ლურჯი ვერსია

როგორ შეცვალა ბლოკჩეინმა ფული

13 ივნისი 2024

ნდობა ის ნედლეულია, რომლისგანაც ყველანაირი ფული იჭრება.


იუვალ ნოახ ჰარარი


ეკონომიკა ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სისტემაა. ნდობა საშუალებას გვაძლევს დავეყრდნოთ ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენი საჭიროებები დავიკმაყოფილოთ. როგორც ბანქოში, სადაც მოთამაშეებს აქვთ ნდობა, რომ ყველა დაიცავს წესებსა და სამართლიანად ითამაშებს, ეკონომიკაშიც ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ სხვები შეასრულებენ შეთანხმებებსა და გარიგებებს. ეს ურთიერთნდობა აუცილებელი პირობაა ეკონომიკის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

და მაინც, საინტერესოა, რატომ სჯერათ ადამიანებს ფულის ან ეკონომიკური ინსტიტუტების? რეალურად, ის, რომ ფულს ღირებულება აქვს, მხოლოდ ადამიანთა კოლექტიური წარმოსახვის ნაყოფია, ხოლო ეროვნული თუ კერძო ბანკების ნდობას მთავრობების, პიროვნებების, სიმბოლოებისა და სიმბოლური აქტების რწმენა განაპირობებს.

ისტორიის არაერთი უსიამოვნო გაკვეთილი გვკარნახობს, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების, ინსტიტუტების ნდობა ყოველთვის სასიკეთოდ არ სრულდება. იქნებ, ნდობის ფაქტორი გადასააზრებელია? იქნებ, სრულიად სხვა რამ არის საჭირო? ამ კითხვებზე პასუხს მრავალი ეძიებდა და ეძებს და ზოგიერთმა თავისებური გამოსავალიც იპოვა. დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ხანაში გვაქვს ბლოკჩეინი, რომელიც ადამიანებს ღირებულებების გაცვლის ახალ გზას სთავაზობს.

დონ და ალექს ტაპსკოტები წიგნში “ბლოკჩეინის რევოლუცია” მოგვითხრობენ ფულისა და ბიზნესის ტრანსფორმაციაზე 21-ე საუკუნეში - რევოლუციურ ცვლილებაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. ავტორები წლების განმავლობაში იკვლევდნენ ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის გავლენას ტრადიციულ ფინანსურ სისტემებზე, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით კი გვთავაზობენ ანალიზს, თუ როგორ ცვლის ეს ინოვაცია გლობალურ ეკონომიკასა და ჩვენს ცხოვრებას. წინამდებარე სტატია ამ საინტერესო წიგნის მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს.


ბლოკჩეინის რევოლუცია

2008 წელია, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ანონიმურმა პიროვნებამ, მეტსახელად სატოში ნაკამოტომ, გაასაჯაროვა ფულისა და მონაცემების გაცვლის ახალი საშუალება. მეთოდი მალევე გავრცელდა პროგრამისტებს, ჩრდილში ყოფნის მსურველებს, ანარქისტებს, ლიბერტარიანელებს, მედიის თეორეტიკოსებსა და უბრალოდ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეძებდნენ გზებს დაემყარებინათ ნდობა ორ მხარეს შორის ინტერნეტში. უცნობია სატოში ნაკამოტოს ვინაობა, თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ახალი იდეა, რომელიც მან შემოგვთავაზა: ბიტკოინი და ბლოკჩეინის ტექნოლოგია.


დეცენტრალიზებული და სანდო


ვთქვათ, თქვენ გსურთ სახლის შეძენა, მაგრამ გამყიდველი გიმტკიცებთ, რომ ბანკისა ან ნოტარიუსის შუამავლობა საჭირო არაა. ასეთ დროს ალბათ ეჭვი შეგიპყრობთ, რადგან შუამავლები უზრუნველყოფენ შესრულებული ტრანზაქციის ლეგიტიმურობას, რაც ამყარებს ნდობას მყიდველსა და გამყიდველს შორის.

ფინანსური ინსტიტუტები დიდი ხანია ემსახურებიან ამ მიზანს. და არამარტო ისინი _ ისეთი ბიზნესები, როგორებიცაა Uber-ი და Airbnb-ი, შუამავლის როლს ასრულებენ. თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ხშირად, თავად შუამავლები არ არიან სანდონი. ბანკები შესაძლოა გაკოტრდნენ. კომპანიებს შეუძლიათ გაყიდონ მომხმარებლების მონაცემები მათი თანხმობის გარეშე. რეგულაციებისა და უთავბოლო კანონების შემყურე მთავრობების ნდობაც გვიჭირს _ და, რა თქმა უნდა, გაკოტრება მათ ეროვნულ ბანკებსაც შეუძლიათ.

