ლურჯი ვერსია

აზროვნება ჭკუის კოლოფობის მიღმა

04 აპრილი 2025

ავტორი: პოლ გრეჰემი

Y კომბინატორის დამფუძნებელი, მეწარმე, ინვესტორი და ინოვატორი


ხალხს რომ ჰკითხოთ, რა იყო აინშტაინის გამორჩეულობის მიზეზი, უმეტესობა გეტყვით, რომ ის უსაზღვროდ ჭკვიანი ადამიანი გახლდათ. ისიც კი, ვინც ეცდება უფრო ღრმააზროვანი პასუხი გაგცეთ, ჯერ ამას გაიფიქრებს. რამდენიმე წლის წინ მეც იმავეს გეტყოდით. მაგრამ, ჭკუის კოლოფობა არ იყო აინშტაინის განსაკუთრებული თვისება, რეალურად, მეცნიერის გამორჩეულობა მის ახალ, რევოლუციურ იდეებში იყო. ჭკუა-გონება მსგავსი იდეების ქონის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა ეს ორი — კარგი იდეების ქონა და გონიერება — სულაც არ არის ერთი და იგივე.


შეიძლება წვრილმანებზე გამოკიდებად ჩათვალოთ, იმის ხაზგასმა, რომ ჭკუა-გონება და მისი ნაყოფი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ორს შორის ძირეული განსხვავებაა. ყველამ, ვისაც ოდესმე უმუშავია უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებში, იცის, რამდენად ღრმაა ეს განსხვავება. ფაქტია, ჭკუის კოლოფების უმეტესობა ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს აღწევს.


მე გავიზარდე იმ რწმენით, რომ გამჭრიახი ჭკუა-გონება მთავარი უპირატესობაა ცხოვრებაში. ალბათ შენც ასე ფიქრობ. თუმცა, სანაძლეოს ჩამოვალ, რომ სინამდვილეში სულ სხვა რამ გწადია. წარმოიდგინე, რომ ასეთი არჩევანი გაქვს: იყო ჭკუის კოლოფი, მაგრამ ორიგინალური იდეების მოფიქრება არ შეგეძლოს ან გქონდეს საშუალო ჭკუა-გონება, მაგრამ საინტერესო იდეები არ გელეოდეს; მჯერა, აუცილებლად ამ უკანასკნელს აირჩევდი. მე ნამდვილად ასე მოვიქცეოდი. როცა საკითხი ასე გადაჭრით არის დასმული — ჭკუა-გონება ან ორიგინალური იდეები — რთული მისახვედრი არ არის, რომელს აირჩევ.


თუმცა როცა არჩევანზე მიდგება საქმე, მაინც ვყოყმანობ, რადგან ჭკუის კოლოფობა კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი — სინამდვილეში ასე არ არის. მე ხომ ამდენი წელი გავატარე ამ ყველაფერზე ფიქრში. ბავშვობაში მიღებული შეფასებები ამ ილუზიას კიდევ უფრო აძლიერებს. ინტელექტის გაზომვა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე იმის გარკვევა, ვისი იდეებია უფრო ღირებული და შენი განსჯაც მუდმივად იმის მიხედვით ხდება, რამდენად ჭკვიანი ხარ. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც მუდამ რაღაც ახალი იდეები აქვთ თავში, უჭირთ საწინააღმდეგო დასკვნამდე მისვლა; მათთვისაც ჭკუის კოლოფის რეპუტაცია უფრო იოლი და საიმედო გზაა საკუთარი ავტორიტეტის გასაზრდელად.


არსებობს უფრო ფაქიზი მიზეზებიც, რომლებიც ზრდასრულების ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. რაც უფრო ჭკვიანი ხარ, მით უფრო იოლია, საუბარში შენი გაიტანო და სოციალურ იერარქიაში წინ წაიწიო. ამას ემატება ისიც, რომ ღირებული იდეების შექმნა ისტორიულად ახალი მოვლენაა. დღესაც კი ძალიან ცოტა ადამიანი ქმნის ასეთ იდეებს. შესაბამისად, საზოგადოებას ჯერ არ გაუთავისებია ის ფაქტი, რომ სწორედ ახალი იდეების მოფიქრებაა გონებრივი განვითარების ნამდვილი დანიშნულება, ინტელექტი კი მხოლოდ საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.


რატომ ვერ ახერხებენ ჭკვიანი ადამიანები ღირებული იდეების მოფიქრებას? ასე თუ დავსვამთ საკითხს, სურათმა შეიძლება საკმაოდ დაგვრთგუნოს. მაგრამ არსებობს სხვა რაკურსიც; ეს თვალთახედვა არა მხოლოდ უფრო ოპტიმისტურია, არამედ უფრო საინტერესოც. ცხადია, ინტელექტი არ არის ერთადერთი ინგრედიენტი ორიგინალური იდეებისთვის. საინტერესოა, რა არის სხვა ინგრედიენტები? იქნებ ისეთი უნარებია, რისი გამომუშავებაც შეგვიძლია?


როგორც ამბობენ, ინტელექტი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ბევრ ჩვენგანს არ სურს, რომ ეს მართალი აღმოჩნდეს. სულაც არ მინდა ამ მსჯელობაში შესვლა, რადგან ახლა ღირებული იდეების მოფიქრებისთვის საჭირო სხვა უნარები უფრო მაინტერესებს, რომლებიც სრულად შესაძლებელია, ადამიანმა დამოუკიდებლად გამოიმუშაოს.


