ლურჯი ვერსია

ბობ მურის 7 რჩევა სტარტაპერებს

04 ივლისი 2025

2008 წლის სექტემბერს, ბობ მურმა და მისმა მეგობარმა ჯეიკ სტეინმა სამსახური მიატოვეს და კომპანია RJMetrics დააარსეს. სულ რაღაც სამ დღეში გაიგეს, რომ არ გაუმართლათ: მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო. გამოუცდელი ანტრეპრენერები დინების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველი მომავლისკენ მიცურავდნენ. მაგრამ 2016 წლისთვის საკმარის წარმატებას მიაღწიეს და მათი კომპანია Magento-მ შეიძინა.


მურის თქმით ეს დიდი წარმატება არ ყოფილა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიიღეს, უთანასწორო ბრძოლაში სიმტკიცის შენარჩუნების გამოცდილება იყო. წარსული გამოცდილებით და RJMetrics-ის ტექნოლოგიით აღჭურვილებმა ახალი სტარტაპი Stitch დააფუძნეს და სულ რაღაც ორ წელში ის Talend-ს სარფიანად მიჰყიდეს. ახლა კი მური მესამე სტარტაპს, Crossbeam-ს ფლობს და 16 მილიონიანი დაფინანსებით საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად.


მურის თქმით, მისი ანტრეპრენერული გზა რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილთანაა დაკავშირებული:


1. სტრატეგიული ხედვა დაგეხმარება მოულოდნელი სირთულეების გადალახვაში


მურის აზრით, მოქნილობა ვერასდროს ჩაანაცვლებს მკაფიო და მტკიცე ხედვას. დამფუძნებლები, რომლებიც ზედმიწევნით იცნობენ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობენ და ზუსტად იციან, როგორ მიაღწიონ ამას, გაცილებით მარტივად გაუმკლავდებიან ნებისმიერ დაუგეგმავ ცვლილებასა და უსიამოვნო მოულოდნელობას.


RJMetrics-ის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. დასაწყისში მათ დაინახეს შესაძლებლობა, მაგრამ რეალურად არ ჰქონდათ მკაფიო გაგება იმისა, თუ რას აკეთებდნენ და რატომ იქნებოდა ეს წარმატებული.


Stitch-ის ისტორია განსხვავებულია. მათ ჭკუა ისწავლეს და პირველივე დღიდან ჰქონდათ ხედვა. ნათლად გამოავლინეს პრობლემა და კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი მისი გადაჭრის გზები. მათი ფორმულა მარტივია: „ზუსტად ვიცით, რა პრობლემის გადასაჭრელად ვაკეთებთ სტარტაპს და შეგვიძლია, ნებისმიერს ავუხსნათ, თუ რატომ არის ჩვენი პროდუქტი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება.“ თავიანთ მიმდინარე სტარტაპ Crossbeam-ში ისინი სწორედ ამ მიდგომას იყენებენ.



2. ბაზარზე მორგებული პროდუქტი წარმატების გარანტია არ არის


პროდუქტის ბაზართან სწრაფი ადაპტაცია ხშირად უნივერსალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, მაგრამ მურის აზრით, მისი პოვნა ერთია, შენარჩუნება კი – მეორე. თავად მურიც გაება ამ „მახეში“ RJMetrics-ის დროს.


„ხალხი პროდუქტის ბაზრისთვის მორგებაზე ხშირად ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს ვიდეოთამაშის რაღაც დონე იყოს, რომელსაც მიაღწევ და მერე ყველაფერი მარტივია“, — ამბობს ის. RJMetrics-ის შემთხვევაში, ისინი ბაზარს უსწრებდნენ, კონკურენტები თითქმის არ ჰყავდათ და ოთხი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პროდუქტს ყიდდნენ. შემდეგ ბაზარი მოულოდნელად „წამოეწიათ“ და სწორედ ამ პერიოდში მათი პროდუქტი იდეალურად მოერგო ბაზრის მოთხოვნებს. კომპანია წარმოუდგენლად სწრაფად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი თითქმის არ შეუცვლიათ. თუმცა, 2015-2016 წლებში ბაზარმა ისინი ისევ უკან ჩამოიტოვა, რადგან დროულად ვერ შენიშნეს ცვლილებები და ვერ მოახდინეს ადაპტაცია.



3. ყველაზე სახიფათო კონკურენტები შეიძლება მოულოდნელი მხრიდან გამოჩნდნენ


კონკურენტების შესწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მურის გამოცდილებით, კომპანიის სტრატეგიის გადახედვას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. „საკუთარი ვარაუდების პრაქტიკაში მუდმივი გამოცდა კომპანიის განვითარების საუკეთესო გზაა“, — აღნიშნავს ის.


