ლურჯი ვერსია

ხუთი ნაბიჯი კრეატიული იდეებისკენ

03 აგვისტო 2022

შესანიშნავი იდეების უკან ხშირად მსგავსი შემოქმედებითი პროცესი დგას. ეს სტატია სწორედ ამ პროცესს ეხება. შემოქმედებითი აზროვნება მხოლოდ მხატვრებისთვის, ან მეცნიერებისთვის როდია საჭირო. ის თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნარია. პრობლემები, რომელსაც ცხოვრებაში, სახლში, ან სამსახურში ვაწყდებით და ხშირად დაუძლეველი გეჩვენება, ჩვენს შემოქმედებით აზროვნებას და კრეატიულ პასუხებს ითხოვს.


ამ ხუთი ნაბიჯის დახმარებით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი კრეატიული უნარები განავითაროს. შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავება ადვილი საქმე არ არის და ჩვენგან გამბედაობას და დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა ეს ხუთი ნაბიჯი ბევრად უფრო გაგიმარტივებთ საქმეს.


სანამ ხუთი ნაბიჯის მეთოდს ავხსნი, ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.


1870-იან წლებში გაზეთები და სტამბები განსაკუთრებულ და ძვირადღირებულ პრობლემას წააწყდნენ. ფოტოგრაფია მაშინ ჯერ კიდევ ახალი გამოგონება იყო. ხალხი ჭკუას კარგავდა ფოტოებზე, მკითხველებს გაზეთებში მეტი და მეტი სურათის ნახვა სურდათ, მაგრამ არავინ იცოდა, როგორ დაებეჭდა სურათები სწრაფად და იაფად.
თუ გაზეთის რედაქტორს ახალი ნომრის ფოტოსურათით გაფორმება სურდა, საამისოდ გრავიორი უნდა მოეწვია, რომელიც ფოტოს ასლს ფოლადის ფირფიტაზე კვეთდა. ფოტოსურათების საგაზეთო გვერდებზე გადასატანად სტამბები სწორედ ამ ფირფიტებს იყენებდნენ, მაგრამ ფირფიტები არც ისე გამძლე იყო და ხშირად რამდენიმე გამოყენების შემდეგ ტყდებოდა. როგორც ხვდებით, გრავირება გაზეთებისთვის საკმაოდ ძვირი და შრომატევადი პროცესი იყო.


კაცს, რომელმაც ეს პრობლემა გადაჭრა, ფრედერიკ ევგენი აივსი ერქვა. აივსი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი გახდა და 70-ზე მეტი პატენტი აიღო. მისი ამბავი შემოქმედებითი პროცესის 5 საფეხურის თვალსაჩინო მაგალითია.


აივსმა მუშაობა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სტამბაში დაიწყო. ორი წელი სწავლობდა ბეჭდვის პროცესს და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტის ფოტოგრაფიულ ლაბორატორიას ჩაუდგა სათავეში. ის წლობით იკვლევდა ფოტოგრაფიის ახლებურ ტექნიკებს და ექსპერიმენტებს ატარებდა, სწავლობდა კამერებს, საბეჭდ მოწყობილობებს და ოპტიკის კანონებს.


1881 წელს აივსს გონება გაუნათდა და ფოტოსურათების ახლებური ბეჭდვის მეთოდი მოაფიქრდა.

“ფოტო ლაბორატორიაში მუშაობისას ნახევარტონური გამოსახულების მიღების მეთოდს ვეძებდი,” __ წერს აივსი. __”ერთ ღამეს, ამ საკითხზე ჩაფიქრებულს ჩამეძინა, ისე რომ არანაირი პასუხი არ მქონდა და დილით, როცა გავიღვიძე, მთელი პროცესი და მისთვის საჭირო აღჭურვილობა უკვე თვალწინ მედგა.”
აივსმა საკუთარი იდეა მალე განახორციელა და 1881 წელს ფოტოსურათების ბეჭდვის ახალი მეთოდი დააპატენტა. შემდგომი წლები მან პროცესის დახვეწას დაუთმო და 1885 წელს ბეჭდვის უფრო მარტივი და ეფექტური ტექნიკა შეიმუშავა. აივსის გამოგონება, რომელმაც ფოტუსურათების ბეჭდვა თხუთმეტჯერ გააიაფა, შემდეგი 80 წლის განმავლობაში ფოტოების ბეჭდვის სტანდარტული ტექნიკა იყო.


