ლურჯი ვერსია

პრობლემის გადაჭრის ძიება და მისი დასაბუთება

10 იანვარი 2024

ეს სტატია ჩვენი წინა სტატიის გაგრძელებაა, რომელიც სტარტაპ-იდეის დასაბუთებას ეხება. თუ არ წაგიკითხავს, გირჩევ, ჯერ წინა სტატიას გაეცნო.


მაშ ასე: ვიპოვეთ რესპონდენტები; დავუსვით კითხვები; მოვუსმინეთ; ჩავიწერეთ; გავიაზრეთ; დავრწმუნდით რომ საწყისი პრობლემა აქტუალურია; ან კიდევ უკეთესი, მათთან საუბრისას ახალ, უფრო საჭირბოროტო პრობლემას მივაგენით. მოკლედ რომ ვთქვათ: იდეის დასაბუთების ეტაპი გადალახულია. ახლა? მთავარი ახლა იწყება __ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა დავსახოთ. ეს რთული და საინტერესო ეტაპია, რომელიც შენგან შემოქმედებით და მეცნიერულ აზროვნებას მოითხოვს. შემოქმედებით აზროვნებაში იდეების გადაჭრის სხვადასხვა ვერსიების მოფიქრება იგულისხმება; მეცნიერულში __ კვლევის ჩატარება და იმ ფარული კანონების აღმოჩენა, რომელიც ადამიანების, შენი მომავალი მომხმარებლების, ქცევას განსაზღვრავს. იოლი არ არის ამ ორი ასპექტის _ შემოქმედებითი და მეცნიერული აზროვნების _ შეთავსება, მაგრამ თუ შეძელი, ჩათვალე რომ წარმატება ვერსად დაგემალება.

პრობლემის გადაჭრის ძიება კრეატიული პროცესია, რაღაც უნდა შექმნა, რაც მანამდე არ არსებობდა. ამ დროს სრული შემოქმედებითი თავისუფლებით უნდა ისარგებლო: ყველაფერი უნდა სცადო, ყველაზე უფრო დაუჯერებელი იდეაც კი და არაფერი უარყო, რისიც ოდნავ მაინც გჯერა. რა თქმა უნდა, შენი იდეების უმეტესობა არ გაამართლებს. მაგრამ თუ ამ საქმეს ჭკვიანურად მიყვები, თითოეული იდეა, ყველაზე სასაცილო და წარუმატებელიც კი, პრობლემის ახალი ასპექტის გაცნობაში დაგეხმარება.


