ლურჯი ვერსია

კანვას წარმატების ისტორია

13 ივლისი 2023

ყველას, ვისაც ფოტოშოპი გვჭირდება, მაგრამ ამ რთული პროგრამის შესასწავლად ნებისყოფა არ გვყოფნის, ხსნად პლატფორმა კანვა გვევლინება. ამ ვებგვერდის წყალობით უამრავი სახის გრაფიკული დიზაინის შექმნაა შესაძლებელი: დაწყებული ფეისბუქის პოსტერებით, ბუკლეტებით გაგრძელებული და მულტიმედია პრეზენტაციებით დასრულებული. აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ სხვა პროგრამაში.

კანვას შექმნას მელანი პერკინსს უნდა ვუმადლოდეთ, ვისაც ინვესტორების მხრიდან ნათქვამი არაერთი უარის შემდეგაც არ ჩაუქნევია ხელი საკუთარ იდეაზე.

იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა 19 წლის იყო და ავსტრალიის უნივერსიტეტში გრაფიკულ დიზაინს ასწავლიდა. გარდა იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის პროგრამების სწავლა ძვირი ღირდა, ამავდროულად რთული იყო, ყველა იმ ღილაკისა და კონფიგურაციის დამახსოვრება, რაც ჯადოსნური პოსტერების შექმნას სჭირდებოდა. ამიტომაც აზრად მოუვიდა, რომ კარგი იქნებოდა ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა უფრო იაფად და მარტივად შეექმნათ გრაფიკული დიზაინის პროგრამებში აწყობილი პოსტერების მსგავსი ნამუშევრები.


პატარა ნაბიჯებით დიდი მიზნისკენ


მელანიმ, თავის მომავალ მეუღლესთან, კლიფ ობრეხტთან ერთად, განახორციელა პროექტი "Fusion Books". ეს იყო ონლაინ დიზაინ სისტემა, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ შეექმნათ პროფილები და განეთავსებინათ სტატიები. შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად დაიბეჭდა და წლის ბოლოს ავსტრალიის სკოლებში დაიგზავნა. ამ პროდუქტით წყვილი თავიანთი დიდი იდეის შემოწმებას შეეცადა.

ბიზნესმა წარმატებას მალევე მიაღწია, რის შემდეგაც, კანვას განსახორციელებლად, მელანიმ ინვესტორებთან მოლაპარაკებები დაიწყო. არაერთი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მან ვენჩურული კაპიტალისტი, ლეგენდარული ბილ ტაისი გაიცნო, რომელმაც მელანი სან-ფრანცისკოში მიიწვია.

პერკინსი ინვესტორებთან მოლაპარაკებისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა, თუმცა აცნობიერებდა, რომ ინვესტორთა სამყაროში კავშირების დასამყარებლად სხვა უნარებიც სჭირდებოდა, მაგალითად, კეიტსერფინგის ცოდნა, რომლის გულშემატკივარიც ბილ ტაი იყო. ბიზნესმენი ხშირად მასპინძლობდა კეიტსერფინგისა და ინვესტორების ღონისძიებებს მაიტაიში, სადაც ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებს ერთ სივრცეში კრებდა. მელანიმაც შეძლო ამ სპორტის სახეობის ათვისება და კონფერენციაზე მოხვედრა.

დაფინანსების მოპოვების რიგში დიდხანს დგომა და ინვესტორთა მაგიდასთან ადგილის დაკავებამდე დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია.

„თუ ფეხი კარში შედგი, ბოლომდე უნდა შეხვიდე “ – ამბობს მელანი.


საუკეთესო გუნდი


დარწმუნების უნარის წყალობით კანვამ მალევე მიიპყრო ინვესტორების ყურადღება. ინვესტიციების მოზიდვისთანავე, მელანიმ გაიაზრა, რომ ოცნების პროექტის მე-2 ფაზის დაწყების – გუნდის შეკრების დრო მოვიდა.


მანამდე გაბმული კავშირების დახმარებით მელანიმ ტექნიკური თანადამფუძნებლის პოზიციაზე კამერონ ადამსი მოიწვია, ტექნიკური დეველოპერად კი დეივ ჰერნდენი დანიშნა.


კანვასს გუნდი ახლა 2000-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება და კვლავ აგრძელებს ზრდას. კანვა აფართოებს ახალ ბაზრებს ჩინეთში, დუბაისა და ფილიპინებში.



სტაბილური ზრდა


პლატფორმა საბოლოოდ 2013 წლის აგვისტოში გაეშვა. რის შემდეგაც, რამდენიმე ტექნიკურ ბლოგზე განთავსდა მიმოხილვა, სადაც წერდნენ, რომ პროდუქტმა მომხმარებელთა იმედები ვერ გაამართლა.
ადამსი და მისი ტექნიკური გუნდი, რომლებმაც პლატფორმის გაშვებისას ღამე გაათენეს, შეფასებებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ, მაგრამ განაგრძობდნენ მუშაობას. მათმა ძალისხმევამ მალევე გამოიღო შედეგი.


