ლურჯი ვერსია

როგორ შემოაქვს Gen Z-ის ახალი თამაშის წესები

05 აპრილი 2024

ავტორი: Rachel Botsman



ბავშვობაში, უთვალავი საათი მაქვს გატარებული ჩემს კონსოლზე Tetris-ის თამაშში. ზემოდან ჩამოვარდნილი ბრტყელი ბლოკებით ღრიჭოების ამოვსება უცნაურად სასიამოვნო თავშესაქცევი იყო. თამაშის დიზაინი ზუსტი, დახვეწილი და ყველასათვის გასაგებია. უშუალოდ თამაშის პროცესი კი მოთამაშეს კონტროლისა და წესრიგის განცდას ანიჭებს. მაგრამ, როცა ჩემს 12 წლის შვილს Tetris-ი ვაჩვენე და ვკითხე სურდა თუ არა თამაში, სწრაფად მიპასუხა: „რა აზრი აქვს? შეუძლებელია სისტემას აჯობო.“ - ამ მხრივ ის მართალია.


ჩემი დროის ორგანიზაციები, თავისი მოწყობით, ძალიან ჰგავდნენ Tetris-ს - ცენტრალიზებული, იერარქიული, მკაფიოდ განსაზღვრული წესებით: სამუშაო საათებს ზუსტი საზღვრები ჰქონდა, ისევე როგორც დასაქმებულის სამუშაო ადგილს და მის უფლებება-მოვალეობებს. ძირითადად, ეს საზღვრები დამსაქმებლის მიერ იყო დაწესებული. მომუშავეებს კი ის უსიტყვოდ უნდა მიეღოთ.


მე Tetris-ის თაობის ნაწილი ვარ (Gen X), ჩემი შვილი კი Roblox-ის თაობაა (Gen Z). მისთვის ცხოვრებაც Roblox-ივითაა _ შესაძლებლობების სივრცე, სადაც თავად შეგიძლია შექმნა ადგილები და მოირგო სასურველი როლი. შეგიძლია შენი საოცნებო სამსახური მოიგონო, ხიდები ან კოსმოსური ხომალდები აშენო, ფერმერი გახდე ან უბრალოდ სანაპიროსთან საკუთარ სასახლეში ინებივრო. Roblox-ის მთელი არსი თვით-ავტორობაშია. აქ კონტროლის გრძნობა მოაქვს შემოქმედებას და არა წინასწარ განსაზღვრული წესების მორჩილებას. ჩემს შვილს უყვარს Roblox-ი რადგან მისივე სიტყვებით - „ის ჩემი სამყაროა ჩემივე წესებით“.


Tetris-ი და Roblox-ი ძლიერი მეტაფორაა, როცა საქმე შრომით სამყაროში კონტროლისა და ნდობის საფუძვლიან ცვლილებებს ეხება. Gen Z-ის (ასევე Y-ს და Alpha-ს, რომლებიც შრომის ბაზარს ამ ათწლეულის მიწურულს შეუერთდებიან) არ აქვთ ინტერესი იმუშაონ Tetris-ის სამყაროში. წესები, ჯილდოები და იერარქიული სტრუქტურა, მათთვის გაუგებარია. 2025 წელში „ეთგო“-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნების სამუშაო ძალის 27 პროცენტი Gen Z-ი იქნება, ასე რომ ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა. 2030 წლისთვის Roblox-ის თაობა სამუშაო ძალის უმრავლესობა იქნება _ თანამშრომლების 58 პროცენტზე მეტი.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, Gen Z-ის თითქმის ორ-მესამედს დამოუკიდებლად მუშაობა ან სტარტაპის მართვა სურს. საერთაშორისო შრომით ბაზარზე Gen Z-ის 80 პროცენტი ეძებს ისეთ სამსახურს, რომელიც მათ ღირებულებებს შეესაბამება. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ მუშაობის და თავისუფალი დროის დარღვევის შემთხვევაში, ისინი დატოვებდნენ სამსახურს. შრომითი პროცესების ცვლილებებზე საუბრისას კომპანიები გამოსავალს მოქნილ სამუშაო გრაფიკში ეძებენ. დიახ, ახალ თაობებს უნდათ ან მოელიან მოქნილ სამსახურს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ყურადღების მხოლოდ იმაზე გამახვილებით, თუ ვინ როდის და სად იმუშავებს, გამოვტოვებთ საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან მხარეს - ორგანიზაციების მიმართ ადამიანების ურთიერთობა შეიცვალა.


Tetris-ის მოდელმა ლიდერობის შესახებ „ძალისმიერი გავლენის“ აზრი ჩამოაყალიბა: „თუ სხვებს ვეტყვი რა გააკეთონ, ისინი მომყვებიან“. ამ გზით არ დაგჭირდება წესების და საზღვრების მოფიქრება; ისინი უკვე ჩამოყალიბებულია ვერტიკალურ, იერარქიულ სისტემაში. ამის საპირისპიროდ Roblox-ი წარმოადგენს ძალების გადანაწილების სისტემას. Roblox-ში არ არსებობს არავითარი კორპორაციული კიბე ან იერარქიული სისტემა, სანამ თავად არ გამოიგონებ მას. თამაში თანამშრომლობითი, ავტომატური, შენზე მორგებული და თანასწორობაზე ორიენტირებულია.


Gartner-ის ახალ მოხსენებაში, საქმეში დასაქმებულის ჩართულობას, მის სტრესზე 3.8-ჯერ მეტი გავლენა აქვს, ვიდრე სამსახურის ადგილმდებარეობას. სხვა სიტყვებით, სტრესის შემცირებაში მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას განიცდის დასაქმებული თავისი საქმის კეთებისას, რამდენად გრძნობს ჩართულობას და ენთუზიაზმს, ვიდრე სად მუშაობს ის. ორგანიზაციების უმეტესობისგან განსხვავებით, თამაშის შემქმნელებს ეს კარგად ესმით. მომავალ წლებში ლიდერებს ისღა დარჩებათ, რომ ახალ წესებს შეეგუონ: ისინი ვეღარ გააგრძელებენ Tetris-ის თამაშს Roblox-ის სამყაროში.

თარგმნა: ილია ძირკვაძემ