ლურჯი ვერსია

დიზაინერული აზროვნება - გზა მომხმარებლის შესაცნობად

23 თებერვალი 2023

როგორც ამბობენ, ადამიანისთვის სხეული მხოლოდ ჭურჭელია, ხედვა - მომავალი, აზროვნება კი ის, რამაც ყველაფერს დასაბამი უნდა მისცეს.

“დიზაინერული აზროვნება” (ე.წ. Design Thinking) სტარტაპ კულტურაში სულ რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ტერმინია. თუმცა, ფაქტობრივად ის უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. ეს არის საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეები გარდაქმნათ გეგმებად, შემდეგ კი სიცოცხლისუნარიან პროდუქტებად.

და სანამ ამ პროცესზე და მის მნიშვნელობაზე დავიწყებდე საუბარს, მინდა განვმარტო, თუ რატომ შევარჩიე ეს თემა და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენი სტარტაპ საზოგადოების განვითარებაში.

მედიალაბთან პარტნიორობის ფარგლებში ჩემი პირველი სტატიის შემდეგ, რომელშიც ყურადღება სტარტაპში მოღვაწეობისას სწორი მომენტის დაჭერაზე გავამახვილე, მსურდა კიდევ უფრო ნათელი გამეხადა თუ რამდენად დიდი როლი აქვს ტექნოლოგიური კომპანიის განვითარებაში პროცესების სწორად აღქმას და მათ რაციონალურ გადანაწილებას.

დიზაინერული აზროვნება მოქმედებათა ერთგვარ თანმიმდევრობად შეგვიძლია აღვიქვათ, რომელსაც სარგებლის მოტანა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია.


მოდი დავიწყოთ სტრუქტურით:

როგორც სურათში ვხედავთ პროცესი მოიცავს:

  • ემპათიის გამოხატვას
  • საჭიროების განსაზღვრას
  • იდეების გენერირებას
  • პროტოტიპირებას
  • ტესტირებას

ტერმინებმა არ შეგაშინოთ. ამ პროცესების ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში გავდივართ. მოდით, თითოეული მათგანი მოკლედ მიმოვიხილოთ.

1. ემპათია - გამოიკვლიე რა სურს

ისე როგორც ცხოვრებაში, სტარტაპშიც ყველაფერი ემპათიით იწყება. ხედავ პრობლემას და ეძებ გზებს მის გადასაჭრელად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პრობლემა თავდაპირველად შენ წინაშე იდგა თუ არა, შენში ემპათიის გრძნობა იმ წამიდან ჩნდება, როდესაც აცნობიერებ, რომ ეს პრობლემა შენსავით შესაძლოა მილიონობით ადამიანს აწუხებდეს.

გამოდი საკუთარი თავიდან და შეხედე შენი დაკვირვების ობიექტის თვალით. ამაში კი ყველაზე მეტად მათთან ხშირი ურთიერთობა დაგეხმარება.

ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად სვამ კითხვებს, რომელთა მიზანია დაადგინო, “რა არის”:

  • პრობლემა, რომლის გადაჭრაც გსურს
  • საჭიროებები, რომლებიც მომხმარებელს / დაკვირვების ობიექტს გააჩნია
  • შენი ლიმიტები, რომელთა ფარგლებშიც უნდა იმოქმედო
  • და ა.შ.

ეს კი სურათის ზუსტად წარმოდგენაში გეხმარება.

ნებისმიერი წარმატებული სტარტაპის არსებობა სწორედ რომ ემპათიური დამოკიდებულების შედეგია. მე ჩემს ფავორიტზე მოგიყვებით:

ქალაქ ჩიკაგოში არსებული საცობები და ცივ, სუსხიან ამინდში ტაქსის გაჩერების გამუდმებული პრობლემა რომ არა, Uber-ი, როგორც მრავალმილიარდიანი შემოსავლის მქონე კომპანია, ამ ფორმით დღეს ნამდვილად არ იარსებებდა.

სწორედ მის ანალოგზე შეიქმნა ისეთი ევროპული ტაქსის აპლიკაციები, როგორებიცაა Bolt-ი და Blablacar-ი. თუმცა, სფეროს გაციფრულების პიონერად ყოველთვის Uber-ი დარჩება.

2. განსაზღვრა - გამოიტანე დასკვნები შეგროვებული მონაცემებიდან

როდესაც საკმარის მონაცემებს შეაგროვებ - ჩაატარებ კვლევებს, გამოკითხვებს, წაიკითხავ სტატიებს - დგება დრო, როცა ზუსტად უნდა დასახო გეგმა, თუ კონკრეტულად რა პრობლემის მოგვარებას აპირებ.

ჩემი გამოცდილებით, ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ემპათიის გრძნობის დაკარგვაა. პრობლემის განსაზღვრისას არა ჩვენ სურვილებზე, არამედ მომხმარებლის საჭიროებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

საილუსტრაციოდ X კომპანიის მაგალითი მოვიყვანოთ:

იყო ეს ↓
“ჩვენ გვჭირდება მეტი ტრეფიკი ვებსაიტზე, გაყიდვების გასაზრდელად”

როცა უნდა ყოფილიყო ეს ↓

“საიტზე შემოსულ მომხმარებელს სჭირდება უფრო მაღალი ხარისხის კონტენტი, პროდუქციის შეფასების სისტემის დამატება, რათა დარწმუნდეს მის ხარისხში და გაიაროს ყველა შესაძლო ეტაპი მის ყიდვამდე.”


