ლურჯი ვერსია

რა არის სტარტაპი

26 სექტემბერი 2022

ინდუსტრიის რადიკალური გარდაქმნა და სამყაროს შეცვლა __ აი რა არის ნამდვილი სტარტაპის მიზანი. საამისოდ კი მეტი მოქნილობა და კარგი ადაპტაციის უნარია საჭირო. სტარტაპერების მთავარი ოცნება საზოგადოებისთვის რამე ისეთის შეთავაზებაა, რაც აქამდე არავის შეუქმნია. სასურველი ღირებულების შექმნას კი აქციებზე მოთხოვნის ზრდა და ჩადებული ინვესტიციის ერთი ათად ამოგება მოსდევს.


რა არის სტარტაპი?


ნებისმიერი ახლად დაარსებული კომპანიას, ან წამოწყებულ საქმიანობს სტარტაპს ვერ ვუწოდებთ. სტარტაპის მიზანი უნიკალური პროდუქტის, ან სერვისის შექმნა და მისი ბაზარზე გატანაა. ეს პროდუქტი, ან სერვისი მომხმარებლისთვის მიმზიდველი და შეუცვლელი უნდა გახდეს.
სტარტაპი ინოვაციური გზებით ცდილობს ბაზარზე არსებული პროდუქტების ნაკლოვანებების გამოსწორებას, ან სრულიად ახალი პროდუქტის შექმნას. ამას, ხშირად, ბიზნესში მყარად ფესვგადგმული შეხედულებების გადააზრება და მთელი ინდუსტრიის ცვლილება მოჰყვება. ამიტომ წარმატებულ სტარტაპებს ინდუსტრიის სხვა მოთამაშეები ხშირად disruptor-ებს __ “დამანგრევლებს”, ან “ძირის გამომთხრელებს” ეძახიან.
სტარტაპებზე პირველად Big Tech კომპანიები შეიძლება გაგახსენდეთ, მაგალითად: Facebook, Amazon, Apple, Netflix, Google; მაგრამ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: WeWork, Peloton და Beyond Meat, ასევე სტარტაპებია.


როგორ მუშაობს სტარტაპი?


ერთი შეხედვით სტარტაპი სხვა კომპანიების მსგავსად მუშაობს, მისი გუნდი მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შექმნას ცდილობს. მთავარი, რითაც სტარტაპი სტანდარტული ბიზნესისგან განსხვავდება პროდუქტის შექმნის პროცესია.
ჩვეულებრივი კომპანიები სხვა ბიზნესების წარსულ გამოცდილებებს იმეორებენ. მაგალითად, რესტორნის მფლობელს მისი კომპანიის მართვა და განვითარება უკვე დამკვიდრებული და მიღებული მეთოდებით შეუძლია.

სტარტაპის მიზანი სრულიად ახალი თარგის შექმნაა. მაგალითად კვების მრეწველობა ავიღოთ: იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლისთვის მზა საჭმელი მიეწოდებინათ Blue Apron-მა და Dinnerly-მ მათი სასურველი კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებით მომარაგება გადაწყვიტეს. მომხმარებელი უფრო ხელმისაწვდომ ფასში და საკუთარ გემოზე ამზადებს კერძს და ზუსტად იცის, კერძი რა ხარისხის პროდუქტითაა დამზადებული.


