ლურჯი ვერსია

იოლად მისაჩვევი ენები: დუოლინგოს წარმატების ისტორია

28 იანვარი 2024

ქართველებს გვიყვარს თქმა, “რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ”. მართლაც ასეა, ენა ძირეულად განსაზღვრავს სამყაროს ჩვენეულ აღქმასა და აზროვნების ხასიათს, ხშირად ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად აღვიქვამთ, თითქოს სხვადასხვა ადამიანები ვიყოთ. ამის გარდა ენების ცოდნა განვითარების უფრო ფართო შესაძლებლობებს გვაძლევს და საკუთარი პიროვნების მუდმივ ზრდაში გვეხმარება. საბედნიეროდ, ენების შესწავლა და ამ გზით ერთზე მეტ ადამიანად ქცევა არასდროს ყოფილა ისე მარტივი, როგორც დღეს _ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში.

ამ რამდენიმე დღის წინ, TED პლატფორმის ტრადიციულად აღმა-დაღმა სქროლვისას წავაწყდი ჩემთვის უცნობი ლუის ფონ ანის გამოსვლას, რომელიც საინტერესოდ იყო დასათაურებული: “როგორ გავხადოთ სწავლა ისევე იოლად მისაჩვევი, როგორც სოციალური მედიაა”. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ბევრ დროს არ ვატარებ და ამით ხშირად ვიწონებ თავს, როგორც სტუდენტი, გარემოცული ვარ ადამიანებით, რომლებიც ონლაინ პლატფორმებზე დამოკიდებულების გამო სწავლას საჭირო დროს ვერ უთმობენ. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ლუისის მოსმენა ჩემი გარემოცვისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო და ჩემთვისაც.

აღმოვაჩინე, რომ ლუის ფონ ანი ენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლო პლატფორმის დუოლინგოს (Duolingo) დამფუძნებელია. მეტიც, უფრო ადრეულ ეტაპზე მისი თანაავტორობით შეიქმნა ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლისთვის ცნობილი reCaptcha-ს სისტემა, რომელიც ამოწმებს ვებ-საიტზე შესული მომხმარებელი ადამიანია თუ რობოტი. ერთი სიტყვით, ლუისის კარიერა წარმატებულ პროექტებს არ მოისაკლისებს. თუმცაღა, გამოსვლაში, რომელმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, ის აუდიტორიას დუოლინგოს წარმატების ისტორიას მოუთხრობს.

ეს ამბავი გვატემალაში იწყება. დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, მაგალითად, ისეთში, როგორიც ლუისის სამშობლოა, სოციალური სტრატიფიკაცია მეტად მწვავეა. როგორც წესი, ასეთ დროს ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ოჯახების პრივილეგიაა. საბედნიეროდ, ლუისის მარტოხელა დედამ, დიდი შრომითა და თავგანწირვით, შვილს განათლების მიღების შესაძლებლობა შეუქმნა. რამდენიმე წელში ეს ბიჭი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი გახდა.

2011 წელია, ლუისმა reCaptcha უკვე სარფიანად მიყიდა გუგლს, კაპიტალიც აქვს და, როგორც ახალგაზრდა ინოვატორს, აღიარებაც. წარმატების პიედესტალზე შემდგარს განვლილი გზა არ ავიწყდება. განათლების მიღებაზე ყველასთვის თანაბარი წვდომის იდეით შეპყრობილმა თავის სტუდენტთან ერთად დაიწყო პროექტზე მუშაობა. თავდაპირველად, მათემატიკის ან კომპიუტერული მეცნიერების სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სურდათ, თუმცა უცხო ენებზე შეჯერდნენ. მათი აზრით, უცხო ენის შესწავლა მნიშვნელოვნად და, რაც მთავარია, უფრო მარტივად უზრდის შემოსავლის მიღების პოტენციალს ადამიანებს. თანაც, ეს ბაზარი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 2 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს.

გასული დეკადის დასაწყისში, როცა სმარტფონების გამოყენების მასშტაბი გაიზარდა, ლუისი მიხვდა, რომ პროცესი უფრო და უფრო აჩქარდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, შეექმნა უცხო ენების შესწავლის გზა, რომელიც, მობილური ტელეფონის გამოყენებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. აპლიკაციას დაარქვა დუოლინგო და დანერგა პრემიუმ მოდელი, რომლის დროსაც მომხმარებლები სერვის უფასოდ იღებენ, თუმცა უწევთ რეკლამების ყურება, ხოლო მათ გამოსართავად თანხის გადახდაა საჭირო. დუოლინგოს შემოსავლის აბსოლუტური უმრავლესობა მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც იხდიან თანხას რეკლამების გამორთვისთვის, როგორც წესი, ისინი განვითარებული ქვეყნებიდან არიან, ხოლო ვინც არ იხდის რეკლამების გათიშვის საფასურს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან. ლუისი ამას სიმდიდრის გადანაწილების მინი მოდელს უწოდებს.

როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს, ყველაფერი ასე მარტივად ვერ იქნებოდა. ზოგადად, სმარტფონები აღჭურვილია სოციალური ქსელებისა და ვიდეო თამაშების აპლიკაციებით, რომლებსაც ადამიანები ყველაზე დიდ დროს უთმობენ, შესაბამისად, ლუისი დადგა გამოწვევის წინაშე, უნდა შეექმნა ისეთი სერვისი, რომელიც სწავლის სურვილს აღძრავს და შეინარჩუნებს მომხმარებლებს. მოისაზრა, დუოლინგოში გამოეყენებინა იგივე ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებსაც გასართობი აპლიკაციები იყენებენ მომხმარებლების ჩართულობის შესანარჩუნებლად.