თუ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვერსიების გენერირებისას, შეგიძლია საკუთარ წარმოსახვას სრული თავისუფლება მისცე და ცაში იფრინო; კვლევის ეტაპზე რაც შეიძლება მყარად უნდა დადგე მიწაზე და ინტერვიუების შედეგად მიღებული ინფორმაცია სტატისტიკოსის ცივი გონებით გაიაზრო. გახსოვდეს: შენი მიზანი ორიგინალურობა არ არის, შენი მიზანია _ პრობლემას ისეთი გადაჭრა მოუძებნო, ამ პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს ჭკუაში რომ დაუჯდებათ. კვლევისას არასოდეს დააყენო შენი წარმოდგენები სხვების აზრზე უფრო მაღლა. გახსოვდეს, რომ ისეთ ადამიანებს ესაუბრები, რომელთაც პრობლემა პირადად ეხებათ და თუ ამ ადამიანებს შენი იდეა არ მოსწონთ (რაც არ უნდა გენიალურად გეჩვენებოდეს ის), ესე იგი რაღაც პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაზრო და გამოასწორო. შენი რესპონდენტების ყველაზე უფრო სუბიექტური აზრებიც სიმართლის გარკვეულ მარცვალს შეიცავს. მოდი ამის ილუსტრაციად ერთი ძველი ინდური იგავი მოვიყვანოთ. ერთხელ ბრმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქში უცნაური არსება _ სპილო _ გამოჩნდა და გადაწყვიტეს შეესწავლათ ცხოველი. იპოვეს სპილო და დაუწყეს ხელის ცეცება. პირველმა ბრმამ ხორთუმს ჩაავლო ხელი და თქვა: “ეს ხომ გველია”. მეორე ყურს მიადგა და გადაწყვიტა: “მარაოა”. მესამე ფეხს ჩაეჭიდა და თქვა: “მარაო კი არა, ხეა”. მეოთხეს კუდი ეჭირა და სპილო თოკად მოეჩვენა. მეხუთე მუცელს შეასკდა და დაასკვნა _ კედელიაო. მეექვსე ეშვს წაეპოტინა და სპილო შუბს შეადარა. ირგვლივ შემოკრებილი სეირის მაყურებლები ბრმებს დასცინოდნენ, მაგრამ, როგორც იგავებში ხდება ხოლმე, სად იყო და სად არა, იქვე ბრძენმა ჩამოიარა და თქვა: “ყოველი მათგანი მართალია”. შენი თითოეული რესპონდენტი ვიწროდ და სუბიექტურად აღიქვამს საკითხს, ისევე როგორც იგავში ნახსენები ბრმები სპილოს. შეიძლება ჩათვალო, რომ მათი სუბიექტური გამოცდილება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ კარგად თუ დაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ისინი ერთმანეთს ავსებს და საერთო სურათს გიხატავს. შენი მოვალეობა ამ საერთო სურათის დანახვაა. ოღონდ იგავთან შედარებით, ჩვენს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე: სანამ პრობლემის გადაჭრის გზას ვიპოვით, მანამდე ყველანი ბრმები ვართ. ვიღაც თავისუფლად რომ ხედავდეს სპილოს პრობლემის გასაღები უკვე ნაპოვნი ექნებოდა. ასე რომ მოძებნე ადამიანები, ვისაც პრობლემა პირადად ეხება, მოუსმინე მათ სუბიექტურ აზრებს და გახსოვდეს რომ ყოველი მათგანი თავისებურად მართალია.

ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ შენს მომავალ გეგმას:


ნაბიჯი 1: საცდელი ვერსიები


მას შემდეგ, რაც იდეის დასაბუთების ეტაპი გაიარე და პრობლემა უკვე ნაპოვნი გაქვს, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვერსიები უნდა მოიფიქრო. გახსოვდეს: ეს შემოქმედებითი ფაზაა. ამ ეტაპზე ხარისხი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი რაოდენობა და მრავალფეროვნებაა _ რაც შეიძლება მეტი და ერთმანეთისგან რაც შეიძლება განსხვავებული იდეები გჭირდება. ეს შენი საცდელი ვერსიები იქნება, რომელიც პრობლემის გადაჭრის რუკაზე სხვადასხვა ტერიტორიებს და შესაძლებლობებს გაგიხსნის. თუ შეგიძლია 50 ვერსია მაინც უნდა ჩამოყარო და ნაბიჯ-ნაბიჯ დახვიდე 5 ყველაზე გამორჩეულ და ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიაზე.

ამ 5 საცდელი ვერსიიდან თითოეული პატარა სტარტაპ-მონახაზს უნდა წარმოადგენდეს. დარწმუნდი, რომ თითოეულ მათგანი თავისებურად უპასუხებს შემდეგ კითხვებს:

  • რაში მდგომარეობს ამ გადაწყვეტის არსი?
  • ვისთვის არის ის განკუთვნილი?
  • რაში უნდა დასჭირდეს შენს მომხმარებელს ეს გადაწყვეტა?
  • რა შემთხვევაში შეიძლება შენმა მომხმარებელმა ამ გადაწყვეტით ისარგებლოს?
  • როგორ ჭრის ის პრობლემას?
  • რა თანხა უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ამ გადაწყვეტის სანაცვლოდ?

ამის შემდეგ კვლევის დრო მოდის. წარუდგინე ეს გადაწყვეტები შენს რესპონდენტებს (სავარაუდო მომხმარებლებს) და ჰკითხე: რომელი უფრო მოსწონთ და რატომ? რომელი არ მოსწონთ და რატომ? რაც უფრო მეტ განსხვავებულ აზრს მოისმენ, მით უკეთესი. ამ ეტაპზე კარგად უნდა გაარკვიო თითოეული ვერსიის ძლიერი და სუსტი მხარეები. საკუთარი წარმოდგენები გვერდზე გადადო და შენს მომავალ მომხმარებლებს მოუსმინო.


