ლურჯი ვერსია

ჩერი კლოსი: რეალობად ქცეული ამერიკული ოცნება

09 ნოემბერი 2022

15 წლის ასაკში, მისი ცხოვრების ტრიუმფამდე მრავალი წლით ადრე, ჩერი კლოსი მშობლების გარეშე დარჩა. დედ-მამა ერთმანეთს გაეყარა. დედამისი მძიმე ფსიქიკური დაავადების გამო კლინიკაში დააწვინეს. მამამ კი, კორეელმა ემიგრანტმა, სამუშაოდ სეულში დაბრუნება გადაწყვიტა.

__”კორეაში უნდა წამომყვე, თორემ მარტო დარჩები,” __ უთხრა ჩერის მამამისმა.
__”ესე იგი მარტო დავრჩები,” __ უპასუხა ჩერიმ, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

უდედმამოდ დარჩენილმა გოგომ მეგობრის სახლს შეაფარა თავი, მუშაობა ადგილობრივ საცხობში დაიწყო, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ვესტმონტის ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის სტიპენდია მოიპოვა. ბავშვობის მძიმე წლებთან შედარებით კოლეჯი ჩერისთვის საზაფხულო ბანაკივით მხიარული ადგილი იყო. კოლეჯის დასრულების შემდეგ მან ატლანტის უნივერსიტეტის საექთნო სკოლაში განაგრძო სწავლა და ანესთეზიოლოგიაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა. ამას ანესთეზიოლოგად მუშაობის ათი წელი მოჰყვა.

მაგრამ მოუსვენარი ხასიათი ჩერის მუდმივად ცვლილებებისკენ უბიძგებდა. 2006 წელი იყო, სატელევიზიო რეალითი შოუების ბუმი, როცა ერთ-ერთი ტელეარხის პროდიუსერი გაიცნო და გადაწყვიტა, რომ პროდიუსერობა ანესთეზიოლოგობაზე ბევრად უფრო საინტერესო საქმეა.

__ “ტელევიზიაში როგორ მოვხვდე?” __ იკითხა ჩერიმ.
__ ”საჭირო გამოცდილება თუ გაქვს?” __ დაინტერესდა პროდიუსერი.
__ “არა, მაგრამ ყველაფერს შევძლებ.” __ უპასუხა ქალმა.


ჩერიმ საწადელს მიაღწია: პროდიუსერის თანაშემწე გახდა და საინტერესო პერსონაჟების საძიებლად ამერიკის სამხრეთში მოგზაურობა დაიწყო. მალე საკუთარი მედია-კომპანია დააარსა და, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 38 შოუ გაყიდა: კენტუკელ მენავთობეებზე, ალაბამელ ოქროს მაძიებლებზე და სხვა უცნაურ, თავზეხელაღებულ ადამიანებზე.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩერიმ ანესთეზიოლოგის პროფესიაც შეინარჩუნა: დროგამოშვებით საკუთარ კოლეგებს ანაცვლებდა, რამაც მორიგი კარიერული ნახტომისკენ უბიძგა. ”თერთმეტ ადგილას ვმუშაობდი, საიდან არ მირეკავდნენ და მეც ჩემი სერტიფიკატებით სავსე საქაღალდით მივრბოდი პაციენტებთან,” __ იხსენებს ის. __ "ბოლოს იმდენი გამოტოვებული მეილი და ხმოვანი შეტყობინება დამიგროვდა, რომ ვიფიქრე, აუცილებლად უნდა არსებობდეს აპლიკაცია, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს: სამედიცინო ცენტრები მარტივად დაჯავშნიან ექთანს, ექთანი კი მარტივად იპოვის მოკლევადიან სამსახურს.”

