ლურჯი ვერსია

როგორ გავხდეთ შემთხვევითი ანტრეპრენერი?

17 მაისი 2023

გაიხსენე, რამდენ ადამიანს იცნობ, ვისაც უთქვამს: სტარტაპის დაწყება მინდა, მაგრამ მომგებიან იდეას ვერ ვპოულობო. შეიძლება შენც მათ რიცხვში ხარ.

არადა მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ წარმატებული სტარტაპების მნიშვნელოვანი ნაწილი შემთხვევითი ანტრეპრენერების დაფუძნებულია: მათი, ვისაც თავად სურდა გარკვეული პროდუქტის, თუ სერვისის მიღება და რადგან ბაზარზე მსგავსი ვერაფერი იპოვა, გადაწყვიტა საკუთარი სურვილი სტარტაპად ექცია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ ვინდსერფინგის, სკეიტბორდინგის და სნოუბორდინგის სფეროში ინოვაციების 40 პროცენტი ამ სპორტით გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნით. Sciencedirect-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იგივე (თუმცა სხვა პროპორციებით) შეიძლება ითქვას ავტომანქანების და სამთო ველოსიპედების სფეროზე.

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ საბავშვო პროდუქტების მწარმოებელი 300 კომპანიიდან 84 პროცენტის დამფუძნებელი თავად იყო მცირეწლოვანი ბავშვების მშობელი და ამ პროდუქციის აქტიური მომხმარებელი.

შემთხვევითი ანტრეპრენერის კარგი მაგალითია ცნობილი ბრიტანელი მაგნატი რიჩარდ ბრანსონი. ბრანსონს ავიაკომპანიის დაარსებაზე არასოდეს უფიქრია, მაგრამ, ერთხელ, პუერტო-რიკოში ყოფნისას, მისი რეისი ვირჯინიის კუნძულებზე გაუქმდა. 28 წლის ბრანსონმა გადაწყვიტა კერძო თვითმფრინავი დაექირავებინა, შემდეგ ფურცელზე დაწერა:”ბილეთი ვირჯინიის კუნძულებზე - 39 დოლარად” და აეროპორტში მანამ იარა, სანამ თვითმფრინავი ბოლომდე არ შეავსო.

როცა რეისი ვირჯინიის კუნძულებზე დაეშვა, ბრანსონს ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა: “სერვისი სულ ოდნავ რომ გააუმჯობესო, ავიაკომპანიების ბიზნესში ანგარიშგასაწევი ძალა იქნები.” მეორე დღეს ბრანსონმა ძველი თვითმფრინავის საყიდლად საჭირო თანხა იშოვა და Virgin Airlines-ი დააარსა. ბრანსონის თავდაპირველი სურვილი საკუთარი პრობლემის გადაჭრა იყო და არა ბიზნესის დაწყება.

ბიზნესი პრობლემის გადაჭრას მოჰყვა.

აგერ მეორე მაგალითიც: ფილ ბეჩლერს, ახალგაზრდა მამას და ფიტნეს ენთუზიასტს, სურდა სირბილი და შვილის ეტლით გასეირნება ერთმანეთთან შეეთავსებინა. მაგრამ სტანდარტული საბავშვო ეტლები მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა _ ცუდი ამორტიზაცია და არასაკმარისი დაცულობა _ ამიტომ ბეჩლერმა გადაწყვიტა სარბენი ეტლების მწარმოებელი კომპანია დაეარსებინა.

თუმცა შემთხვევითი ანტრეპრენერების წილი ინდუსტრიების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მკვლევრები ამბობენ, რომ შემთხვევითი ანტრეპრენერები უმრავლესობას იმ ინდუსტრიებში შეადგენენ, რომელიც ეკონომიკური ბენეფიტების ნაცვლად გართობას გვთავაზობს; სადაც სარგებლის სხვაობა (Opportunity Cost) შედარებით დაბალია; სადაც მომხმარებელს მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს და შესაბამისად მრავალი მცირე, ნიშური ბაზარი არსებობს; ან სადაც ბაზარი განვითარების საწყის სტადიაშია.

შეიძლება რომელიმე ინდუსტრიაში ეკონომიკური პოტენციალი დაინახო და ბიზნესი ამიტომ დაიწყო. ან ჩათვალო, რომ უფრო იაფად და ეფექტურად შეგიძლია რაიმე პროდუქტის, ან სერვისის შექმნა. ეს კლასიკური, მრავალჯერ ნაცადი გზებია.

თუმცა თუ სტარტაპს იმიტომ იწყებ, რომ როგორც მომხმარებელმა საკუთარი პრობლემის გადაჭრის გზა იპოვე, ესე იგი შემთხვევითი ანტრეპრენერი ხარ.

ზოგიერთისთვის ეს შეიძლება საუკეთესო გზა აღმოჩნდეს. ის ადამიანები, რომელთაც საკმარისი ჭკუა აქვთ, რომ პრობლემა აღმოაჩინონ და შემდეგ ეფექტურად გადაჭრან, ბიზნესში გამოუცდელობას, საკუთარი ზუსტი ხედვით აბალანსებენ. შეიძლება ბრწყინვალე მენეჯერი იყო, მაგრამ თუ რაიმე ახალი იდეა, ან პრობლემის გადაჭრის ახალი გზა არ გაქვს, სავარაუდოდ ვერც წარმატებული კომპანია გექნება.

თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვია სტარტაპის დასაწყებად საჭირო იდეა, შეჩერდი და დაფიქრდი: რისი შეცვლა გსურს, როგორც მომხმარებელს? მოეშვი ტრენდების და ახალი ინდუსტრიების ძიებას და სხვების ისტორიების კითხვას. იმაზე დაფიქრდი, თავად რისი გაკეთება გსურს.

გაიხსენე რაში ერკვევი სხვებზე უკეთ: რა პროდუქტებს მოიხმარ, ან რა სერვისებს იყენებ.

გაიხსენე, ყველაზე მეტად რომელი პროდუქტით, ან სერვისით ხარ უკმაყოფილო. დიდი შანსია, რომ სხვა მომხმარებლებიც იგივეს გრძნობენ, რასაც შენ.

დაფიქრდი, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა და თუ ფიქრობ, რომ მსგავსი პროდუქტი რომ არსებობდეს აუცილებლად შეიძენდი, საკუთარ თავს ჰკითხე: შემთხვევით თავად ხომ არ უნდა შექმნა ის?