ლურჯი ვერსია

ხელოვნური ინტელექტის პარადოქსი: რატომ იზრდება მოთხოვნა ადამიანურ უნარებზე

12 თებერვალი 2025

1990-იან წლებში ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ ძირეულად შეცვალა შრომის არსი და მისი გააზრება, დღეს მსგავს ცვლილებებს ხელოვნური ინტელექტის განვითარება იწვევს. მართალია, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ ცვლილებებს, მაგრამ ეს უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ თავიდან გავიაზროთ შრომის არსი და მისი უფრო ეფექტიანად შესრულების გზები. როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზა განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაა.

დასაქმებულებმა საკუთარი სამუშაო უნდა აღიქვან დავალებების ერთობლიობად და გაითვალისწინონ, რომ ეს დავალებები მუდმივად შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად. მათ უნდა გამოარჩიონ სამი ტიპის დავალება: პირველი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ასრულებს; მეორე, სადაც ის მხოლოდ აუმჯობესებს შრომის ნაყოფიერებას; და მესამე, რაც მოითხოვს ადამიანის განსაკუთრებულ უნარებს. ეს დაყოფა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ, რომელი უნარ-ჩვევების განვითარებაში ღირს დროისა და ენერგიის დახარჯვა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები 2015 წლიდან დღემდე 25 პროცენტით შეიცვალა. ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ცვლილება მინიმუმ 65 პროცენტს მიაღწევს. საქმე ეხება არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს. ექსპერტების შეფასებით, ჩვენი ყველაზე უფრო ძლიერი უნარები - პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა, სტრატეგიული აზროვნება და დროის მართვა - კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ფართოდ დანერგვასთან ერთად.

დამსაქმებლების შემთხვევაში კი აშკარაა - ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას. ადამიანები სულ უფრო და უფრო სწრაფად ითვისებენ ახალ, საჭირო და მოთხოვნად უნარ-ჩვევებს. იმ დასაქმებულთა რიცხვი, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა შეუძლიათ, წელს ცხრაჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. ადამიანებს სურთ პრაქტიკაში გამოიყენონ ახლად შეძენილი უნარები: ბოლო ორი წლის განმავლობაში LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ იმ ვაკანსიებზე, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტი ფიგურირებს, განაცხადების რაოდენობა 17 პროცენტით აღემატება იმ ვაკანსიებს, რომლებშიც ტექნოლოგიები ნახსენები არ არის. ლიდერები, რომლებიც კადრების შერჩევისას მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომებს კი არ ეყრდნობიან, არამედ რეალურ უნარ-ჩვევებს აქცევენ ყურადღებას, უკეთ შეძლებენ ცვლილებების სასიკეთოდ გამოყენებას.

იგივე ეხება ტალანტების განვითარებას. მომავალში უფრო ხშირად ვნახავთ, როგორ იღებენ დამსაქმებლები მენტორის როლს და ზრუნავენ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე სტაჟირებების, ლექციებისა და ტრენინგების საშუალებით. ეს კი ადამიანებს ახალ პროფესიებში დამკვიდრებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. აუცილებელია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას თან სდევდეს ჩვენი უნარების დახვეწა. მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში დამსაქმებელთა 92 პროცენტს მიაჩნია, რომ ადამიანების უნიკალური უნარები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ხელოვნური ინტელექტის გავრცელებასთან ერთად, შრომის ბაზარზე ახალი ეპოქა იწყება, სადაც კარიერული წინსვლისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ადამიანური უნარები - პრობლემების გადაჭრა, თანაგრძნობა და აქტიური მოსმენა. ამავდროულად, კომპანიების წარმატებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს თანამშრომლების ეფექტიანი გუნდური მუშაობა. დამსაქმებლებმა და თანამშრომლებმა ხელოვნური ინტელექტი უნდა მიიღონ, როგორც კიდევ ერთი სასარგებლო ინსტრუმენტი თავიანთ პროფესიულ არსენალში. ეს ტექნოლოგია ადამიანებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ დაგვეხმარება საქმის უფრო ეფექტიანად შესრულებაში და მოგვცემს საშუალებას, მეტი დრო დავუთმოთ სამუშაოს უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტებს. პროგრამისტს შეუძლია ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს რუტინული დავალებების შესასრულებლად, მაგალითად, კოდში შეცდომების გამოსასწორებლად, რაც მეტ დროს დაუტოვებს უფრო არსებით საკითხებზე ფიქრისთვის. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვაკანსიის ტექსტის შედგენა, რაც დროს დაუზოგავს და საშუალებას მისცემს, მეტი ყურადღება დაუთმოს კადრების შერჩევის უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს, მაგალითად, კანდიდატებთან გასაუბრებას.

დამსაქმებლებმა უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის მუდმივად განვითარებადი შესაძლებლობები და დაეხმარონ თანამშრომლებს ახალი უნარების შეძენასა და პროფესიულ ზრდაში. ეს კი მოგვცემს ისეთ მომავალს, სადაც შრომის ბაზარი უფრო მეტად იქნება მორგებული ადამიანების საჭიროებებზე.