“სატელევიზიო ბიზნესში ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის ბობოლა კომპანიებს ვუწევდი კონკურენციას. ტექნოლოგიურ სფეროში რატომ არ უნდა მეცადა ბედი? ” __ ჩერი ამ დროს 49 წლის მარტოხელა დედა იყო ორი შვილით და ორი პროფესიით. ბიზნესის სპეციფიკაში უკეთ გასარკვევად ონლაინ კურსებზე ჩაეწერა. __”უარეს შემთხვევაში ისევ ანესთეზიოლოგობას დავუბრუნდებოდი.”

მაგრამ 2017 წელს, როცა მისი ახალი კომპანია დაარსდა, ჩერის წარმოდგენაც არ ჰქონდა, წინ რა მოელოდა.

წინ კი გლობალური პანდემია იყო: სრული ქაოსი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები და სისტემის რადიკალური გარდაქმნა მოჰყვა. 2020 წელს, როცა ამერიკაში კოვიდის სამკურნალო უამრავი ცენტრი გაიხსნა, ექთნებზე მოთხოვნა ერთი ათად გაიზარდა. ამ მოთხოვნისთვის მზად არავინ იყო, ჩერის მიერ დაარსებული SnapNurse-ის გარდა.

მაგრამ SnapNurse-ს წარმატება დროებითი არ ყოფილა, პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიებისგან განსხვავებით, SnapNurse-მა პოსტ-კოვიდურ ამერიკაშიც დაიმკვიდრა თავი. კოვიდ-ჰოსპიტალიზაციის შემცირების შემდეგ, გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც გადავადებულ სამედიცინო პროცედურებს ელიან. ამასთან ერთად პანდემიამ ჯანდაცვის უამრავი მუშაკი გადაღალა და სამსახურის მიტოვება გადააწყვეტინა. გამოკითხვის თანახმად ამჟამინდელი ექთნების 30 პროცენტზე მეტი სამსახურის მიტოვებას აპირებს.

ექთნების დეფიციტი ამერიკაში სიახლე არ არის, გასული ათწლეულის განმავლობაში მრავალმა ფაქტორმა (მოსახლეობის და მედდების დაბერება, არაეფექტური საექთნო განათლება და სხვა…) განსაკუთრებით ქალაქგარე დასახლებებში, ექთნების მუდმივი დეფიციტი გამოიწვია.შესაბამისად, უფრო და უფრო იზრდება ისეთი ექთნების რაოდენობა, რომლებიც მოკლევადიან კონტრაქტებს დებენ და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ საშტატო დეფიციტს ავსებენ.

შედეგად 2018-დან 2021 წლამდე SnapNurse 150 000 პროცენტით გაიზარდა. დიახ, არ გეჩვენებათ __ 150 000 პროცენტით. 2020 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 3 მილიონიდან 88 მილიონამდე გაიზარდა. 2021 წელს კი __ 1.1 მილიარდამდე.

მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ SnapNurse-ს წარმატების ისტორიას. 2016 წელს, როცა სატელევიზიო კარიერის დასრულებას გეგმავდა, ჩერის სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის თავის ძველ ნაცნობს, ჯეფ რიჩარდსს დაუკავშირდა, რომელიც 19 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ატლანტას გრეიდის საავადმყოფოს ანესთეზიისა და ინტენსიური მედიცინის განყოფილებას და გადაღლილი იყო იმ სირთულეებით, რომელიც კვალიფიციური კადრების ძიების პროცესს ახლდა თან. __ „საშუალება არ მქონდა სწრაფად და მარტივად შემერჩია საჭირო კადრები,“ __ იხსენებს რიჩარდსი. __ „სხვადასხვა სააგენტოები ყოველდღიურად მიკავშირდებოდნენ და მთავაზობდნენ უამრავ რეზიუმეს, რომლებიც სრულიად შეუსაბამო იყო პირველი დონის ტრავმატოლოგიურ ცენტრში მუშაობასთან“.

