ლურჯი ვერსია

როგორ ჩნდება ინოვაციური იდეები

21 ივლისი 2022

2010 წელს თომას თუეითსმა გადაწყვიტა საკუთარი ხელით აეწყო ტოსტერი. შევიდა მაღაზიაში, იყიდა ყველაზე იაფიანი ტოსტერი, წავიდა სახლში და დაშალა… ფიქრობდა, რომ მექანიზმი მარტივი იქნებოდა, თუმცა, როცა დეკონსტრუქცია დაასრულა, იატაკზე 400-ზე მეტი ნაწილი დათვალა. თუეითსმა აღმოაჩინა, რომ ტოსტერი 100-ზე მეტი სახეობის მასალისგან იყო დამზადებული, მათ შორის ჭარბობდა პლასტმასა, ნიკელი და ფოლადი.


შემდეგ თომასმა ყველა კომპონენტის დამზადება თავად გადაწყვიტა. ჯერ ფოლადის ნაწილებით დაიწყო. მიხვდა, რომ ამისთვის რკინის საბადო სჭირდებოდა. თხოვნით რკინის მაღაროს მიმართა და ჰკითხა, მისცემდნენ თუ არა მასალას პროექტისთვის.
გასაკვირია, მაგრამ დათანხმდნენ.


გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა…


როდესაც დადგა ტოსტერის პლასტმასას კორპუსის შექმნის დრო, თუეითსმა გააანალიზა, რომ პლასტმასას დასამზადებლად ნავთობი სჭირდებოდა, რისთვისაც BP-ს მიმართა, თუმცა კომპანიამ უარით გაისტუმრა.
თუეითსი არ დანებდა. მან პლასტმასას ნარჩენები შეაგროვა და ტოსტერისთვის შესაბამისი ფორმები გამოადნო. ნიკელის კომპონენტების მისაღებად კი ძველი მონეტები გადაადნო.
ხელნაკეთი ტოსტერი მდნარ ნამცხვარს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამზარეულოს ტექნიკას.
მოგვიანებით აღიარა: „თუ ტოსტერის აწყობას აბსოლუტურად ნულიდან გადაწყვეტ, მოგიწევს, მთელი ცხოვრება ამაში დახარჯო.“


ნუ დაიწყებ ნულიდან


ნულიდან დაწყება ცუდი იდეაა.
ხშირად გვაქვს ილუზია, რომ ინოვაციური იდეები და მნიშვნელოვანი ცვლილებები ცარიელი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. თუ ბიზნეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდება, მზად ვართ, იდეების დაფა გავასუფთაოთ და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი გვძლევს. გვავიწყდება, რომ შემოქმედებითი პროგრესი მარცხის შემდეგ ძველი იდეების უკუგდებითა და სამყაროს ახლებურად დანახვით არ მიიღწევა.


განვიხილოთ ბუნების მაგალითი:
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრინველის ბუმბული ქვეწარმავლების ქერცლიდან წარმოიქმნა. ევოლუციის წყალობით, ქერცლი პატარა ბუმბულად იქცა, რომლის თავდაპირველი მისია სხეულის გათბობა და გარე ზემოქმედებისგან დაცვა იყო. საბოლოოდ, ეს პატარა ფუმფულა ბუმბულები ისე გაიზარდნენ, რომ ფრენის დანიშნულება შეიძინეს.


ცხადია, ცხოველთა სამეფოში ჯადოსნური მომენტი არ დამდგარა და არავის უთქვამს „მოდით, ნულიდან დავიწყოთ და შევქმნათ ცხოველი, რომელსაც შეეძლება ფრენა“. ფრინველად განვითარება იყო იდეების გამეორების, დახვეწისა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების შედეგი.


ადამიანის აფრენის პროცესმაც ანალოგიურ გზა გაიარა. საფრენი საშუალებების გამოგონებას ძმებ რაიტებს ვუმადლით. იშვიათად გვახსენდება ისინი, ვინც მათ გაუკვალა გზა და ვინც საავიაციო საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. მათ შორის – ოტო ლილიენტალი, სამუელ ლენგლი და ოქტავე ჩანუტი. ძმებმა რაიტებმა სწორედ მათი კვლევების შესწავლითა თუ იდეების დახვეწით შექმნეს საფრენი აპარატი.

ხშირად ყველაზე კრეატიული ინოვაციები ძველი იდეების ახალი კომბინაციებით ჩნდება. ინოვაციურად მოაზროვნეები არ ქმნიან, ისინი ფაზლს აწყობენ. იდეებს ერთმანეთთან აკავშირებენ. უფრო მეტიც – პროგრესის ყველაზე ეფექტური გზა არის უკვე არსებული პროდუქტის 1 პროცენტით გაუმჯობესება და არა მთელი სისტემის დაშლა და თავიდან დაწყება.


გაიმეორეთ, ნუ შექმნით!


ტოსტერის პროექტი იმის მაგალითია, თუ როგორ ვერ ვამჩნევთ თანამედროვე სამყაროს სირთულეებს. როდესაც ტოსტერს ყიდულობ, არ ფიქრობ, თუ რა გზა გაიარა მან დახლამდე. გონებაში არც კი გაგიელვებს მთიდან ამოკვეთილი რკინა, ან საბადოებში მოპოვებული ნავთობი.
ნივთებს შორის საოცარ კავშირებს ვერ ვხედავთ. სინამდვილეში, ამ რთულ სამყაროში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ძალები მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ და რა – ჩვენ სასარგებლოდ. ტოსტერის ყიდვისას, ვფიქრობთ საბოლოო პროდუქტზე და ვერ ვაცნობიერებთ გავლილ პროცესებს.
როდესაც საქმე გაქვს დიდ პრობლემასთან, უმჯობესია გამოსავლის ძიებისას დაეყრდნო იმას, რაც უკვე მუშაობს. ნებისმიერმა იდეამ, რომელიც ამჟამად განხორციელებულია, ბევრი გამოცდა გაიარა. ძველი იდეები საიდუმლო იარაღია, რადგან მათ ამ რთულ სამყაროში გადარჩენა შეძლეს.

ასე რომ, არ შეგეშინდეთ იდეების გამეორების, ნუ ეცდებით ნულიდან დაწყებას!


ავტორი: ჯეიმს კლერი

თარგმანი: მარიამ ელიაშვილი