მაშ, სად შეიძლება იყოს ინტერნეტის როლი ამ ყველაფერში? ადრე ადამიანების უმეტესობა იტყოდა, რომ ინტერნეტი ვერ უზრუნველყოფს სათანადო უსაფრთხოებას ტრანზაქციების შესრულებისას და მართლებიც იქნებოდნენ, მაგრამ ახლა ხელთ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც სრულიად ცვლის სტატუს-კვოს.

ეს ტექნოლოგია ბლოკჩეინია, რომლის პროტოკოლი მყიდველებსა და გამყიდველებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ ტრადიციულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა სამთავრობო დაწესებულებები, კორპორაციები, ბანკები (იქნება კერძო თუ ეროვნული) და ა.შ.

აი, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი: წარმოიდგინეთ, სამეგობრო წრესთან ერთად შექმენით ციფრული დავთარი, რომელიც არცერთს გეკუთვნით, თუმცა მისი ასლი ყველას გაქვთ, მასში შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის ჩაწერა. მაგალითად, გადაწყვიტეთ, 5 ლარი ასესხოთ მეგობარს. იმისათვის, რომ ტრანზაქციის ისტორია ზუსტი და ამავდროულად კანონიერი იყოს, დანარჩენ მეგობრებს სთხოვთ, რომ დავთრის თავიანთ ასლებშიც შეიტანონ იგივე ინფორმაცია. ამრიგად, თუკი თქვენი მეგობარი, რომელსაც ფული ასესხეთ, ეცდება თქვენს გაბითურებას, მოუწევს როგორც საკუთარ ისე ყველა მეგობრის დავთარში ინფორმაციის შეცვლა, რაც ძალზედ რთული იქნება - ასე მუშაობს ბლოკჩეინიც.

ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზაა ანუ უფლება მის მართვაზე გადანაწილებულია ქსელში ჩართულ მომხმარებლებს შორის. მონაცემთა ბაზა ბლოკებისგან შედგება, რომელშიც ინახება ინფორმაცია თითოეული ტრანზაქციის შესახებ, ბლოკები კრიპტოგრაფიულად დაშიფრული ჯაჭვებით უკავშირდებიან ერთმანეთს. ბლოკში არსებული ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია, მხოლოდ ახალი ბლოკის დამატებაა შესაძლებელი, რომლისთვისაც თავის მხრივ საჭიროა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა.

აქ შემოდის ე.წ კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც ამოწმებს ტრანზაქციებს და იცავს ბლოკჩეინის უსაფრთხოებას. მექანიზმში ჩართულნი არიან ე.წ “მაინერები” რთული მათემატიკური თავსატეხების ამოსახსნელად, რითაც იღებენ პრივილეგიას, დაამატონ შემდგომი ბლოკი ბლოკჩეინში - ეს პროცესი ცნობილია მაინინგის სახელით, რა დროსაც მაინერი ბლოკის წარმატებით დამატების შემდეგ ჯილდოვდება კრიპტოვალუტით. თავის მხრივ, ამ მათემატიკური თავსატეხების ამოსახსნელად, ახალი კრიპტოვალუტის მოპოვებისა და ქსელის დასაცავად, მაინერებს სჭირდებათ ძლიერი კომპიუტერული სისტემები, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიას.


უფრო სწრაფი, იაფი და ინკლუზიური


თქვენი აზრით, აშშ-დან ჩინეთში ფოსტით გაგზავნილი გრდემლი უფრო მალე ჩავა დანიშნულების ადგილას, თუ ბანკის მიერ გაგზავნილი ათი დოლარის კუპიურა? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სწორი პასუხია - გრდემლი. ეს არის დღევანდელი ფინანსური სისტემის სახე. საბანკო სისტემები უბრალოდ ზედმეტად ჩახლართული და ნელია. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იყენებს 1970-იანი წლების კომპიუტერულ სერვერებს.

იმის გამო, რომ დღესდღეობით უამრავ ონლაინ ტრანზაქციას ვასრულებთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ფულს შეუძლია იმოგზაუროს ისევე სწრაფად, როგორც ელექტრონულ წერილს, მაგრამ რეალურად საბანკო სისტემა შენელებულია შუამავლებით. ეს შუამავლები არა მხოლოდ აფერხებენ ტრანზაქციის შესრულების პროცესს, არამედ აძვირებენ კიდეც მას. შუამავლებში იგულისხმება საკრედიტო და სადებეტო ბარათების კომპანიები, საინვესტიციო ბანკები, საფონდო ბირჟები, საბუღალტრო და უსაფრთხოების ფირმები და ასე შემდეგ… არცერთი ამდაგვარი შუამავალი არაა საჭირო ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვალუტისთვის.