რიჩარდსს ცოტა ხნის წინ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოეპოვებინა. მის სამაგისტრო ნაშრომში აღწერილი იყო ჯანდაცვის სფეროში დასაქმების ჰიპოთეზური აპლიკაცია. რიჩარდსისთვის ეს მხოლოდ აკადემიური სავარჯიშო იყო, მაგრამ ჩერიმ დაარწმუნა, რომ ჰიპოთეზურ აპლიკაციას რეალობად ქცევის კარგი შანსი ჰქონდა. ორივე კარგად იცნობდა სამედიცინო სფეროს: რიჩარდსი __ ადმინისტრატორის პოზიციას, ჩერი __ ექთნების საჭიროებებს. რიჩარდსმა სამსახური მიატოვა, თავისი პირადი დანაზოგი 100 000 დოლარი კომპანიაში ჩადო და ჩერისთან ერთად დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად გაუდგა გზას.

ეს არც ისე მარტივი საქმე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს კარგად იცნობდნენ, ჯეფს და ჩერის ანტრეპრენერობის გამოცდილება არ ჰქონდათ და ინვესტორები მათი დაფინანსებისგან თავს იკავებდნენ. ასე მივიდნენ დიონ დელუფამდე, ვისაც HR კომპანიების დაფინანსებაში დიდი გამოცდილება ჰქონდა. დელუფმა SnapNurse-ი დააფინანსა და კომპანიას IT დეპარტამენტის უფროსად ედმუნდ მარსიალის დანიშვნა ურჩია.

მარსიალმა SnapNurse-ის პროგრამული უზრუნველყოფა Uber-ის და Airbnb-ის მოდელზე ააწყო. ამან ექთნებს __ საკუთარი კვალიფიკაციის დადასტურება, მენეჯერებს კი საჭირო კადრების მოძიება გაუადვილა. ამ საქმეს რამდენიმე კვირიანი ძიება და არაერთი ადამიანის ჩართულობა ესაჭიროებოდა, SnapNurse-ის საშუალებით კი პრობლემის მოგვარება თითის ერთი დაწკაპუნებით გახდა შესაძლებელი. პლატფორმით სარგებლობა თავდაპირველად ატლანტას საავადმყოფოებმა დაიწყეს. კომპანია იზრდებოდა და 2018 წელს მისი შემოსავალი 775 000 დოლარს გაუტოლდა. 2019 წელს შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა, შემდეგ კი…

შემდეგ პანდემია დაიწყო. საავადმყოფოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დასჭირდათ ახალი ექთნები. იმის მიუხედავად, რომ SnapNurse-ის პლატფორმა თავდაპირველად ერთდღიან სამუშაოებზე იყო გათვლილი, პანდემიის გამო, კომპანიამ სტრატეგია შეცვალა და უფრო ხანგრძლივი, ხშირად რამდენიმე თვიანი კონტრაქტების გაფორმებაც დაიწყო. SnapNurse-ი სამედიცინო სფეროს საკადრო პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტა აღმოჩნდა. იმ დროისთვის, რამდენიმე კონკურენტი პლატფორმაც გაჩნდა, მაგრამ მარსიალის მიერ შექმნილი სისტემა იმდენად მოქნილი იყო, რომ ახალ კომპანიებს SnapNurse-თან კონკურენცია უჭირდათ.

SnapNurse-ში ამჟამად 350 000 ექთანია დარეგისტრირებული. მაგრამ ჩერი ამბობს, რომ კომპანია შეჩერებას არ აპირებს და კვლავ განაგრძობს ზრდას. “მე მუდამ რიცხვებს ვუყურებ. მინდა რომ ყველამ ბევრი ფული აკეთოს. სწორედ ამიტომ არის SnapNurse-ი საუკეთესო არჩევანი.”

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თხუთმეტი წლის ჩერი მამას კორეაში არ გაჰყვა და გადაწყვიტა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ყოფილიყო: “რადგან მშობლების გარეშე ვიზრდებოდი, ჩემთვის არავის არაფერი აუკრძალავს. როცა აკრძალვები არ არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.”