ლურჯი ვერსია

კითხვები რომლებიც ლიდერებად გვაქცევენ

01 აპრილი 2024

ბევრი ადამიანი ოცნებობს ლიდერობაზე ისეთი მიზეზების გამო, როგორებიცაა სტატუსი, დიდება ან ფული, თუმცა იმისათვის, რომ ლიდერმა წარმატებას მიაღწიოს, აუცილებელია, რომ პირადი ამბიციების გარდა, სხვა, უფრო დიდი მიზნები ამოძრავებდეს. ლიდერობის სურვილის რეალური მიზეზის გასარკვევად და მიზნების საძიებლად კი კითხვების დასმაა საჭირო - თუ რა კითხვებზეა საუბარი, ამას სტატიაში მოგიყვებით.

სუზან ქეინმა, წიგნების Quiet და Bittersweet-ის ავტორმა, New York Times-ისთვის დაწერილ ესეში აღნიშნა, რომ როგორც უნივერსიტეტები, ასევე სტუდენტები ლიდერობას ხშირად ზერელედ უყურებენ. ისინი მიღწევებს და ტიტულებს მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე საქმის ცოდნასა და სიყვარულს. ქეინი ამბობს, რომ სამყაროს სჭირდება ლიდერები, რომელთაც არა პირადი ამბიციები, არამედ ღირებული იდეები ამოძრავებთ და გვთავაზობს ასეთ კითხვას: რა მოხდება, თუ ლიდერები შეირჩევიან არა სტატუსის მიღების სურვილის, არამედ საქმისადმი მათი ერთგულების საფუძველზე?

იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი რეალური მოტივაცია, ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ორი კითხვა დაუსვათ: რატომ მინდა ლიდერობა? და რატომ შეიძლება უნდოდეთ სხვებს, რომ მათი ხელმძღვანელი ვიყო?

პირველი კითხვის პასუხი, შესაძლოა, მეორე კითხვის პასუხიც აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ დირექტორს სკოლის ხელმძღვანელობა იმიტომ სურს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესების მკაფიო ხედვა აქვს, ამ შემთხვევაში, ლოგიკურია, თუ ის სხვებსაც ენდომებათ ლიდერად. თუმცა თუ დირექტორი იტყოდა: „ამდენი წლის შემდეგ უფლება მაქვს დირექტორი ვიყო“, მეორე კითხვა უპასუხოდ დარჩება.

როდესაც საკუთარ თავს ჰკითხავთ, თუ რატომ უნდა აგირჩიონ ლიდერად, გაიხსენეთ ისიც, რომ ლიდერობა გუნდური სპორტია. თქვენ ჩართული უნდა იყოთ თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობაში, უნდა გქონდეთ მოსმენისა და კომუნიკაციის ეფექტური უნარები და ზრუნავდეთ თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე. გარდა ამისა, უნდა გქონდეთ თვისება, რომელიც არც ისე პოპულარულია ლიდერთა საზოგადოებაში - თავმდაბლობა.

ცნობილი ფსიქოლოგი, ტომას ჩამორო-პრემიუზიჩი, რომელიც ორგანიზაციულ კულტურას შეისწავლის, თავის ესეში „რატომ ხდება ამდენი არაკომპეტენტური მამაკაცი ლიდერი?“ წერს, რომ წარსულში ადამიანები ხშირად ირჩევდნენ ეგოცენტრულ, ზედმეტად თავდაჯერებულ და ნარცისული თვისებების მქონე პიროვნებებს ლიდერებად. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ თავდაჯერებულობა გაიგივებული იყო პროფესიონალიზმთან.

კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციული პრობლემების მიზეზი ხშირად ზედმეტად თავდაჯერებული ლიდერების ქცევაა, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი მათ კონტროლს ექვემდებარებოდეს, ხშირად ადანაშაულებენ სხვებს, ბრაზდებიან, როდესაც არ იზიარებენ მათ შეხედულებებს, უგულებელყოფენ წესებს და შეპყრობილნი არიან თვითგანდიდების მანიით. ქცევის ეს მოდელი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით პროდუქტიული, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს უტყუარი ბილეთია წარუმატებლობისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გუნდურობა, ახალი იდეების გენერირება და თანამშრომლებისთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა.

რაც შეეხება თავდაჯერებულობას, მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ ბალანსი საკუთარი თავის რწმენასა და თავმდაბლობას შორის. აუცილებელია, რომ თქვენი იდეები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ, მოუსმინოთ გუნდის წევრებს და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნოთ მათი დამსახურებები. „უნდა ვაღიარო, რომ, შესაძლოა, პასუხი არ მქონდეს ყველა კითხვაზე, თუმცა ამავდროულად, მჯერა რომ შემიძლია ყველას დავეხმარო პასუხების პოვნაში“, - ამბობდა Campbell Soup Company-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და მწერალი, დუგლას კონაკტი. ამ ფრაზაში მკაფიოდ ჩანს ზღვარი თავდაჯერებულობასა და მოჩვენებით ყოვლისმცოდნეობას შორის.

როდესაც ლიდერობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობასაც. Steelcase-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ჰეკეტი იხსენებს, რომ როდესაც კომპანიაში ეს საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა, არ იცოდა, რა შედიოდა მის მოვალეობაში და რას მოელოდნენ სხვები მისგან. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ლიდერის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეს ორგანიზაციის განვითარების მკაფიო ხედვა, რომლისკენ მიმავალი გზაც ზუსტად ეცოდინება. ჰეკეტის აზრით, ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ადამიანების პრობლემა ისაა, რომ არ სვამენ საკმარის კითხვებს და შესაბამისად, ვერ მიდიან სწორ პასუხებამდე. ჰეკეტს აწუხებდა ის ფაქტიც, რომ ყველა ორიენტირებული იყო საქმის სწრაფად და არა ხარისხიანად შესრულებაზე და ამ საკითხის შეცვლა დაისახა მიზნად, რადგან სჯეროდა, რომ წარმატებული ბიზნესის გასაღები კითხვების დასმისა და პასუხების ძიების პროცესი იყო. სწორედ ამიტომ, ის Steelcase-ის თანამშრომლებს კრიტიკულად აზროვნებას ასწავლიდა და ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვების დასმა გადაწყვეტილების მიღებამდე.

და მაინც რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, სანამ ლიდერობას ვიტვირთებთ? იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბიზნესი ინდივიდუალური გამოწვევების წინაშე დგას, ბუნებრივია, ვერც კითხვები იქნება უნივერსალური. ზოგადი კითხვებით დაიწყეთ: რატომ მინდა ლიდერობა? და რატომ უნდათ სხვებს, რომ მათი ხელმძღვანელი ვიყო? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი დასვით მთავარი კითხვა, რომელიც ყველა ბიზნესისთვის საერთოა - რა არის კომპანიის მთავარი მიზანი და როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ გეგმას?

სოფო არდაზიშვილი