ლურჯი ვერსია

რა არის Starlink-ი და მისი უპირატესობები

07 ივლისი 2022

როცა, 2020 წლის აპრილში, ცაზე უჩვეულო ნათებების სიმეტრიული მოძრაობა გამოჩნდა, ზოგმა იფიქრა, რომ ეს უცხოპლანეტელების ვიზიტი იყო დედამიწაზე, ზოგმა კი მნათობების ზებუნებრივი მწკრივი ღვთაებრივ მინიშნებად მიიღო. სინამდვილეში, ამ შოუს უკან არც უცხოპლანეტელები იდგნენ და არც ზეციური ძალები, ეს Starlink-ის კოსმოსური სატელიტები იყო.


რა არის Starlink?

Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობაა. ამ მინიბარისხელა თანამგზავრების მეშვეობით კომპანია ცდილობს მაღალხარისხიანი ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში იყოს ხელმისაწვდომი: მივარდნილ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავებში, გემებზე და მანქანებში __ ყველგან სადაც ცა ჩანს.

პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და პირველი პროტოტიპი 2018 წელს გაემგზავრა კოსმოსში. დღეის მონაცემებით ორბიტაზე 2700-ზე მეტი Starlink-ის თანამგზავრია და მისი ინტერნეტი მსოფლიოს 34 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მალე ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნება.

Starlink არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც კოსმოსური ინტერნეტით გვამარაგებს, თუმცა, რადგან პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს და ტექნოლოგიურ პოპ-სტარს, ილონ მასკს ეკუთვნის, მისი პოპულარობა ბევრად აღემატება კონკურენტებს.




როგორ ისარგებლებ Starlink-ით?

იმისათვის, რომ სახლში კოსმოსური ინტერნეტი დაიჭირო, საჭიროა პატარა სატელიტური თეფშის და როუტერის დაყენება. თანამგზავრები სატელიტურ თეფშს მიაწვდიან ინტერნეტს, სატელიტური თეფში __ როუტერს, როუტერი კი სახლში გაანაწილებს. Starlink-ს სპეციალური AR აპლიკაციაც კი აქვს შექმნილი, რომელიც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად სახლში საუკეთესო ადგილს მოგაძებნინებს.



მაღალი სიჩქარე

მაშინ, როცა ინტერნეტის პრობლემა მსოფლიოს ურბანულ ნაწილებში ძირითადად მოგვარებულია, სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, ინტერნეტთან ჯერ ისევ შეზღუდული წვდომა აქვთ. Starlink-ის მტკიცებით, მათი ინტერნეტის სიჩქარე 50 – 150 Mbps-ს შორის მერყეობს.

გამძლეობა

SpaceX-მა Starlink-ის სატელიტური თეფში ისე დააპროექტა, რომ მას შეუძლია გაუძლოს წვიმას, თოვლსა და სიცივეს. თეფშის შიგნით ჩამონტაჟებულია გამათბობელი, რომელიც სატელიტის გარშემო ყინულს მარტივად ადნობს და სამეზობლოს კატებსაც იზიდავს.




მარტივი ინსტალაცია

Starlink-ის სატელიტური თეფშის დაყენებას ტექნიკური სპეციალისტი, ან დამხმარე პირი არ სჭირდება და დაახლოებით 5 წუთიანი პროცესია. სატელიტი ისეთ ადგილას უნდა დამონტაჟდეს, რომ ცის ხედვის არეალი ფართო იყოს. ამისთვის კარგი არჩევანია სახლის სახურავი. აპლიკაციის დახმარებით ამ გამოწვევის სწრაფად დაძლევა სავსებით შესაძლებელია.




მაღალი სანდოობა

Starlink უზრუნველყოფს ადამიანების საიმედო ინტერნეტით მომარაგებას. ტრადიციული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერები იყენებენ მხოლოდ რამდენიმე გეოსტაციონალურ თანამგზავრს. გეოსტაციონარული ორბიტის დიდი სიმაღლის გამო, ინტერნეტი არ არის სანდო.



სტიქიისგან დაზღვევა

როდესაც სტიქია რაიონს ან სოფელს უტევს, სტანდარტული ინტერნეტ კავშირის აღდგენას რამდენიმე დღე სჭირდება. ბუნებრივმა კატასტროფებმა, როგორიცაა ქარიშხალი, ტორნადო, ტყის ხანძარი ან წყალდიდობა, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ინტერნეტის კაბელი. სტიქიის შემდეგ ამ კაბელების შეკეთება ძვირი და შრომატევადი პროცესია.

Starlink-ის ინტერნეტი ასეთი სახის დაზიანებებისთვის მზად არის. მას შემდეგ, რაც სტიქია გადაივლის და ცა მოსუფთავდება, Starlink-ის ინტერნეტი სწრაფადვე აღდგება ყოველგვარი დამხმარე პირების ჩართულობის გარეშე.





Starlink-ის მომავალი

თავდაპირველად, SpaceX გეგმავდა ყველა თანამგზავრის დაკავშირებას ლაზერის გამოყენებით, რომელიც კოსმოსურ ხომალდს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემდა. მაგრამ Starlink-ის თანამგზავრები ამის გარეშე ჩაეშვა.

Starlink-ის ინჟინრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები სატესტო თანამგზავრების პარტიაზე, რომლებიც ლაზერებს იყენებენ კომუნიკაციისთვის. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები დააკავშირონ ახლომდებარე მიწისქვეშა სადგურთან, ლაზერებს ნებას რთავდნენ თანამგზავრებს შორის პირდაპირ ესაუბრათ ერთმანეთთან სინათლის სიჩქარით, რაც ბევრად უფრო სწრაფი მეთოდია, ვიდრე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მიღებული შედეგი. ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძალიან ძვირი და რთულია წარმოებისთვის, მაგრამ ისინი ელიან, რომ ინოვაცია დაინერგება თანამგზავრების მომავალ თაობებში.

Starlink-მა შეძლო, რომ რაკეტების წარმატებით გაშვება საზოგადოებისთვის რუტინულ ინფორმაციად ექცია. Falcon 9-ის ზედიზედ 100 წარმადებული გაშვების შემდეგ გლობალური ინტერნეტის კოსმოსში გაფრენა აღარავის უკვირს. SpaceX-მა მოახდინა რევოლუცია რაკეტების გაშვების ინდუსტრიაში და დანერგა ინოვაციური მიდგომები კოსმოსურ სამყაროში.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი თანამგზავრი ემზადება კოსმოსში გასაფრენად. ეს ყოველივე ახალი შესაძლებლობაა დედამიწის სხვადასხვა წერტილის ინტერნეტ სამყაროში ჩასართავად. ადრე თუ გვიან მთელი მსოფლიო შევძლებთ კოსმოსური ინტერნეტის გამოყენებას ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს.

გიგი მეფარიშვილი