ლურჯი ვერსია

რაში გვჭირდება ავტობუსი: არმირ ჰარისის წარმატების გზა

20 ნოემბერი 2023

9 წლის არმირ ჰარისი ავტობუსშია. ის დედასთან და თორმეტი წლის დასთან ერთად სამხრეთ ტეხასის საზღვრიდან ბოსტონში მიემგზავრება. როგორც უთხრეს, მგზავრობა სამ დღემდე გაგრძელდება, ამიტომ ცდილობს, დაიძინოს და არ იდარდოს იმაზე, რომ დედამისს 3000 დოლარზე ნაკლები აქვს, რომელიც როდემდე უნდა ეყოთ? მანამ, სანამ დედა ინგლისურს ისწავლის? სანამ ახალ სახლს იპოვის და მუშაობას დაიწყებს?


როცა წარსულზე ფიქრობს, ალბანეთზე და სახლზე რომელიც მისმა ოჯახმა დატოვა, არმირი არც ისე სევდიანია. დიახ, იქაურობა ლამაზი იყო. კი, ყოველ კვირას სანაპიროზე დადიოდნენ. მაგრამ მერე სამოქალაქო ომი დაიწყო. მაშინ არმირი 7 წლის იყო, ქუჩიდან მომავალი სროლის ხმები კი ნიშნავდა, რომ მთელი დღე გამოკეტილები უნდა ყოფილიყვნენ სახლში _ თვეების განმავლობაში. ერთხელაც, შუაღამისას, დედამისმა ტაქსი გააჩერა და აეროპორტში წავიდნენ, რაც შეეძლოთ თან წაიღეს. არმირი ამ ყველაფერს ნაჩქარევად ჰყვება, უნდა რომ თემა შევცვალოთ.


ჰარისი ოთხი წლის განმავლობაში გაურბოდა ომს. ხშირად მატარებლის სადგურზე, ავტობუსში ან გარეთ ეძინა. ოცი წლის შემდეგ მას ამაზე ლაპარაკი არ უყვარს. მეგობრებმა შეიძლება წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ის ლტოლვილია და ბავშვობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ გაატარა, ან ის, რომ შუაღამისას დედას სამსახურში ეხმარებოდა.

კიდევ ერთი რამ, რაზეც ჰარისს არ უყვარს ჩაძიება, მისი მიღწევებია, რომლებიც ნამდვილად არ აკლია. მაგალითად ივნისში ის EY-ის (Ernst & Young Entrepreneur of the Year Award) წლის ანტრეპრენერად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ თანამშრომლებმა სთხოვეს გამარჯვება მათთან ერთად აღენიშნა, ჰარისმა კი, როგორც ყოველთვის, დაიჟინა, რომ ბევრი საქმე აქვს და შუაღამით სამუშაოდ წავიდა.

ამჟამად მისი ახალი კომპანია CharterUp ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია, რითაც ის ნამდვილად ამაყობს. მაგრამ ამ ყველაფრის აღსანიშნავად შეჩერება და არსებულით დაკმაყოფილება მისთვის უცხოა.

არმირი კოლეჯიდან გამოვიდა, რათა თავის ბიძას დახმარებოდა ავტობუსების გაქირავების ბიზნესში. 2012 წელს ბიზნესს 60 ავტობუსი შეუკვეთეს, მათ კი მხოლოდ ათამდე ავტობუსი ჰყავდათ. „გადაწყვეტილება წამიერად მივიღე და ვთქვი: შემიძლია ვიშოვო 60 ავტობუსი“ - ამბობს არმირი. ავტობუსების პოვნა ძალიან გაუჭირდა, მას ყველა კომპანიასთან სათითაოდ უწევდა დაკავშირება და იმის გარკვევა, ჰყავდათ თუ არა თავისუფალი ავტობუსები. ერთხელაც იდეა გაუჩნდა - ამდენ ძებნას და დარეკვას, ხომ არ სჯობდა ყველაფერი პროგრამულად ყოფილიყო მოწესრიგებული. 2013 წელს ვებსაიტი Shofur ინტერნეტში გაუშვა. 2017 წლისთვის კომპანიას 12 მილიონ დოლარზე მეტი მოგება ჰქონდა. სწორედ ამ დროს გაუქრა აღნიშვნის სურვილი.

„იცი რა არის ანტრეპრენერის დილემა?“ - კითხულობს არმირი. მას შეეძლო Shofur-ი 50 მილიონ დოლარად გაეყიდა და უდარდელად ეცხოვრა. მაგრამ ვეღარ შეამოწმებდა თავის ახალ მოსაზრებებს და არც ახალი გამოწვევები ექნებოდა. მისი პატარა კომპანია ვერ გადაჭრიდა ყველა ავტობუსის გამქირავებლის პრობლემას, რომლებიც ბიზნესს ძველმოდურად აწარმოებდნენ. არმირს წინსვლა სჭირდებოდა.

არმირს ჩოგბურთის თამაში კარგად გამოსდიოდა და ამის დახმარებით ბოსტონის უნივერსიტეტშიც კი მოხვდა. მაგრამ კარიერული გეგმები მალე შეიცვალა და გადაწყვიტა ბროკერი გამხდარიყო. თუმცა ბიძის ავადმყოფობის გამო სწავლის მიტოვება და ავტობუსების ბიზნესში ჩართვა მოუწია. სწორედ აქედან დაიწყო Shofur-ის ისტორია.

