ლურჯი ვერსია

როგორ შეიძლება დაგვეხმაროს სხვა ბრენდებთან პარტნიორობა?

15 იანვარი 2024

თუ დამწყები სტარტაპერი ხარ და შენი პროდუქციის და მომსახურების განვითარებისთვის ან აუდიტორიის ძიებისთვის ფინანსები არ გაგაჩნია, მიზნის მიღწევაში სხვა ბრენდთან პარტნიორობა შეიძლება დაგეხმაროს. მაგრამ, სანამ ასეთი მოკავშირეების ძიებას დაიწყებ, კარგად უნდა გაიაზრო პარტნიორობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენი სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება.


რას ნიშნავს პარტნიორი ბრენდები?


პარტნიორობა არის საქმიანი ურთიერთობა ორ ან მეტ მხარეს შორის. ის შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური და როგორც წესი, მისი ყველა მხარე გარკვეულ მოგებას ელის ამ თანამშრომლობისგან. პარტნიორ ბრენდებს ან კომპანიებს, როგორც წესი, მსგავსი ღირებულებები და ხედვა აქვთ, ერთად მუშაობით კი საერთო მიზნების მიღწევას ცდილობენ.


ასეთი სახის პარტნიორობა დაგეხმარება ბიზნესი იმაზე სწრაფად განავითარო, ვიდრე ამას დამოუკიდებლად შეძლებდი. ამასთანავე ეს წვდომას მოგცემს იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ტრადიციული მარკეტინგის გზებით ვერ ან ძნელად თუ მიწვდები.


პარტნიორი ბრენდის ძიება შესაძლოა ძალიან კარგი გზა იყოს შენი ბიზნესისთვის წვდომის გასაფართოებლად და გაყიდვების გასაზრდელად. თუმცაღა ასეთ თანამშრომლობას თავისი რისკებიც ახლავს. თუ პარტნიორი თავის წილ საქმეს ვერ შეასრულებს, შესაძლოა ორივე მხარეს პრობლემები შეგექმნათ და რეპუტაცია შეგელახოთ. ამიტომ ამ გზაზე ფრთხილად უნდა იაროთ.

პარტნიორი ბრენდის ყოლის უპირატესობები


დაგეხმარება იპოვო შენი კომპანიისთვის ახალი მომხმარებელი


სხვა ბიზნესთან პარტნიორობამ შეიძლება ახალი მომხმარებლების პოვნა გაგიმარტივოს. ეს ბრენდის გაზრდის ერთადერთი საშუალება არ არის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება საუკეთესო გზა იყოს შენი ბრენდის სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად. პარტნიორი ბრენდის დახმარებით ახალ ბაზრებთან და აუდიტორიებთან გექნება წვდომა, რაც სხვაგვარად ბევრად უფრო რთული, შრომატევადი და ხარჯიანი საქმე იქნებოდა.


პარტნიორობა ასევე კარგი გზაა კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავს პროდუქტს ან მომსახურებას ყიდიან, მათ შეუძლიათ ერთად იმუშაონ, რათა გაყიდვები გაზარდონ ან უკეთ გაერკვნენ სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებში. მაგალითად: თუ ორი კომპანია ამაზონზე წიგნებს ყიდის, მაგრამ ერთ-ერთი ყურადღებას ამახვილებს ისტორიული და ბიოგრაფიული შინაარსის წიგნებზე, ხოლო მეორე მხატვრულ ლიტერატურაზე, ისინი შეიძლება შეთანხმდნენ და ერთმანეთის პროდუქციას გაუკეთონ რეკომენდაცია: ერთმა პარტნიორი გამომცემლობის ისტორიული რომანი დაარეკლამოს, მეორემ კი _ ცნობილი მწერლის ბიოგრაფიული წიგნი.


ბევრის სახის პარტნიორობა არსებობს, პატარა შეთანხმებიდან დაწყებული - კომპანიების გაერთიანებით დამთავრებული. მთავარია იპოვო, ის რაც ორივე კომპანიის ინტერესს შეესაბამება.


დაგეხმარება განავითარო შენი პროდუქტი და მომსახურება


სხვა ბრენდთან პარტნიორობამ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს შენი პროდუქტის განვითარების გზა:

  • სხვა ბიზნესებთან მუშაობით, შეიძლება ახალი, მომხმარებელზე უკეთ მორგებული პროდუქტის იდეა გაგიჩნდეს
  • სხვა კომპანიასთან პარტნიორობამ შესაძლოა წვდომა მოგცეს დამატებით რესურსებზე (მაგ. კაპიტალი, აღჭურვილობა და ა.შ.), რისი დამოუკიდებლად მოპოვებაც რთულია. ეს საშუალებას მოგცემს შექმნა უკეთესი პროდუქტი, უფრო იაფად და სწრაფად, ვიდრე ამას ცალკე შეძლებდი
  • პარტნიორობას ასევე შეუძლია შეამციროს ხარჯები ორივე მხარისთვის იმ შემთხვევაში, თუ რესურსებს გაიზიარებენ(მაგ. თანამშრომლებს, სამუშაო სივრცეს და ა.შ.)


როცა მხარეებს შორის გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა ყალიბდება, ამით კომპანიებიც ისარგებლებენ და მომხმარებლებიც.