მაგალითად, ბიტკოინების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. ასე რომ, საერთოდაც არაა საჭირო ხუთი სხვადასხვა შუამავალის ჩართულობა, რაც ხდება მაშინაც, როცა საკრედიტო ბარათით ფინჯან ყავას ყიდულობთ.

ბანკების რთული და ძვირადღირებული სისტემა არსებითად უსარგებლოა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის. ამ სისტემის გამო 20 ცენტზე ნაკლები გადახდები არ არის მომგებიანი ბანკებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 2.2 მილიარდი ადამიანი დღეში დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მილიარდობით ადამიანს არ აქვს საბანკო ანგარიში.

მეორეს მხრივ, ბლოკჩეინს შეუძლია შესანიშნავი ალტერნატივის შემოთავაზება, რადგან ის ახორციელებს მიკრო გადახდებსაც და უზრუნველყოფს საბანკო მომსახურებების დიდ ნაწილის გაწევას უფასოდ. ნებისმიერს, ვისაც აქვს ინტერნეტი, შეუძლია გამოიყენოს ბლოკჩეინი და შეუერთდეს გლობალურ ეკონომიკას.


გზა კორუფციის შესამცირებლად

ბიტკოინის ბლოკჩეინი ახლა ყველაზე გრძელი ბლოკჩეინია, რომელიც აკონტროლებს ტრილიონი დოლარის ღირებულების ვალუტას, თუმცა ამ ტექნოლოგიას ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ კრიპტოვალუტაა. ბლოკჩეინს შეუძლია კერძო საკუთრების ისევე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცულობა უზრუნველყოს. ამასთან, სისტემა გვთავაზობს კორუფციის შემცირების გზას, რაც გამოსადეგი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც მექრთამეობა და თაღლითობა კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება. საკუთრებასთან დაკავშირებული სამართალი აშკარად საჭიროებს რეფორმას.

არსებობს ბლოკჩეინი, სახელწოდებით Ethereum, რომელსაც აქვს სპეციალური პროტოკოლი ე.წ “ჭკვიანი კონტრაქტებისთვის”. ეს თვითაღსრულებადი ელექტრონული ხელშეკრულებებია, რომელიც არ საჭიროებს შუამავლებს, როგორიც შეიძლება იყოს ბანკი, სანოტარო ბიურო და ა.შ. მაგალითად, ვთქვათ, თქვენ შექმენით ჭკვიანი კონტრაქტი ციფრული ნამუშევრის გასაყიდად. კონტრაქტი შეიცავს დეტალებს ფასისა და საკუთრების გადაცემის წესების შესახებ. როგორც კი ორივე მხარე შეთანხმდება და კონტრაქტი დაიდება, ბლოკჩეინი ავტომატურად განახორციელებს საკუთრების გადაცემას და გადახდას მესამე მხარის მხრიდან გარიგების ზედამხედველობის გარეშე.

დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ხელშეკრულების უცვლელობა განაპირობებს, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია და კონტრაქტის პირობები ხილულია ყველა მონაწილე მხარისთვის, რაც კორუფციულ საქმიანობას შეუმჩნეველს ნამდვილად არ დატოვებს.


კონფიდენციალურობის გარანტია


ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ხანაში მუდმივად აქტუალურია კონფიდენციალურობის საკითხი, თუ რამდენად არის დაცული ჩვენი პერსონალური მონაცემები. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს სასარგებლო ყველასთვის: ბლოკჩეინში შესრულებული ტრანზაქციები საჭიროებისამებრ იძლევა როგორც კონფიდენციალურობას, ასევე გამჭვირვალობას. ბლოკჩეინის მომხმარებლებს აქვთ უფლება კონფიდენციალურობის დასაცავად გამოიყენონ კრიპტოგრაფიული გასაღებები, რომელიც ასევე შესაძალებელია გამოყენებული იქნას, როგორც ხელმოწერა ტრანზაქციაზე.

რიგით ადამიანს ყოველთვის შეუძლია კონფიდენციალურობის დაცვა კრიპტოგრაფიული გასაღების შეცვლით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კი შეუძლიათ თვალყური ადევნონ საკუთარ ხარჯებს.

მაგალითად, 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მასიური მიწისძვრის შემდეგ, მსოფლიოს ხალხებმა წითელ ჯვარს დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შესწირეს. მაგრამ ამ ფულის დიდი ნაწილი უბრალოდ გაქრა. ბლოკჩეინის საშუალებით რომ შესრულებულიყო ტრანზაქციები, თითოეული დოლარისთვის თვალყურის მიდევნება და აღრიცხვა ადვილი იქნებოდა. იგივე შეიძლება მოხდეს, თუ სამთავრობო დეპარტამენტები დაიწყებენ ბლოკჩეინის გამოყენებას, შედეგად გადასახადის გადამხდელებს უკეთ ეცოდინებათ, თუ როგორ იხარჯება მათი ფული.


