ლურჯი ვერსია

რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში მეწარმეობის სწავლება?

12 სექტემბერი 2023

გატაცებად მექცა ცნობილი ადამიანების ფრთიანი გამონათქვამები სურვილისა და საჭიროებისამებრ გადავაკეთო. ამიტომ, როცა ვფიქრობ, რა არის წარმატებული სტარტაპის შექმნის რეცეპტი, ტომას ედისონს დავესესხები ხოლმე და ვამბობ: 1% იდეა და 99% ჭაპანწყვეტა. სტარტაპერის გზა შთაგონების რეალობად ქცევამდე დამღლელი, სტრესული და დაბრკოლებებით სავსეა. ჩემი აზრით, სტარტაპერობა ნოვატორული იდეების სრულქმნის ხელოვნებაა. ის შეგვიძლია მოვიაზროთ შემოქმედებით დისციპლინად, რომელსაც ძალუძს შეცვალოს სამყარო და შექმნას ისტორია.

არასდროს მსურდა სამყაროს პარტერში დარჩენა, რა დროსაც ადამიანი მხოლოდ მაყურებელია და არა შემოქმედი იმ ცვლილებებისა, რომლებიც ესოდენ დიდ გავლენას ახდენენ მის ცხოვრებაზე. ჩემდა საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დავიწყე დამოუკიდებლად ცოდნის მიღება და უნარების გამომუშავება იმ მიმართულებებით, მომავლის პროფესიებს რომ უწოდებენ. გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის წყალობით აღმოვაჩინე ის მიკროსამყარო, რომლის ნაწილად ყოფნაც მთელი გულით მოვიწადინე. იმხანად თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ელისი საოცრებათა ქვეყანაში, ბუნებრივიც არის, რადგან ბავშვი, რომელიც შეიპყრო ცვლილებების სურვილმა, აღმოჩნდა გარემოში, სადაც მისი იდეების, შესაძლებლობებისა და შემართების სჯერათ.

სკოლის დამამთავრებელი საფეხური იდეების რეალობად ქცევის პროცესში გავატარე. ჩემი მოგზაურობა სტარტაპ-სამყაროში არჩევითი საგნით დაიწყო, რომელსაც “მეწარმეობის საფუძვლები” ეწოდება. ამ საგნის ფარგლებში ვისწავლე ეკონომიკის ძირითადი საფუძვლები, გავიგე როგორ უნდა დააარსო კომპანია, რა არის შპს, სააქციო საზოგადოება, საფონდო ბირჟა; და არაერთი საჭირო უნარჩვევა შევიძინე. ამ პროცესში სწავლა და პრაქტიკა ურთიერთგადაჯაჭვულია ანუ იძენ თეორიულ ცოდნას, უნარებს და უმალვე იყენებ მათ. პრაქტიკა გულისხმობს სტარტაპ იდეის მოფიქრებასა და ამ იდეის გარშემო ადამიანების გაერთიანებას, დღენიადაგ გუნდურ შრომას, სტარტაპ კონკურსებში მონაწილეობას.

სასკოლო სტარტაპ კონკურსები ამ პროცესის მთავარი ნაწილია, რადგან მათი მოგება ძირითადი საშუალებაა მოსწავლისთვის სტარტაპის განსავითარებლად.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ასეთი პროექტები მრავლადაა, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია მუშაობენ და ყოველწლიურად აწყობენ კონკურსებს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მსგავსი პროექტების ბუმი იყო. უნივერსიტეტებიც კი, რომელთაც ჰქონდათ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, მართავდნენ სტარტაპ მარათონებს სკოლის მოსწავლეებისთვის. ერთი სიტყვით, შესაძლებლობა უხვად იყო, მე კი ვცდილობდი ის მაქსიმალურად გამომეყენებინა.

მგონია, რომ არ არსებობს წარმატების თვალსაზრისით უფრო საეჭვო წამოწყება ვიდრე სტარტაპზე მუშაობაა. თითები არ მეყოფა ჩამოვთვალო, რამდენი სტარტაპ კონკურსი წავაგე, თუმცა მაინც ირონიანარევად ვამხნევებდი საკუთარ თავს: “შენ დამარცხდი, ესე იგი საკმარისად ინოვაციური ხარ”. როცა ამ თავგადასავალს გადიხარ, ვერცერთი წამით ვერ იფიქრებ უკან დახევაზე, თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ის დიდი ჭაპანწყვეტა, რომელიც გადაიტანე, ამაო არ უნდა აღმოჩნდეს. ბევრს ისიც უთქვამს: „ ცოდნა და გამოცდილება მიიღე, არა უშავს თუ გამარჯვება ვერ მოახერხე”, ალბათ მართალია, მაგრამ საშინელი განცდაა, როცა ვეღარ იხსენებ, ბოლოს როდის გაიმარჯვე.