მისი აზრით, RJMetrics-ის ჩამორჩენა კონკურენტების შეუფასებლობას არ გამოუწვევია, პირიქით — ეს მათდამი ზედმეტი ყურადღების გამო მოხდა. ისინი დიდ დროს უთმობდნენ ხმაურიანი CEO-ების და ბაზრის გიგანტების მოსმენას. მთავარი საფრთხე კი ჩუმი პროფესიონალებისგან მოდის და სწორედ მათ მოიპოვეს ოქროს მედალი, მაშინ როცა RJMetrics-ს ბრინჯაო ერგო.


„ყველაზე მეტად GoodData-ზე და Domo-ზე ვღელავდით, რადგან ისინი იგივე პროდუქტს ქმნიდნენ, რასაც ჩვენ. ამიტომ Looker-ისთვის ყურადღება არც კი მიგვიქცევია“, — ამბობს მური. — „მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ სწრაფი ცხენი შევქმენით, სანამ სხვები მანქანის გამოგონებით იყვნენ დაკავებულნი.“


4. სხვა შენს საქმეს ვერ გააკეთებს


RJMetrics-ში სირთულეების გადალახვისას მურმა დაასკვნა, რომ საქმე მარტომ არ უნდა აკეთო. ამიტომ ის აღმასრულებლების დაქირავებას შეუდგა. მათ ორი გაყიდვების დირექტორი გამოცვალეს, სანამ აღმოაჩენდნენ, რომ საქმე პროდუქტში იყო და არა თანამშრომლებში. ამიტომ მათ იდეალური პროდუქტის დეპარტამენტის დიერექტორის ძიება დაიწყეს. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ პროდუქტის პრობლემები კომპანიის საფუძველში, მის ხედვაში იყო. მისი თქმით კადრების ძიებაში დახარჯული ენერგია სჯობდა კომპანიის ხედვის განვითარებაში დახარჯულიყო, რათა თანამშრომლებს უკეთესი პროდუქტი ჰქონოდათ შესაქმნელად.


„თხელ ყინულზე დგახარ თუ ფიქრობ, რომ ვინმე გამოჩნდება და ჯადოქარივით გამოასწორებს ყველა ფუნდამენტურ პრობლემას“, -ამბობს ის. სანამ პროფესიონალების ძიებას დაიწყებ ჯერ საკუთარი კომპანიის სტრატეგიული საფუძვლები უნდა გაამყარო.



5. ჰიბრიდულ მუშაობაზე წარმოდგენა შეიცვალე


რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, რომ კომპანია ან სრულად არადისტანციური უნდა ყოფილიყო, ან სრულად დისტანციური – შერეული მოდელები, თითქოს, განწირული იყო. თუმცა, დრო შეიცვალა და ახლა მურის მესამე კომპანია, Crossbeam, ჰიბრიდულ მოდელზე მუშაობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავდეთ ნაკლებ საოფისე სივრცეში.


მურის აზრით, დისტანციური მუშაობის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კომპანიებს გლობალური კრიზისების, საოფისე ფართის მაღალი ხარჯების და სამგზავრო პრობლემების მიმართ უფრო მდგრადს გახდის. Crossbeam-ში ერთი კვირის განმავლობაში ყველა თანამშრომელი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და ამას თითქმის არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია. ეს ნათლად აჩვენებს, რომ სწორად დანერგილი ჰიბრიდული მოდელი შეიძლება იყოს მომავლის წარმატებული სტრატეგია.


6. შეადგინე პოტენციური მყიდველების სია და რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდი მათ


„დამფუძნებლები ხშირად იტყვიან - ეს კომპანია გასაყიდად არ დაგვიარსებია. არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისი. და როდესაც მისი გაყიდვა ერთადერთი გამოსავალი იყო, პოტენციურ მყიდველებთან სწორი ურთიერთობების დამყარებას ვერ ვახერხებდით, ამიტომ დაძაბულ მომენტში შემოთავაზებულ თანხას დავჯერდით“. Stitch-ის შემთხვევაში, მისმა თანადამფუძნებელმა, ჯეიკმა პირველივე დღიდან დაიწყო პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობის დამყარება და შემდეგ ჯერზე, როდესაც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ, მან სწრაფად მოაგვარა შეთანხმების საქმე, რაც მათი გუნდისა და კომპანიისთვის მომგებიანი იყო. ურთიერთობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ამიტომ სჯობს პირველივე დღიდან დაიწყო.


7. შეცდომებს თავს ვერ აარიდებ


მური მუდმივად ცდილობს ახსოვდეს, რომ შეცდომები საქმის გარდაუვალი ნაწილია. მისი წარსული გამოცდილების ჩრდილი ისევ თან ახლავს. ის ამბობს რომ ყველაზე გამოცდილი დამფუძნებლებიც უამრავ შეცდომას უშვებენ, უბრალოდ განსხვავებულად. წარსულთან შედარებით უფრო თავდაჯერებულია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისეთი დამღლელი აღარ არის. ახლა მას ოჯახი ჰყავს და შვილი ყურადღებიან მამას იმსახურებს, ამიტომ დრო და ენერგია გასაფლანგად არ აქვს.