1940 წელს სარეკლამო აგენტმა ჯეიმს ვებ იანგმა გამოაქვეყნა მოკლე სახელმძღვანელო, სახელად “ახალი იდეების მოფიქრების ტექნიკა”. ამ სახელმძღვანელოში იანგმა მარტივად და არსებითად აღწერა კრეატიული იდეების შექმნის პროცესი.


იანგის თანახმად, ინოვაციური იდეები მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები ძველი ელემენტების ახლებურ კომბინაციებს აღმოაჩენენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრეატიული აზროვნება ცარიელი ფურცლიდან არ იწყება: ის ძველ, უკვე არსებულ, იდეებისა და გამოცდილებების ახლებურად შეზავების ნიჭია.


რაც მთავარია, ახალი კომბინაციების შექმნის შესაძლებლობა სხვადასხვა საგნებს შორის კავშირების დანახვის უნარზეა დამოკიდებული. თუ შეგიძლიათ ორ ძველ იდეას შორის არსებული ახალი კავშირი იპოვოთ, ესე იგი ახალი იდეა შექმენით.


იანგის თანახმად ამ კავშირების ძიების პროცესი ყოველთვის ერთი და იმავე ხუთი ნაბიჯისგან შედგება:


  1. 1. ახალი მასალის შეგროვება. პირველი ნაბიჯი საკითხის საფუძვლიანად შესწავლაა. ამ ეტაპზე ყურადღებას ამახვილებთ 1) კონკრეტულ მასალაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს დავალებასთან და 2) ზოგადი მასალაზე, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს თქვენს შესასწავლ საკითხთან, მაგრამ გაინტერესებთ და ინსპირაციით გავსებთ.
  2. 2. შესწავლილი მასალის გააზრება. დაფიქრდით ახალ ცოდნაზე, შეეცადეთ ფაქტებს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ და შეამოწმეთ რამდენად ერგება ერთმანეთს სხვადასხვა იდეები.
  3. 3. შესვენება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. მას შემდეგ, რაც ცოდნას დააგროვებთ და საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედავთ, შეწყვიტეთ მასზე ფიქრი და რაიმე გასართობს დაუთმეთ დრო. ისეირნეთ, საინტერესო ფილმს უყურეთ, მეგობრებთან გაატარეთ დრო.
  4. 4. იდეა თავად მოგაკითხავთ. რაღაც მომენტში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე ფიქრს შეწყვეტთ, ახალი იდეა გაგინათებთ გონებას.
  5. 5. დახვეწა და განვითარება. განავითარეთ თქვენი იდეა. მოუყევით თქვენი ის სხვებს, მოუსმინეთ მათ კრიტიკას და საჭიროების მიხედვით შეცვალეთ დეტალები.


ფრედერიკ ევგენი აივსის შემოქმედებითი პროცესი ამ ხუთნაბიჯიანი მეთოდის თვალსაჩინო მაგალითია.


პირველ რიგში, აივსმა ცოდნა დააგროვა. მან ორი წელი გაატარა სტამბაში და ოთხი წელი მართავდა ფოტოგრაფიულ ლაბორატორიას. ამ გამოცდილებამ აივსს ბევრი მასალა მისცა, ფოტოგრაფიასა და ბეჭდვას შორის არსებული ახალი კავშირების აღმოსაჩენად.


შემდეგ აივსმა დაგროვილი ცოდნის გადამუშავება დაიწყო. 1878 წლიდან ის თითქმის მთელ თავის დროს სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებას ახმარდა. ამ ექსპერიმენტების უმეტესობა შესაძლოა წარუმატებელი იყო, თუმცა მომავალი აღმოჩენისთვის ამზადებდა ნიადაგს.


მისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა კი აივსს მუშაობის ნაცვლად ძილში ეწვია. მისმა გონებამ სწორი პასუხი მაშინ იპოვა, როცა ყველაზე ნაკლებად ეძებდა მას.


და ბოლოს, აივსი არც ამის შემდეგ შეჩერებულა და კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ხვეწდა საკუთარ იდეას. თანდათან საკუთარი გამოგონება ისე გააუმჯობესა, რომ ოთხი წლის შემდეგ, ახალი პატენტის აღება მოუწია. ეს იდეებზე მუშაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ხშირად შეუმჩნეველი რჩება. თქვენი იდეის თავდაპირველი ვერსიის თავდავიწყებით შეყვარება ადვილია, მაგრამ დიდი იდეები ის იდეებია, რომლებიც იცვლებიან და ვითარდებიან.

ავტორი: ჯეიმს კლერი