მაგალითად, დუოლინგო იყენებს მრიცხველს, რომელიც ასახავს აპლიკაციით მეცადინეობის დღეების რაოდენობას. მიზეზი, რატომაც ეს მეთოდი მუშაობს არის ის, რომ თუკი მომხმარებელი სწავლის დღეებს ჩააგდებს, მრიცხველი განულდება. ადამიანებს კი არ სურთ აწ უკვე მიღწეული შედეგის დაკარგვა, ამიტომაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ დუოლინგოს. სტატისტიკის მიხედვით, დუოლინგოს ჰყავს დღეში სამ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, რომელთა მრიცხველი 365 დღეს ითვლის ანუ ისინი მთელი წლის მანძილზე სისტემატურად მეცადინეობენ აპლიკაციით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი არის შეტყობინებები. მართალია, ზოგჯერ ისინი იმდენად მომაბეზრებელია, რომ ადამიანები მათ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ დუოლინგოს აქვს ძალიან დახვეწილი AI სისტემა, რომელიც მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაყრდნობით ირჩევს დროს, როდის გაგზავნოს შეტყობინება და ასევე განსაზღვრავს რა უნდა ეწეროს თითოეულ შეტყობინებაში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ადამიანების აპლიკაციაში დაბრუნების ალბათობა. აპლიკაციაში შვიდ დღიანი უმოქმედობის შემდეგ, დუოლინგო აგზავნის პასიურ-აგრესიული ტიპის შეტყობინებას: “ჰეი, ეს შეხსენებები, როგორც ჩანს, არ მუშაობს. ჩვენ შევწყვეტთ მათ გამოგზავნას”. მომხმარებლები მათი ხილვისას უბრუნდებიან აპლიკაციას. ცალსახაა, სტატისტიკაც ამას მეტყველებს, ეს ტექნიკა მუშაობს.

ლუის ნამდვილად არ სჯერა, რომ საგანმანათლებლო აპლიკაცია ისეთივე მიმზიდველი შესაძლოა იყოს, როგორც TikTok-ი ან ინსტაგრამი. მისი თქმით, ონლაინ საგანმანათლებლო კურს გაუჭირდება კონკურენციის გაწევა კატების სურათებისა და ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ თუკი ადამიანები ეკრანთან გატარებული დროის 10%-ს მაინც დაუთმობენ საგანმანათლებლო აპლიკაციებს, ნამდვილად სასარგებლო იქნება. ჩემი დაკვირვებით, ლუისს საერთოდაც არ ქენჯნის სინდისი, როცა დუოლინგო იგივე ტექნიკებს იყენებს, რასაც სოციალური ქსელები და მობილური თამაშები მომხმარებლის შესანარჩუნებლად, რადგან ყოველივე ეს განათლებას ემსახურება.

დღესდღეობით, დუოლინგო ენების ყველაზე წარმატებული სასწავლო პლატფორმაა გლობალური მასშტაბით. საინტერესოა, რომ აპლიკაციით მთელს აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი სწავლობს უცხო ენას, ვიდრე ამ ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში ერთად. შეიძლება ითქვას, ლუისმა მიზანს მიაღწია, მას ეიმედება მომავლის, სადაც ეკრანთან გატარებული დრო პროდუქტიულია, სადაც მაღალი ხარისხის განათლების მიღება სოციალური სტატუსის განურჩევლად ყველას შეუძლია.

ჩემი აზრით, უამრავი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რატომ არის დუოლინგოს მაგალითი ყურადსაღები, თუმცა ამ უკანასკნელზე მსურს შეჩერება. ჟან ფრესკოს მოსაზრებას გავიხსენებ, “თუ ტექნოლოგიები არ ათავისუფლებს ადამიანს რუტინისგან, რათა მათ შეძლონ უფრო აღმატებული მიზნებისკენ სწრაფვა, მაშინ მთელი ტექნიკური პროგრესი, უბრალოდ, უაზრობაა”. დუოლინგო ენების ათვისების უნიკალურ გზას სთავაზობს მომხმარებლებს, რომელიც, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, უპირველესად სწავლის პროცესის რუტინული ელემენტებისგან გამოთავისუფლებას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, ქართული ენის კურსი დუოლინგოს არ აქვს. ადამიანები საქართველოში და, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ითხოვენ ჩვენი ენის დამატებას. მათი აზრით, ენის საფუძვლების შესასწავლად დუოლინგო ძალიან კარგი საშუალებაა. ამ მიზნის მისაღწევად პეტიციაც შექმნეს. ვფიქრობ, ჩვენი ენისა და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დუოლინგოს ნახევარ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.

გოეთე ამბობდა, “რაც მეტი ენა იცით, მით უკეთ გესმით სამყარო”. დუოლინგო ნამდვილად არის ამ მანტრას ერთგული. აპლიკაცია ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ეხმარება ენების შესწავლის გზით უკეთ გაუგონ სამყაროს და იპოვონ თავიანთი ადგილი მასში.

არსენ სებისკვერაძე