კანვაზე პირველივე თვეში, 50,000 მომხმარებელი დარეგისტრირდა. 2014 წლისთვის ვებგვერდს ჰყავდა 600 000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელმაც 3,5 მილიონზე მეტი დიზაინი შექმნა.


დღეს კანვა შეფასებულია $40 მილიარდად და ყოველთვიურად ჰყავს 60 მილიონზე მეტი მომხმარებელი, მსოფლიოს 190 ქვეყნიდან. დღესდღეობით კანვაზე შექმნილია 7 მილიარდზე მეტი დიზაინი, 100-ზე მეტ ენაზე. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა 2000-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის წყალობით.


ფინანსური მდგრადობა


მიუხედავად იმისა, რომ მელანისა და ობრეხტის ქონება 700 მილიონ დოლარზე მეტია, უპირატესობას ანიჭებენ ბიუჯეტურ მოგზაურობებს და უარს ამბობენ კერძო თვითმფრინავებზე. ცოტა ხნის წინ, ობრეხტმა მელანის 30-დოლარიანი ნიშნობის ბეჭდით ცოლობა თურქეთში, ზურგჩანთით მოგზაურობისას სთხოვა.


მიუხედავად იმისა, რომ კანვას 200%-იანი ზრდა აქვს, ახალი ინვესტიციების ძიებას არ წყვეტს.. მელანი ამას თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგების აუცილებლობითა და კანვასთვის საჭირო დამატებითი პროდუქტების შეძენის საჭიროებით ხსნის . მაგალითად კანვამ ახლახან შეიძინა Pixabay და Pexels, სურათების გაზიარების საიტები, რათა უფრო მეტი რესურსი შესთავაზოს მომხმარებელს.



კანვას დისტანციურად მუშაობის სისტემა


როგორც ყველა პასუხისმგებლობიანი ორგანიზაცია, პანდემიის პერიოდში, Canva-ს გუნდიც სახლიდან მუშაობაზე გადავიდა. დამატებითი კომფორტისა თუ მოტივაციისთვის კომპანიამ არაერთი სერვისი დანერგა.


შეიქმნა სპეციალური Canva Vibe გუნდი, რათა შეენარჩუნებინა ის კორპორაციული კულტურა, რომელსაც ადამიანები ოფისში ყოფნისას მიეჩვივნენ. ყოველი 25 თანამშრომლისთვის გამოიყო ერთი ადამიანი, რომლის ერთადერთი მიზანი ხალხის შთაგონება და მიკუთვნებულობის გრძნობის ჩამოყალიბება იყო.


კანვა რეგულარულად აზიარებდა რჩევებს სახლიდან მუშაობის შესახებ. ასევე შეიმუშავა "Canva Remote Working Toolkit", რომელსაც აქვს მრავალი რესურსი, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე გუნდებისთვის
კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი, რომელიც კანვამ გუნდის მოტივაციისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად გადადგა, არის პოდკასტი, რომელსაც კანვას ყველაზე შთამაგონებელი გუნდის წევრები უძღვებიან.


კანვას ვირტუალური ასისტენტები


მცირე და დამწყებ სტარტაპებს Canva ვირტუალურ ასისტენტებს სთავაზობს, რომლებიც გამორჩეულ გრაფიკულ დიზაინებს უმოკლეს დროში, ბიუჯეტურ ფასად ამზადებენ. ამით კომპანიები ზოგავენ ფინანსებს, როგორც ადამიანური რესურსის, ისე ტექნიკის კუთხით.


კანვას მომავალი


”როგორც ლიდერი, ვგრძნობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის ხედვისა და მიზნების დასახვა და გუნდის სხვა წევრების შთაგონება, რომ დიდი და გიჟური ოცნებები დაისახონ.“, - ამბობს მელანი პერკინსი.


2019 წელს, კანვამ მოიზიდა 85 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელსაც Mary Meeker's Bond Capital-ი ხელმძღვანელობდა და რომელმაც Canva 3,2 მილიარდ დოლარად შეაფასა.


კანვას ბიბლიოთეკაში 800 000-ზე მეტი შაბლონი და 100 მილიონი ფოტო, ილუსტრაცია და შრიფტია. ყოველ წამში ემატება 120 ახალი დიზაინი და დღემდე Canva-ში 7 მილიარდზე მეტი დიზაინი იქმნება. მოკლედ რომ ვთქვათ, კანვას მომავალი ნათელ ფერებითაა მოხატული.

მარიამ ელიაშვილი