კვლევის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობრივთან ერთად თვისობრივი ინფორმაციაც შეაგროვო: რატომ ამჯობინებენ გამოკითხულები ამა თუ იმ ვერსიას და რატომ არ მოსწონთ სხვები. რა უნდა შეიცვალოს დაწუნებულ ვერსიაში, რომ მოეწონოთ? რატომ? თვისობრივი ინფორმაცია ღიაა ინტერპრეტაციისთვის, თუმცა ამჯერად სცადე რომ მხოლოდ ის ჩაიწერო, რასაც შენი რესპონდენტები ამბობენ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის და შენი დასკვნების გარეშე. ამის დროც მოვა.


ნაბიჯი 2: შეურიე


იმის შემდეგ, რაც საკმარის ადამიანებს გამოჰკითხავ, დროა ვერსიები ერთმანეთს შეურიო.

აიღე შენი სხვადასხვა ვერსიების საუკეთესო მხარეები და შეეცადე მათგან ახალი შეთავაზებები გააკეთო. ამჯერად 3 სხვადასხვა შეთავაზებაც საკმარისი იქნება. დარწმუნდი, რომ სამივე მათგანი ორიგინალური, ერთმანეთისგან განსხვავებული შეთავაზებაა. თითოეულმა მათგანმა საშუალება უნდა მოგცეს, რომ რესპონდენტებთან პრობლემის კარდინალურად განსხვავებულ მხარეებზე გააბა საუბარი.

ამის შემდეგ ინტერვიუების ახალი რაუნდი უნდა დაიწყო. და რესპონდენტებს შენს ახალ ვერსიებზე გამოჰკითხო აზრი.


ნაბიჯი 3: შეჯერდი ერთ ვერსიაზე


ახლა პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა უნდა დასახო.

ზედმეტი ფიქრი და იდეების ღრუბლებში ძიება აღარ არის საჭირო. თუ ინტერვიუები კარგად ჩაატარე: საჭირო რაოდენობის ადამიანები გამოჰკითხე და მათგან საკმაო ინფორმაცია მიიღე, მაშინ პასუხი უკვე ნაპოვნი გაქვს და ის შენ მიერ შეგროვებულ მასალაშია.

კარგად გაიაზრე შენი რესპონდენტებისგან მიღებული უკუკავშირი, მათი რეაქციები პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვერსიაზე და პრობლემის გადაჭრის მთავარი ვერსია ამ ყველაფრის გათვალისწინებით შექმენი.


ნაბიჯი 4: ჩაატარე ექსპერიმენტი


მას შემდეგ, რაც პრობლემის გადაჭრის მთავარ გზას დასახავ, ექსპერიმენტის ჩატარება უნდა დაიწყო. შენი მთავარი ვერსია რესპონდენტების ფავორიტი უნდა იყოს, ის არა მხოლოდ წინა ვერსიებზე მეტ მოწონებას უნდა იმსახურებდეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარზე არსებულ ალტერნატივებსაც უნდა სჯობდეს. შეეცადე რომ ექსპერიმენტისთვის რესპონდენტების რაოდენობა გააორმაგო.

წამოაყენე ჰიპოთეზა და შეიმუშავე ექსპერიმენტის მეთოდი, რომლითაც ამ ჰიპოთეზას შეამოწმებ.

ჰიპოთეზის მაგალითი: გამოკითხულთა 70 პროცენტს ბაზარზე არსებულ ალტერნატივებზე მეტად პრობლემის გადაჭრის ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერსია მოეწონება.

ექსპერიმენტის მაგალითი: ჩავატარეთ ინტერვიუ 50 ადამიანთან, რომელიც ჩვენი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს. აქედან 38-ს ბაზარზე არსებულ ალტერნატივას პრობლემის გადაჭრის ჩვენი ვერსია ურჩევნია.

ექსპერიმენტი ჩატარებულია. შენი ჰიპოთეზა დამტკიცებული. და ყველაფერთან ერთად, შენი მომავალი პროდუქტის პირველი მომხმარებლებიც შეიძინე _ ისინი, ვინც არსებულ ალტერნატივებს შენი ვერსია არჩია. იმედია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩანიშვნა არ დაგავიწყდა.