცილებლად გამოარჩევთ სხვებისგან.“



ხუთშაბათი


დანიელ პინკი: მოტივაციის საიდუმლო


როდესაც საქმე მოტივაციას ეხება, მეცნიერებას და ბიზნესს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ის, რაც მეცნიერებამ დაადგინა, ზოგჯერ შესაბამისობაში არ მოდის იმასთან, რაც ბიზნესის კეთებას სჭირდება. ბიზნესის უმეტესობა მოტივაციის გარეგან საშუალებებს მიმართავს: წახალისებას და დასჯას. არადა პირიქით უნდა ხდებოდეს, თანამშრომელთა მოტივაციას შინაგანი ფაქტორები უნდა განაპირობებდეს, როგორიცაა ავტონომიურობა და საქმეში დაოსტატების სურვილი.

ამ TED talk-ში კარიერის ანალიტიკოსი დანიელ პინკი იკვლევს მოტივაციის მეცნიერებას და ხსნის, თუ რატომ არის წარმატების საიდუმლო არა წახალისება ან დასჯა, არამედ შინაგანი სწრაფვა.

საუკეთესო ციტატა დანიელ პინკის TED talk-დან: „მეცნიერება ადასტურებს იმას, რაც გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცით. ასე რომ, თუ ჩვენ მეცნიერებას და ბიზნესს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, თუ ამ საუკუნეში მოტივაციის ფენომენს სხვაგვარად შევხედავთ, მოტივაციის ცნების გაგებას შევცვლით და თუ გადავლახავთ წახალისება-დასჯის სახიფათოდ ზარმაც იდეოლოგიას, შევძლებთ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებას, პრობლემების მარტივად მოგვარებას და ვინ იცის, ეგებ სამყაროს შეცვლასაც.“



პარასკევი


ლუვი აჯაი: იყავი კომფორტულად არაკომფორტულ გარემოში


წარმატების მისაღწევად ხშირად გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ლუვი აჯაი - მწერალი, აქტივისტი და პრობლემების თვითაღიარებული გამომგონებელი, არასოდეს ერიდებოდა კომფორტის ზონის მიტოვებას. სწორედ ეს მარტივი პრინციპი თუ ახირება დაეხმარა ცხოვრებისეული მწვერვალების დაპყრობაში.

ამ შთამაგონებელ და იუმორისტულ TED talk-ში აჯაი განმარტავს, თუ რატომ უნდა შევეჩვიოთ არაკომფორტულ სიტუაციებს. აჯაი გვიზიარებს იმ სამ კითხვას, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ; განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავში ეჭვი გვეპარება და ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ვბედავთ. თავისი გამოსვლით ის მოგვიწოდებს, ჭეშმარიტებაზე საუბრისას თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გვეუხერხულება.

საუკეთესო ციტატა ლუვი აჯაის TED talk-დან: „სამყაროში, რომელსაც სურს, რომ ერთმანეთის ასლებად ვიქცეთ, საკუთარ თავად ყოფნა შეიძლება რევოლუციურ აქტად ჩაითვალოს. იმ სამყაროში, სადაც მოგვიწოდებენ რომ ვიჩურჩულოთ, მე ვირჩევ ვიყვირო.“

ქეთევან სამხარაძე