ლურჯი ვერსია

იდეის დასაბუთება: როგორ ვიჩქაროთ ჭკვიანურად?

25 დეკემბერი 2023

როცა ახალი პროდუქტის შექმნის იდეა გიჩნდება, დიდია ცდუნება, რომ საკუთარ ჩანაფიქრს დღეს თუ არა, ხვალ შეასხა ფრთები: შექმნა პროტოტიპი და ბაზარზე გაუშვა. ადამიანები სულსწრაფები ვართ. გვეზარება ლოდინი და ყველაფრის ხელად კეთება გვიყვარს. სწორედ ამას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს შემოქმედებითობას. სულსწრაფობა გვაიძულებს მოვლენები დავაჩქაროთ: ურმების ნაცვლად მანქანებით ვიაროთ, მტრედების ნაცვლად ინტერნეტით გავგზავნოთ წერილი. ჰოდა რა შეიძლება იყოს სულსწრაფობაზე უფრო ბუნებრივი? ალბათ მარცხი. სტარტაპერების 90 პროცენტი უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავს იმის შექმნაში, რაც ადამიანებს საერთოდ არ სჭირდებათ. და მათი უმეტესობა ჩქარობს.


თუ გინდა ჭკვიანურად იჩქარო, ჯერ შენი იდეის საფუძვლიანობაში უნდა დარწმუნდე. კარგად უნდა შეისწავლო რა სჭირდება შენს სავარაუდო მომხმარებელს და პროდუქტი ამ საჭიროების თანახმად დახვეწო.


იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზეა შენი სტარტაპი, სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევს. არსებობს (სულ ცოტა) სამი ტიპის ექსპერიმენტი, რომელიც შენი სტარტაპის განვითარების სხვადასხვა ეტაპს შეესაბამება:


1-ლი და მე-2 ეტაპი: იდეის დასაბუთება
მე-3 ეტაპი: პრობლემის გადაჭრის დასაბუთება
მე-4 და მე-5 ეტაპი: ბაზართან თავსებადობის დასაბუთება


ამ სტატიაში იდეის დასაბუთებას განვიხილავთ.



იდეის დასაბუთება


იდეის განვითარების საწყის ეტაპზე უნდა დარწმუნდე, რომ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ცდილობ, ნამდვილად არსებობს.


სტარტაპულ ჟარგონზე ამას “იდეის დასაბუთება” ეწოდება, მაგრამ სახელმა არ მოგატყუოს. შეიძლება გეგონოს, რომ მთავარი იმაში დარწმუნებაა, რომ მართალი ხარ, რომ შენი იდეა აუცილებლად გაამართლებს. თავიდანვე გაფრთხილებ: საწყისი იდეები, როგორც წესი, არ ამართლებს. ისინი ზედმეტად უმი, უსიცოცხლო და დაუმუშავებელია ხოლმე და, როგორც წესი, იდეის ავტორის ვიწრო და სუბიექტურ გამოცდილებას ეყრდნობა.



სიმართლე თუ წარმატება?


რა თქმა უნდა, 20-დან 45 წლამდე, საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ანი ან გიორგი ნამდვილად შეიძენდა შენს პროდუქტს, ერთი უბრალო გარემოება, რომ არ უშლიდეთ ხელს: ისინი არ არსებობენ. მიზანი ის არ არის, რომ შენი საწყისი იდეის საფუძვლიანობაში დარწმუნდე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, გაიგო რა აწუხებთ რეალურ სამყაროში მცხოვრებ რეალურ ადამიანებს და შენი საწყისი იდეა მათი საჭიროების მიხედვით გარდაქმნა. თუ ასეთი პრობლემა იპოვე და შენი იდეა შესაბამისად განავითარე, მაშინ წარმატების მიღწევის ბევრად უფრო მეტი შანსი გაქვს. თუ ასე არ მოხდა, შეგიძლია ჩათვალო რომ ექსპერიმენტის ჩატარების ძვირფასი გამოცდილება მიიღე და ახალ იდეაზე დაიწყო ფიქრი.


ასე, რომ, თუ საწყის ეტაპზე ხარ, სჯობს აღმოჩენებისთვის მოემზადო: უნდა შეაგროვო ცნობები ადამიანებზე და მათ საჭიროებებზე; ამ საკითხის ნამდვილი ექსპერტი უნდა გახდე; მომხმარებლის პრობლემა იმ ჭრილში უნდა დაინახო, რომელზეც აქამდე არასოდეს გიფიქრია. არ შეგეშინდეს საწყისი იდეის ცვლილების და უვარგისი იდეის თავიდან მოშორების. რომ დარწმუნდე, რომ მართალი ხარ, ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ცდებოდი.



დაიწყე დავიწყებით


შეიძლება შენი საწყისი იდეა თავისებურად წყვეტს გარკვეულ პრობლემას. მაგრამ სჯობს დროებით დაივიწყო შენი იდეა. საწყის ეტაპზე პრობლემის გადაჭრის გზებზე კი არა, თავად პრობლემაზე უნდა იფიქრო.


რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა? როგორ უმკლავდებიან ადამიანები ამ პრობლემას? შესაძლებელია მისი გადაჭრა? საერთოდ სჭირდება თუ არა გადაჭრა? ცხოვრება სავსეა პრობლემებით, რომლის გადაჭრაც უამრავ ახალ პრობლემას გამოიწვევს. ესეც ერთ-ერთი ამათგანი ხომ არ არის? მზად არიან ადამიანები რომ პრობლემის გადაჭრის ახალი გზა მიიღონ?