სწრაფი ზრდა


არსებობს კიდევ ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც სტარტაპებს სტანდარტული ბიზნესისგან განასხვავებს: სწრაფი ზრდა. სტარტაპის მიზანი საკუთარი იდეის, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებაა. ხშირად ეს მუშაობის პროცესში ხდება: როცა პროდუქტი უკვე ბაზარზეა გაშვებული. ამ დროს სტარტაპი მიღებული უკუკავშირისა და სხვა მონაცემების საშუალებით მუდმივ რეჟიმში აუმჯობესებს პროდუქტს. ხშირად სტარტაპი ბაზარზე ოპერირებას იწყებს პროდუქტის საწყისი ჩონჩხით (MVP), რომელსაც მანამ ავითარებს, სანამ სრულყოფილი ჩაშვებისთვის არ იქნება მზად.
პროდუქტის განვითარების პარალელურად სტარტაპი მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე და ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე ზრუნავს.
მთელი ეს სწრაფი ზრდა და ინოვაციურობა, როგორც წესი, ერთ მიზანს ემსახურება - აქციების საჯარო განთავსებას. როდესაც სტარტაპი აქციების საჯარო გაყიდვას იწყებს, ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ სტარტაპში ჩადებული ფული ამოიღონ, ამას სტარტაპულ ჟარგონზე “exit” – გამოსვლა ეწოდება.


როგორ ფინანსდებიან სტარტაპები?


სტარტაპები ჩვეულებრივ აგროვებენ ფულს რამდენიმე გზით:
Bootstrapping - როცა დამფუძნებლები, მათი მეგობრები და ოჯახი ინვესტირებას ახდენს ბიზნესში.
Angel Investment - როცა განვითარების ადრეულ ეტაპზე სტარტაპში ინვესტიციას ანგელოზი ინვესტორები დებენ.

შემდეგ A, B, C და D სერიების დაფინანსება მოდის, რომელშიც მრავალმილიონიანი ინვესტიციებით ცნობილი კომპანიებია გაერთიანებული.
ბოლოს სტარტაპის დამფუძნებლები აქციებს საჯაროდ ყიდიან და კომპანიის აქციონერობის საშუალებას ნებისმიერ მსურველს აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპების პირველი დამფინანსებლები უმეტესად აკრედიტებული ინვესტორები არიან, რადგან მათ პოტენციური რისკები თავიანთი დიდი ქონებით აქვთ დაზღვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას სურს 200,000%-იანი მოგება, რომელიც პიტერ ტიელმა ნახა თავის ინვესტიციებით ჯერ კიდევ პატარა Facebook-ში, სტარტაპების აბსოლუტური უმრავლესობა - დაახლოებით 90% არ ამართლებს. სტარტაპ ინვესტორებმა კარგად იციან, რომ ჩადებული ინვესტიციიდან მოგების ნახვის ალბათობა ცოტაა.



როგორ აღწევენ წარმატებას სტარტაპები?


მართალია, სტარტაპების უმეტესობა მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ არსებობენ წარმატებულიც, რომელთაგან მრავალი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ:
მხოლოდ იდეით აღფრთოვანება არ კმარა. აუცილებელია, რომ სტარტაპმა ამ იდეის განხორციელებისთვის იმუშაოს, რადგან სხვა შემთხვევაში ბიზნესს მომხმარებელი არ ეყოლება.
აუცილებელია, რომ სტარტაპერმა იცოდეს ყველაფერი იმ სფეროს და ადგილის შესახებ, სადაც მუშაობს და საკუთარ იდეას ავითარებს.
სტარტაპერებს საწყის ეტაპზე ძალიან დატვირთული შრომა უწევთ. MetLife-ისა და აშშ-ს სავაჭრო პალატის 2018 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტარტაპების მფლობელები დღეში 14 საათს მუშაობენ. წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
გუნდმა წინასწარვე უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რატომ არის სტარტაპის შინაარსი უნიკალური და შეუცვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტარტაპისთვის შრომა სტანდარტული ბიზნესისთვის შრომად გადაიქცევა.
სტარტაპის ბაზრის ზომა განსაზღვრავს მისი შესაძლებლობის მასშტაბს. გუნდმა წინასწარვე უნდა შეისწავლოს ბაზრის ზომა, განვითარების ტემპები და შესაძლებლობები.
მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის შესაძლებელი გადარჩენილი სტარტაპების 10% მოხვდე და წარმატებას მიაღწიო.

გიგი მეფარიშვილი