3. იდეების გენერირება - პროტოტიპირება - ტესტირება


გადავწყვიტე შემდეგი სამი ეტაპი გამეერთიანებინა, რადგან მათ ერთმანეთისგან განუყოფელ ნაწილად მივიჩნევ.


მოიფიქრე - ააწყე - გატესტე


ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი სწრაფად მოქმედებას აქვს. არა იმიტომ, რომ მსოფლიოს მეორე ნახევარში ვინმემ შეიძლება მისი განხორციელება დაგასწროს, არამედ იმიტომ, რომ სტარტაპული ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია თავს ცოცხლად გრძნობდე. ამისთვის, კი არსებული სამყაროს სწრაფ ტემპს მხარი მაქსიმალურად უნდა აუბა.


გაქვს იდეა? შექმენი? გატესტე? არ იმუშავა? - არა უშავს, დაუბრუნდი გენერირების ეტაპს და თავიდან სცადე.

მსგავს ეტაპს შენსავით მილიონობით ადამიანი გადის. შენ კი დანებებაზე ჯერ კიდევ თუ არ ფიქრობ, მათ 99%-ს არ გავხარ.

დასასრულისთვის, კი მინდა ორ არასტარტაპულ შემთხვევაზე მოგიყვეთ, როდესაც დიზაინერულმა აზროვნებამ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა (როგორც მინიმუმ პირველში მაინც):


გადაჭრილი ნუტრიციოლოგიური პრობლემა მოხუცებისთვის


2007 წლის მონაცემებით დანიაში უფასო კვების პროგრამაში დაახლოებით 125,000 მზრუნველობამოკლებული პენსიონერი იყო ჩართული. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათი 60% უფასო საკვებით იშვიათად, 20% კი საერთოდ არ იკვებებოდა. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მენიუ: კვების რაციონი ერთი და იმავე და არც ისე გემრიელი საჭმლისგან შედგებოდა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დანიის მთავრობამ დაიქირავა კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც დაევალა განესაზღვრა პრობლემის ძირითადი არსი და ეზრუნა მის მოგვარებაზე.


აქ ჩნდება შეკითხვა: მოიცა, პრობლემა ხომ უხარისხო მენიუა?

დიახ, მაგრამ არა.

პრობლემა გაცილებით ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე კვებითი რაციონის მრავალფეროვნება შეიძლება იყოს. მოდი მივყვეთ:


ამ პროცესში სამი მხარეა ჩართული:

  1. მოხუცები, რომლებიც საჭმელს მიირთმევენ
  2. მზარეულები, რომლებიც საჭმელს ამზადებენ
  3. მძღოლები, რომლებიც საჭმლის მიწოდებას უზრუნველყოფენ

კვლევის პირველივე ეტაპზე აღმოჩნდა, რომ სამივე მხარეს იდგნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით არც ისე ბედნიერები იყვნენ. მოხუცთა უმეტესობა არსებულ შემწეობას იმიტომ იღებდა, რომ მარტოსულად გრძნობდნენ თავს და ირგვლივ არავინ ჰყავდათ. სახელმწიფოს კისერზე ცხოვრება მათთვის დამამცირებელი იყო.

მზარეულების უმეტესობა წლების განმავლობაში უხალისოდ ამზადებდა ერთსა და იმავე კერძებს. არანაირი შემოქმედებითობა, მონოტონური საქმე: ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად.

მძღოლების უმეტესობისთვის კი ეს უბრალო სამუშაო იყო, რაც სიამაყის საფუძველს არ აძლევდათ.


დაქირავებულმა კვლევითმა ორგანიზაცია Hatch&Bloom-მ, გადაწყვიტა, რომ ეს სიტუაცია შეეცვალა. იდეა ის იყო, რომ თითოეულ მხარეს თავი ბედნიერად ეგრძნო.

დაიწყო ტესტირება. კომპანიამ თითოეული სამიზნე ჯგუფიდან მცირე რაოდენობით ადამიანები აიყვანა.

პროცესში მზარეულებს მისცეს სრული თავისუფლება, შესაძლებლობა და მოტივაცია, რომ შეექმნათ კერძები მათი ინტერპრეტაციით. აღნიშნული საკვების გასინჯვისას კი შერჩეულ მოხუცებს სთხოვდნენ, რომ თავი წარმოედგინათ ყველაზე მდიდრულ რესტორანში, დეგუსტატორად. მძღოლები კი შთააგონეს, რომ იყვნენ მიმწოდებლები, რომლებზეც დამოკიდებული იყო ყოველდღიურად 125,000 მხცოვანი ადამიანის კვება.

გაამართლა ამ მიდგომამ? მალევე რაციონს ორმოცდაათამდე ახალი, განსხვავებული კერძი შეემატა, შეიქმნა ბრენდი The Good Kitchen, სადაც მუშაობა, როგორც მზარეულებისთვის, ასევე მძღოლებისთვის საამაყო საქმედ იქცა.

ამ ისტორიაში ზემოთ დასახელებული თითოეული ეტაპის მოკლე შეჯამებაა, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

მეორე ისტორიის ჯერიც დადგა. ლაკონიურად გეტყვით:

ეს სტატიაც დიზაინერული აზროვნების გამოყენების შედეგია

და, იმედი მაქვს, თქვენთვის საინტერესო გამოდგა.


ლუკა ხათრიძე