ლურჯი ვერსია

კრეატიულობა სამუშაო სივრცეში

11 სექტემბერი 2025

სტარტაპული ცხოვრების თითოეული დღე დაუცხრომელი ფუსფუსითა და ახალი საფიქრალით არის სავსე – ასეთ გარემოში გამჭრიახობას, კრეატიულობასა და ინოვაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო გარემო, სადაც შემოქმედებითი აზროვნება, განსჯა და არაორდინალური ხედვა წახალისებული იქნება? ამ კითხვაზე პასუხად, ჩვენ ცნობილი მეწარმეების, აღმასრულებელი დირექტორებისა და დამფუძნებლების გამოცდილება შევისწავლეთ. წინამდებარე სტატიაში მათ მიერ შემუშავებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს გაგიზიარებთ.



მაგალითის მიცემა


როგორც ადამიანს, რომელიც კრეატიულობასა და ინოვაციებს გულშემატკივრობს, მჯერა, რომ ეს ღირებულებები ჩემს სტარტაპ გუნდში არამხოლოდ უნდა იქადაგებოდეს, არამედ პრაქტიკაშიც ხორციელდებოდეს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ შეუძლებელია სხვებისგან მოითხოვო შემოქმედებითი აზროვნება, თუ თავად არ იძლევი ამის მაგალითს. ვცდილობთ, ყოველდღიურ გამოწვევებს გონების სიმახვილითა და არაორდინალური აზროვნებით გავუმკლავდეთ.

კრეატიულობა და ინოვაცია ჩვენთვის მხოლოდ მოდური სიტყვები არ არის; ისინი ჩვენს დნმ-შია ჩაქსოვილი. მაგალითის მიცემით, საკუთარ თანამშრომლებს შთავაგონებთ, არ შეუშინდნენ ცვლილებებს და კომპანია წინ წასწიონ.


ენდრიუ ბერი
აღმასრულებელი დირექტორი, Curious Lion



თავისუფალი სივრცე კითხვებისთვის



თქვენ უნდა შექმნათ სივრცე, სადაც არავის ეშინია შეცდომების დაშვებისა და “სულელური” კითხვების დასმის. შეუძლებელია დანერგოთ ინოვაციები, ჩავარდნებისა და არაადეკვატურობის გარეშე. შექმენით თამაშები და რიტუალები, რომლებიც წაახალისებს არაორდინალურ აზროვნებას, უცნაურ იდეებს, „პირველი პრინციპების“ აზროვნებასა (First-principles thinking) და მოულოდნელ, ერთი შეხედვით უაზრო კითხვებსაც კი.

კრისტინა იმრე
დამფუძნებელი, Tech Leadership Lab & Quantum Wins Consultant, Tech Leadership Lab



კრეატიული სესიები



მე რეგულარულად ვატარებ შემოქმედებით ვარჯიშებს: თამაშებსა და აქტივობებს, რომლებიც კრეატიული აზროვნების წახალისებას ემსახურება.

ამ ღონისძიებებში გუნდის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული. თამაშები, იდეების გენერირების სესიები ან პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული აქტივობები გუნდის წევრებს არასტანდარტული აზროვნებისა და საზრიანობისკენ უბიძგებს.

“ქეისების გადაწყვეტის” თამაშებზე გუნდის წევრებს წარვუდგენ რეალურ ან ჰიპოთეზურ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი სტარტაპის მიზნებსა თუ ინდუსტრიას უკავშირდება. მათ უწევთ, იპოვონ გამოსავალი, მოიფიქრონ ინოვაციური გადაწყვეტები ან სტრატეგიები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ასეთი სესიები რაც შეიძლება ლაღი და სახალისო უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ამ შეხვედრებს მკაფიო გავლენა ჰქონდეს გუნდის მუშაობაზე. მსგავსი ღონისძიებებით, თქვენ შეძლებთ გააძლიეროთ თქვენი გუნდის წევრები, გააღვივოთ მათში შემოქმედებითი აზროვნება და წაახალისოთ ინოვაციური იდეების გენერირება.


ანდრე ოენტორო
დამფუძნებელი, Breadnbeyond




ცოდნა და გამბედაობა



წარმატებას ორი კომპონენტი აქვს: ცოდნა და გამბედაობა. თუ გაქვთ ცოდნა, მაგრამ გამბედაობა გაკლიათ, თქვენ ძალიან კარგად გეცოდინებათ თქვენი სფერო, თუმცა ვერ შეძლებთ გაკვალული გზიდან გადახვევას და ინოვაციის დანერგვას.ასე რობოტებიც იქცევიან.

თუ გაქვთ გამბედაობა, მაგრამ ცოდნაში მოიკოჭლებთ, თქვენი იდეები უადგილო და უვარგისი იქნება. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა ცოდნასაც ფლობთ და არც გამბედაობა გაკლიათ.

ამიტომ, წაახალისეთ თქვენი გუნდის წევრები, რომ ისწავლონ და მიიღონ რაც შეიძლება ღრმა ცოდნა კომპანიის საქმიანობის სფეროზე. მაგრამ ასევე დარწმუნდით, რომ ისინი სხვის მიერ გაკვალული გზებით სიარულს არ ეჩვევიან და ცდილობენ, მუდმივად დანერგონ სიახლეები. წარმატებას მხოლოდ კარგად განსწავლული მეამბოხეები აღწევენ.