ბლოკჩეინი და ბიზნესის ტრანსფორმაცია

თუ ბიუროკრატიულმა ბარიერებმა ხელი შეგიშალა დიდი ბიზნეს იდეის განხორციელებაში, ბლოკჩეინით რომ გესარგებლა, ეს არ მოხდებოდა. ბლოკჩეინი და ჭკვიანი კონტრაქტები აადვილებს ბიზნესის წამოწყებასა და მართვას. ბიზნესის წარმატებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მათ შორის კაპიტალის მოზიდვა, გადახდების მართვა, აქტივების დაცვა, აუდიტი და სხვა შესაძლებელია განხორციელდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. სიმარტივე, რომლითაც ეს პროცესები სრულდება, უსაფრთხოებასთან ერთად, რომელიც მას თან ახლავს, წაახალისებს მეწარმეებს შევიდნენ ბაზრებზე - განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც გავრცელებული კორუფცია ადრე ამის საშუალებას არ იძლეოდა.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა კონტენტის მონეტიზაციის ახალ გზებს. ჭკვიანი კონტრაქტებისა და მიკროგადახდების მოდელებით მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიხადონ ნებისმიერი თანხა მოხმარებული კონტენტის ყოველ წუთში ან წამში, ეს მოდელები შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის მედიასა და გართობის სექტორში. საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ ნერგავენ კომპანიები ინოვაციებს ამ სფეროში, რომ შესთავაზონ მომხმარებლებს გადახდის უფრო მოქნილი და პერსონალიზებული საშუალებები.

Airbnb-ი და Uber-ი საკუთარ თავს „გაზიარების ეკონომიკის“ ნაწილად წარმოაჩენენ, მაგრამ ეს კომპანიები რეალურად არაფერს არ აზიარებენ; ისინი თავიანთ პლატფორმაზე თავს უყრიან სხვის რესურსებს, რაც საშუალებას აძლევთ მიიღონ მოგება. ბლოკჩეინის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას მსგავსი, მაგრამ უფრო იაფი, სწრაფი და უსაფრთხო პლატფორმები, რომლებიც არ საჭიროებს ცენტრალურ მართვას. ფაქტია, ბევრი რამ შეიძლება გახდეს უსაფრთხოდ გაცვლადი და გაზიარებადი ბლოკჩეინის საშუალებით.


გამოწვევები


ცხადია, ყველაფერი ასე იდეალურაც ვერ იქნება. მართლაც, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას თან სდევს გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ფართო საზოგადოებისთვის იმის ახსნაა, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს ბლოკჩეინს, მით უფრო გაიზრდება თითოეულის სარგებელი. ასევე, მთავრობები ფეხს ითრევენ აითვისონ ახალი ტექნოლოგიები ან არეგულირებენ მათ ისე, რომ შეკვეცონ მისი შესაძლებლობები. არის უფრო დიდი საფრთხეც, მთავრობამ შესაძლოა გადაწყვიტოს მისი გამოყენება საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით.

კიდევ ერთი საკითხი არის ელექტრო-ენერგია, რომელიც საჭიროა ბლოკჩეინის მუშაობისთვის. თუმცა, ისიც ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი ვალუტის ან ძვირფასი ლითონის შენახვა, შექმნა და მოპოვება ფული ჯდება. იშვიათი ლითონები, როგორიცაა ოქრო, რეალურად იძენს ღირებულებას იმისდა მიხედვით თუ რამდენად ძვირია მისი მოპოვება დედამიწიდან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ამჟამინდელ ფინანსურ სისტემასაც აქვს საკუთარი ხარჯები, რომელიც მოიცავს ძვირადღირებული ცათამბჯენების აშენებასა და შენახვას, მიწისქვეშა სარდაფებისა და ჯავშანმანქანების მოვლა-პატრონობას და ვინ იცის კიდევ რას.

ასევე, უამრავი სამუშაო ადგილი შესაძლოა გაქრეს, რადგან ბლოკჩეინის ტექნოლოგია ბუღალტრული აღრიცხვის სექტორში მომუშავე ადამიანების საქმიანობას ჩაანაცვლებს. თუმცა, კორუფციის შემცირებითა და ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს მიღწევით მრავალი ბიზნესისთვის შეიქმნება შესაძლებლობები, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს. ამასთან, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დეველოპერობა საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდება.


ბლოკჩეინის ტექნოლოგია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინოვაცია, ის მთლიანად ცვლის ფულის არსებულ პარადიგმას, გვთავაზობს ეკონომიკური ურთიერობების ორგანიზების ახალ გზას, რომელიც უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და დემოკრატიულია.

არსენ სებისკვერაძე