ლურჯი ვერსია

პროდუქტიულობის პარადოქსი

14 მარტი 2024

ავტორი: კალ ნიუპორტი

მწერალი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


რამდენიმე წლის წინ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის, Monday.com-ის, რეკლამამ უეცრად მთელი ინტერნეტი მოიცვა. ასეთი ტოტალური აქტივობა, რა თქმა უნდა, იაფი ვერ დაჯდებოდა. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტის მფლობელებმა მხოლოდ 2020 წელს 130 მილიონი დოლარი დახარჯეს რეკლამაზე, რაც კომპანიის წლიური შემოსავლის თითქმის 80% პროცენტს შეადგენდა. შედეგად, ამ ინტენსიურმა სარეკლამო კამპანიამ 730 მილიონი ნახვა დააგროვა YouTube არხზე ანუ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე უკანასკნელმა ოთხმა სუპერ-ბოულმა ერთად.

თუ გავითვალისწინებთ იმ ცვლილებებს, პროდუქტიულობის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარმა რომ განიცადა ბოლო წლებში, ეს თანხა წყალში გადაყრილ მილიონებად აღარ უნდა მოგვეჩვენოს. Monday.com ამტკიცებს, რომ სამუშაო პროცესის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებაში გვეხმარება და ამ გზით გუნდის პროდუქტიულობას და ეფექტურობას ზრდის. ეს დაპირება შესაძლოა მშრალად ჟღერდეს თვალწარმტაცი აპლიკაციებისა და ავბედითი ხელოვნური ინტელექტის ხანაში, თუმცა პროექტების სამართავი აპლიკაციები გასაოცრად მომგებიანი საქმე აღმოჩნდა. პირველი დიდი წარმატება ამ კატეგორიაში Trello-ს ეკუთვნის. Trello 2011 წელს დამოუკიდებელი დეველოპერის მიერ შეიქმნა, ხოლო 2017 წელს Atlassian-მა 425 მილიონად იყიდა. სამუშაო პროცესის მართვის კიდევ ერთი სერვისი, სახელად Wrike, 2,25 მილიარდ დოლარად გაიყიდა. თავის მხრივ, Monday.com-მა საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება საკმაოდ სარფიანად დაამთხვია მომხმარებელთა დიდ შემოდინებას და კომპანია შვიდ მილიარდ დოლარად შეფასდა.

მოულოდნელი ის არის, რომ პროდუქტიულობის ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისები გვთავაზობს არა გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს, არამედ უკვე არსებული ინსტრუმენტების _ ელ.ფოსტის, ელექტრონული ცხრილების, ინტერაქციული კალენდრის და ა.შ…_ უკეთ ორგანიზებულ ვერსიას. Monday.com საშუალებას გაძლევთ სამუშაო დაფები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით მოაწყოთ და წარმოადგინოთ თქვენთვის სასურველ ფორმატში. რაღაც მსგავსს Trello-ც გთავაზობთ: აქ ვირტუალური ბარათების მოთავსება ვერტიკალურ დასტებში შეგიძლიათ. ერთი დასტა შეიძლება შეიცავდეს მიმდინარე ამოცანებს, ხოლო მეორე _ უკვე შესრულებულ დავალებებს.

ამ სერვისების მთავარი სიახლე ის არის, რომ მათი ყურადღების ცენტრში სხვადასხვა ინსტრუმენტების დახვეწა კი არა, ზოგადად მუშაობის პროცესის ორკესტრირებაა. ამ სიახლის მნიშვნელობა კარგად რომ გავიაზროთ, უნდა გავიხსენოთ ორი საპირისპირო შეხედულება იმაზე, თუ როგორ ზრდის ტექნოლოგიები ჩვენს პროდუქტიულობას. პირველის თანახმად, ტექნოლოგია იმ ინსტრუმენტებს აუმჯობესებს, რომლებსაც მუშაობის პროცესში ვიყენებთ: ოდესღაც მიწის სათხრელად წვერწამახული ქვა გვქონდა, შემდეგ ქვა ბარით ჩავანაცვლეთ, ბარი _ ბულდოზერით და ასე შემდეგ… მუშაობაც უფრო მარტივი, სწრაფი და პროდუქტიული გახდა. მეორე, ნაკლებ პოპულარული, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი შეხედულება უფრო ფართოდ უყურებს ტექნოლოგიას და მასში სამუშაოს ორგანიზების ზოგად პრინციპებსაც გულისხმობს. ამ შეხედულებით, პროდუქტიულობის გარდამტეხი ზრდა მიიღწევა არა უკეთესი ხელსაწყოების შექმნით, არამედ სამუშაო პროცესის უფრო გონივრულად ორგანიზებით. ამის ნათელი მაგალითია ჰენრი ფორდის კონვეიერი. მუდმივად მოძრავი კონვეიერი თავის დროზე ნამდვილი ინდუსტრიული სასწაული აღმოჩნდა, რომელმაც მანქანის წარმოებისთვის საჭირო დრო თითქმის ათჯერ შეამცირა. კონვეიერი ტექნოლოგიური წინსვლის ნაყოფი არ ყოფილა, მისი აწყობა ფორდამდე დიდი ხნით ადრე იყო შესაძლებელი. რევოლუცია სამუშაოს ორგანიზების ახალმა მეთოდმა მოახდინა: ახლა მანქანა მიდიოდა მუშასთან და არა მუშა მანქანასთან. „მზად იყავით შეცვალოთ ნებისმიერი სისტემა, უკუაგდოთ ნებისმიერი მეთოდი, უარყოთ ნებისმიერი თეორია, თუ ამას სამუშაოს წარმატება მოითხოვს“, - ამბობდა ფორდი.