Shofur-ის შექმნიდან ხუთ წელში მან კომპანიას პატარა ექსპერიმენტული განყოფილება დაამატა, სადაც ახალი იდეები მოწმდებოდა. მას ახალი, უფრო დიდი პროექტის წამოწყება სურდა, რომელიც დიდ თუ პატარა, ავტობუსის კომპანიებს და მათ მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა რეალურ დროში შესძლებოდათ ინფორმაციის გაცვლა, ონლაინ მგზავრობის დაჯავშნა და ა.შ., ისევე როგორც, თვითმფრინავის ან რკინიგზის ბილეთებზეა შესაძლებელი.

„ტემპი, რომლითაც არმირი მომხმარებლის საჭიროებებზე რეაგირებს, მისი უდიდესი უპირატესობაა. მას არ ეშინია თქვას - „ახალი ინფორმაცია გვაქვს და სტრატეგია უნდა შევცვალოთ, რადგან არასწორი გზით მივდივართ.““ - ამბობს ჰოვარდ ბორნშტაინი, CharterUp-ის პრეზიდენტი.

CharterUp-ი დაარსებიდან მალევე გახდა მოთხოვნადი. 2019 წლის განმავლობაში ათობით თანამშრომელი დაიქირავეს და უკვე სხვა ქალაქებში გეგმავდნენ გაფართოებას. შემდეგ პანდემია დაიწყო. მოთხოვნა 95%-ით დავარდა და თანამშრომლების 75% დაითხოვეს.

ამ დროისთვის ბევრი ბიზნესი პანდემიის შოკში იყო და საქმის გაგრძელებას ყოყმანობდა. არმირი კი ამაში შესაძლებლობას ხედავდა. CharterUp-ს სასწრაფოდ სჭირდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რაც მოახერხეს. სწორედ მაშინ, როცა პანდემია შენელდა და ხალხმა მოგზაურობა დაიწყო, ავტობუსის კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო. CharterUp-მა ბაზარზე მათი ადგილი დაიკავა.

არმირ ჰარისი ავტობუსშია. ავტობუსი ერთ-ერთია 40-დან, რომლებიც აეროპორტთან ახლოს არის გაჩერებული; დამატებით 120 გზაშია. ის ერთ-ერთ მძღოლს ესაუბრება. 2021 წლის სექტემბერია და დაახლოებით 60 000 ლტოლვილი ავღანეთიდან მალე აეროპორტში იქნება. CharterUp-მა თავდაცვის დეპარტამენტის დაკვეთით, ქვეყნის შიგნით ლტოლვილების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. არმირს ხუთი დღის განმავლობაში თითქმის არ უძინია, რათა ლტოლვილების ევაკუაციას თავად გასძღოლოდა. მისთვის ეს მორიგი ლოჯისტიკური ამოცანა არ გახლდათ: ეს ღრმა და პირადული ამბავი იყო. თავადაც ლტოლვილს, ახლა სურდა დარწმუნებულიყო, რომ მძღოლები და თანამშრომლები ლტოლვილებს პატივისცემით ეპყრობოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში ბიზნესი, ბუღალტერია და ფინანსები შეისწავლა, ის მაინც უგულებელყოფდა შემოთავაზებებს ინვესტიციებზე და ზოგადად ფულის სესხად აღებაზე. 1990-იან წლებში, ალბანეთში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთული ეტაპი იდგა. ამ დროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქონება პირამიდის სქემებში დააბანდა, არმირის ოჯახიც ასე მოიქცა. 1997 წლის იანვარში კი პირამიდა ჩამოიშალა და მოსახლეობა ქონების გარეშე დატოვა, ამას კონფლიქტი მოჰყვა, რამაც ათასობით ადამიანი შეიწირა. არმირმა ბავშვობიდანვე ისწავლა, რომ მარტივ ფულს რთული შედეგები მოჰყვება. მან Shofur-ი 800 დოლარით დაიწყო; CharterUp-ი კი - Shofur-ის შემოსავლით.

2021-ში მაინც მოუწია ფინანსური პარტნიორების ძებნა, რაც რეორგანიზაციისა და გაფართოებისთვის სჭირდებოდა. 2022 წელს CharterUp-მა განაცხადა, რომ პირველი ინვესტიცია მიიღეს 60 მილიონი დოლარის ოდენობით, რითაც მათ მეორე სათავო ოფისი გახსნეს. და მალე ევროპაში გაფართოებასაც აპირებენ.

არმირის აზრით CharterUp-ის ბიზნეს მოდელი სტაბილურობის შესაქმნელადაა გათვლილი. საერთოდაც, რაში გვჭირდება ავტობუსი, თუ არა ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად: სპორტის მხარდასაჭერად, დასაქმებულების სამსახურში მისაყვანად, უბედური შემთხვევისგან დაზარალებულთა საევაკუაციოდ. თუნდაც იმ ოჯახების დასახმარებლად, ვინც საზღვარს ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყებად კვეთს. ვინ იცის, შესაძლოა რომელიმე ასეთ ავტობუსში მომავლის არმირ ჰარისი იყოს?

ილია ძირკვაძე