ლურჯი ვერსია

აუცილებლად სანახავი „TED talk“ ვიდეოები მეწარმეებისთვის

08 აპრილი 2024

მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: მეწარმეობა ადვილი საქმე არ არის.


ამ პროფესიის კომპლექსური და გამოწვევებით სავსე ბუნების გამო, მეწარმეები მუდმივად ინსტრუქციებს და მოტივაციას ეძებენ - იქნება ეს შთამაგონებელი მხატვრული და შემეცნებითი დოკუმენტური ფილმები თუ დამაფიქრებელი წიგნები; სწორად შერჩეულ კონტენტს კი შეუძლია მოქმედებისკენ გვიბიძგოს და ჩვენს მიზნებთან მიგვაახლოოს.


ციფრული ეპოქის წყალობით, ონლაინ რესურსების პოვნა მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნის, ინფორმაციის და გამოცდილების მისაღებად ახლა უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ბოლო წლებში TED talk-ი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ რესურსი გახდა.


ისმის კითხვა: როგორ ვიპოვოთ მეწარმეებისთვის განკუთვნილი საუკეთესო TED talk ვიდეო ჩანაწერები?
იმისთვის, რომ ცოტათი გაგიადვილოთ საუკეთესო TED talk-ების მოძიების პროცესი, მეწარმეებისთვის აუცილებლად სანახავი ვიდეოების სია შევადგინეთ.


თითო ვიდეო _ კვირის თითო სამუშაო დღისთვის.


ორშაბათი


პოლ ტასნერი: როგორ გავხდი მეწარმე 66 წლის ასაკში


გავრცელებული აზრის თანახმად, მეწარმეობა ახალგაზრდების საქმეა. მაგრამ როდესაც ცდილობთ თქვენს ოცნებებს მიჰყვეთ, ასაკი არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი.


TED talk-ის ამ შთამაგონებელ მოხსენებაში პოლ ტასნერი შეგვახსენებს, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე თქვენს მისწრაფებებს ეხება. მას შემდეგ, რაც 40 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვებისთვის, პოლ ტასნერმა მთელი მისი გამოცდილება, სურვილები და მისწრაფებები გააერთიანა და 66 წლის ასაკში საკუთარი სტარტაპი წამოიწყო. მისი თქმით, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთება გვიანი არასდროსაა.


თუ კი ფიქრობთ, რომ მეწარმეობისთვის უკვე დაბერდით, უყურეთ ამ ვიდეოს და აუცილებლად მიიღებთ შთაგონებას.


საუკეთესო ციტატა პოლ ტასნერის TED talk-იდან: „არის თუ არა 70 წლის მეწარმის მიღწევები ისეთივე მნიშვნელოვანი, ისეთივე აქტუალური და საყურადღებო, როგორც 30 წლის მეწარმის მიღწევებია? რა თქმა უნდა! ამიტომ მსურს ფრაზა „70 over 70“ ისეთივე ჩვეულებრივი გავხადო, როგორც ფრაზა „30 under 30“_ია“.



სამშაბათი


საიმონ სინეკი: როგორ შთაგვაგონებენ წარმატებული ლიდერები მოქმედებისკენ


საიმონ სინეკს, ბესტსელერი წიგნის _ „პირველად იყო რატომ“ ავტორს, მიაჩნია, რომ გამორჩეულმა ლიდერებმა ყოველთვის იციან პასუხი კითხვაზე „რატომ“; ისინი მკაფიოდ გრძნობენ საკითხის გადაჭრის აუცილებლობას და ასეც იქცევიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი შთაგონებულები, მეტიც _ შეპყრობილები არიან საკუთარი მიზნით და სწორედ ეს გრძნობა აძლევთ საშუალებას სხვებიც აიყოლიონ.

TED talk-ის ამ ვიდეოში საიმონ სინეკი გვიზიარებს საკუთარ თეორიას, რომელსაც “”ოქროს წრე” დაარქვა _ თუ როგორ შეუძლია ზოგიერთ ადამიანს და ორგანიზაციას შთააგონოს სხვები და გამოავლინოს ლიდერობის განსაკუთრებული უნარი.