დაგ ფლაშე
თანადამფუძნებელი და პროფესორი, Codific





ღია დიალოგი და იდეების გენერირება



ჩემს გუნდში კრეატიულობისა და ინოვაციების ხელშეწყობა ნამდვილი თავგადასავალი იყო: სავსე ძიებითა და აღმოჩენებით. კომპანიის წარმატებას ყველაზე მეტად ღია დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურის შექმნამ შეუწყო ხელი. შევქმენით სივრცე, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო იდეების თავისუფლად გამოხატვა და ექსპერიმენტირება და ამან შესანიშნავი აღმოჩენები მოიტანა.

ბრეინშტორმინგის რეგულარული შეხვედრების დანერგვა ძვირფას ინსტრუმენტად იქცა ჩვენთვის. ეს სესიები გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და შემოქმედებითი ნაპერწკალი გაუღვივონ ერთიმეორეს. ჩვენი სესიები ეძღვნებოდა, როგორც კონკრეტული პრობლემის მოგვარებას, ასევე ახალი პროდუქტის იდეების განხილვას და თვალნათლივ ზრდიდა ჩვენი გუნდის კოლექტიურ შემოქმედებითობას.

მკაფიოდ დავინახეთ, როგორ განვითარდნენ გუნდის წევრები და როგორ აყვავდა ჩვენი ბიზნესი და ამის მიზეზი შემოქმედებითობის დაფასება და ინოვაციების ხელშეწყობა იყო. საქმე მხოლოდ გარდამტეხი იდეების მოფიქრება არ არის; ეს არის იმ გარემოს შექმნა, რომელშიც გუნდის თითოეული წევრი აცნობიერებს საკუთარ უნიკალურობას და მნიშვნელობას. ასე რომ, თუ გსურთ თქვენს სტარტაპ გუნდში კრეატიულობა და ინოვაციები წაახალისოთ, პრიორიტეტად აქციეთ ღია დიალოგი, თანამშრომლობა და ბრეინშტორმინგის რეგულარული სესიები - ასე უფრო სრულად გამოავლენთ თქვენი გუნდის პოტენციალს.

მეტ ლითლი
დირექტორი და მეწარმე, Festoon House




ავტონომია და საკუთრების გრძნობა



ჩემი ლიდერული ფილოსოფიის ქვაკუთხედი გუნდის თითოეული წევრის გაძლიერება და საკუთრების გრძნობის წახალისებაა. მტკიცედ მჯერა, რომ შემოქმედებითი ადამიანები მაშინ ვითარდებიან, როცა საკმარისი დამოუკიდებლობა აქვთ: შეუძლიათ ზემდგომის ჩაურევლად აკონტროლონ პროცესები, მიიღონ გარდამტეხი გადაწყვეტილებები და იამაყონ პირადი მიღწევებით. ეს რწმენა იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნაში მეხმარება, სადაც თითოეული ადამიანი, კონტრაქტორი ან პროექტზე ორიენტირებული გუნდი თავს დაფასებულად, ანგარიშგასაწევად და სანდოდ გრძნობს; მათი ავტონომია ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მე ვერიდები მიკრომენეჯმენტს, რადგან მიმაჩნია, რომ ის კონტრპროდუქტიულია შემოქმედებითი პროცესისთვის. ამის ნაცვლად, ვცდილობ ისეთი ინდივიდებისგან შევქმნა გუნდი, რომელთა მუშაობითა და დიზაინის ფილოსოფიით აღფრთოვანებული ვარ. ასეთი გუნდის მიერ გაკეთებული პროექტები შეხედულებების, ცოდნისა და კრეატიულობის ფართო სპექტრით გამოირჩევა და ხშირად აჭარბებს ჩვენს საუკეთესო მოლოდინებს.

არ მეშინია, დავიქირაო ჩემზე ჭკვიანი ადამიანი. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტრატეგია; ეს არის სრულყოფილებისა და ინოვაციების ერთგულება. ჩემზე ჭკვიანი თანაგუნდელების შემოკრებით, უზრუნველვყოფ, რომ მუდმივად ვითარდებით, ვსწავლობთ და ერთად ვაღწევთ დიდებას. ეს ფილოსოფია თითოეულ პროექტს ერთობლივი წარმატებისა და ინდივიდუალური სრულყოფილების ნიმუშად აქცევს.

ვალევ ლაუბე
ბრენდინგის ექსპერტი, დიზაინერი და მარკეტინგის დირექტორი, The VL Studios/Valev Laube




შემოქმედებითი და გამბედავი ადამიანების დაქირავება



როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კვლევისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანიისთვის, კრეატიულობა და ინოვაცია ჩვენი ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალებია.

ყველაფერი საჭირო ადამიანების სწორად შერჩევით იწყება. ჩემი გუნდის წევრებს კარგი წარმოსახვა უნდა ჰქონდეთ, აზროვნებდნენ წესებისგან დამოუკიდებლად, მხარს უჭერდნენ სხვების არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. საქმე მხოლოდ გამჭრიახი გონების მქონე ადამიანების დაქირავება არ არის, არამედ მათი, ვისაც არ ეშინია გარისკვის და იმის აღიარების, რომ შეიძლება ცდებოდეს.

იმისთვის, რომ დავიქირავო ისეთი გუნდის წევრები, რომლებიც ამ თვისებებს ავლენენ, ინტერვიუს დროს ვთხოვ კანდიდატებს, მომიყვნენ იმ პროექტების შესახებ, რომელიც შემოქმედებითად გადაჭრეს. ვუყვები ჰიპოთეზურ სცენარებს და სხვადასხვა გამოწვევებს და ვაკვირდები, მათი აზროვნების პროცესს და გამოსავლის ძიების გზებს.

ბალაშ კესტელი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, TechnoLynx