სიმართლე ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ბავშვობაში მოვისმინე. თუ ჭკუის კოლოფობა თანდაყოლილი თვისებაა, გამოდის, რომ ბედისწერის წინაშე უსუსურები ვყოფილვართ. ამ შემთხვევაში საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმის გარკვევა, თუ რაში ვართ ბუნებრივად ნიჭიერები, და მერე უნდა ავდგეთ და მთელი ჩვენი დრო და ენერგია ამ საქმეს შევალიოთ. თუკი ინტელექტი არ არის მთავარი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია იმ მრავალთაგან, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, და ამ ფაქტორთა უმეტესობა არ არის თანდაყოლილი, მაშინ ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. ერთი მხრივ, ასე უფრო მეტი კონტროლი გვაქვს საკუთარ ცხოვრებაზე, მეორე მხრივ კი, ცხოვრების მოწყობის საკითხი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ხდება.


რა არის ის სხვა ინგრედიენტები, რომელიც ღირებული იდეების აღმოჩენაში გვეხმარება? ის ფაქტი, რომ იძულებული ვარ ეს კითხვა დავსვა, ადასტურებს ზემოთქმულ აზრს: საზოგადოებამ ჯერაც ვერ გაითავისა ის მოცემულობა, რომ იდეების მოფიქრების უნარია და არა — ჭკუის კოლოფობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველას გვეცოდინებოდა პასუხები ასეთ ფუნდამენტურ კითხვებზე.


მე არ ვაპირებ აქ სხვა კომპონენტების სრული ნაკრების შემოთავაზებას. ეს კითხვა საკუთად თავსაც ახლა დავუსვი და პასუხის გასაცემად შესაძლოა დიდი დრო დამჭირდეს. თუმცა, მგონი, უკვე ვიცი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ცნობისმოყვარეობა — აკვიატებული და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა — ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ეს უნარ-ჩვევა გამომუშავებადია.


კიდევ ერთი თვისება, რომელიც გჭირდება ახალი იდეების აღმოსაჩენად, არის დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. არ მინდა ვამტკიცო, რომ ეს დიდად განსხვავდება გონიერებისგან — გამიჭირდება ვინმეს ჭკვიანი ვუწოდო, თუ მას დამოუკიდებლად აზროვნება არ შეუძლია — მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თანდაყოლილია, ეს თვისება როგორც ჩანს, შეიძლება გამოუმუშაო კიდეც.


არსებობს ახალი იდეების გენერირების ზოგადი ტექნიკები — მაგალითად, საკუთარ პროექტებზე სამუშაოდ ან იმ დაბრკოლებების გადასალახად, რომლებსაც აწყდებით სამუშაოს დროს — და ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. ასევე არსებობს ტექნიკები ახალი იდეების კონკრეტული ტიპის გენერირებისთვის, როგორიცაა სტარტაპ-იდეები და ესეების თეზისები.


რა თქმა უნდა, ღირებული იდეების აღმოჩენას არაერთი წინაპირობა აქვს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, საკმარისი ძილი, გარკვეული სახის სტრესის თავიდან აცილების უნარი, სწორ ადამიანებთან მუშაობა და ეფექტური ხრიკების პოვნა იმისთვის, რომ იმუშაო იმაზე, რაც გულწრფელად გაინტერესებს. მაგრამ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში, აქვს საპირისპირო მხარე, რაც ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ფაქტორების ეს ჯგუფი არც ისე უინტერესოა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგალითად, ახალი იდეების შექმნა ძირითადად ახალგაზრდობს მიეწერებათ. მაგრამ შესაძლოა, ახალ იდეებს იწვევს არა თავად ახალგაზრდობა, არამედ ის კონკრეტული ფაქტორები, რაც ამ ასაკს ახლავს თან, როგორიცაა კარგი ჯანმრთელობა და ნაკლები პასუხისმგებლობები. ამ საკითხის შესწავლამ შეიძლება გამოავლინოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება უკეთესი იდეების შექმნაში.


ორიგინალური იდეების მოფიქრების ერთ-ერთი საოცარი საშუალებაა წერის უნარის განვითარება. ზოგიერთი იდეა თავის სრულყოფილ სახეს მხოლოდ ფურცელზე გადატანის შემდეგ იღებს. თუმცა, მთავარი ის არის, რომ წერის პროცესში მუდმივად ცვალოთ და დახვეწოთ იდეა. წერა საკუთარი აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, თუ არ გეხერხებათ წერა ან არ მოგწონთ, გაგიჭირდებათ აზროვნების ამ ტექნიკის გამოყენება.


მე მჯერა, რომ არსებითი განსხვავება ჭკუის კოლოფებსა და იდეებით სავსე ადამიანებს შორის საინტერესოა შესასწავლად. თუ ჩვენ ამ განსხვავებას ისე ვუყურებთ, როგორც ადამიანის არარეალიზებულ პოტენციალს, ის უდაბნოდ მოგვეჩვენება, რომლის გადალახვასაც უშედეგოდ ვცდილობთ. მაგრამ თუ სხვანაირად შევხედავთ და სხვა ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ, ამ განსხვავებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოვაჩინოთ დიდებული იდეები.

თარგმნა: არსენ სებისკვერაძემ