მარცხი ცდილობს შეგაგუოს არასასურველ რეალობას და ფარ-ხმალი დაგაყრევინოს, მაგრამ უნდა ეცადო რეალობამ მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ _ გაუტეხელი და მიზანსწრაფული. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ მძულდა ყველა სამოტივაციო ფრაზა, მაგრამ არასდროს შემპარვია ეჭვი მათ უტყუარობაში, ზიზღის მიზეზი მათი ბუნდოვანება იყო. ვფიქრობდი, კი მაგრამ როდის, როდის გამართლდება ჩემზეც უნივერსალური მაქსიმა, რომელიც ამბობს: “არ დანებდე და მიზანს აუცილებლად მიაღწევ.”

სკოლის ბოლო ორ წელში ხუთ სტარტაპ პროექტზე ვიმუშავე და ათზე მეტ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, აქედან მხოლოდ ორში შევძელი გამარჯვება, ხოლო ხუთი სტარტაპიდან მხოლოდ ერთი გამოდგა წარმატებული. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო უბადრუკი იქნებოდა მარცხისგან გათანგულსა და უკიდურესად იმედგაცრუებულს უარი, რომ მეთქვა იმ დროისთვის უკანასკნელ შესაძლებლობაზე, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი: “ამ ერთხელაც სცადე”, ვცადე და გამოვიდა. გავიმარჯვე.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ სამეწარმეო განათლებამ ხელი შემიწყო მთელი რიგი უნარების გამომუშავებასა და სხვადასხვა მიმართულებებით კომპეტენციის მიღებაში, რაც დღემდე მეხმარება, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მე ვისწავლე, როგორ ვიყო მეტად შემოქმედებითი და კრიტიკულად მოაზროვნე. მივხვდი, რომ წარმატება ყოველთვის მიიღწევა შრომისმოყვარეობის, ძალისხმევის გაღებისა და სწავლის გზით. თუმცა, ვფიქრობ, შევძელი ყველაზე მთავარი, რასაც მომავლის აღმოჩენას ვუწოდებ. მივხვდი, რა არის ჩემი როლი, სად არის ჩემი ადგილი და როგორი მომავლის შექმნას ვესწრაფვი. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ სკოლებში სამეწარმეო განათლების სწავლება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.

სამეწარმეო განათლება მოსწავლეებს ეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, როგორებიცაა: თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა; ცნობისმოყვარეობა და შემოქმედებითობა; მოხერხებული საშუალებების მიმართვა რთული პრობლემების ინოვაციურად გადასაჭრელად; საჯაროდ საუბარი და ეფექტური პრეზენტაციების მომზადება; მონაცემების ანალიზი და გამოყენება;

სამეწარმეო განათლებას შეუძლია არა მხოლოდ იმ მოსწავლეებს არგოს, ვინც მომავალში მოიაზრებს თავს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროებში, ასევე ხელოვნებით, სოციალური მეცნიერებებითა და სხვა მომიჯნავე სფეროებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ განივითარონ წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება და შეეცადონ აქტუალური პრობლემების გადაჭრას.

ჩემი აზრით, ბავშვებს მომავლის აღმოჩენაში უნდა დავეხმაროთ, ამის მისაღწევად კი მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაა საჭირო. გერქვას შემოქმედი ეს ნიშნავს გაგაჩნდეს ღირებულებების მქონე ორიგინალური იდეები, მაგრამ შეუძლებელია მოიფიქრო და შექმნა რამე ორიგინალური თუ შეცდომების დაშვების გეშინია. დღესდღეობით, პრობლემა ბავშვების ზრდის კვალობაზე მათ შემოქმედად დარჩენაშია, რადგან მოზარდებს ისეთ გარემოს ვუქმნით, სადაც ეშინიათ შეცდომების დაშვების. სტარტაპ სამყარო კი დგას კონცეფციაზე, რომელიც მარცხსა და შეცდომებს გპატიობს, არა მარტო გპატიობს, არამედ გაქეზებს კიდეც შეცდომებისკენ. არ გამოვა? თავიდან ცდი. უფრო ჭკვიანურად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სამეწარმეო განათლების სწავლა ეხმარება ბავშვებს თავად აღმოაჩინონ საკუთარი მომავალი.

უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისები და სხვა სოციალური პრობლემები კიდევ უფრო ზრდის სამეწარმეო განათლების აუცილებლობას, რადგან ის ცოდნა და უნარები, რასაც ბავშვები გამოიმუშავებენ ეხმარება მათ გახდნენ მეწარმეები და დაასაქმონ სხვა ადამიანები, რასაც საერთო ჯამში პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკაზე.

დღესდღეობით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა თანხმდება, რომ სამეწარმეო განათლება არის მეტად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ევროკავშირისთვის სამეწარმეო განათლების განვითარება და ხელშეწყობა წლებია არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. საქართველოს საჯარო სკოლებში 2015-2016 წლიდან დაინერგა არჩევითი საგანი “მეწარმეობის საფუძვლები.” ადრეული ასაკიდან სამეწარმეო განათლების მიცემა ახალგაზრდებისთვის ნამდვილად შეიძლება გახდეს წარმატებული ქვეყნის აშენების საფუძველი.

არსენ სებისკვერაძე