საიმონ სინეკის თვალსაჩინო მაგალითებითა და იუმორისტული ელემენტებით სავსე TED talk-ი ყველა მეწარმემ აუცილებლად უნდა ნახოს.


საუკეთესო ციტატა საიმონ სინეკის TED talk-იდან: „მართალია ლიდერებს ავტორიტეტი და ძალაუფლება აქვთ, მაგრამ ისინი შთაგვაგონებენ კიდეც. მნიშვნელობა არ აქვს ხელმძღვანელები ინდივიდები არიან თუ ორგანიზაციები, ჩვენ მათ მივყვებით, და მივყვებით არა იმიტომ, რომ აუცილებლად ასე უნდა მოვიქცეთ ან ვინმე გვაიძულებს; არამედ მივყვებით, რადგან თავად გვსურს ეს. ჩვენ მივყვებით მათ, ვინც ხელმძღვანელობს, არა მათ, არამედ ჩვენივე თავის სასარგებლოდ. და ეს ლიდერები არიან სწორედ ისინი, ვინც საქმეს იწყებენ კითხვით „რატომ“ და სწორედ ამის დამსახურებით აქვთ უნარი შთააგონონ გარშემომყოფები ან იპოვონ ისინი, ვინც მათ შთაგონებას შეძლებენ“.


ოთხშაბათი

სიუზან კეინი: ინტროვერტების ძალა


არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ მხოლოდ ექსტრავერტებს შეუძლიათ ლიდერობა; ბევრი მეწარმე მალავს თავის ინტროვერტულ ბუნებას და ცდილობს ექსტრავერტის როლი მოირგოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვების შთაგონებას ცდილობს.


სიუზან კეინი ამ TED talk-ით ცდილობს დაანგრიოს ეს სტერეოტიპი და ხაზს უსვამს ინტროვერტი ლიდერების განსაკუთრებულობას.


სიუზან კეინი ამ მომნუსხველ საუბარში ამტკიცებს, თუ როგორ არიან ინტროვერტები ისეთივე ბრწყინვალე ლიდერები, როგორც ექსტრავერტები და თუ როგორ აღწევენ ინტროვერტი ლიდერები ხშირად უკეთეს შედეგებს, ვიდრე ექსტრავერტები.


ეს არის TED talk-ი რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ იმ მეწარმეებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ინტროვერტობა ხელს უშლით სხვების შთაგონებაში. თუ სიუზან კეინის გამოსვლის მოსმენით შთაგონებას მიიღებთ, შეგიძლიათ მისი ბესტსელერი: „სიჩუმე - ინტროვერტების ძალა სამყაროში, რომელიც არ წყვეტს ლაპარაკს“ წაიკითხოთ.


საუკეთესო ციტატა სიუზან კეინის TED talk-იდან: „ელეონორა რუზველტი, როზა პარკსი, განდი - ყველა მათგანი საკუთარ თავს აღწერდა, როგორც წყნარს, მშვიდად მოსაუბრეს და მორცხვსაც კი. ყველა მათგანი ყურადღების ცენტრში მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ყველა ნაწილი მათ წინააღმდეგ იყო მომართული. სწორედ ეს ბუნება იყო მათში მიმზიდველი; ხალხი გრძნობდა, რომ ეს ლიდერები მართვის სადავეებთან იმიტომ არ იდგნენ, რომ სხვების მართვა მოსწონდათ ან ყურადღების ცენტრში ყოფნა სიამოვნებდათ, არამედ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ; ისინი იძულებულები იყვნენ გაეკეთებინათ ის, რაც სწორად მიაჩნდათ“.



ხუთშაბათი

ტიმ ურბანი: რა ხდება პროკრასტინატორის გონებაში


იმისთვის, რომ პროდუქტიული მეწარმე იყოთ, პირველ რიგში პროკრესტინაცია უნდა დაამარცხოთ.
არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რისი გამოცდაც ნამდვილად ღირს, თუ პროკრასტინაციის დაძლევა გვსურს. ტექნიკასთან დაკავშირებული სასარგებლო რჩევები წიგნებში შეიძლება ამოვიკითხოთ; ასეთი ტიპის რჩევებს მიეკუთვნება - ჩვევების ძალის მნიშვნელობის გააზრება საქმის კეთებისას და ა.შ... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეფექტური საშუალებაა და გვეხმარება კიდეც გავთავისუფლდეთ გაჭიანურების მავნე ჩვევისგან... მაგრამ პროკრასტინაციის ჭია მაინც პოულობს გზას ჩვენი ცხოვრებისკენ და დროდადრო ისევ შემოგვიჩნდება ხოლმე.

ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია?

თუ გეცნობათ, მაშინ გაჭიანურების შესახებ ტიმ ურბანის შემოქმედებით და უაღრესად სახალისო შეხედულებასაც უნდა გაეცნოთ, თან აუცილებლად. ამ გამჭრიახ და მხიარულ TED talk-ში ტიმ ურბანი გვიზიარებს თავის ბრძოლას გაჭიანურებასთან და მოგვიწოდებს, რომ სანამ რაიმეს გადავდებთ, ჯერ კარგად დავფიქრდეთ, ღირს თუ არა ამის გაკეთება.


მართალია, ამ ვიდეოში ვერ იპოვით რაიმე კონკრეტულ ხერხს, რომელიც გაჭიანურების მავნე ჩვევის დამარცხებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ტიმ ურბანის მარტივად გასაგები და იუმორით შეზავებული აზრები აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. ეს ვიდეო ახალი თვალით დაგანახებთ პროკრასტინაციის საკითხს, რის შემდეგაც შეძლებთ ეფექტურად ებრძოლოთ გაჭიანურებას და იყოთ უფრო პროდუქტიული.

საუკეთესო ციტატა ტიმ ურბანის TED talk-იდან: „კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ვაჭიანურებთ, რადგან შეუძლებელია, რომ არაფერს ვაჭიანურებდეთ. ცელქი მაიმუნის მიმართ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი გონების უჯრედების რაოდენობას თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად, დღესვე უნდა დავიწყოთ.“



პარასკევი


ედუარდო ბრისენიო: როგორ გახდე უკეთესი იმ საკითხებში, რაც გაინტერესებს


თუ ბევრს შრომობ და წინ მაინც ვერ მიდიხარ, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ედუარდო ბრისენიოს თქმით, ბევრი ჩვენგანი წინ ვერ მიდის, რადგან ყოველთვის ე.წ „შესრულების ზონაშია“; ჩვენი უნარების გასაუმჯობესებლად კი, „სწავლის ზონაშიც“ უნდა შევიდეთ.


„შესრულების ზონაში“ ყოფნა შესანიშნავი საშუალებაა საქმის საკეთებლად, მაგრამ ამას, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეუძლია შექმნას საფრთხე და თქვენი ან თქვენი კომპანიის ზრდა შეაფერხოს; სწორედ ამიტომ, „სწავლის ზონაში“ ყოფნა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წინსვლას და პროფესიულ ზრდას; გარდა ამისა, „სწავლის ზონა“ გვეხმარება აზროვნების ფორმირებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეწარმეები ვართ ან ვაპირებთ, რომ გავხდეთ.

რა არის მუშაობის და სწავლის ყველაზე ეფექტური გზა?


ამ საკითხზე, ედუარდო ბრისენიოს რეკომენდაცია ასეთია: მუდმივად შევანაცვლოთ ერთმანეთს შესრულებისა და სწავლის პერიოდები. რასაც ვისწავლით და რა უნარებსაც შევიძენთ საქმეში უნდა გამოვცადოთ და ასე დაუსრულებლად.

TED talk-ში მომხსენებელი წარმოადგენს იმ საჭირო ტექნიკებს, რომელთა გამოყენების შემდეგ უკეთ სწავლას და უკეთ მუშაობას შეძლებთ.

საუკეთესო ციტატა ედუარდო ბრისენიოს TED talk-დან: „როდესაც ბიონსე გასტროლებზეა, კონცერტის დროს, ის თავის „შესრულების ზონაში“ იმყოფება, მაგრამ ყოველ საღამოს, როცა იგი სასტუმრო ოთახში ბრუნდება, ის ‘სწავლის ზონაში’ ბრუნდება“.


ქეთევან სამხარაძე