ლურჯი ვერსია

მწვანე სტარტაპები

28 ივლისი 2022

საყოფაცხოვრებო ენერგია, რომელიც გლობალური ენერგიის 29%-ს და CO2-ის ემისიების 21%-ს შეადგენს, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. ენერგიის ეკონომიური მოხმარებით თითოეული ოჯახი უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ეს კი ზოგადი სოციალური პასუხისმგებლობაა.
საბედნიეროდ, ინოვაციები და ტექნოლოგიური წინსვლა გვეხმარება შევამციროთ ნახშირბადის გავრცელება. ნივთების ინტერნეტი (IoT) და ხელოვნური ინტელექტი (AI) ოჯახებს საშუალებას აძლევს უფრო ეკონომიურად და ეკოლოგიურად იცხოვრონ.
ამ სტატიაში გაეცნობით სხვადასხვა ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც ამცირებენ საყოფაცხოვრებო ნახშირბადის გამოყოფას და ცვლიან ენერგეტიკულ ლანდშაფტს.

Tado°
მიუნხენში დაფუძნებული სტარტაპი Tado° კლიმატის ინტელექტუალური მართვის სისტემებს აწარმოებს და ოჯახებს ეხმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკა უფრო ჭკვიანურად, ეკონომიურად და ეფექტურად გამოიყენონ. Tado°ქმნის ჭკვიან თერმოსტატებს, რომლებიც ავტომატურად მართავს ნებისმიერი მწარმოებლის გათბობისა და გაგრილების სისტემებს. ჭკვიანი თერმოსტატის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ტემპერატურის დაყენება, რაც 31%-მდე ამცირებს მოხმარებულ ენერგიას.
Tado°-ს აპლიკაცია უკავშირდება ჭკვიან სისტემებს, როგორიცაა: Alexa, Apple HomeKit ან Google Assistant. მას ასევე შეუძლია ჩაინიშნოს სახლიდან გასვლის ან ფანჯრის ღიად დატოვების დრო. სისტემა LIVE რეჟიმში აკონტროლებს ჰაერის ხარისხსს, ამინდის პროგნოზსა და ენერგიის ფასებს.


Lemonbeat
ეგრეთწოდებული IoT - იგივე “ნივთების ინტერნეტი”, ტექნოლოგიაა რომლის საშუალებითაც სამომხმარებლო და სამრეწველო მოწყობილობები ერთმანეთს უკავშირდებიან. ნივთების ინტერნეტი ენერგიის ეკონომიური მოხმარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა მის გამართვას დიდი დრო და კომპლექსური ტესტირებება სჭირდება.
Lemonbeat ნივთების ინტერნეტს მისი აპარატურისა და პროგრამული გადაწყვეტილებების მეშვეობით ავრცელებს. Lemonbeat ეხმარება B2B მომხმარებლებს უსაფრთხოდ დააკავშირონ ყველა ტიპის მოწყობილობა Cloud-თან და საწარმოთა რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემებთან ბაზარზე არსებული პროტოკოლების უმეტესობის გამოყენებით. პარტნიორი კომპანიებისთვის Lemonbeat ახლად დაკავშირებული აქტივებიდან მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც მომხმარებლებს ენერგიის დაზოგვასა და კომფორტულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.


TeknTrash
იცით, სად მიდის თქვენი ნარჩენები გადაყრის შემდეგ? TeknTrash ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შეაგროვოს მონაცემები ადამიანების მიერ გადაყრილ პროდუქტებზე.
სტარტაპი მუშაობს მწარმოებლებთან, რათა დაეხმაროს მათ გარემოზე ზრუნვაში. TekTrash იძლევა რეკომენდაციებს მასალების შემცირებაზე და მწარმოებლებს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას სთავაზობს. ეს მიდგომა ნარჩენებს გადამუშავების პროცესს უფრო პასუხისმგებლიანსა და გააზრებულს ხდის.

Bidgely
Bidgely არის სილიკონის ველის ლიდერი სტარტაპი Energy AI სფეროში, რომელიც მუშაობს როგორც კომპანიებთან, ასევე კერძო მომხმარებლებთან, რათა მათ ენერგია უფრო გონივრულად მოიხმარონ. Bidgely სახლის ენერგეტიკულ ანალიზს გვთავაზობს - ციფრულ შეფასებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მრიცხველის მონაცემების ანალიზზეა დაფუძნებული და სხვადასხვა ინფორმაციასა და რეკომენდაციებს შეიცავს. ამ მიდგომას ენერგიის გადასახადების 25%-მდე შემცირება შეუძლია. Bidgely-ის პერსონალიზებულ ჩართულობის ინსტრუმენტებს შეუძლია შეაფასოს გადასახადები, დააყენოს გადასახადების ზედა ზღვარი, მონაცემებზე დაყრდნობით მოგვცეს ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა რეკომენდაციები და გაამარტივოს კომუნიკაცია მომხმარებელსა და ენერგიის მომწოდებელს შორის.