Trello, Monday, Asana და მსგავსი პლატფორმები ინსტრუმენტების დახვეწის ნაცვლად მუშაობის პროცესის დახვეწისკენ მოგვიწოდებენ. რით შეიძლება აიხსნას ეს ცვლილება? ნაწილობრივ იმ იმედგაცრუებით ახალმა, უფრო მძლავრმა და დახვეწილმა ხელსაწყოებმა რომ გამოიწვია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური ინოვაციები არნახული ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ოფისის საშუალო თანამშრომლის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. წინა საუკუნესთან შედარებით სუპერ-თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტები გვაქვს, მაგრამ შრომის ნაყოფიერება დიდად არ შეცვლილა.

ამ პარადოქსს მრავალი ახსნა მოეძებნება, მათ შორის მოსაზრება, რომ ამ ხელსაწყოების მიერ შექმნილ ახალ შესაძლებლობებს ყურადღების გაფანტვის ახალი საშუალებები აბათილებს (ელ. ფოსტა ფაქსზე უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, მაგრამ თუ კი ყოველწამიერად შევამოწმებთ ინბოქსს, უფრო მეტ დროს დავკარგავთ, ვიდრე ფაქსით რომ გვესარგებლა). ცხადია, რომ ტექნოლოგიების ეს წარუმატებელი ასპექტი დიდი პრობლემაა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის. თუ დამსაქმებლები ახალი პროდუქტების ნდობას დაკარგავენ, ისინი აღარ გადაიხდიან თანხას მათ უახლეს ვერსიებში. 90-იან წლებში მაიკროსოფტმა სიმდიდრე დააგროვა კომპანიებისგან, რომლებსაც სურდათ Microsoft Office პროგრამული უზრუნველყოფის სერვისი. დღეს, იგივე კომპანიები, რომლებიც ნაკლებად არიან მოხიბლულნი ასეთი ხელსაწყოების პროდუქტიულობის პოტენციალით, შესაძლოა უფრო იაფი ონლაინ ვარიანტებით დაკმაყოფილდნენ. რატომ უნდა დახარჯოთ 249$ დოლარი Microsoft Office-ის ახალ ვერსიაში, როდესაც გუგლი იმავე მომსახურებას ექვს დოლარად გთავაზობთ? (შესაძლოა, ამის გამოა, რომ მაიკროსოფტმა Office-ს უფასო ვებ-ვერსია გამოუშვა).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამუშაო პროცესის ორკესტრირების აპლიკაციები ახალი და საინტერესო სივრცეა, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ ინვესტიციებს მოიზიდავს. თუ Microsoft Word-ი წყლის წისქვილი იყო, Monday.com უფრო კონვეიერია. საქმის ასეთი განვითარება სასიხარულო ამბავია. პროცესზე ორიენტირებული ფილოსოფია იშვიათად გვხვდებოდა საოფისე საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეკონომიკური სექტორები მუდმივად ზრუნავდნენ სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებაზე, ოფისის მენეჯერები ინსტრუმენტების დახვეწაზე მეტს ფიქრობდნენ.

ეს მიოპია შეცდომაა. პროდუქტიულობის ინდივიდუალურ ვალდებულებად მიჩნევა და მძლავრი ინსტრუმენტების შექმნაზე ფსონის დადება ეფექტური არ აღმოჩნდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ინსტრუმენტების დახვეწამ პროდუქტიულობა ვერ გაზარდა. იქნებ პასუხი იმაზე ფიქრშია, თუ ვინ რაზე უნდა იმუშაოს და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სამუშაო პროცესი?

პროცესზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების გავრცელებამ შესაძლოა გრძელვადიანი ცვლილებები მოიტანოს. თუ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Monday.com, Trello და Wrike, გააგრძელებენ ზრდას, ეს პროცესზე ორიენტირებული მიდგომის დომინირებას შეუწყობს ხელს. მსგავსი აპლიკაციების ბაზარზე დარჩენა და ახალი აზროვნების გავრცელება იქნება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია საოფისე სექტორისთვის. ეს ყველაფერი იმის გაცნობიერებაში მოგვეხმარება, რომ პროდუქტიულობა უფრო მეტია, ვიდრე თანამშრომლებისთვის მაღალგანვითარებული პროგრამული უზრუნველყოფის მიცემა. ეს სამუშაო პროცესის ახლებურად გადააზრების საშუალებას გვაძლევს. იქნებ ბევრი რამ ვისწავლოთ აქედან.

თარგმნა: არსენ სებისკვერაძემ