ლურჯი ვერსია

ლუდის ხარშვის ფხიზელი ხელოვნება

23 ნოემბერი 2022

39 წლის ბილ შაფელმა საკუთარი ბიზნესი 2017 წელს დაიწყო და კრაფტ-ლუდის უზარმაზარი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულ სექტორში __ უალკოჰოლო ლუდებში __ შეაბიჯა. შაფელი თვლიდა, რომ ბევრი იყო ისეთი, ვისაც გემრიელი ლაგერის, ან ელის დალევა თრობის გარეშე სურდა. როგორც ჩანს, შაფელის გათვლებმა გაამართლა: კონექტიკუტის შტატში დაარსებულმა Athletic Brewing Company-მ ინვესტორებისგან 75 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო და ბიზნესის დაწყებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ, უალკოჰოლო კრაფტ-ლუდის კატეგორია ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტად აქცია.

კრაფტ-ლუდი მუდამ მიყვარდა, მაგრამ სმას 2013 წელს შევეშვი. ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდში ვმუშაობდი და საქმიან სადილებზე ყოველდღიურად მიწევდა სიარული. მუშაობა და ფიზიკური ჯანმრთელობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ალკოჰოლი კი ორივეში მიშლიდა ხელს. მივხვდი, რომ ნაბახუსევი, უხარისხო ძილი და არასწორი კვება სამუდამოდ უნდა გამექრო ცხოვრებიდან.

ერთ საღამოს, როცა მეუღლესთან ერთად სასადილოდ მივდიოდი, იმაზე დავიწყე წუწუნი, თუ რა უგემური რამ არის უალკოჰოლო ლუდი და რომ არავინ ფიქრობს მათ სიამოვნებაზე, ვინც სმას დაანება თავი. “ეს ხომ დიდებული აზრია!” __ მითხრა ცოლმა. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა იგულისხმა.

ანტრეპრენერობაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ იმ წამს ვიგრძენი, რომ ეს მართლაც დიდებული შანსი იყო. შემეძლო ჩემი საქმე მქონოდა და თან მილიონობით ადამიანისთვის უკეთესი ალტერნატივა შემეთავაზებინა __ გემრიელი ლუდი და ჯანმრთელი ცხოვრება.

სამსახური ორი წლის შემდეგ მივატოვე მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად დავგეგმე. ჩემი კოლეგები გაოცებას ვერ მალავდნენ. კრაფტ-ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლები კი გულწრფელად და თავაზიანად მირჩევდნენ, ამ საქმეში ბევრი ფული და დრო არ ჩამედო. მაშინ უალკოჰოლო ლუდებს ძალიან ცუდი გაყიდვები ჰქონდა. თუმცა უკვე არაერთი კვლევა მქონდა ჩატარებული და ვიცოდი, რომ ხალხი გემრიელი უალკოჰოლო ლუდის გამოჩენას ელოდა.

კონფერენციიდან კონფერენციაზე დავდიოდი და სხვადასხვა კომპანიებს ვწერდი, რომ სფეროში გამოცდილი თანადამფუძნებელი მეპოვა. იმ ასობით ადამიანიდან, რომელსაც პირადად შევხვდი და ვესაუბრე, მხოლოდ Santa Fe-ს მთავარი ტექნოლოგი, ჯონ ვოქერი, დამთანხმდა თანამშრომლობაზე. საცდელი ლუდის ხარშვა მის გარაჟში დავიწყეთ, ყოველ ჯერზე რაღაცას ვცვლიდით და გემოს ვუსინჯავდით: ორი კაცი, ერთი გარაჟი, ათასი ცდა და ათასი შეცდომა.

თავიდან დიდ მწარმოებლებთან ვგეგმავდით თანამშრობლობას, მაგრამ ამერიკის თითქმის ყველა ლუდსახარშმა დაგვიწუნა იდეა. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა: ბოლოს ჩვენით მოგვიწია ლუდსახარშის დაარსება. სხვები ვეღარ გაგვიფუჭებდნენ გემოს, რომელიც თავად შევქმენით.

დიდად ვერც ინვესტორები მოვხიბლეთ: ლუდსახარშის მშენებლობას 3 მილიონი დოლარი სჭირდებოდა, ჩაფლავების რისკი კი ძალიან დიდი იყო. ჩვენამდე არც ერთი ამერიკული ლუდსახარში არ აწარმოებდა მხოლოდ უალკოჰოლო ლუდს. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვეთ ადამიანები, რომლებმაც ამ საქმეში ფულის ჩადება გარისკეს და ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ.

2018 წლის მაისში გავიხსენით და თავიდან არც ისე კარგი გაყიდვები გვქონდა. ახალი ინგლისის თითქმის მთელი რეგიონი ფეხით მოვიარე, ხალხს უფასოდ ვურიგებდით ლუდს და უამრავ ღონისძიებაში ვმონაწილეობდით. იმ ზაფხულს დაახლოებით 65 ღონისძიება გავმართე, ღამის 3 საათზე ვიღვიძებდი და მანქანით მივიჩქაროდი სხვადასხვა შტატებში, რომ დღის ბოლოსკენ, სამსახურიდან გამოსული ხალხისთვის ლუდით ხელში მიმესწრო. არის რაღაც უშუალო და ნაღდი იმაში, რომ გაოფლილი და ტალახიანი ეგებები სამსახურიდან გამოსულ ადამიანს, ახლახან რომ მორჩა მუშაობას და შენსავით დაქანცულია, და რაღაც უცნაურ ლუდს სთავაზობ.

გადამწყვეტი მომენტი ის იყო, რომ Whole Foods-ის სუპერმარკეტების ქსელთან გავაფორმეთ კონტრაქტი. მათთან მოლაპარაკებაზე ჯონის გარაჟში ჩამოსხმული ლუდით მივედით: საეჭვო შესახედაობის ყავისფერი ბოთლებით, რომლებზეც ეტიკეტიც კი არ გვქონდა მიკრული. მაგრამ მთავარი გემოა, მათ კი ჩვენი ლუდის გემო დააფასეს და საცდელად ქსელის შვიდ სუპერმარკეტში შეგვიშვეს. გაყიდვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და მალე ჩვენი ლუდი Whole Foods-ის ყველა სუპერმარკეტში გამოჩნდა. ახლა უკვე აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის და ევროპის სუპერმარკეტების ყველა დიდ ქსელთან ვთანამშრომლობთ.

ყოველთვიურად 30-40-50 პროცენტით ვიზრდებოდით და მივხვდი, რომ უკვე მეორე ქარხნის მშენებლობის დრო იყო. სასაცილოა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ამ საქმეში მოგებას ვერავინ ხედავდა. უამრავი ადამიანი წუწუნებდა იმაზე, თუ რა უგემური რამ არის უალკოჰოლო ლუდი, მაგრამ მათთვის არავის უთქვამს: “ეს ხომ დიდებული აზრია!”