ლურჯი ვერსია

იპოვე შენი flow და წარმატება თვითონ გიპოვის

29 თებერვალი 2024

ავტორი: Chris Myers

BodeTree-ს დამფუძნებელი


არაფერი მაღონებს იმაზე მეტად, ვიდრე იმ ადამიანების ყურება, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას სასოწარკვეთილებაში ატარებენ, გაჭედილები არიან იმ საქმიანობაში, რომელიც არც შემოქმედებითია და არც რაიმე სარგებელი მოაქვს მათთვის. როგორც მუსიკოსმა ჯეიმს ტეილორმა თქვა „შეგიძლია ჩაერთო სპექტაკლში და ამა თუ იმ პერსონაჟად მოიკატუნო თავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს როლი შენთვის არ არის შექმნილი.“ ბიზნესის სამყაროში ეს ტრაგიკული სიტუაცია მაშინ დგება, როცა ინდივიდის ბუნებრივი უნარები და მიდრეკილებები არ შეესაბამება შერჩეულ საქმიანობას. ამიტომაც, მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად, პიროვნების ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით, მისთვის შესაფერისი კარიერის პოვნაა.


როცა ადამიანი აღმოაჩენს მასზე მორგებულ საქმეს, ის ბედნიერებას და შემოქმედებითი აზროვნების მოზღვავებას განიცდის, რასაც flow ჰქვია. Flow-ს კონცეფცია 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი უნგრელი ფსიქოლოგის, მიჰაილი ჩიკსენტმიჰაილის, დამსახურებით. მისი თეორიის თანახმად, flow მაშინ ვლინდება, როცა პიროვნების ბუნებრივი უნარები შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლის პირისპირაც ის დგას. პრობლემები სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა ინდივიდი flow-ს გარეშე მოქმედებს. მაგალითად, თუ ინდივიდი გამოწვევებით სავსე გარემოშია, სადაც საკუთარი ბუნებრივი უნარები გამოუსადეგარია, ის დიდი ალბათობით განიცდის სტრესს და შფოთვას. ასევე, თუ მისი უნარები იფლანგება შეუფერებელ საქმეში, ის აუცილებლად მოიწყენს და დაკარგავს ინტერესს.


ყოველდღიურ საქმიანობაში flow-ს პოვნა ადვილი არ არის. საბედნიეროდ წლების მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე, რაც დაგეხმარება იპოვო საკუთარი ადგილი სამუშაო სფეროში და აირიდო ჩუმ სასოწარკვეთაში ცხოვრება.



გულწრფელად აღიარე საკუთარი ძალები და სისუსტეები


ჩემი კარიერა საკონსულტაციო მომსახურების სფეროში დაიწყო, რადგან ბიზნეს სკოლის ყველა ახალგაზრდა კურსდამთავრებული ასე იქცევა. მინდოდა რამე შემოქმედებითი და “ანტრეპრენერული” გამეკეთებინა, მაგრამ იმ დროისთვის რისკზე წასვლის მეშინოდა. ის წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან რამდენიც არ უნდა მემუშავა, ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ძალიან ვცდილობდი დავმსგავსებოდი იდეალურ კონსულტანტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს საჩემო საქმე არ იყო. შედეგად, საკუთარ თავს ჩემს კოლეგებს ვადარებდი და ყველაფერზე ვღელავდი.


ყველაფერი სწორი გზით მაშინ წავიდა, როცა საკუთარ თავთან გულწრფელად ვაღიარე, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში. დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ჩემი ბუნებრივი ძალები არა ანალიტიკას, არამედ ფინანსებსა და ჰუმანიტარულ მიმართულებებს უფრო შეეფერებოდა. როგორც კი გავაანალიზე, რომ ფინანსისტის სხეულში გამოკეტილი ხელოვანი ვიყავი, ყველაფერმა ახალი აზრი შეიძინა. აღმოვაჩინე, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი ან წარმატებული კონსულტანტი, ამიტომ ჩემი flow სხვაგან უნდა მეძებნა. ამან მეწარმეობის გზაზე დამაყენა და საბოლოოდ დავაარსე ჩემი კომპანია BodeTree.


არ მისცე თავს ზედმეტი კომფორტის უფლება


ფინანსური კონსულტანტობის ხიბლი იმაშია, რომ მაღალანაზღაურებადია.


კომფორტი, რომელიც ამ საქმიანობას თან ახლავს, მე კი მეჯავრება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ ამ საქმეზე უარის თქმისგან თავს ვიკავებდი. აღმოვაჩინე, რომ შემეძლო მოწყენილობისთვის გამეძლო თუ კარგად მიხდიდნენ.


ცხადია, ეს უკიდურესად სავალალო გზა იყო ცხოვრების გასაგრძელებლად, მაგრამ ფულის ფაქტორი ამის აღიარებაში ხელს მიშლიდა.


საბოლოოდ, ჩემმა სურვილმა - შემეცვალა სამყარო, გადაწონა სურვილი - მეცხოვრა კომფორტულად, მაგრამ ყველასთან ასე არ ხდება.


ძალიან ბევრს, კომფორტის ცდუნება და ფინანსური არასტაბილურობის შიში არ აძლევს უფლებას ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ჩემი რჩევაა აირიდო ზედმეტი კომფორტი იმ კარიერაში, რომელიც იცი რომ არ შეგეფერება. ნუ გადააბიჯებ იმ ზღურბლს, რის შემდეგაც უკან მობრუნება აღარ შეგეძლება, უსიამოვნო და სულისშემხუთველი გარემოსგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა განთავისუფლდე.



ისწავლე გარისკვა


არასდროს დამავიწყდება დღე, როცა ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ ვაპირებდი მიმეტოვებინა ჩემი მაღალანაზღაურებადი სამსახური და შემექმნა კომპანია სახელად BodeTree. რამდენიმე თვეში ჩვენი პირველი შვილი დაიბადებოდა, მე კიდევ ვაპირებდი ჩვენი ცხოვრებიდან სტაბილურობა გამექრო. მაინც, რისკების მიუხედავად ორივემ ვიცოდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ჩემმა მეუღლემ სრულად დამიჭირა მხარი. იღბლიანი ვიყავი რადგან ჩემი flow-ს პოვნის შესაძლებლობა თავისით გამოჩნდა, მე კი საკმარისი ძალა და მხარდაჭერა აღმომაჩნდა, რომ ამ იღბლიანი მომენტით მესარგებლა. ბევრ ადამიანს არ შეუძლია ასეთი ნახტომის გაკეთება და ხელიდან უშვებს ცვლილების შესაძლებლობას.


ცხოვრება ქაოსური, რთული და კომპლექსურია. არაფერი კეთდება მარტივად და დროც იშვიათადაა შენს მხარეს. თუ იდეალურ მომენტს ელოდები ცვლილებებისთვის, წინ ვერასდროს წაიწევ. რისკზე წასვლას უნდა შეეგუო, თუ გინდა, რომ შენი იდეალური flow იპოვო. ეს შეიძლება რთული და საშიში საქმე იყოს, მაგრამ რისკი და ჯილდო ერთმანეთს შეესაბამება. შენი პირადი flow-ს პოვნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენი კარიერისთვის, არამედ ბედნიერი და დაბალანსებული ცხოვრებისთვის. ცხოვრება ხანმოკლეა ჩუმ სასოწარკვეთილებაში გასატარებლად, ასე რომ იყავი გულწრფელი შენს თავთან, ნუ იცხოვრებ ზედმეტი კომფორტით და ისწავლე გარისკვა. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ ბედნიერი იქნები.


ილია ძირკვაძე