Fuergy
სლოვენური სტარტაპი Fuergy მომავლის ჭკვიანი ენერგიის მართვის სისტემებს აწარმოებს. Fuergy ენერგიის ოპტიმიზაციასა და ეფექტურ მოგვარებაზეა ორიენტირებული და ამ ამოცანის გადაჭრას ინოვაციური ტექნოლოგიებით ცდილობს.
კომპანიის ხელოვნური ინტელექტი brAIn ოჯახებს მზის პანელებთან აკავშირებს და მათთვის უწყვეტი, განახლებადი ენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის მომსახურებაში ასევე შედის ელექტრო მანქანებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვა. ჭკვიანი სისტემების შექმნისა და მონაცემთა გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით Fuergy ენერგიის მომწოდებელ სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს.

Enervee
ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სტარტაპი enervee უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაზე მომუშავე ონლაინ ბაზარს ენერგოეფექტური პროდუქტების ყიდვისა და გაყიდვის პროცესს ევროპასა და შეერთებულ შტატებში. კომპანია მუშაობს საცალოდ მოვაჭრე კომპანიებთან, რათა მოახდინოს მოწყობილობების, ელექტრონიკის და სხვა პროდუქტების კატეგორიზაცია მათი ენერგოეფექტურობის მიხედვით და აღრიცხოს მონაცემები ქცევითი და მონაცემთა მეცნიერების გამოყენებით. ამით ის მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა შესყიდვებში ეხმარება.
იმის გამო, რომ ენერგიის შესანახი სისტემები, ელექტრო მანქანები და მსგავსი პროდუქტები საჭიროებს დიდ ინვესტიციას, კომპანიამ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა ეკო დაფინანსების პროგრამა, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს ჭკვიანი პროდუქტების შეძენაში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. პროგრამა საშუალებას აძლევს ონლაინ მყიდველებს შეიძინონ 5000 დოლარამდე ღირებულების ტექნიკა ფულის გარეშე, მყისიერი ფასდაკლებით და სესხის ხელსაყრელი პირობებით, წინასწარი დაფარვისთვის ჯარიმის გარეშე.


Sight Machine
Sight Machine საწარმოებს პროგრამული უზრუნველყოფის წარმართვაში ეხმარება, რომლის დახმარებით მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვს რეალურ დროში ადევნონ თვალი წარმოების პროცესებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ზრდას. Sight Machine გარდაქმნის ქარხნის მონაცემებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, რისი დახმარებითაც შესაძლებელი ხდება კონკრეტული პროდუქტების ოპტიმალურად გამოყენება. ეს ყოველივე კი კომპანიებისთვის მეტად მდგრადი პროდუქტის წარმოების გარანტია.
სტარტაპი მუშაობს მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებთან, მათ შორისაა Microsoft და General Mills. Sight Machine მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმოების ფართო სპექტრზე, მათ შორის ავტომობილებზე, ქიმიკატებზე, შეფუთვაზე და ქაღალდზე, ასევე საკვებსა და სასმელებზე.


Thermondo
ბერლინში დაფუძნებული სტარტაპი Thermondo ხელს უწყობს სახლის გათბობის სისტემების მოდერნიზებას. კომპანიის ონლაინ პლატფორმა სახლის მფლობელებს ეხმარება ძველი ქვაბების ენერგოეფექტურად შეცვლაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ძირითადად გათბობის სისტემები მზის თერმულ სისტემებთან ერთად მონტაჟდება სახურავზე ცხელი წყლის მიღების მიზნით, რაც აძლიერებს ნახშირბადის გამოყოფის სიხშირეს.
სახლის მფლობელებისთვის პლატფორმა ძალიან მარტივია - უბრალოდ უნდა შებრძანდეთ ვებსაიტზე და შეავსოთ გარკვეული ინფორმაცია პირადი კონსულტაციის მისაღებად. ამის შემდეგ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ფასებსა და ვარიანტებზე თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. კომპანია ამჟამად ორიენტირებულია სითბოს ტუმბოების გაფართოებაზე, რათა სახლის გათბობა ნახშიროჟანგის გამოყოფის გარეშე გახდეს შესაძლებელი.


ev.energy
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სტარტაპი ev.energy მიზნად ისახავს ელექტრომობილის დამუხტვის პროცესის გამარტივებასა და მისი ხელმისაწვდომობის ზრდას. სტარტაპის ჭკვიანი, Cloud-ზე დაფუძნებული პლატფორმა საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ ენერგიის მოხმარების სრულ პროცესს, ელექტროენერგიის ხარჯებს და ნახშირბადის ემისიებს. აპლიკაცია თავად გამცნობთ, როდესაც იქნება იდეალური დრო მანქანის დასატენად. პროგრამას შეუძლია ელექტრომობილების ავტომატურად დამუხტვაც.
სტარტაპი ასევე გთავაზობთ სახლის მზის PV პანელების ელექტრომომარაგების დამუხტვასთან დამაკავშირებელ სერვისს. ამგვარად სახლის მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი მანქანების გამომუშავებული ენერგიით დამუხტვა.

Hometree
ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Hometree არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ენერგოეფექტური ქვაბების შეძენის პროცესს და უზრუნველყოფს ეტაპობრივ მხარდაჭერას. პერსონალური კონსულტაციების მეშვეობით. Hometree ზუსტად ადგენს საყოფაცხოვრებო ნივთების შესაბამისობას. ამ ყოველივეს კი პროფესიონალი ინჟინერი ამონტაჟებს. სტარტაპი მომხმარებლებს სთავაზობს გრძელვადიანი დაფარვის გეგმებს და იძლევა სწრაფი რემონტისა და დახმარების საშუალებას.

გიგი მეფარიშვილი