რესურსების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მოგცემს


პარტნიორობაში შესაძლებელია რესურსების და გამოცდილების გაზიარება იგულისხმებოდეს. რესურსების გაზიარებას შემდეგი სარგებელი აქვს:


  • ხარჯების შემცირება დავალებების ან მომსახურების გაერთიანებით ორ ან რამდენიმე კომპანიას შორის
  • გაზრდილი შესაძლებლობები განვითარებისთვის, რადგან თითოეული პარტნიორი საერთო საქმეს გააკეთებს (მაგ. ერთი კომპანია ერთობლივი პროექტის დიზაინზე იმუშავებს, ხოლო მეორე კონტენტს შექმნის)
  • სტრატეგიული უპირატესობა ბაზარზე, რადგან გაერთიანებული პროდუქტით მომხმარებლისთვის მეტის შეთავაზებაა შესაძლებელი


როცა ორი კომპანია ერთად მუშაობს, მათ შეუძლიათ გაერთიანებული ცოდნით და გამოცდილებით, უფრო მიმზიდველი პროდუქტი შექმნან, ვიდრე ეს თითოეულს ცალ-ცალკე შეეძლო. რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტისთვის ახალი მახასიათებლების დამატებას, მომხმარებლის მხარდაჭერის გაუმჯობესებას და სწრაფ განვითარებას.


რის მიხედვით შევარჩიოთ პარტნიორი ბიზნესი?


თუ ორივეს გაქვთ ის, რაც მეორეს აკლია


პარტნიორობა მაშინ არის მომგებიანი, როცა თითოეული პარტნიორი რაღაც განსაკუთრებულს ფლობს, რაც მეორის საჭიროებებს აკმაყოფილებს. მაგალითად თუ საბუღალტრო ფირმას მართავ და მარკეტინგში გჭირდება დახმარება, უნდა მოძებნო პარტნიორი, რომელიც ამ სფეროში დაგეხმარება. სანაცვლოდ მარკეტინგულმა კომპანიამ შენი კომპანიის ცოდნით შეიძლება ისარგებლოს.


თუ ორივე ერთი და იმავე მიზნებს და ღირებულებებს იზიარებთ


როცა ორივე მხარეს მსგავსი მიზნები ან ღირებულებები აქვს, მაგრამ ერთმანეთის კონკურენტები არ არია, მათ შორის ბევრად უფრო ადვილია პარტნიორობის ჩამოყალიბება.


თუ რამე საეჭვოდ გეჩვენება და თვლი, რომ შეთანხმების დადებამდე მეტი კვლევა და ინფორმაცია გჭირდება (რაც სავარაუდოდ ასეც იქნება), დარწმუნდი, რომ ყველამ იცის რა მოლოდინები გაქვთ. ასე პარტნიორობის გზაზე უსიამოვნო მოულოდნელობებს აირიდებ თავიდან.


თუ პარტნიორი კომპანია აფართოებს შენი დაფარვის არეალს


პარტნიორს შეუძლია გააფართოოს შენი წვდომა იმ გზებით, რაზეც აქამდე არ გიფიქრია. მაგალითად, შეიძლება იპოვო ახალი მომხმარებლები, კონტაქტები და ახალი პარტნიორები, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორების დახმარებით შეგიძლია მიაღწიო იმ მიზნებს, რომელთაც დამოუკიდებლად ვერ შეეჭიდებოდი.


რა უნდა გაითვალისწინო?


საერთო მოლოდინები


უმნიშვნელოვანესია დარწმუნდე, რომ ყველა ერთ მხარესაა და ყველამ იცის, თუ რას მოელის პარტნიორობისგან. მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას? ბრენდის ცნობადობის ამაღლებას? ან იქნებ რაღაც კონკრეტული გამოცდილების მიღებას?


სწორი მიზნის დასახვა, ყველა მონაწილეს გაგიადვილებთ ურთიერთთანამშრომლობას.


ღია კომუნიკაცია


საბოლოოდ, თვითონ უნდა განსაზღვრო როგორ უნდა შეინარჩუნო პარტნიორობა, დროთა განმავლობაში. მაგალითად, რეგულარული შეხვედრები გექნებათ? რა მოლოდინები გაქვთ ერთმანეთისგან? რამდენად ხშირად გაცვლით ინფორმაციას თქვენი პროგრესის შესახებ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა მხარეს უბიძგებს თანამშრომლობაში მეტი ძალისხმევა ჩადონ, რაც ყველას წარმატებას მოგიტანთ დროთა განმავლობაში.


დაიმახსოვრე - კომუნიკაცია და ორმხრივი პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული პარტნიორობისთვის. იმაში დარწმუნებით, რომ ყველა მონაწილეს ესმის თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა. სწორი მიდგომით და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობით პარტნიორობა შეიძლება მრავალი წლის მანძილზე შენარჩუნდეს.




რომ შევაჯამოთ, თუ გინდა შენს სტარტაპს ახალი შესაძლებლობების გზა გაუხსნა, ხშირად ამისთვის პარტნიორი კომპანიის ძიებაა საჭირო. იპოვე სავარაუდო პარტნიორები და გაესაუბრე მათ საერთო მიზნებზე და ორმხრივ სარგებელზე. ეს შესაძლებლობას მოგცემს მაქსიმალური სარგებელი მიიღო ურთიერთობიდან და დარწმუნდე, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილია.
მუდმივად ეძიე შენი სავარაუდო მოკავშირეები და როცა იპოვი: არ შეყოვნდე, მიაწვდინე მას ხმა და ორმხრივად წარმატებული ურთიერთობა ჩამოაყალიბე.

ილია ძირკვაძე