მოდი პრობლემები სამ კატეგორიად დავყოთ:


მნიშვნელოვანი პრობლემა: პრობლემა რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეჩეხებიან და რომელსაც მხოლოდ დიდი ხარჯის, ან ძალისხმევის ფასად არიდებენ თავს.

უმნიშვნელო პრობლემა: პრობლემა, რომელსაც ადამიანები ხშირად ეჩეხებიან, თუმცა მისი გადაჭრა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ლატენტური საჭიროებები: შესაძლებლობა, რომლის შესახებ ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ უფიქრია. მაგალითად: ოთხმოცდაათიან წლებამდე მობილური ტელეფონი ადამიანების ლატენტური საჭიროება იყო. ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს პატარა ნივთი ცოტა ხანში მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა.


ამ კატეგორიებიდან მნიშვნელოვან პრობლემებზე ყველაზე იოლია შენი იდეის დატესტვა, ლატენტურ საჭიროებებზე კი - ყველაზე რთული. ლატენტური საჭიროებების შემთხვევაში ყველაზე მეტად ჭირს იმ ადამიანების პოვნა, ვინც შენს პროდუქტს უცებ აიტაცებს.



როგორ ჩავატაროთ იდეის დასაბუთების ექსპერიმენტი?



ამ ეტაპზე შენი მიზანი თვისობრივი ინფორმაციის მოძიებაა და არა _ რაოდენობრივის. ის კი არ გაინტერესებს, რომ X რაოდენობის ადამიანი, X თანხას გადაიხდის გარკვეული პრობლემის გადაჭრაში, არამედ: როგორ ხედავენ ადამიანები ამ პრობლემას? როდის ეჩეხებიან მას? პრობლემის გადაჭრის რა საშუალებები არსებობს ამჟამად? რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ამ საშუალებებში? და ასე შემდეგ…


თვისობრივი ინფორმაცია ზუსტი მეცნიერება არ არის და ყოველთვის ღიაა მრავალგვარი ინტერპრეტაციისთვის. მაშინ როგორ უნდა დავამუშაოთ ეს ინფორმაცია ჩვენთვის სასარგებლოდ? პირველ რიგში, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰიპოთეზები უნდა წამოვაყენოთ და არა საეჭვო ვარაუდები.


რა განსხვავებაა ჰიპოთეზასა და ვარაუდს შორის? ჰიპოთეზის შემოწმება ადვილია, ვარაუდის _ რთული, ან შეუძლებელი. მოდი, რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ:


საეჭვო ვარაუდები


  • ადამიანებს მართლა აწუხებთ ეს პრობლემა
  • ადამიანები ყოველდღიურად ეჩეხებიან ამ პრობლემას
  • ადამიანებს სჭირდებათ ამ პრობლემის მოგვარების უკეთესი გზა


ჰიპოთეზები

  • გამოკითხულთა 70 პროცენტი ყოველდღიურად ეჩეხება ამ პრობლემას
  • გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ეს პრობლემა წელიწადში 500 ლარზე მეტი უჯდება


სად ვიპოვოთ რესპონდენტები?


რესპონდენტების მოძიება გამოკითხვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. მთავარია რესპონდენტები ჩვენი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ _ ან იმ ადამიანებს, რომლებიც გვგონია, რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორია იქნება. იფიქრე იმ (ონლაინ და ოფლაინ) ადგილებზე, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან. იპოვე ახალი და ორიგინალური გზები მათთან დასაკავშირებლად. რაც უფრო მეტ დროს მიუძღვნი ამ ადამიანებთან ურთიერთობას, მით უფრო ღრმად შეისწავლი მათ დამოკიდებულებას პრობლემასთან.



როგორ დავამუშავოთ გამოკითხვის შედეგები?


როცა რესპონდენტებისგან საკმარის მასალას დააგროვებ, საქმის გასაადვილებლად, სჯობს ისინი სხვადასხვა კატეგორიებად დაყო:


ციტატები: რა თქვა ამა თუ იმ რესპონდენტმა.


პრობლემის ხედვა: როგორ ხედავენ რესპონდენტები პრობლემას. რა სიტყვებით აღწერენ მას.


საჭიროებების ხედვა: როგორ ხედავენ რესპონდენტები საკუთარ საჭიროებებს. რა არის, მათი აზრით მათთვის მნიშვნელოვანი.


ქცევა: როგორ იქცევიან რესპონდენტები, როცა პრობლემას ეჩეხებიან. (სჯობს მათ სიტყვაზე არ ენდო და როცა შესაძლებელია, უშუალოდ დააკვირდე მათ ქცევას.)


პირადი დაკვირვებები: რა აღმოაჩინე რესპონდენტების შესახებ, რაც თავად არ იციან.


დასკვნები: რა დასკვნების საშუალებას იძლევა შენ მიერ ჩატარებული გამოკითხვა.


შემდეგი ნაბიჯები: რა სახის ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო მომავალში, რომ მეტი ინფორმაცია მიიღო ან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმო. რა არის ის ახალი კითხვები, რომელიც გაგიჩნდა პრობლემის შესახებ.


პრობლემის ახლებური ხედვა


ახლა კი, დროა გაიხსენო შენი თავდაპირველი იდეა და ის ახალი კონცეფციით შეცვალო. თუ არაფერი შეიცვალა: დაიწყე თავიდან.