ლურჯი ვერსია

იდეადრომი: პროდუქტიდან სერია A-მდე

26 აპრილი 2024

რა არის იდეადრომი?


იდეადრომი აქსელერაციის ერთკვირიანი პროგრამაა, რომლის მიზანია დაგეხმაროს შენი პროდუქტის დახვეწაში, ინვესტორების მოძიებასა და მომხმარებლების პოვნაში.




ვისთვისაა განკუთვნილი წლევანდელი იდეადრომი?


წლევანდელი იდეადრომის თემაა: პროდუქტიდან სერია A-მდე. ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ სტარტაპებს, რომელთაც უკვე შექმნეს მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ.

თუ უკვე გაქვს პროდუქტის საწყისი ვერსია, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებ შენს პირველ მომხმარებლებს, მაშინ “იდეადრომი: პროდუქტიდან სერია A-მდე” სწორედ შენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამაა, რომელიც გაგიმარტივებს:


  • პროდუქტის დახვეწას
  • მომხმარებლების მოძიებას
  • მომგებიანი ბიზნეს-მოდელის შექმნას
  • ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას



რით გამოირჩევა იდეადრომი?


იმ ეტაპზე, როცა პროდუქტის საწყისი ვერსია უკვე შექმნილი გაქვს, ცოდნა, რომელიც ბიზნეს-სახელმძღვანელოებისგან და ონლაინ კურსებისგან შეგიძლია მიიღო, აღარ არის საკმარისი. ის ფორმულები და სტრატეგიები, რაც იდეის დახვეწის და პროდუქტის შექმნის ფაზაში გამოგადგა, ახლა უკვე ზედმეტად განზოგადებული და აბსტრაქტული ჩანს.

შენს სტარტაპს თავისი უნიკალური პრობლემები აქვს. ამ სიძნელეების დასაძლევად საჭირო რჩევებს დამწყები სტარტაპერებისთვის გათვლილ ონლაინ-კურსებსა და სახელმძღვანელოებში ვეღარ მიაგნებ. ახლა უკვე გჭირდება, რომ გამოცდილი ადამიანები უშუალოდ გაეცნონ შენს პროდუქტს, გაანალიზონ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და სპეციალურად შენზე მორგებული რჩევები მოგცენ. იდეადრომი სწორედ ამგვარ მხარდაჭერას გთავაზობს: აქ ზოგადი რეკომენდაციების ნაცვლად, პერსონალურ და ეფექტურ რჩევა-დარიგებებს მიიღებ.





რა დაგხვდება იდეადრომზე?



  • გამოცდილი მენტორების და სფეროს პროფესიონალების ტრენინგები, რომელზეც გაეცნობი პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის პოვნის როგორც ნაცად, ასევე უახლეს მეთოდებს და შეძლებ ისინი საკუთარი პროდუქტის საჭიროებებს მოარგო.
  • სივრცე, სადაც გაეცნობი ინვესტორების მოძიების გზებს და მოლაპარაკების წარმოების ხელოვნებას; გამოცდი თავს საკუთარი პროდუქტის წარდგენაში და ინვესტორებისა თუ მომავალი მომხმარებლების დარწმუნებაში. შეძლებ სფეროს სპეციალისტებთან პირისპირ საუბარს და საჭირო მხარდაჭერის მიღებას.
  • სხვა სტარტაპერები და ახალი თანამოაზრეები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ და შენს პროდუქტს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედავენ.




რას შეიძენ იდეადრომში მონაწილეობით?


სპეციალურად შენზე მორგებულ ცოდნას: რჩევა-დარიგებებს, რომელიც დაგეხმარება შენი პროდუქტის დახვეწასა და სტარტაპის ახალ ეტაპზე გადაყვანაში.

მეტ თავდაჯერებას სტარტაპის კეთების შენთვის უცხო მხარეებში: ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, პროგრამულ უზრუნველყოფასა, თუ დიზაინში.

ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას: კვირეულის დასასრულს იდეადრომის ჟიური გამოარჩევს განსაკუთრებულ სტარტაპებს და გასცემს ფულად ჯილდოებს. იდეადრომის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

საჭირო კონტაქტებს და ახალ თანამოაზრეებს: გაიცნობ სხვა სტარტაპერებს, ინვესტორებს და სფეროს პროფესიონალებს.




როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა იდეადრომში?


გაიარე რეგისტრაცია.

მოამზადე ერთწუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც შენს სტარტაპს და პროდუქტს გაგვაცნობ.

მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, ეცადე, მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოსცე შენი პროდუქტის მნიშვნელობა და სტარტაპის მთავარი ღირებულებები.





ვადები:

იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისი.
იდეადრომის ტრენინგები 24-30 მაისს გაიმართება.


იდეადრომში მონაწილეობა უფასოა.
გუნდების პროექტებზე საავტორო უფლებები მონაწილეთა საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს.